თეა წულუკიანმა გერმანიის ელჩს ურჩია, უახლოეს ისტორიას გადახედოს, როგორ დასრულდა ჩვენი ბაბუების ბრძოლა და გერმანიასთან დაპირისპირებაში ცხვირის წატეხვაზე მერე ილაპარაკოს!

    თეა წულუკიანი და პეტერ ფიშერი

    გახსოვთ, ალბათ, ევროპის ქვეყნებსა  და ამერიკის ლამის ყველა შტატს ისტერიკა რომ დაემართა, საქართველოში მიხეილ სააკაშვილს კლავენ და არიქა, ვუშველოთო. მერე კი გაირკვა, რომ მიშა, უბრალოდ, შიმშილობდა (ზონის ენაზე რომ ვთქვათ – „პაკეტობდა“) და სწორედ ამ მეთოდით სურდა ციხიდან თავის დახსნა, მაგრამ, როცა არაფერი გამოვიდა, ჭამა დაიწყო და ეს ამბავიც ყველას მიავიწყდა. რაც მთავარია, ამდენ პოლიტიკოსში არავინ გამოჩნდა, ვინც იტყოდა, შეგვეშალა და ქართულ მხარეს ბოდიში უნდა მოვუხადოთო. ტყუილად დაღალეს ენები, ტყუილად წერეს საპროტესტო არზები, სიმართლე გაირკვა და… ხელი ისევ მთავრობას შეაწმინდეს, აქაოდა, შეგეძლოთ, მაინც გაგეშვათო. ჰო, რაც მთავარია, სააკაშვილს ლამის ყველა ევროპული ქვეყანა ეპატიჟებოდა სამკურნალოდ და მერე, როცა გაირკვა, რომ მკურნალობა მხოლოდ საკვების მიღებით შეიძლებოდა, ყველა გაჩუმდა.

    ვერ გეტყვით, რა ბზიკმა უკბინა საფრანგეთის სენატში მოკალათებულ გვამებს, მაგრამ მათ განიხილეს რეზოლუცია, რომელიც ეხება… მიხეილ სააკაშვილის მძიმე და შეუფერებელ პირობებში ყოფნას. ანუ, ის, რომ სააკაშვილი ციხის ნაცვლად საავადმყოფოს ლუქს-პალატაშია წამოჭიმული და  კუთვნილი ადგილი არ უკავია პარაშასთან, თურმე „მძიმე და შეუფერებელი“ ყოფილა. აი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას როგორც წარმოუდგენია, სააკაშვილი სასჯელს ისე რომ იხდიდეს, მერე გენახათ „მძიმე და შეუფერებელი“, მაგრამ რატომღაც ახლა გაახსენდათ,  არჩევნების წინ…

    სანამ ფრანგები ამოიღებდნენ ხმას, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ლამის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად  იქცა. მისი განცხადებები ისე არ შეესაბამებოდა ელჩის ქცევა-წესებს, რომ   ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და თითიც დაუქნიეს. როგორ გგონიათ, მან გაიგო და მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა? არა, ბატონები, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ლამის პირდაპირ მთავრობის ადმინისტრაციაში წავიდა და ადმინისტრაციის უფროსს უბრძანა (ჰო, უბრძანა), – კანონში ცვლილება შეიტანეთ და გერმანიისთვის გამონაკლისი დაუშვით, რათა არასამთავრობოების დაფინანსება შევძლოთო. მართალია, ფიშერმა კატეგორიული უარი მიიღო, მაგრამ ის, რომ შეეცადა, მრავლისმეტყველია. ხომ ხვდებით, ევროპელი ელჩები როგორ უყურებენ საქართველოს? ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მათ უნდა დაემონოს ყველა, სახელმწიფომ უნდა შეცვალოს კანონები ელჩის თითების ერთ გატკაცუნებაზე და ვინმე ფიშერი ბედავს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ამას კი არ სთხოვს, არამედ ისე ეუბნება, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. სავარაუდოდ, ფიშერმა იმ წინამორბედებისგან, რომლებიც ნაციონალების პერიოდში იყვნენ საქართველოში, იცის, რომ ელჩის სურვილი მთავრობისთვის კანონი იყო, ახლა კი  ცოტა ურჩობენ და მორჯულებას გვიპირებენ.

    ოპოზიცია კი ამ ყველაფერს აღშფოთებით შეხვდა:  როგორ ბედავთ ისეთი ქვეყნის ელჩის დაბარებას და „გაჩოთქვას“, როგორიც გერმანიააო? მათთვის წარმოუდგენელიც კი არის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩს ზედმეტი აკადრო, რადგან ნაცების ზეობის ხანაში ელჩებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ და,  საკანონმდებლო ცვლილებები კი არა, მინისტრებისა და მათი მოადგილეების დანიშვნა თანხმდებოდა მათთან. იმხანად ყველაზე წონიანი ამერიკის ელჩი იყო, ახლა  კი ამერიკელებს ელჩი საერთოდ არ ჰყავთ, ჩვენგან უდროოდ წასული რობინ დანიგანის შემდეგ  არავინ მოუვლენიათ და, ალბათ, პირველი არჩევნებია, ამერიკის ელჩის მითითებებისა და უხეში ჩარევის გარეშე რომ ჩატარდება. ჰოდა, ოკეანისგაღმელი ელჩის არყოფნაში სადავეების ხელში აღებას ოკეანისგამოღმელები ცდილობენ და, გერმანიის ელჩის გარდა, ბრიტანეთის ელჩიც ძალიან აქტიურობს, თუმცა ისე ჩანს, ხელისუფლებამ საბოლოოდ მიუჩინა მათ ის ადგილი, რომელიც, წესით, უნდა ეკავოთ. ოპოზიციამ იმასაც ტაში დაუკრა, მაკა ბოჭორიშვილი შავი ზღვის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რომ არ მიიწვიეს, და ისიც თქვეს, მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპს არ შეხვედრია, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო დამონტაჟებული იყოო. ანუ ოპოზიციას ახარებს ყველაფერი, რაც ქვეყანას აზიანებს, და სწყინს ყველაფერი, რაც საქართველოს წინსვლაზე დადებითად მოქმედებს.

    ისევ გერმანიის ელჩს დავუბრუნდეთ. ფიშერს ისე არ მოეწონა ჯერ შენიშვნა და შემდეგ ადმინისტრაციიდან საკანონმდებლო ცვლილებაზე უარი, რომ პირდაპირ განაცხადა, საქართველომ გერმანიასთან დაპირისპირებით შეიძლება ცხვირი წაიტეხოსო. ალბათ, ვერავინ გასცემდა იმაზე უკეთეს პასუხს ფიშერს, როგორც ეს თეა წულუკიანმა გააკეთა: „გერმანიასთან დაპირისპირებაში ცხვირის წატეხვას რაც შეეხება, ფიშერს ვურჩევ, უახლოეს ისტორიას გადახედოს, ჩვენი ბაბუების ბრძოლა როგორ დასრულდა, და მერე ილაპარაკოს!“ დიახ, საბედნიეროდ, ჩვენი ხელისუფლება მზად არის, სახელმწიფოს ინტერესები ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ ფასად დაიცვას და დაიცვას ყველგან. რაც მთავარია, ამ ყველააფერს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს და ხვდება, რომ  ნამდვილი დამოუკიდებლობის სუნი და გემო ახლა ტრიალებს ჰაერში და ამის დათმობა უკვე რთულია. რთული იქნება იმის ისევ დანახვა, როგორ ეგებიან ფეხქვეშ უცხო ქვეყნების რიგით მოხელეებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები და უსრულებენ ყველა სურვილს,  თანამდებობების განაწილებით დაწყებული, საზღვარგარეთ ქორწილების გადახდით დასრულებული. ჰო, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე „გრიალებდნენ“ უცხოელები და სამაგიეროდ, სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა ყველაფრის უფლება, ადამიანების დახოცვის ჩათვლით.

