Home რუბრიკები პოლიტიკა მეორე ტური: რატომ დუმს დასავლეთი?

მეორე ტური: რატომ დუმს დასავლეთი?

3340
ზურაბიშვილი-ვაშაძე

დასავლეთის ჩართულობა ქართულ არჩევნებში, წინა წლებთან შედარებით, მინიმალური ჩანს. უცხოელი დიპლომატები, პოლიტიკოსები და ექსპერტები განვითარებულ პროცესებზე კომენტარს ძალიან იშვიათად და, როგორც წესი, მიუკერძოებლად აკეთებენ. ქართველების ნაწილი ამ დამოკიდებულებით გაკვირვებულია, მით უმეტეს, რომ წინასაარჩევნო პროცესმა დრამატული ხასიათი მიიღო. ისინი ვერ ხვდებიან, რა და რატომ შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულებაში.

ყველას ახსოვს რიჩარდ მაილსის პოზიცია და განცხადებები “ვარდების რევოლუციის” პერიოდში, რომელმაც ხელისუფლების შეცვლაში უდიდესი როლი შეასრულა, ჯონ ტეფტისა და ჯონ ბასის მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მაშინ, როდესაც ის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს აშკარად თელავდა, თუმცა მედალს მეორე მხარეც ჰქონდა _ 2012 წლის არჩევნების შემდეგ რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში ოპოზიციური კანდიდატის _ ირაკლი ალასანიას მიტინგზე მივიდა, ხოლო მისმა შემცვლელმა იან კელიმ არაერთხელ შეიკავა თავი ივანიშვილის ხელისუფლების კრიტიკისგან, მაშინ, როდესაც ამის საფუძველი ნამდვილად არსებობდა. საქმე მხოლოდ აშშ-ის წარმომადგენლებს როდი ეხება _ იყო პერიოდი, როდესაც საფრანგეთის ელჩის _ ერიკ ფურნიეს რეზონანსული განცხადებები გაზეთების პირველ გვერდებზე ერთი მეორის მიყოლებით ხვდებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხშირ შემთხვევაში არ იცის ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლის სახელი, მათი განცხადებების განხილვა სოცქსელებში იშვიათად ხდება. თქმული ეხება არა მხოლოდ დიპლომატებს, არამედ მაღალი რანგის პოლიტიკოსებსაც, როდესაც ისინი საქართველოში შექმნილ სიტუაციას აფასებენ, ზომიერ აღტაცებას ან, პირიქით, აღშფოთებას გამოხატავენ, მაგრამ აღარ გამოხატავენ პოზიციას, რომელიც მომგებიანია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალისთვის, როგორც ეს ხშირად ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და შედარებით იშვიათად _ ივანიშვილის მმართველობის პირველ წლებში.

ცხადია, არის გამონაკლისები, თუმცა მკვეთრ და დაუბალანსებელ განცხადებებს ამჟამად მხოლოდ სააკაშვილის ლობისტები აკეთებენ (ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები და სხვ.), ზოგჯერ კი ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთევროპული ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში მიზეზი, ალბათ, ფსიქოლოგიურია _ მათ სურთ, თავი “სრულფასოვან ევროპელებად” წარმოაჩინონ, რომლებიც სხვას ჭკუას ასწავლიან. ქართული აუდიტორია მსგავს ეპიზოდებს, როგორც წესი, ირონიული ღიმილით ხვდება.

ვარდების რევოლუციისპერიოდში დასავლეთის პოზიცია წარმოადგენდა უძლიერეს კოზირს რევოლუციური ტრიუმვირატის ხელში, სწორედ ამის გამო ძველი ხელისუფლების ბევრმა მაღალჩინოსანმა ცვლილებებს წინააღმდეგობა არ გაუწია, მეტიც, ხელი შეუწყო მათ. შემდგომ პერიოდში დასავლეთის მხარდაჭერა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა საზოგადოების პროდასავლური ნაწილის, განსაკუთრებით კი ლიბერალი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების პოზიციაზე _ ისინი ხელისუფლებას აშკარა უმსგავსოებისთვის ზერელედ აკრიტიკებდნენ ან სულაც დუმდნენ.

ამ ეტაპზე სააკაშვილს ეს კოზირი არ აქვს. კონსპიროლოგებმა შეიძლება თქვან, რომ ეს დროებითა, და მას შემდეგ, რაც ის “მაიდანს” ააგორებს, მხარდაჭერაც ექნებაო. მაგრამ, თუ დავაკვირდებით “ვარდების” რევოლუციის” ან უკრაინის 2004 და 2014 წლების მოვლენების წინარე პერიოდს, ვნახავთ, რომ დასავლეთის სიმპათია მომავალი რევოლუციონერების მიმართ სამივე შემთხვევაში წინასწარ იგრძნობოდა და სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდა. ამჟამად კი საქმე, სავარაუდოდ, შიშველ პრაგმატიზმთან გვექნება და დასავლეთი ხელისუფლების შეცვლას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ნახავს, რომ მმართველი ძალის ჩამოშლა გარდაუვალია.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, არის ის, რომ იმ პერიოდიდან, როდესაც ბუშის ადმინისტრაცია ნეოკონსერვატორების იდეებით ხელმძღვანელობდა, დღემდე საქართველოსა და სხვა შორეული ქვეყნების პრიორიტეტულობა ვაშინგტონისთვის თანდათან შემცირდა. მართალია, ამავე პერიოდში გაიზარდა ევროკავშირის გავლენა მის სამეზობლოში, მაგრამ ევროპელები ამ ქვეყნებში ყოველთვის ითვალისწინებენ აშშ-ის პოზიციას და მისი ინტერესების წინააღმდეგ 99% შემთხვევაში არ მიდიან. სწორედ ვაშინგტონი ქმნის ამა თუ იმ ქვეყანასთან დასავლეთის ურთიერთობის სტილს _ საქართველოში ის ამ ეტაპზე მშვიდი და გარკვეულწილად ინდიფერენტულიცაა.

პრობლემის განხილვას ტრამპის ადმინისტრაციის “ახალ იზოლაციონიზმამდე” მივყავართ. მის იდეოლოგიურ ბაზისს ამერიკელი კონსერვატორი რესპუბლიკელების, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. პალეოკონსერვატორების პოზიცია ქმნის, რომლებიც ნეოკონსერვატორების მთავარ ალტერნატივას წარმოადგენენ. სხვათა შორის, მათ დიდად არ მოსწონთ, როდესაც იზოლაციონისტებს უწოდებენ და სხვა ტერმინის _ ანტიინტერვენციონისტების” გამოყენება ურჩევნიათ. საქმე ისაა, რომ 1941-ში პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმის შემდეგ “იზოლაციონისტი” აშშ-ში ლამის სალანძღავი სიტყვა გახდა. ითვლებოდა, რომ სწორედ იზოლაციონისტების ბრალია, რომ იაპონიამ ექსპანსია გააძლიერა, უზომოდ გათამამდა, ბოლოს კი თავს დაესხა შეერთებულ შტატებს. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ვერსია იზოლაციონისტების ბრალეულობის შესახებ, ცალკე საუბრის თემაა, თუმცა ფაქტია, რომ ხსენებული პოლიტიკოსები “იზოლაციონისტს” ნეგატიურ ტერმინად თვლიან, ხოლო “ანტიინტერვენციონისტს” _ პოზიტიურად.

