,,9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავე დროს 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო; დღე, როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს…
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს; ცდილობს, ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, უცხოური ძალის „არსება რომ მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს.
დღეს რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და, როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე პროვოკაციას, _ ნათქვამია მთავრობის განცხადებაში და სწორედ ამ განცხადებამ გადაიყვანა ჭკუიდან საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალები.
2025 წლის 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილიდან 36 წლის შემდეგ, ქართველი საზოგადოება არნახული სანახაობის მომსწრე შეიქნა. ქუჩაში რანდენიმე თვის განმავლობაში მოხეტიალე უსამშობლო ადამიანებმა ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან არ მიუშვეს.
მანამდე საახალწლო ნაძვის ხესთან ვერ მივიდნენ ბავშვები, ახლა მემორიალთან სკოლის მოწაფეების მიყვანა შეეშინდათ პედაგოგებს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყოველივე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:
_ მართლაც შემაშფოთებელი და გამაოგნებელია ის, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მოხდა. ვიღაც გაურკვეველი ადამიანები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ აუცილებელია, სისხლი დაიღვაროს… ეს განცხადებები სახელმწიფოსთვის დარტყმაა. არ ვიცი, რამდენი ადამიანი უნდა დაიჭირონ, რომ ეს შეწყდეს. ალბათ, საჭიროა ყველას დაჭერა, რამდენიც უნდა იყვნენ. სხვა გზა აღარ არის. ლოიალურობის დრო აღარ არის.
ხალხი გაღიზიანებულია… ამ ქვეყანაში ვართ ადამიანები, რომლებიც არც ხელისუფლებას ვუჭერთ მხარს და არც ე.წ. ოპოზიციას. ხომ შეიძლება ვიხუვლოთ და დავერიოთ ქუჩაში მყოფ უსამშობლოებს?!
ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ხეტიალობენ, დაფინანსებულნი არიან, ახლა დაფინანსება შეუმცირდათ, შედეგად ცოტანი დარჩნენ. უფულობამ ერთმანეთს დააპირისპირა ე.წ. ოპიზიციის წარმომადგენლები, დესტრუქციული ძალები, ამიტომ პროვოკაციას ელოდებიან, გაზაფხული-ზაფხული მათთვის შვებაა _ გამოიდარებს, დათბება და საერთოდ აღარ შევლენ სახლებში. ეს საზოგადოებას კიდევ უფრო გააღიზიანებს. ეს საშიში ხდება და შეიძლება, სამოქალქო ომში გადაიზაროს. ხელისუფლებამ უსწრაფესად უნდა მოახდინოს რეაგირება. 9 აპრილს მომხდარმა ფაქტმა აჩვენა, რომ ქუჩაში მდგომ ადამიანთა მცირე ჯგუფის დასჯა აუცილებელია.
_ 9 აპრილს გავრცელდა ხელისუფლების განცხადება, რომელშიც, პირველად ითქვა, რომ ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა. ამ ფრაზამ გადარია დესტრუქციული ძალები. სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა: ,,რუსის ხსენება ნუ გეშიანიათ“-ო … ვინ არის სალომე ზურაბიშვილი და აქვს კი უფლება, 9 აპრილზე ისაუბროს?
_ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა, მთავრობის განცხადება კი მართებული იყო. 1990-იან წლებში ბევრი რამ არ ვიცოდით, არ გვესმოდა. ახლა დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ახლა ვიცით, რომ 9 აპრილი გორბაჩოვისა და შევარდნაძის ჩადენილია, რომლებიც აშშ-ის აგენტები იყვნენ.
სალომე ზურაბიშვილი იმ ემიგრანტების შთამომავალია, რომლებმაც ქართული განძი გაყიდეს. ემიგრანტები სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ, იქ იყო ზურაბიშვილიც. მას ზვიად გამსახურდიაზე აქვს ნათქვამი, _ დიქტატორი იყო და დემოკრატიულმა ძალებმა ჩამოაგდესო. ასე რომ, ზურაბიშვილი საქართველოს დაუძინებელი მტერია.
რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებას, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ადეკვატურია, სწორ აქცენტებს აკეთებს. ხელისუფლებამ სიმართლე თქვა _ 9 აპრილს დაიწყო ჩვენი ქვეყნის უბედურება და დღემდე გრძელდება. ეს განცხადება ხელისუფლების სწორი პოზიციის გამოხატვაა, რაც დიდ იმედს იძლევა.
_ ახლა ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი ქუჩის აქციების აგრესიული მონაწილეების ალაგმვა უნდა იყოს…
_ ხელისუფლებამ მართლაც უნდა აღკვეთოს ის უმსგავსობა, რომელიც ქუჩაში ხდება. ხალხი გაბრაზებულია, სამართლებრივ ბაზაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს დესტრუქციული ძალების დასჯა. რუსთაველის გამზირი წაბილწულია, ყველა შენობა, ისტორიული ძეგლები მომსპარია, წარწერებით არის დამახინჯებული. ყარს რუსთაველის გამზირი.
9 აპრილს იმ ბრბომ ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ ხალხს დაავიწყდეს ეს დღე, ისტორიული მეხსიერების წაშლა სურთ და ამას აკეთებენ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. სალომე ზურაბიშვილმა დაკვეთა ვერ შეასრულა, ამიტომ ახლა კუდის მოქნევას ცდილობს. მისი ქმედებები სამართლებრივად უნდა შეფასდეს. სამშობლოს ღალატის მუხლი მიღებული გვაქვს და ამ მუხლით უნდა გასამართლდნენ მოღალატეები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი.
Aქართველები გულწრფელი უნდა ვიყოთ ტრაგიკული თარიღების მიმართ. ერის თვითშეფასების საფუძველს ქმნის გმირებისადმი პატივისცემა, ეროვნულობა, პარტიოტიზმი და ამიტომ ახლა აქ, თქვენთან, ხმამაღლა ვიტყვი, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს, 9 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი რუსეთში უნდა ჩავიდეს. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში და, თუ გვინდა, ჩვენი წინაპრების ხსოვნას პატივი მივაგოთ, 9 მაისს გამარჯვება ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად უნდა აღვნიშნოთ.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი