Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: საქართველო სხვა თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა _ დასავლურ-ამერიკულის. მივიწევთ ნატოსკენ, ასოცირების...

თამარ კიკნაძე: საქართველო სხვა თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა _ დასავლურ-ამერიკულის. მივიწევთ ნატოსკენ, ასოცირების ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი და ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასთან

1571
თამარ კიკნაძე

რუსეთი საქართველოსთან საჰაერო სივრცეს არ გახსნის. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განაცხადა: “საქართველოში გარკვეული ძალები დაინტერესებულნი არ არიან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით. რუსოფობიური ვითარების გამო იძულებულნი შევიქენით, დროებით შეგვეწყვიტა ავიარეისები საქართველოშიმოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან”.

რუდენკოს განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გრიგორი კარასინმა თქვა: “ინციდენტების გარშემო პოლიტიკური სკანდალებისა და დემონსტრაციების მოწყობის ნაცვლად, უმჯობესია ისეთი ზომების მიღება, რომ ასეთი ინციდენტები საერთოდ არ არსებობდეს”.

რუსეთი საქართველოს ქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირება ხაზს უსვამს “თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების დროულად დაწყების აუცილებლობას”. გარდა ამისა, რუსეთი “პროვოკაციული კომენტარებისთვის” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც ადანაშაულებს, რაც, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის, პოზიციას.

ამ მნიშვნელოვან თემაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: საქართველოში გარკვეული ძალები მართლაც არ არიან დაინტერებულნი რუსეთთან ურთიერთობის დათბობით; შეიძლება ითქვას, პირიქითაც ხდება და ამ საკითხში ვეთანხმები რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილეს.

საქართველომ აირჩია დასავლური განვითარების გზა, ჩვენ ვართ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერნი, ვართ ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომ, სანამ ეს საკითხები გლობალურ დონეზე არ გადაწყდება, სამწუხაროდ, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობას არ უნდა ველოდოთ. ისეთი ვითარებაა დღეს ჩვენს ქვეყანაში, მიხარია, რომ სერიოზული კატაკლიზმები არ ხდება რუსეთთან ურთიერთობაში. არის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ეს არ მოდის ხელისუფლებისგან.

_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, “გარკვეულ ძალებსარ სურთ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობაო, მაგრამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და როგორ ახერხებენ ეს .. გარკვეული ძალები ხელისუფლების ინტერესების გადაფარვას?

_ სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ წყვეტს ყველაფერს დამოუკიდებლად. და ასე მხოლოდ საქართველოში არ ხდება. შეხედეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს _ პრეზიდენტი ამბობს ერთს და აკეთებენ სხვას… საქართველოში მოქმედი ე.წ. ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებს, მაგრამ ხელისუფლებას ძალა არ შესწევს, ბოლომდე აღკვეთოს მათი ქმედებები.

დღეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა არა მხოლოდ საქართველოში, სრულიად მსოფლიოშია ერთმანეთზე გადაბმული, ამიტომ სიტუაცია გაცილებით რთულია, ვიდრე რამდენიმე ათწელეულის წინათ იყო. წლების წინათ სახელმწიფო იყო ერთადერთი ძლიერი აქტორი, რომელიც, როგორც საშინაო საქმეებში, ისე საგარეოში, თავის პრობლემებს თვითონ წყვეტდა. დღეს ასე აღარ არის _ გლობალიზაციამ ბევრი ძალა გააჩინა, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე მის შიგნით, რაც ყველაფერს ართულებს სახელმწიფოს მართვის პროცესში, ყველაფერს ართულებს ნებისმიერი სახელმწიფოსა და ხელისუფლებისთვის.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გლობალურ კონტექსტში უნდა მოგვარდეს, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობა.

საქართველო, სამწუხაროდ, სხვა თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა _ დასავლურ-ამერიკულის. მივიწევთ ნატოსკენ, ასოცირების ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი და ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასთან. საქართველო გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები სახელმწიფო არ არის. ჩვენს ქვეყანას უამრავი ვალდებულება აქვს აღებული პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებსაც გვერდს ვერაფრით აუვლის.

ძალიან დიდი შეცდომა იყო კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ საქართველო განუხრელად უნდა მიჰყვებოდეს ევროპულ გზას. ყოველთვის ცუდია ასეთი რაღაცის გაკეთება და ადრეც ვთქვი, რომ მსგავსი რამ დიდ შეცდომად მიმაჩნია. ისეთ დინამიურ სამყაროში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ნებისმიერი ქვეყანა უნდა აჰყვეს ფეხის ხმას და შესაბამისად იმოქმედოს. არ შეიძლება კონსტიტუციაში ჩაწერო, _ ევროპისკენ მივდივარ და სხვა გზა არ მაქვსო.