ისინი, უპირველესად, წამოადგენენ რესპუბლიკური პარტიის მემარჯვენე ფრთას და მასთან დაკავშირებულ “ჩაის სმის მოძრაობას” _ ყველაზე ხშირად მათ შორის მედია ახსენებს რონ პოლსა და მის ვაჟიშვილ რენდს, ჯესი ჰელმსს, კურტ ველდონსა და პოლ ვაირიხის. მათი მსოფლმხედველობის ქვაკუთხედს “ძველი იზოლაციონიზმის” ერთ-ერთი ფუძემდებლის, პრეზიდენტ უილიამ ტაფტის ვაჟის, რობერტ ტაფტის, იდეები წარმოდგენენ. ის რუზველტის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული ოპონენტი იყო, ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის ჩაბმას მეორე მსოფლიო ომში, ნატოს შექმნას და ანტიკომუნისტური რეჟიმების შეიარაღებულ მხარდაჭერას. მისი იდეების კვინტესენცია შემდეგია _ აშშ-მა უნდა შექმნას “ციხესიმაგრე ამერიკა” _ გარე საფრთხეებისგან თავდაცვის მძლავრი სისტემა და არ ჩაერიოს უცხო ქვეყნების შეიარაღებულ კონფლიქტებში. რობერტ ტაფტი თვლიდა, რომ მონაწილეობა ასეთ ომებში აშშში თავისუფლებების შეზღუდვის საფრთხეს ზრდის, ხოლო ყველაზე დიდ კოშმარად ბრიტანეთის იმპერიის გზის გამეორება მიაჩნდა.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ ხელმძღვანელობს ძველი იზოლაციონისტების ან თანამედროვე პალეოკონსერვატორების იდეებით, მაგრამ იყენებს მათ, როდესაც წინა პლანზე გამოაქვს ლოზუნგი “ამერიკა _ უპირველეს ყოვლისა”. ტრამპმა უარი თქვა გლობალიზაციასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პროექტებზე, შემოიღო პროტექციონისტული ტარიფები და ნახევარ მსოფლიოსთან სავაჭრო ომი გააჩაღა, რადგან ეს შესაძლებლობას აძლევს, ეროვნული ეკონომიკა განავითაროს. თავის გამოსვლებში ის ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ვაშინგტონს არ სურს, ჭკუა ასწავლოს უცხო ქვეყნებს და მათ საშინაო საქმეებში ჩაერიოს. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ აშშ-ისთვის მთავარია, “აიფონები” და სხვა საქონელი გაყიდოს და სულ არ აინტერესებს, ვინ იყიდის მათ _ დემოკრატიული ფრანგი, ნახევრადდემოკრატიული ქართველი თუ არადემოკრატიული ჩინელი.

ცხადია, ტრამპის ადმინისტრაცია არ ამბობს უარს პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ბაზრების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს. ეს კარგად ჩანს თხევადი აირის მაგალითზე _ აშშ-მა გამოიყენა თავისი პოლიტიკური გავლენა, რათა პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს ამერიკული თხევადი აირი ეყიდათ. ის ხელს უშლის ევროპულ-რუსული მილსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის აშენებას და ა.შ., მაგრამ ტრამპის მმართველობის პერიოდში წინა პლანზე გამოვიდა ეკონომიკური ინტერესი და ის ცდილობს, არ მიმართოს ინტერვენციონისტულ პოლიტიკას მხოლოდ ნეოკონსერვატორების მესიანისტური იდეებიდან გამომდინარე იქ, სადაც კონკრეტული სარგებლის მიღება ძნელი ან შეუძლებელია.

ამ კონტექსტში საქართველოს მდგომარეობა რთულია. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს აზერბაიჯანული და პერსპექტივაში შუააზიური ენერგომატარებლების ექსპორტისთვის, აგრეთვე, ერთ-ერთ საინტერესო მარშრუტს ტვირთების გადაზიდვისთვის, მაგრამ მისი როლი აშშ-ის ეკონომიკური ექსპანსიის კონტექსტში გამოკვეთილი არ არის, მეტიც, საერთოდ, არ ჩანს. ვაშინგტონის დღევანდელი პრაგმატული პოლიტიკა არ გულისხმობს დიდ ძალისხმევას აბსტრაქტული გავლენის გასაფართოებლად. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ის უკვე მოპოვებულ პოზიციებს დათმობს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, საქართველო მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ან პოლიტიკური ექსპერიმენტების პოლიგონი გახდეს. ეს მიდგომა უხეშად შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ცოტას დაგეხმარებით, მაგრამ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოთ და სტაბილურობა შეინარჩუნოთ.

ასეთი სიტუაცია უჩვეულოა ქართული პოლიტიკური ელიტისთვის, რომლის უდიდეს ნაწილს ურჩევნია, საელჩოში მზა, დეტალური ინსტრუქციები მიიღოს, ხოლო სამინისტროებში ათობით უცხოელი მრჩეველი ამუშაოს, როგორც ეს “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხდებოდა (იმ პირობით, რომ ბიუჯეტის “ათვისებაში” ხელს არ შეუშლიან). ის მიჩვეული არაა პოლიტიკის დამოუკიდებელ ფორმირებას და ურჩევნია, პასუხისმგებლობა დასავლელ პარტნიორებს დააკისროს, მაგალითად, “კოჰაბიტაცია მოგვთხოვეს და რა გვექნა?!”. ქართველი პოლიტიკოსები იქცევიან ისე, თითქოს, დამოუკიდებელ ქვეყანას კი არა, კოლონიას მართავენ და ჯერჯერობით გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ დამოკიდებულების შეცვლა.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here