რამდენიმე ათეული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ყურადღებას არავინ აქცევს, ყოველდღე იკრიბება რუსთაველზე. ამასთანავე, ოპოზიცია და არასამთავრობოები ევროკავშირს ყოველდღიურად უპატაკებენ, უწყვეტი პროტესტი გრძელდებაო, იმას კი აღარ ამბობენ, რომ ქუჩის გადაკეტვას ვეღარ ახერხებენ, გზაზე კი სანაგვე ურნებს დგამენ, ავტომობილებმა რომ არ გაიაროს. გვერწმუნეთ, ამ ხალხმა ჩვენზე უკეთ იცის, რომ ასეთ პროტესტს აზრი არ აქვს, მაგრამ ებღაუჭებიან ნებისმიერ არარეალურ იმედს, რომელსაც ოპოზიციისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების „ზებოები“ ქმნიან, და ცდილობენ, „ვივამედში“ გამოკეტილ თავიანთ არქიფო სეთურს ასიამოვნონ. „პოლიქრონიონს“ კი ის გოგონა იძახის ხოლმე, რომელიც გაჰკივის „არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა“-ო. ამ მომენტში მას გვერდს უმშვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერი.
ამ არაფრისმომცემი პროტესტისგან დემონსტრანტები ცდილობენ, შექმნან ისეთი რამ, რაც საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს. აგერ, ბატონო, შექმნეს კიდეც – რამდენიმე დღის წინათ რუსთაველზე „რუს“ ტურისტს დაედევნენ და ჩაქოლვა დაუპირეს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეაო. საქმეში სამართალდამცველები ჩაერივნენ და შეშინებული ტურისტი გავეშებულ ბრბოს, როგორც იქნა, ხელიდან გამოჰგლიჯეს. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ „რუსი“ ტურისტი სინამდვილეში ამერიკელი იყო და მის ჩაქოლვას აპირებდნენ. რა პარადოქსულიც უნდა იყოს, ბებერ ჯო უილსონს, რომელსაც „საქართველოზე ფიქრით არ სძინავს“, მომხდარზე ხმა არ ამოუღია, არ გაუპროტესტებია, რომ დემონსტრანტები მისი თანამემამულის ჩაქოლვას აპირებდნენ. პირიქით, ეს ინციდენტი საერთოდ არ უხსენებია, თითქოს არც მომხდარა. არადა, სამართალდამცველები რომ არ ჩარეულიყვნენ, არავინ იცის, რით დასრულდებოდა, რადგან ერთ მხარეს იყო უკონტროლო, გაბრუებული ბრბო, მეორე მხარეს კი – ამერიკელი ტურისტი.
სხვათა შორის, ამერიკასაც და რუსეთსაც კანონში ერთი საინტერესო მუხლი აქვთ – თავიანთ მოქალაქეზე თავდასხმა აღიქმება, როგორც ქვეყანაზე თავდასხმა, ანუ, თუ ამერიკის ან რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხმებიან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, შესაძლოა, ეს ომის დაწყების მიზეზი შეიქნას. ამ მუხლის არსებობის შესახებ „აკაცუკებს“ ვიღაცამ ინფორმაცია მიაწოდა და ახლა ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა სადმე რუსი ტურისტი მოიხელთონ და ისე გაუსწორდნენ, რუსეთის ხელისუფლებას საპასუხო ზომების მიღებისთვის სერიოზული საბაბი ექნეს.
აბა, რას უნდა მივაწეროთ ის, რომ მომხდარიდან მალევე ბათუმში ისევ ის ხალხი, რომელიც აპროტესტებს, ბელარუს ტურისტებს დაესხა თავს და ამჯერად ცემა არ იკმარეს, გაძარცვეს კიდეც – ტელეფონი და ფული წაიღეს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა შორის ერთი გოგონა იყო. ანუ, ქალის პატივისცემა და ის, რომ მას ხელი არ უნდა დაარტყა, უკვე დავივიწყეთ. ვინმემ ხომ არ იცის, ის ფემინისტები სად არიან, ხმალამოღებული რომ იცავენ ხოლმე ვითომ დაზარალებულებს? დაფიქრდით და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ანალოგიური რამ რუსეთში რომ მომხდარიყო და რუსებს ქართველი ტურისტები ან იქ მცხოვრები ქართველები ეცემათ და გაეძარცვათ? ოპოზციური პარტიების ლიდერები, არასამთავრობოები ერთმანეთს დაასწრებდნენ მწვავე განცხადებებს და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რუსეთთან ომს თუ არ დაიწყებთ, ერთი-ორი ბომბი მაინც ესროლეთ და შენი მოქალაქეები დაიცავიო. იმავე ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში სამი რუსი ტურისტი ქალბატონი შევიდა და საკვები შეუკვეთა. „ყოჩაღმა და გამჭრიახმა“ მზარეულმა თეფშზე მამაკაცის სასქესო ორგანოს გამოსახულება ააწყო ფარშირებული ხორცით და მიუტანა. რაც მთავარია, ამ ყველაფერს სიხარულის ყიჟინით ტელეფონით იღებდა. ქალბატონებმა მშვიდად დახედეს თეფშებს, გაიღიმეს, ადგნენ და წავიდნენ. ვინ დარჩა მოგებული? ის მზარეული ამ ვიდეოს სოციალურ ქსელებში აზიარებს და ეს მცირე ნაწილს უხარია, იმ ნაწილს, რომელსაც რუსი ტურისტების აქ შევიწროებით სურს რუსეთის ოფიციოზის გაბრაზება და მერე რაც გინდა მოხდეს, მთავარია, ახლა ვიღლიცინოთ; მერე რა, თუ ომი დაიწყება, ისინი ხომ პირველები გაიქცევიან… ქვეყნიდან და არა ფრონტის წინა ხაზზე.

