უნგრული პარტია “ფიდესის” (უნგრეთის მოქალაქეთა კავშირი) დეპუტატებმა ევროპარლამენტში უდიდესი ფრაქცია ევროპის სახალხო პარტიის რიგებს დატოვებენ, _ ეს “ფიდესის” ხელმძღვანელმა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ლიდერ მანფრედ ვებერს აცნობა.
ეს არის “ფიდესის” პასუხი ევროპის სახალხო პარტიის გადაწყვეტილებაზე, კენჭი ეყარათ “ფიდესისთვის” ფრაქციის წევრობის დროებით შეჩერებაზე.
მანფრედ ვებერისთვის გაგზავნილ წერილში ვიქტორ ორბანი წერს, რომ იმ მომენტში, როცა ასიათასობით ევროპელი ჰოსპიტალიზებულია და ექიმები დაავადებულთა სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, ევროპის სახალხო პარტია ცდილობს, შეზღუდოს ევროპარლამენტში კანონიერი გზით არჩეული “ფიდესის” წარმომადგენლების მოღვაწეობა.
“ეს ანტიდემოკრატიულია, არასამართლიანი და მიუღებელია!” _ ხაზგასმით აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
iarex.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა