თამარ კიკნაძე: განათლების სისტემაში დაგეგმილი ძირეული ცვლილებები დადებითად შესაფასებელია!

    განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 2 დეკემბერს წარმოადგინა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომელიც სხვა ინიციატივებთან ერთად ყველა საჯარო სკოლაში სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოების შექმნას, LI-VI კლასების მოსწავლეებისთვის ფორმების შემოღებას, გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების აკრძალვასა და 11-წლიანი სწავლების მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს. ამასთანავე, XII კლასში  სწავლა ნებაყოფლობითი იქნება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური ცოდნის მიღებას.

    ,,საგანმანათლებლო სისტემა კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. საჭიროა, უზრუნველვყოთ თითოეული მოსწავლის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ აღზრდა და ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზნით 8 ძირითადი გამოწვევის დასაძლევად ჩვენ შესაბამისი ამოცანები განვსაზღვრეთ. ვიწყებთ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ ფუნდამენტურ და ღირებულებით ცოდნაზე დამყარებული სასწავლო შინაარსი, სისტემური და განახლებადი საგანმანათლებლო რესურსები, მრავალფეროვანი სასკოლო კულტურა, განათლების უწყვეტობა, რომელიც გულისხმობს საფეხურს შორის კავშირების გაძლიერებას”, _ განაცხადა გივი მიქანაძემ.

    მიქანაძემ სკოლის არსებული სისტემის წინაშე არსებული რვა ძირითადი გამოწვევა გამოყო, მათ შორისაა საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, შეზღუდული არაფორმალური განათლება, საგანმანათლებლო დონეებს შორის სუსტი კავშირები, მასწავლებლის კვალიფიკაცია, უსაფრთხო სასწავლო გარემო, პროცესის ინკლუზიურობა და სკოლის მართვა და დაფინანსება.

    განათლების რეფორმის წარმოდგენილ კონცეფციას აფასებს პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე:

    _ ზოგადი განათლების სისტემაში განსახორციებელი რეფორმის შესახებ რაც მოვისმინე, ყველაფერს დადებითად ვაფასებ. მიმაჩნია, რომ XII კლასი საჭირო არ არის; მომეწონა, რომ ფორმებით უნდა იარონ სკოლაში ბავშვებმა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი სახელმძღვანელოების შექმნა, მთავარია, ეს სახელმძღვანელოები იყოს კვალიფიციურად ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული. ახალგაზრდებისთვის აუცილებელია იდეოლოგია, რომელიც ქვეყნის სიყვარულს ემსახურება. ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებენ, შესანიშნავი იქნება. ამჟამად კი განათლების სისტემაში კატასტროფული ვითარებაა.

    ის განათლების სისტემა, რომელიც სააკაშვილმა შემოიტანა, საშინელება იყო თავისი ეროვნული გამოცდებით, დაბალი დონის სწავლებით, რომელიც ლიბერალურ საფუძვლებს ეყრდნობოდა. ჩვენ გვქონდა ე.წ. ბოლონიის მოდელი, რომელიც გლობალიზაციის შესატყვისია და მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს. ბოლონიის მოდელში აქცენტი კეთდება ბიუროკრატიულ მექანიზმზე და ხშირად ისეთი რამ არის ჩადებული, რაც სასწავლო პროცესზე უარყოფითად მოქმედებს.

    მეტი თავისუფლება არ არის აუცილებელი, რადგან მოზრდილები არ არიან იმ სტადიაში, რომ იცოდნენ, რა არის საჭირო. ეს ზედმეტი ლიბერალური მიდგომები არ ამართლებს. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ იუვენალური კანონიც შესაცვლელია და, ალბათ, ისიც შეიცვლება, რადგან ძალიან ცუდია, როცა ბავშვი მშობელს ემუქრება პოლიციით, ანალოგიური ამბავი ხდება სკოლაში _ მოსწავლე ემუქრება მასწავლებელს…

