ორივე ეს ნაცვალსახელი მრავლობით რიცხვშია და მესამე პირში, ორივე სხვაზე (ბევრზე) მიუთითებს. ამ თვალსაზრისით ორივე თითქოს ერთი და იმავე მნიშვნელობისაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან.
განსხვავებას ქმნის წარმომთქმელი სუბიექტის განწყობა, შინაგანი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვისზეც ეს ნაცვალსახელები მიანიშნებს. როდესაც ვამბობთ „ისინი”, წარმომთქმელისგან დისტანცირებულ ადამიანებს (სოციალური ჯგუფი, შრომითი კოლექტივი, პოლიტიკური პარტია, სახელმწიფოები, სამხედრო ბლოკი და სხვ.) ვგულისხმობთ, რომლებსაც ჩვენგან ერთგვარად გაუცხოებულად და დაპირისპირებულად წარმოვიდგენთ. როდესაც ვამბობთ „ესენი”, თვითონ ნაცვალსახელი თითქოს ახლობლობის განწყობას უსვამს ხაზს და ისეთ ადამიანებზე მიგვითითებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებში თუ ჩვენს ორბიტაში შემოდიან და განიხილებიან. კი, სხვები არიან, მაგრამ ახლოს (არა ფიზიკური გაგებით) მყოფნი, რაღაცით მონათესავენი, ჩვენგან რატომღაც გულშემატკივრობის ღირსნი. მოკლედ, ასე: ისინი და ესენი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ისინი” ნაცები არიან, „ესენი” კი – ქოცები.
რატომ არიან ნაცები „ისინი” და, რატომ არიან ქოცები „ესენი”?
სწორედ ესაა წინამდებარე სტატიის თემა. აქ, სტატიის ავტორის კი არა, ქართველი ხალხის დამოკიდებულებაზეა საუბარი. ნაცებს ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა უცხოდ, სხვისი ინტერესების გამტარებლად, შემოგზავნილად და აგენტად აღიქვამს და მათ მიმართ იყენებს ნაცვალსახელს – „ისინი”. ქოცების მიმართ კი (ჯერჯერობით) მეტ-ნაკლებად ტოლერანტულია. საზოგადოებას მათთან იმის გამო კი არ აქვს პრეტენზია, რომ ცუდები არიან, არამედ იმის გამო, რომ უკეთესები არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ სათანადო სიმაღლეზე ვერ დგანან, საზოგადოებას მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს: ჩვენები (ჩვენიანები) არიან. მათი ვინაობის გამოსახატავად ამიტომაც არის უფრო ხშირად გამოყენებული ნაცვალსახელი „ესენი”.
რა მსგავსებაა და რა განსხვავებაა ნაცებსა და ქოცებს შორის?
მათ შორის ერთი არსებითი მსგავსებაა: ორივე დასავლეთისკენ ორიენტირებული ძალაა. რაც შეეხება განსხვავებას, ნაცი არის ფაშისტური ძალა – სასტიკი, სისხლიანი, დაუნდობელი, მოღალატე. ქართული („ნაციონალური”) ფაშიზმი კლასიკურ (ევროპულ) ფაშიზმზე უარესია იმ ნიშნით, რომ ეს უკანასკნელი აიდეალებდა საკუთარ (ეროვნულ) ინტერესებს და შინ თუ გარეთ ებრძოდა ყველა სხვას და ყველაფერს სხვისას. ნაცები კი აიდეალებენ დასავლურ (ამერიკულ და ევროპულ) ინტერესებს და ჩირადაც არ უღირთ ქართული ეროვნული ინტერესები. ისინი მზად არიან, რომ ყველა ქართული ინტერესი (საქართველოს ფიზიკური არსებობაც კი) დაუფიქრებლად, უყოყმანოდ და თვალის დაუხამხამებლად ანაცვალონ დასავლეთის ინტერესებს, რაც, საბოლოო ჯამში, საკუთარი (პირადი) ინტერესების სადარაჯოზე დგომას ნიშნავს. ევროპული ფაშიზმი ხომ ავადმყოფური მსოფლმხედველობაა, მაგრამ ნაცობა ორჯერ ავადმყოფობაა, რადგან მათი ფაშისტური სულისკვეთება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდაა მიმართული.
