Home ახალი ამბები “მერამდენედ უნდა გეხვეწონ, რომ არ დაანგრიოთ, არ მოჭრათ, არ გაანადგუროთ, არ გაძევოთ”...

“მერამდენედ უნდა გეხვეწონ, რომ არ დაანგრიოთ, არ მოჭრათ, არ გაანადგუროთ, არ გაძევოთ” – წერილი განათლების მინისტრს

1147
მერამდენედ უნდა გეხვეწონ, რომ არ დაანგრიოთ, არ მოჭრათ, არ გაანადგუროთ, არ გაძევოთ, არ გააღატაკოთ, ხელ-ფეხი არ შეუკრათ, არ დევნოთ, არ შეავიწროვოთ არ…
სტუდენტი გოგონას წერილიდან.

ავტორი: ირმა ჭანტურია

“სალამი, ბატონო მიხეილ! სტუდენტი გოგო, მომავალი ისტორიკოსი გწერთ დიდი იმედებით აბაშიდან. არ გეგონოთ, პირადი მიზნებისთვის გაკარგვინებდეთ ძვირფას დროს. დარწმუნებული ვარ, თქვენი განთლების მქონე ადამიანი პოსტს ისე არ ჩაიბარებდა, რომ მემკვიდრეობისათვის არ გადაეხედა, რომელიც საკმაოდ მძიმეა და რომელსაც ახლა “კარგი ხელი” სჭირდება. მოგეხსენებათ, პრობლემურია სოფლებში (არაფორმალური/პროფესიული) განათლების მიღება და როგორ გამორბიან ახალგაზრდები მათი მშობლიური ადგილებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ვერ განვითარდებიან.

თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, სწორედაც იქცევიან. მგონი, ვერც თქვენ გაამტყუნებთ. იქ, სადაც არ ჩანს განვითარების პერსპექტივა, რთულია, დარჩე და ელოდო, როდის გაუმჯობესდება მდგომარეობა. აი, მაშინ კი, როცა თავად ხდები გაუმჯობესების ინიციატორი, ბევრ წინააღმდეგობას აწყდები და მეტიც, აქ მხოლოდ შენ და შენი მეგობრები რჩებით დიდი სახელმწიფო მანქანის პირისპირ. ამ დროს კი სრულიად გაუსაძლისად უძლურები ვართ.

ჩვენთან, აბაშიშის მუნიციპალიტეტში, ასეთი სოფელია – მაცხოვრისკარი, სადაც გავიზარდე და სადაც ჩამოვყალიბდი ადამიანად. სოფელს განათლების წყარო მხოლოდ ერთი აქვს – 130-წლიანი ისტორიის მქონე სკოლა. სკოლა, რომელიც ახლა გაქრობის საფრთხის წინაშეა, რადგან მის ადგილზე ახლის აშენება გადაწყდა. სკოლა ძველი ტაძრისა და ერთ-ერთი თავადის სახლის მასალებით არის აშენებული. ახლა ამბობენ, რომ ტაძრის კუთვნილი მასალა მასვე უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ რისთვის? შეშად რომ გამოიყენონ? სამშენებლო მასალად ხომ არ გამოდგება 130 წლის ფიცარი?! ვიცი და მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია სოფელს ჰქონდეს ახალი სკოლა და ბავშვებს – განათლების გაუმჯობესებული ხარისხით მიღების საშუალება, მაგრამ არა ისტორიის დავიწყების და განადგურების ხარჯზე. სკოლა 130 წლისაა.

თუ სკოლას სხვა ადგილზე ავაშენებთ, მაგალითად, იქვე ახლოს, მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამჟამად საპატრიარქოს საკუთრებაა (საპატრიარქო კი თანახმაა მიწა სკოლისთვის დათმოს) და ფართი იმდენივეა, რამდენიც ახლა არსებული სკოლის ეზო და თუ  შენობა, რომელშიც ახლა სკოლაა განთავსებული, ერთდროულად მუზეუმად და არაფორმალური განათლების ცენტრად იქცევა, რომელსაც ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად ვაქცევთ,  სადაც ჩვენი და უფროსი თაობის ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას, ცოდნას გავუზიარებთ, მაშინ დარწმუნებული ვარ, როგორც სოფლისთვის, ისე ქვეყნისთვის, ეს განათლებისა და წინ წაწევის კიდევ ერთი ახალი შანსი იქნება.

გთხოვთ, რომ მხოლოდ აკადემიური განათლების ინტერესს ნუ დაიცავთ და ახალგაზრდული ინიციატივებისა და არაფორმალური განათლების სერვისებს ხელს ნუ შეუშლით!

ჩამობრძანდით ბატონო მინისტრო, თქვენი თვალით ნახეთ, რა შეიძლება დავკარგოთ. მერე რა, რომ პროფესიით მათემატიკოსი ხართ, ხომ იცით ჩვენი ქვეყნის ისტორია? ხომ გაგიგიათ ილიას სიტყვები – “ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებსო”. ჰოდა, არამგონია, თქვენი მიზანი ეს იყოს. თქვენ ხომ თქვით ერთ-ერთ ინტერვიუში, “ჩემს ენერგიას, ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმესო”.

ჰოდა, დაგვეხმარეთ, რომ ისტორია არ დავანგრიოთ! დაგვეხმარეთ, რომ ქვეყანას ისტორია შევუნარჩუნოთ, სოფელში ახალგაზრდებს შეკრების სივრცეები არ გავუნადგუროთ სამუდამოდ და სოფლად დარჩენილი ბავშვებისა თუ ახალგაზრდების განვითარებაზე სკოლის მიღმაც ერთად ვიზრუნოთ. სოფლიდან ისედაც გარბიან ქალაქში, გაქცევის კიდევ ერთ მიზეზს ნუ დავუმატებთ!”,- ნათქვამია მიმართვის წერილში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here