_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილ? რუდენკოს განცხადების შემდეგ, რომ საქართველოსთან საჰაერო სივრცე არ გაიხსნება, ერთერთმა საინფორმაციო სააგენტომ ინტერვიუ ჩამოართვა გრიგორი კარასინს, რომელმაც თქვა: საქართველოს საზღვრებთან მომხდარ ინციდენტებზე პოლიტიკური სკანდალების მოწყობას აზრი არ აქვს და სჯობს, საერთოდ არ მოხდეს მსგავსი ინციდენტებიო. ის ასევე ამბობს, .. ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან ადამიანების გატაცების ფაქტები გახშირდა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ თბილისმა, სოხუმმა და ცხინვალმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ მოლაპარაკებაო

_ ამ შემთხვევაში კარასინსაც ვეთანხმები, როგორც რუდენკოს, პროცესი წინ უნდა წავიდეს და თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგი აუცილებლად უნდა დაიწყოს. დიალოგის დაწყებას არა მხოლოდ მე, ძალიან ბევრი ქართველი მიესალმება. არა მგონია, ქვეყანაში ცხოვრობდეს ქართველი, რომელსაც არ სურდეს ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნება.

_ საქართველოს ხშირად ურჩევენ ხოლმე დიალოგის დაწყებას ცხინვალსა და სოხუმთან, მათ შორის .. პარტნიორი ქვეყნებიც კიშეძლებს კი ჩვენი ქვეყანა დიალოგის დაწყებას მაშინ, როდესაც, როგორც თქვენ ამბობთ, ის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს?

_ მსოფლიოში დიდი ცვლილებები ხდება. ჩვენ მოვესწარით ეპოქას, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, საქართველო და დანარჩენი მსოფლიოც დამოკიდებულია ამ ცვლილებებზე. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ან სოხუმისა და ცხინვალის საკითხის მოგვარება არის მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტი, ძალიან ცდება. დავალაგებთ თუ არა ურთიერთობებს აფხაზებთან და ოსებთან, დავალაგებთ თუ არა ურთიერთობებს მეზობელ ქვეყანასთან, დამოკიდებულია გლობალური პროცესების განვითარებაზე.

დიდი მნიშვნელობა ექნება ამერიკის შეერთებული შტაბების პრეზიდენტის არჩევნებს. თუ აირჩიეს დონალდ ტრამპი, მივიღებთ იმ მსოფლიოს, რომლისთვისაც იბრძვის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოსთვის იქნება მომგებიანი, რადგან ის გამუდმებით ამბობს, რომ ეროვნულობა, რწმენა და ქვეყნის სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, ისეთი დროებაა, ისე ვართ დამოკიდებული გლობალურ პროცესებზე, ზესახელმწიფოების გადაწყვეტილებებზე, რომ მთელი მსოფლიო იმედით შეჰყურებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებს.

_ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებები ხელს უშლის ჟენევის მოლაპარაკებებს

_ დიახ, ასეა… ამ საკითხზე ხშირად ვსაუბრობ. მართალი ვიყავი, როდესაც ვთქვი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გლობალურ კონტექსტში უნდა გადაწყდეს-მეთქი. კარასინიც სწორედ ამას გულისხმობს. ყველამ კარგად ვიცით, რომ, მიუხედავად ყველანაირი რჩევა-დარიგებისა, რომლებსაც ე.წ. პარტნიორები გვაძლევენ, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარება და მათ შორის, თბილისი-ცხინვალი და თბილისი-სოხუმის დიალოგიც ამერიკის გარეშე ვერ და არ მოხდება. დღეს, სამწუხაროდ, ამერიკა არის ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო რუსეთი _ “ოკუპანტი” სახელმწიფო. ამ რეალობას ვერსად გავექცევით, თუკი მსოფლიო პოლიტიკაში არ შეიცვალა ვითარება ისე, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეძლოს.

_ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი განახლდა. თურქეთი მზად არის, მხარში ამოუდგეს აზერბაიჯანს, სომხებს კი _ რუსეთირა ელოდება საქართველოს?

_ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი თუ დიდ საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, ეს რეგიონისთვის იქნება დამღუპველი. სომხეთში არის ატომური ელექტროსადგური და, როდესაც ლაპარაკია სტრატეგიული ობიექტების აფეთქებაზე, ვთქვათ, იმავე მინგეჩაურის წყალსაცავზე აზერბაიჯანში _ ეს დამღუპველი იქნება რეგიონისთვის, ეს იქნება ეკოლოგიური კატასტროფა. ვიმედოვნებ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის სერიოზული საომარი მოქმედებები არ დაიწყება მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. ვფიქრობ, დიდი ქვეყნების ჩარევით აღნიშნული კონფლიქტი არ გაგრძელდება და სომხეთი და აზერბაიჯანი დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან.

აქვე აღვნიშნავ საქართველოს დადებით პოზიციასაც _ ჩვენმა ქვეყანამ მეზობელ სახელმწიფოებს შესთავაზა, რომ თბილისი მზადაა, მათ მოლაპარაკების მაგიდასთან უმასპინძლოს.

_ არის თუ არა ახლა იმის დრო, რომ საქართველო აზერბაიჯანს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ესაუბროს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრი პოლიტოლოგი თუ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ამ თემაზე წერს

_ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე საუბრის დრო ახლა არ არის და ამ თემაზე არც აზერბაიჯანი ისაუბრებს, რადგან უამრავი პრობლემის წინაშე დგას და არ სცალია, მაგრამ საქართველოს მთავრობას და ყველა ქართველს გამუდმებით უნდა გვახსოვდეს დავითგარეჯა, აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ ისეთი წინადადება, მატრიცა, რომელზეც აზერბაიჯანი უარს ვერ იტყვის. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოხდეს ვიღაცის ჩარევით, ამ თემაზე საქართველოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებაც შეუძლია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here