Home რუბრიკები პოლიტიკა ლალი აფციაური: იქ, სადაც პროცესების ავანგარდში “ნაციონალური მოძრაობაა”, მშვიდობა იქნება?!

ლალი აფციაური: იქ, სადაც პროცესების ავანგარდში “ნაციონალური მოძრაობაა”, მშვიდობა იქნება?!

193

არჩევნებამდე სამი დღით ადრე ქვეყანაში დაძაბულობა პიკს აღწევს. ქვეყნის #1 დესტრუქციული ძალა პოლიტიკურ ტერორსა და ობსტრუქციას წარმატებით განაგრძობს. “ნაცმოძრაობისლიდერები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ და ახერხებენ კიდეც მოსახლეობაში იმ განცდის გაჩენას, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანა უკიდურესად მძიმე კრიზისში აღმოჩნდება, მეტიც, ისინი ახერხებენ შიშისა და ტერორის დათესვას იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერთან ერთად, შესაძლოა, ხელისუფლების სათავეში დაბრუნდნენ

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ ნიკანორ მელიამ ხელისუფლებას მუქარა გაუგზავნა და მედიასთან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ოცნება” “რუბიკონს გადალახავს, პასუხი იქნება შესაბამისი…” იმავე კომენტარში მან სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმის ერთ-ერთი ძალოვანი მაღალჩინოსანი, ყოფილი ზონდერპოლიციელი რუსლან შამახიაც ახსენა და აღნიშნა, რომ სამეგრელოში ღარიბაშვილის ჩასვლამდე მისი დაკავება იგეგმებოდა. რას გულისხმობს პარლამენტზე შტურმის მიმტანი და მერე უკვე დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი მელია “შესაბამის პასუხში”, რომელსაც ის ხელისუფლებას “რუბიკონის გადალახვის” შემთხვევაში გასცემს, საზოგადოებამ ორი წლის წინათ, 20 ივნისს იხილა. სწორედ “რუბიკონის გადალახვა” იყო მაშინაც მთავარი “ბრალდება” ხელისუფლების მიმართ, რომლის საფუძველზეც დანაშაულებრივი პარტიის თავკაცმა მხარდამჭერებს ძალადობისკენ მოუწოდა და “ეროვნული ღირსების” დაცვის ლოზუნგით პარლამენტის კარის მტვრევა დაიწყო… პარლამენტის კარს, ალბათ, არა, მაგრამ, დიდი ალბათობით, იგივე ხალხი იმავე ლოზუნგებითა და რიტორიკით 30-ში ან მერე ხელისუფლებას ქუჩიდან შეუტევს; ქუჩიდან, სადაც, სულ რაღაც, ორი კვირის წინათ ათასობით ადამიანი გამოიყვანეს და საარჩევნო ციებ-ცხელებაში მყოფი ხელისუფლების დასანახად პოლიტიკური კუნთები ათამაშეს. მელია, როგორც ჩანს, მათ დაძახებას კიდევ აპირებს და პოლიტიკური მუხტის აწევაც ამისთვის სჭირდება, ამისთვის სჭირდება დეზინფორმაციაც, რომ თურმე ზუგდიდში მათი მხარდამჭერების მასობრივად დაკავებას აპირებენ. რაც შეეხება ხელისუფლებას და მის პოზიციას, პრემიერის განცხადებებს თუ დავუჯერებთ, ქვეყანაში არანაირი დესტრუქციისა და ვითარების არევის საფრთხე არ არსებობს. მეტიც, იგი პირობას დებს, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის და დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს, ხოლო მსჯავრდადებული და ბრალდებული სააკაშვილი სასჯელს სრულად მოიხდის. რა იქნება და როგორ, დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ უკვე ამთავითვე ცხადია: უახლოეს ხანში საქართველოს პოლიტიკური სიმშვიდე არ ელოდება.

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ და არსებობს თუ არა ქვეყანაში საკაშვილის რეჟიმის რამე ფორმით დაბრუნების საფრთხე, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველი ლალი აფციაური.