სააკაშვილმა (ნაცები) 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო ამერიკელთა დავალებით. მან ამერიკელებს წინააღმდეგობა არ გაუწია, მიუხედავად იმისა, იცოდა (თუ არ იცოდა, ვალდებული იყო, რომ სცოდნოდა), რომ ამით საქართველოს ანგრევდა. ასე იმიტომ მოიქცა, რომ ამერიკელი პატრონების თვალში „კარგ ბიჭად” წარმოჩენილიყო, თუნდაც ამას საკუთარი ქვეყნის ნგრევა მოჰყოლოდა (მოჰყვა კიდეც). ივანიშვილი (ქოცები) საწინააღმდეგოდ მოიქცა, როდესაც 2022 წელს პუტინის მიერ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, კატეგორიული უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე, რითაც საქართველო იხსნა უკრაინიზაციისგან და იმ უბედურების გამეორებისგან, რომელიც 2008 წლის აგვისტოში თავს დაგვატყდა. სააკაშვილმა პირადი ინტერესების სასარგებლოდ საქართველო თუ დააზიანა, ივანიშვილმა საქართველოს სასარგებლოდ პირადი ინტერესები გაწირა. ყველა პრობლემა, რომლებიც მას შეუქმნეს, აქედან მოდის. დასავლეთმა ივანიშვილს საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ საკუთარი ინტერესების დათმობა არ აპატია. ეს მოღაღადე ფაქტია, რომელსაც ვერავინ უარყოფს. მიუხედავად ამისა, ქოცების მიმართ საფუძვლიანი პრეტენზიები არსებობს. პირველ რიგში, ეს არის ნაცების ფაქტორის გამოყენება ხელისუფლების შესანარჩუნებლად, რომელიც ცამეტი წელიწადი გრძელდება და ბოლო არ უჩანს. ყველაფრის ახსნა და გამართლება იმით, რომ დასავლეთი გვაიძულებს, დამღლელია. დასავლეთი რომ გაიძულებს, ფაქტია, მაგრამ ამ ვითარებას შენც რომ მოერგე და კომფორტის ზონა შეიქმენი, უკვე გამაღიზიანებელია. კიდევ ცოტაც და ქართველი ხალხი ერთხმად აღუდგება დასავლეთიდან ინსპირირებულ ამ ქოც-ნაცურ ვირეშმაკობას. ამ სრულიად არაჯანსაღი ვითარების მთელი უბედურება იმაში გამოიხატება, რომ ქოცებმა და ნაცებმა პოლიტიკური სივრცის უზურპაცია მოახდინეს და სხვა ძალას არ აჭაჭანებენ. ორივე მხარეს უზარმაზარმა კაპიტალმა მოიყარა თავი, რის გამოც არჩევნები (საერთოდ, პოლიტიკური პროცესი) ფულისა და დასავლური გავლენების შეჯიბრებად იქცა. პოლიტიკურ ძალებს ხალხის ნაცვლად კაპიტალი აყალიბებს, რაც არჩევნებს არამხოლოდ ფიქციად, არამედ ქვეყნისა და ხალხისთვის საზიანო მოვლენად აქცევს. დღეს ქვეყანაში არ არსებობენ საზოგადოებრივი განწყობების ადეკვატურად ამსახველი პოლიტიკური ძალები. ორი მთავარი პოლიტიკური ძალა (ქოცი და ნაცი) დასავლური მიმართულებისაა. საზოგადოებაში კი არსებობს მზარდი რუსული განწყობილება, რომელსაც არ ჰყავს პოლიტიკური გამხმოვანებელი იმიტომ, რომ ერთმანეთთან ერთი შეხედვით სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ეს ორი ძალა ამ კონკრეტულ საკითხში შეთანხმებულად მოქმედებს. ისინი რუსული ორიენტაციის ძალას ასპარეზზე არ დაუშვებენ და არც გამოაჩენენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი განწყობილებები და პოლიტიკური ცხოვრება ერთმანეთს აცდენილია.