    ქართული ოპოზიცია სახელმწიფოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ითხოვს, რათა  მოსახლეობა გამწარდეს და უკმაყოფილება გაიზარდოს. ალალად ვთქვათ: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე იმოქმედებს ცუდად, არამედ რეალურად შეექმნება პრობლემა არაერთ ემიგრანტს, რომლებიც საქართველოში უპრობლემოდ ჩამოდიან და არც კი ფიქრობენ, რომ უკან დასაბრუნებლად ვიზა დასჭირდებათ. ოპოზიციის ლიდერები კი ამბობენ, გაუქმებას მხოლოდ ოფიციოზისთვის მოვითხოვთო, მაგრამ რეალური სურათი სხვაგვარია – ისინი რიგითი ადამიანების დასჯას მოითხოვენ იმიტომ,  რომ მათ ხელისუფლების სათავეში არ აბრუნებენ. რეალურად  ეს არის ბოლო ბერკეტი დასავლეთის ხელში და აუცილებლად გამოიყენებს მას შემდეგ, რაც არც რევოლუცია მოხდება და ვერც არჩევნებში შეძლებს ოპოზიცია დედაქალაქის „გამოგლეჯვას“.

    4 ოქტომბრამდე აქ მყოფი ელჩების  უმრავლესობა აუცილებლად განაცხადებს იმის შესახებ, რომ მოსახლეობას აქვს აჯანყების უფლება და ამით მხარდაჭერას გამოუცხადებენ მომიტინგეებს, იმ ხალხს, რომელსაც ერთი სული აქვს, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს და ეს ყველაფერი „მშვიდობიანი დამხობის“ ტერმინით შეფუთოს.   პაატა ბურჭულაძემ უკვე იმაზეც დაიწყო საუბარი, რომ მათ მხარეს კრიმინალური სამყაროც დადგა და ეს ეამაყებათ კიდეც.

    საბედნიეროდ,  ევროკავშირთან მარტონი არ ვართ.   სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ინიციატივით, განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სლოვაკეთში მხოლოდ ორი სქესია აღიარებული, რაც მას  ძალიან არ მოუწონეს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ეს ზუსტი ანალოგია იმ კანონისა, რომელიც მანამდე საქართველოში მივიღეთ და ქალს –  ქალი, ხოლო კაცს კაცი დავარქვით. ანალოგიურ პოზიციაზეა უნგრეთი და, თუ ატყობთ, სწორედ სლოვაკეთსა და უნგრეთს უტევენ საქართველოს მსგავსად და, უკრაინის პრეზიდენტიც თუ ვინმეს აკრიტიკებს ჩვენ გარდა, სწორედ ეს ორი ქვეყანაა. დასავლეთის ჩარევა რას ნიშნავს, ყველაზე კარგად ბოლო პერიოდში მოლდოვაში გამოჩნდა, სადაც საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ორი მთავარი ოპოზიციური პარტია გააუქმეს, ანუ მაია სანდუს ყველა პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ სწორედ მისმა პარტიამ გაიმარჯვოს.   მერე რა, რომ კორუფციის ინდექსითა თუ დემოკრატიის მაჩვენებლით მოლდოვას გვარიანად ვუსწრებთ?! მთავარია, სანდუ დასავლეთს ემონება, ანუ დემოკრატიის შუქურაა, ოღონდ მდედრობითი სქესის. დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში სანდუს გამარჯვების შანსი არ აქვს, ვერც ფულით გახდება ვერაფერს და ამიტომ კონკურენტები  საარჩევნო ბიულეტენებიდან გააქრო. გვერწმუნეთ, ასე იქნება აქაც, როგორც კი ძველ ხელისუფლებას შანსი ექნება,  ქვეყნის სათავეში მოვიდეს და რაღაცის შეცვლა შეძლოს. გაქრება ყველა ოპოზიციური პარტია (გიორგი თარგამაძის მსგავს „ოპოზიციონერებს“ დატოვებენ) და ევროპა საშვილიშვილოდ დაგვაჯდება თავზე.

    4 ოქტომბერი არ არის, უბრალოდ, არჩევნები. 4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორად იქცა. ის, რომ არჩევნებში მმართველი ძალა მარტივად გაიმარჯვებს, ადვილი მისახვედრია, მაგრამ მთავარი საბრძოლველი იქნება ქუჩა, რომელიც  კანონის სრული დაცვით არ უნდა დავთმოთ, თორემ სამოქალაქო ომთან ძალიან ახლოს ვართ, იმაზე ახლოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here