Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის განცხადება აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან, როდესაც...

ირაკლი კობახიძე – ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის განცხადება აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან, როდესაც ისეთ რამეს აკრიტიკებ, სადაც შენ მძიმე მდგომარეობა გაქვს, ეს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია

საერთო აღქმისა და შეფასების ფონზე ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის განცხადება აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საფრანგეთში ცნობილი „ყვითელი ჟილეტების“ შეკრებების დაშლას და დარბევას მოჰყვა ათზე მეტი ადამიანის გარდაცვალება.

„ემანუელ მაკრონთან საუბრის კონკრეტიკას ახლაც ვერ ვიტყვი, ზოგადად ქვეყანაში მოვლენები შეიძლება ვითარდებოდეს დადებითი, უარყოფითი მიმართულებით, შეიძლება ერთ ადგილზე იყოს გაჩერებული. საუბარი იყო იმაზე, რომ პროცესები მიმდინარეობს, წარიმართება დადებითი მიმართულებით, ეს ძალიან ზოგადად რომ გითხრათ ყოველგვარი ციტირების და კონკრეტიკის გარეშე. ამ საერთო აღქმისა და შეფასების ფონზე აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, რომელი არა მარტო ამ კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, არამედ ყველაფრიდან იყო საერთოდ ამოვარდნილი. მშვიდობიანი პროტესტი, იქ რაღაც პოლიციის მოქმედება, რაღაცები არ მოეწონათ. წადით, ნახეთ კადრები სამივე ქვეყნიდან – გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი. საფრანგეთში ცნობილი „ყვითელი ჟილეტების“ შეკრებების დაშლას და დარბევას მოჰყვა ათზე მეტი ადამიანის გარდაცვალება, სად არის აქ ობიექტურობა, გამოვედით ჩვენ და ვთქვით რამე? დეტალებიც ხომ მნიშვნელოვანია ყველაფერთან დაკავშირებით. რაც არ უნდა ავიღოთ – 10 კაცზე მეტი შემოგაკვდა მიტინგების დარბევის დროს და სხვა ქვეყანას აკრიტიკებ, მაშინ როდესაც გრძელვადიანი კვალი ჯანმრთელობაზე არ დარჩენია არცერთ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ იყო უკიდურესი ძალადობა, რასაც ვხედავდით 28 ნოემბრიდან ხუთი დღის განმავლობაში. ამ ფონზე იმდენად სუფთად იმუშავა შსს-მ, რომ არცერთი ადამიანის ჯანმრთელობას არ დარჩენია გრძელვადიანი კვალი. მათი ფავორიტია ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელმაც თავის დროზე გამოიყენა სხვა საშუალებები და ამან გამოიწვია რამდენიმე ადამიანის მძიმედ დასახიჩრება. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა და რამდენიმე ადამიანს დარჩა გრძელვადიანი, მუდმივი კვალი ჯანმრთელობაზე. მათი ფავორიტი პარტიის ლიდერია. დაასანქცირეს ეს ფავორიტი პარტიის ლიდერი ან რაიმე განცხადება გააკეთეს თავის დროზე?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აქციებზე იყო გადაცდომები, ექსცესები, სამართალდარღვევებიც, ეს ყველაფერი იყო, მაგრამ აქციის მონაწილეების მხრიდან უმძიმესი ძალადობის ფონზე არცერთ ადამიანს არ დარჩენია რაიმე გრძელვადიანი კვალიც კი ჯანმრთელობაზე.

„საუბარი რაზე მაქვს – შენ შემოგაკვდა ათზე მეტი კაცი შეკრებების ბრუტალური დარბევების დროს და აქეთ არის მოცემულობა, როდესაც აქციის მონაწილეების მხრიდან უმძიმესი ძალადობის ფონზე არცერთ ადამიანს არ დარჩენია რაიმე გრძელვადიანი კვალიც კი ჯანმრთელობაზე და შენ ამას როგორ აკრიტიკებ? სად არის აქ სამართლიანობა? ამაზე მაქვს საუბარი, თორემ იმას კი არ ვამბობ, რომ აქ არ ყოფილა ან გადაცდომა, ან სამართალდარღვევა. ამაზეა საუბარი, უსამართლობაზე და ორმაგ სტანდარტებზე. გერმანია? ბერლინში ნახეთ, როგორ ხდებოდა ბრუტალურად შეკრებების დარბევა, პოლონეთიც არანაკლებ მაგალითებს იძლევა. როდესაც გამოდიხარ ასეთ ფონზე და ისეთ რამეს აკრიტიკებ, სადაც შენ საერთოდ სხვა მძიმე მდგომარეობა გაქვს, ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here