_ ქალბატონო ლალი, არჩევნებამდე სამი დღე დარჩა და ვხედავთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა სულ უფრო მატულობს. “ნაცმოძრაობაამ ყველაფრის ავანგარდშია, ეს მოსახლეობის ერთ ნაწილში აჩენს შიშს, რომ სააკაშვილის რეჟიმი, შესაძლოა, დაბრუნდეს. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, არსებობს მსგავსი საფრთხე?

_ თუ საქართველოს მოსახლეობა არ გაითავისებს იმას, რაც ხდება რეალურად და რაც ხდებოდა სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის პერიოდში, რა თქმა უნდა, საფრთხეები იარსებებს, ამიტომ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რასთან გვაქვს საქმე და 30 ოქტომბერს ყველამ მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი. სხვათა შორის, ციფრები და პროცენტები, რომლებიც არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, არის ერთგვარი თვითდაიმედების შედეგი, რომ მაინც გაიმარჯვებსოცნებადა რეჟიმის დაბრუნების ალბათობა ნულია, მაგრამ ასე არ არის. აქ საჭიროა სერიოზული ბრძოლა და ძალისხმევა იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდეთ და მერე გაოცებული სახეებით არ გვიწევდეს მსჯელობა, რა მოხდა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის სრულ პოლიტიკურ ნიჰილიზმში, რომელსაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ “ნაცმოძრაობის” ელექტორატი დარაზმულია… ნიჰილიზმიც გასაგებია, დაპირებული სამართლიანობის არ თუ ვერადღდგენის გამო შექმნილი უნდობლობაც გასაგებია ხელისუფლებისადმი, მაგრამ, ვისაც რეჟიმის დაბრუნება არ სურს, უნდა ესმოდეს, რომ ახლა შინ ჯდომით ეს არ გამოვა. შინ ჯდომით მივიღებთ საპირისპირო შედეგს _ არჩევნებში გაიმარჯვებსნაციონალური მოძრაობა…”

_ გამოდის, საფრთხე საკმაოდ რეალურია

_ რა თქმა უნდა, ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ. რეალობა კი არის ის, რომ, რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მით მეტად გაიზრდება დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკური შანსირაც შეეხება დაძაბულობას, სხვას რას ელოდებით? იქ, სადაც პროცესების ავანგარდშინაციონალური მოძრაობაა”, მშვიდობა იქნება?! ხელისუფლებაში რომ იყვნენ და ერთპიროვნული ძალაუფლება ჰქონდათ, მაშინ ვერ ისვენებდნენ, ოპოზიციაში რა დააწყნარებთ?! ესენი, რა თქმა უნდა, არ გაჩერდებიან და არ გვაღირსებენ მშვიდობას, სანამ, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ, საზოგადოება, არ გავაკეთებთ იმას, რომ საბოლოოდ წერტილი დაესვას ამ ყველაფერს

_ სხვათა შორის, “ნაცმოძრაობისლიდერები, მათ შორის მელიაც და სხვებიც, სულ უფრო ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ რეპრესიებზე. საუბრობენ იმაზეც, რომ შეიძლება მოხდეს იმიტირებული ბუნტი და სააკაშვილის ლიკვიდაცია განხორციელდესხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი პრევენციაა მათი მხრიდან, რათა წინდაწინვე გაამართლონ თავიანთი გეგმები?

_ ხელისუფლების მხრიდან გამოვრიცხავ რამე ძალადობრივ სცენარს, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლების წისქვილზე წყალს არ დაასხამს და ამას მმართველ გუნდშიც აცნობიერებენ. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მათი მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელია და ხელისუფლებაც მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის. სხვათა შორის, მელიას განცხადება, რომ თურმე სამეგრელოში მათი მხარდამჭერი ყოფილი პოლიციელების დაკავება იგეგმება თუ იგეგმებოდა და ვიღაცეებმა თქვეს, იარაღის ჩადებასაც გვიპირებდნენო, მაფიქრებინებს, რომ ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებისგან შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაც რეალურია. მათ უამრავი იარაღი აქვთ გადამალული და ამას აღარ სჭირდება ბევრი მტკიცება; ასე რომ, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს იკადრებენ.

_ მსხვერპლზეც შეიძლება წავიდნენ ვითარების გასამწვავებლად?