    _ XII კლასის გაუქმებაზე ბევრს საუბრობენ. ამბობენ, რომ ახალგაზრდები საზღვარგარეთ ვერ ისწავლიან, თუ 12 კლასი არ დაასრულეს…

    _ ეს სპეციალურად კეთდება დესტრუქციული ძალების მიერ. ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად წყვეტს, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა. XII კლასი საჭირო არ არის, რადგან ამ აჩქარებულ ცხოვრებაში ბავშვები არაფერს აკეთებენ. XII კლასი საჭირო იყო იმისთვის, რომ დასაქმების პრობლემა მოეხსნათ. ჩვენთან დასაქმება ჭირს და ბავშვებს ერთ წელიწადს სკოლაში აკავებდნენ.

    _ სახელმძღვანელოებიც უნდა შეიცვალოს. ვიცით, რომ ისტორია დამახინჯებით მიეწოდებათ ახალგაზრდებს… ახლა მთავარია, რას ჩაწერენ ახალ სახელმძღვანელოებში.

    _ სერიოზული კომისია უნდა ჩამოყალიბდეს და შეიქმნას ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებიც ახალგაზრდების სწორად აღზრდას შეუწყობს ხელს.

    საქართველოს ისტორიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ის დამახინჯებულია. გავიხსენებ ჯორჯ ორუელის სიტყვებს: ,,ვინც ფლობს აწმყოს, ის ფლობს წარსულს. ვინც ფლობს წარსულს, ის ფლობს მომავალს”. ისტორია არის პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მის ინტერპრეტაციას, ღირებულებების ჩამოყალიბებას, მტრებისა და მეგობრების განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი  ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს და არა ისე, როგორც მოზარდებს ასწავლის ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც თამარ მეფე და ერეკლე მეფე ჩარეცხა…

    ერს სჭირდება სიმბოლოები, მისაბაძი მაგალითები. დასავლურ პოლიტიკურ კულტურაში არსებობს ასეთი ცნება _ სიამაყე თავისი წარმომავლობისა და ეროვნების გამო…  სახელმძღვანელოები ისეა დაწერილი, ახალგაზრდები დარწმუნებულნი არიან, რომ  მეორე მსოფლიო ომი ამერიკამ მოიგო.

    ჩვენ იდეოლოგიური ომში დავმარცხდით, იმ ქვეყნის შემადგენლობაში ვიყავით, რომელმაც ცივი ომი წააგო. თავსმოხვეული განათლების სისტემა შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასავლეთს უნდოდა, გამოეზარდა. როდესაც ქვეყნები იპყრობდნენ სხვა ქვეყანას, პირველ რიგში რასაც ცვლიდნენ, იყო განათლების სისტემა. არსებობს მთელი რიგი მეთოდებისა, როგორ უნდა აღზარდო დაპყრობილი ქვეყნის მოქალაქე.

    ისტორია ტენდენციურია, იმ ქვეყნისთვის არის დაწერილი, რომელშიც ცხოვრობ. მასში გმირული სულისკვეთება, პატრიოტული მოტივები უნდა იყოს შეტანილი, სწორად უნდა იყოს წარმოჩენილი ისტორიული პროცესები…

    მოკლედ, დადებითად არის შესაფასებელი ის, რომ განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები იგეგმება, განსაკუთრებით საშუალო სკოლებში. უმაღლეს სასწავლებლებში კი უნდა იყოს თანაფარდობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ვეთანხმები ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო ურთიერთობების უამრავი სპეციალისტი არსებობს და მათი კვალიფიკაცია კრიტიკას ვერ უძლებს, ხშირად ისინი საქმდებიან მაღაზიებში… კვალიფიკაცია უნდა ამაღლდეს, ბაზარი გაჯერებული არ უნდა იყოს არაკვალიფიციური სპეციალისტებით… ბევრი რამ აქვთ გასათვალისწინებელი და ამაზე თავადაც საუბრობენ; იქნება ცვლილებები, იქნება კრიტიკა, ალბათ, საზოგადოებაც ჩაერთვება ამ პროცესებში…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here