იცით, რა არის საინტერესო? რატომ არ არის დაკავებული არავინ ერთი, მეორე ან მესამე შემთხვევის გამო? თუ მაინცდამაინც უნდა მოკლან ვინმე და ამის შემდეგ აღიძვრება საქმე და დააკავებენ დამნაშავეს? ცემა და ფულის წართმევა – ორივე სისხლის სამართლის დანაშაულია. რესტორანში მომხდარ შემთხვევას შეიძლება ვერ მიუსადაგო მუხლი, მაგრამ აშკარაა, რომ ესეც შეურაცხყოფაა; ფულის წართმევა, ტელეფონის წაგლეჯვა – ჩვეულებრივი ძარცვა, თანაც ჯგუფურად ჩადენილი, რომელიც დანაშაულს უფრო ამძიმებს. ამ შემთხვევაში სამართალდამცველების დუმილი, ცოტა არ იყოს, უცნაურია. იმ ამერიკელსაც რომ დაედევნენ ჩასაქოლად, ის ხალხიც დასაჭერია, რადგან ესეც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და როდემდე უნდა ვიმართლოთ თავი იმით, რომ ამ ადამიანების დასჯით დასავლელ პარტნიორებს ვაბრაზებთ?! დასავლელები ისედაც გაბრაზებული არიან იმის გამო, რომ პოლიციელების ცოცხლად დაწვის მსურველები დააკავეთ, იმის გამო, რომ ვანდალური ქმედებებისთვის ვიღაცეებს პასუხისგება მოუწევთ, იმის გამო, რომ პოლიციელზე თავდასხმისთვის კონკრეტულ პირებს სასჯელი მიესაჯათ… უკვე გაბრაზებული არიან და, თუ კანონი კანონობს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სჩადის დანაშაულს ან ვის წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა, დაზარალებული რუსია, ამერიკელი თუ მოზამბიკელი… მით უმეტეს, როცა ყველა ხვდება, რომ ისინი დანაშაულზე შეგნებულად მიდიან, იციან, რომ აშავებენ, მაგრამ, ამდენი დაკავების მიუხედავად, დაუსჯელობის სინდრომი აქვთ, სჯერათ, რომ მათ დაკავებას ვერ გაბედავენ და, თუ გაბედავენ, გამოვა ან უილსონი, ან რომელიმე ევროპარლამენტარი და დაიცავს. სჯერათ, რომ 4 ოქტომბერს სასწაული მოხდება, მართლა შეიცვლება ხელისუფლება და ციხეში ცოტა ხნით (ანუ 4 ოქტომბრამდე) ჩაჯდომა, სამომავლოდ ეგებ სასარგებლოც კი იყოს. ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობენ და ამბობენ, რომ დემონსტრანტებს შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, 4 ოქტომბერს მაინც გარეთ იქნებიან და მათაც სიტყვა „ყველაფერი“ გაიგეს ისე, რომ მკვლელობაზეც კი მიდიან, ძარცვა და ცემა-ტყეპა კი ჩვეულებრივ საქმედ იქცა და არავის უკვირს.
ვერ გეტყვით, როგორ მივალთ 4 ოქტომბრამდე, რადგან აშკარაა, რომ ხელისუფლება ძალიან ფრთხილობს. უფრო ზუსტად, დემონსტრანტები ცდილობენ, ვითარება მაქსიმალურად დაძაბონ, ხელისუფლება კი ცდილობს, მაქსიმალურად დათმოს. იმას არავინ ამბობს და ფიქრობს, რომ ასეთ დათმობაზე წასვლამ შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ, თუ აქამდე მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ, არ არის გამორიცხული, ახლა ვიღაცამ კარგად გადამალული იარაღიც გამოიტანოს და გაისროლოს. ჰო, იარაღი, რომელზეც უკვე კულუარებში აქტიურად საუბრობენ. იმედია, კონკრეტულმა ორგანოებმა ეს ყველაფერი ჩვენზე უკეთ იციან. პრინციპში, რაღა კულუარულად, ტელეეთერიდან ემუქრებიან ხელისუფლებას, უნდა დაგამხოთო და უიარაღოდ ხელისუფლების დამხობა გინახავთ? ახლა ვიღაც „ვარდების რევოლუციად“ მონათლულ სახელმწიფო გადატრიალებას გაიხსენებს, ანუ პროცესს, როცა რეალურად ყველამ ყველაფერი იცოდა და, უბრალოდ, ამ სპექტაკლში როლები იყო კარგად შესასრულებელი და შეასრულეს კიდეც.
ხვალ და ზეგ დემონსტრანტები ისევ გაიწევენ რუს ტურისტებზე და ისევ შეეცდებიან, პროვოკაციაზე ამჯერად, საქართველოს კი არა, რუსეთის ხელისუფლება წამოაგონ. ეს „გაწევა“ სასიკვდილო შედეგით რომ დასრულდეს, მერე რას ვაკეთებთ და როგორ ვმოქმედებთ? გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში ვიღაცებს დაიჭერენ, მაგრამ ეს საკმარისი იქნება? ამიტომ გათამამების უფლება არავის არ უნდა მივცეთ, არავინ უნდა დაიჯეროს, რომ მცირე გადაცდომა ეპატიება. 4 ოქტომბრამდე ბევრი დრო არ დარჩა და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.
ბესო ბარბაქაძე