Home ახალი ამბები საქართველო თემურ მაისურაძე: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი პრობლემაა _ ეკონომიკურიც, სოციალურიც, პოლიტიკურიც,...

თემურ მაისურაძე: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი პრობლემაა _ ეკონომიკურიც, სოციალურიც, პოლიტიკურიც, ხელისუფლების ალტერნატივა არ არსებობს!

,,ტვინგამორეცხილების მოსვლა ხელისუფლებაში წარმოუდგენელია, დაუშვებელია”

საქართველოს პრემიერმინისტრი ხშირად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, რომ ,,ოთხ წელიწადში განახევრდა სიღარიბე, ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი…”. ამის მიუხედავად, საზოგადოების სოციალური მდგომარეობა არ უმჯობესდება და უსახსრობის გამო ბევრი ფიქრობს ქვეყნის დატოვებას.…

რატომ არ აისახება ხელისუფლების მიერ გაცხადებული ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ მაისურაძე გვესაუბრება:

_ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტირება ნიშნავს იმას, რომ გლეხს შეუძლია  თავისი ნაშრომი იმ ფასად გაყიდოს, რომელ ფასადაც უღირს,   ეს ფასი კი მაღალია. ამის შემდეგ  ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის ნაკლებ ფასად გატანით ის აღარ არის დაინტერესებული. გლეხს, რომელიც უცხოეთში 5 დოლარად ყიდის თავის ნაშრომს, აღარ უღირს, ის აქ 3 ლარად გაყიდოს.

მაღალი ხარისხის პროდუქცია ექსპორტზე გაედინება რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში. ევროპის ბაზარი ქართულ პროდუქციას არ იღებს, მას მხოლოდ ბაზრად ვჭირდებით და არც არასდროს მიგვიღებენ. ამ ქაოსში არ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ბაზარი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით ჩვენი ბაზრის დაცვა ძნელია. ფასების ზრდის მიზეზი კერძო ბიზნესი და დაკანონებული წესებია.

საქართველოში შემოდის პროდუქტი, რომელიც არ არის კარგი ხარისხის, მაგრამ დაბალი ფასი აქვს, მომხმარებელს კი დაბალი ფასის გადახდა ურჩევნია. კარგი პროდუქტი ძვირია და ასეთ შემთხვევაში ხელფასმაც უნდა მოიმატოს. რადგან მომსახურე პერსონალისთვის ხელფასის მომატება ვერ ხერხდება, კერძო ბიზნესი თანხმდება იაფ მუშახელსა და დაბალი ხარისხის პროდუქციაზე.

იაფი მუშახელი მიგრანტები არიან ჩვენზე გაჭირვებული ქვეყნებიდან. იქ, სადაც არ მიდიან სამუშაოდ ქართველები, მიდიან მიგრანტები, ამას აკეთებენ კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.

_ ამ მიზეზის გამო ქართველები ქვეყნიდან მასობრივად გადიან, მაგრამ იქ, იმ რომელიღაც ქვეყანაში, იაფ მუშახელად ითვლებიან…

_ კი, დასავლეთში იაფი მუშახელის ხელფასი გაცილებით აღემატება აქაური იაფფასიანი მუშახელის ხელფასს, თუმცა იქაც ისეთივე სურათია, როგორიც  ჩვენთან, იქ ჩვენს მოქალაქეებს ადგილობრივებზე გაცილებით ნაკლებს უხდიან.

_ დასამარებული ნაცების გაცოცხლებამ ხალხი ძალიან გააღიაზიანა. დღეს ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზას: ,,უგულავას ჯიბეში ერთი ლარი რომ მიდიოდა ბენზინიდან, ახლა გასამმაგებული ფული ვის ჯიბეში მიდის?”

_ საწვავის ფასის შემთხვევაში ძალიან ძნელი აღმოჩნდა იმის გარკვევა, ვის ჯიბეში მიდიოდა ფული. როდესაც ამის გარკვევას ,,ქართული ოცნება”  შეეცადა, ვერაფერს მიაგნო, რადგან აზერბაიჯანმა არ აღიარა, ვისთან რა გარიგება ჰქონდა, ამიტომ ძნელი აღმოჩნდა ამ ყველაფრის გარკვევა; ვერც უგულავას დაუმტკიცდა, ფაქტები ვერ იპოვეს. ჩვენ უნდა გადავსულიყავით ევროსტანდარტზე, მაგრამ ვერ გადავედით და გაძვირებულ აზერბაიჯანულ ბენზინზე დავრჩით.

უცხოეთში მომიწია ყოფნამ, მინდა გითხრათ, რომ ევროპულ ქვეყნებშიც ყველაფერი გაძვირდა, ამიტომ გამორიცხულია, ეს არ ასახულიყო საქართველოზეც. ჩვენი ქვეყანა იმპორტის ხარჯზე ცხოვრობს. გაძვირდება უცხოეთში პროდუქტი _ გაძვირდება აქაც. ეს ტენდენცია ყველგან არის. რუსეთშიც კი, რომელიც დიდად არ არის სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული, დიდია ფასების მატება.