ეს უსერიოზულესი ხარვეზია. მეტიც, ეს დანაშაულია, დემოკრატიული პროცესის უარყოფაა, ხალხში არსებული პოლიტიკური განწყობისთვის გზის გადაკეტვა და მისი ჩახშობაა. ნამდვილი დემოკრატიის ფსევდოდემოკრატიით ჩანაცვლებაა.
უკვე ვთქვი, რომ საქართველოს წინაშე ქოცების უმთავრესი დამსახურება მშვიდობის შენარჩუნებაა იმ ვითარებაში, როდესაც კოლექტიური დასავლეთი ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა. ათასი მადლობა მათ ამისთვის, მაგრამ ომის დაწყება მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული, მეორე მხარეც ხომ არსებობს?! ქოცებმა საქართველო კვლავ დასავლეთის ორბიტაზე თუ უნდა დატოვონ და რუსეთს მომავალში აქედან საფრთხე შეუქმნან, რუსეთი ხომ ისევე მოგვექცევა, როგორც უკრაინას მოექცა?! ხომ უნდა მივხვდეთ, რომ რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს როდესაც ეხებიან, მათ უმწვავესი რეაქცია (სამხედრო ძალის გამოყენების ჩათვლით) აქვთ?! საამისო გაკვეთილად 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც იკმარებდა, მაგრამ ახლა უკრაინის მაგალითიც ხომ გვაქვს?! ამოცანა მშვიდობის დროებითი შენარჩუნება კი არა, მუდმივი შენარჩუნებაა. დასავლური ორიენტაცია მშვიდობის მუდმივად შენარჩუნებას გამორიცხავს.
ასეთია დღევანდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში. ამ ფონზე მძლავრობს სახელმწიფო გადატრიალების დასავლური პროექტი, რაც განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისკენ ქოცების მისწრაფება ჩაანაცვლოს ნაცების უსიტყვო მიმღებლობამ დასავლეთიდან წამოსული ნებისმიერი დირექტივისა. ამ ვითარებაში ქოცების მიმართ პროტესტს ფარავს წინდახედულება, აუცილებლობა საღი აზრისა, ვინაიდან მათ მიმართ სამართლიანი პროტესტის რეალიზების შემთხვევაში ვიღებთ არა სამართლიან, არამედ ყველაზე უსამართლო შედეგს – დასავლურ (ნაცურ) რევანშს, რომელიც საქართველოს დაღუპვის ტოლფასია.
4 ოქტომბერს დასავლურ-ნაცური რევანში ვერ უნდა შედგეს. ამ დღეს არჩევნებში ხალხმა ერთხელ კიდევ უნდა დაუჭიროს მხარი ქოცებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ნაცური ბაქკანალია, მათ მიერ წლების განმავლობაში დატრიალებული ვალპურგის ღამე და ბართლომეს ღამე (საოცარია, მხატვრულ შედარებებშიც კი ყველგან ღამე ფიგურირებს). ისიც საოცარია, რომ ქართველი ხალხის წარმოდგენაში დასავლეთთან სწორედ ეს – ყველა დროის ყველაზე ბნელი ძალა – ასოცირდება. მათ სამუდამოდ შერჩებათ ქართველი ხალხისგან გაუცხოებისა და შორს დგომის გამომხატველი ნაცვალსახელი „ისინი”. რაც შეეხება ქოცებს, ძნელი სათქმელია, კიდევ რამდენ ხანს მოახეხებენ, შეინარჩუნონ ჩვენის და ჩვენიანობის გამომხატველი ნაცვალსახელი „ესენი”. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევიან ამ ექსტრემალურ ვითარებაში, და იმაზეც, როგორ ჩააბარებენ 4 ოქტომბრის გამოცდას.
ვალერი კვარაცხელია