_ იმის გათვალისწინებით, რაც ამ ხალხმა 9 წლის განმავლობაში აკეთა, გაგიკვირდებათ, მსხვერპლზე წავიდნენ?! მე არ გამიკვირდება და, სხვათა შორის, არ გამიკვირდება, რომ სააკაშვილიც გამოიყენონ მსხვერპლად. სააკაშვილი მათ უკვე აღარ სჭირდებათ, მათ ის სჭირდებოდათ საფრთხობელად და შემოიპარა კიდეც, როგორც საფრთხობელა. რაც შეეხება კონკრეტულად მელიას და მის განცხადებებს, შემთხვევითი არ არის, რომ ის ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, აღარც ახსენებს სააკაშვილს. საქართველოში კონტეინერით შემოსულმა სააკაშვილმა თავის ფუნქცია შეასრულა და მორჩა, დღეს აქ გაცილებით უფრო დიდ საფრთხეებზეა საუბარი. ეს არის გასაცნობიერებელი და 30 ოქტომბერი, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. აქ, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობაში არის ძალიან დიდი უნდობლობა, საზოგადოდ, პროცესისადმი

_ ამ უნდობლობის ფონზე, მივა ხალხი არჩევნებზე და დაირაზმება მოსალოდნელი საფრთხეების წინააღმდეგ? სხვათა შორის, საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი უნდობლობას აჩენს ის ეჭვებიც, რომ 30 ოქტომბრის მერე, როცა მმართველი გუნდი ძალაუფლებას გაინაღდებს, სააკაშვილის გათავისუფლებაზეც შეიძლება დაიწყოს საუბარი

_ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ სააკაშვილს არავინ არ გამოუშვებს ციხიდან. სააკაშვილი მოიხდის სასჯელს, რაც უკვე მისჯილი აქვს, თუ კიდევ რამე არ დაემატა, და საფრთხე იმის, რომ იგი თავისი შიმშილობით ხელისუფლებას რაღაცას აიძულებს, არ არსებობს. მათთვის ხელისუფლების სათავეში დაბრუნების ერთადერთი შანსი არის ნიჰილიზმი ხალხში და განცდა, რომ ჩვენი აქტიურობით მაინც არაფერი არ შეიცვლება. შეიცვლება და შედეგი იქნება, სულ ცოტა, ის, რომ მკვლელები, მწამებლები, ადამიანის გამაუპატიურებლები ვერ დაბრუნდებიან. დანარჩენი, თუ აქ ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, კი ბატონო, ეს საჭიროება მომწიფებულია, მაგრამ ამ ეტაპზე უპირველესი ამოცანა “ნაცმოძრაობის” რეჟიმისთვის მობრუნების ყველანაირი შანსის წართმევაა.

_ და მაინც, თუ რეჟიმი დაბრუნდება, რას უნდა ველოდოთ?

_ თუ ისინი დაბრუნებას შეძლებენ, მით უფრო არჩევნების გზით, რაც მე წარმოუდგენელი მგონია, ეს იქნება უკვე პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მწვანე აუნთო წარმოუდგენელ ძალადობას ქვეყანაში. ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ ის ჯოჯოხეთური 9 წელი არაფერი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, რეჟიმი გაცილებით სასტიკ ხასიათს მიიღებს. ვისაც ეს ვერ წარმოუდგენია და გულუბრყვილოდ სჯერა მელიას განცხადებების, რომ თურმე რევანშისთვის არ ბრუნდება, კარგად დააკვირდეს მათ სახეებს _ მათგან ბოღმა, სიძულვილი და შურისძიება იფრქვევა. ეს ერთი და მეორე: 20 ივნისის მომწყობი და პარლამენტზე შტურმის მიმტანი კრიმინალი შეიძლება, მშვიდობისთვის აპირებდეს სათავეში მოსვლას?! ღმერთმა ნუ ქნას მათი მობრუნება, თორემ რეპრესიებსა და სისხლს მერე ნახავთ. მონაგონი იქნება ის 9 წელიწადი, რომელიც გამოვიარეთ, და მერე კიდევ 9 წელი შეიძლება არ გვეყოს მათ მოსაშორებლად. აი, ეს არის ის, რაც გველოდება მათი დაბრუნების შემთხვევაში, თუმცა ამის არ მჯერა და არც მინდა, წარმოვიდგინო, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here