ხელისუფლებას ფასების ზრდის ბერკეტები ხელში რომ ეჭიროს, ამისთვის საჭიროა, აკაცუკების გარემოცვაში არ ვიყოთ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონები და წესები არ უნდა გვახრჩობდეს. ქვეყანას, რომელიც დიდ ფინანსურ წნეხს განიცდის, ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ეს ადვილი საქმე არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ რეალური ეკონომიკა ვერ შევქმენით.

ჩვენ არ გვაქვს დიდი საშინაო წარმოება, ამიტომ ვერ ვარეგულირებთ იმპორტისა და ექსპორტის ფარდობის ფასებს, რათა დავეხმაროთ სოფლის მეურნეობას, შედეგად კი მოვიწიოთ ჯანსაღი პროდუქტი  და კვების უსაფრთხოება დავიცვათ. ეს ყველაფერი დაეტყო არ მხოლოდ პროდუქტებს, არამედ ტექნიკასაც. რაც უფრო მაღალ ტექნოლოგიებზე გავდივართ, მით ნაკლები  უნდა იყოს ფასები, მაგრამ ჩვენ ესეც არ გვაქვს. ერთადერთი, ვინც ჩვენთან დაბალ სეგმენტზე მუშაობს, ჩინეთია.

გერმანიაში მომიწია მკურნალობამ, იქ კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა 2500 ევრო ღირს. იქ ყველაფერი გაცილებით ძვირია, უბრალოდ, ექიმები არიან ძლიერი. ეს ისე, თემას გადავუხვიე, ფასების შესადარებლად…

_ არჩევნები მოდის, ხალხი ხელისუფლებაზე გაბრაზებულია. ბევრია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა. რა გველოდება?

_ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი პრობლემაა _ ეკონომიკურიც, სოციალურიც, პოლიტიკურიც, ხელისუფლების ალტერნატივა არ არსებობს. პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც ახლა ხალხი ხმას მისცემს, არ არსებობს. ტვინგამორეცხილების მოსვლა ხელისუფლებაში წარმოუდგენელია, დაუშვებელია.

საკუთარ თავსაც ვსაყვედურობ, ალტერნატივა ვერ შევქმენით, ვერ ვუთხარით ხალხს ის ჯადოსნური სიტყვა, რომელიც სხვაგან გაახედებდა. ბიძინა ივანიშვილმა ეს შეძლო.

_ რა არის ის ჯადოსნური სიტყვა, რომლის თქმაც ვერ შეძლო ალტერნატიულმა ძალამ?

_ ჯადოსნური სიტყვაა ის, რომელიც ადამიანებს დააჯერებს, მას მისცენ ხმა. მაგალითად, დასავლეთში ჯადოსნური სიტყვებია _ დემოკრატია და თავისუფლება. არსი არავინ  იცის, მაგრამ იხიბლებიან. ამ სიგიჟემ დიდი როლი ითამაშა. ვერავის დააჯერებ, თუ ამირჩევ, ვიზრუნებ პროდუქტების გაიაფდებაზეო, რომ უთხრა და თანაც აუხსნა, როგორ და რანაირად. პასუხად გეტყვიან, ფულისთვის მოდიხარო… თუ ჩემი არ გჯერათ, წავიდეთ ერთად და გავიგოთ მათი პასუხები…

მოსახლეობა არასერიოზულად ეკიდება ყველაფერს, ეს არავის ბრალი არ არის, ეს გლობალური პრობლემაა. ჯადოსნური სიტყვები უნდა იცოდე, ასე იყო ყოველთვის: ზვიად გამსახურდიამ თქვა ჯადოსნური სიტყვა; შემდეგ _ შევარდნაძემ, მას დაუჩოქეს კიდეც;  ხალხის მოსაწონი თქვა სააკაშვილმა და თქვა ივანიშვილმაც…  დღეს ვინც ამას ვერ ახერხებს და ,,ოცნებას” ეუბნება, ადგილს რატომ არ მითმობო, სულელია.

ერთ ყუთ ლუდზე ხმას რომ გაცვლი, რომელ ცვლილებაზეა ლაპარაკი?! ამის შემდეგ ვერავის დაადანაშაულებ, რატომ ჩაეფლო კორუფციაში, რატომ გადავიდა ერთი პარტიიდან მეორეში, რატომ ეძებენ სიკეთეს. ხელისუფლების ოპონირება ახლა აკაცუკების გაძლიერებას ნიშნავს.

2028 წლის არჩევნებზე კი გამოჩნდება ძალა, რომელსაც ხალხი მხარს დაუჭერს, რომელიც აიძულებს არსებულ ხელისუფლებას კონსტიტუციის შეცვლას და, თუკი ამას არ დათანხმდებიან, ხელისუფლების სრული ჩანაცვლება მოხდება…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here