Home რუბრიკები საზოგადოება შთაბეჭდილებები ფორუმიდან ,,ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება“

შთაბეჭდილებები ფორუმიდან ,,ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება“

2583
,,ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება“

2019 წლის 25 აპრილს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა მე-9 საერთაშორისო  ფორუმი სახელწოდებით ,,ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება“ რომელიც მიძღვნილი იყო ლენინგრადის ფაშისტური ბლოკადისგან გათავისუფლების 75 წლისადმი.

ფორუმში დაახლოებით 250 დელეგატი მონაწილეობდა, ასევე დიდი სამამულო ომის ვეტერანები, ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეები და მათი შთამომავლები, მთავრობის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები, მეცნიერები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, ხელოვნების წარმომადგენლები და პრესა.

მოხარული ვარ, რომ გავხდი აღნიშნული ფორუმის დელეგატი და შესაძლებლობა მომეცა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ამ შესანიშნავ ღონისძიებაში.

ფორუმი გაიხსნა  სადღესასწაულო ცერემონიით, რომლის დროსაც პისკარიოვსკის მემორიალურ სასაფლაოზე  ყველა დელეგატი-ქვეყნის წარმომადგენლებმა ,,დედა-სამშობლოს,, ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

არაჩვეულებრივი გარემო იყო. ყველა მონაწილე  გაერთიანებული ვიყავით საოცარი მუხტით. პირადად მე დამეუფლა სასიამოვნო შეგრძნება:  ეს იყო სიამაყის გრძნობა, რაც მე, როგორც რიგითმა ქართველმა განვიცადე იმის გამო, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვებაში ჩვენ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანეთ და ასევე დავინახე, რომ ამ ცერემონიის დროს არავის არ ახსოვდა პოლიტიკა, გაუგებრობები, ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილება და ასე შემდეგ. ყველა დელეგატი ვიყავით გაერთიანებული ისევ ისე, როგორც დიდი სამამულო ომის დროს იყვნენ გაერთიანებულნი ჩვენი წინაპრები და თანამემამულეები.

დელეგატები   ორგანიზებული ნაბიჯით მივდიოდით  ,,დედა-სამშობლოს,, ძეგლისკენ, იყო შესაბამისი  მუსიკალური ფონი და წამყვანის მიერ ძალზედ სწორად და საინტერესოდ ხდებოდა აღნიშნული თემის გახმოვანება. დარწმუნებული ვარ, ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველა მონაწილე დაფიქრდა იმაზე, თუ რა მწარეა ომი და რა ღირებულია მშვიდობა. ომს საშინელი სახე აქვს.  იგი ღრმა, მოუშუშებელ იარებს ტოვებს ადამიანის სულში და ამიტომ უნდა დავაფასოთ და ვესწრაფვოდეთ მშვიდობას.

პისკარევსკის მემორიალურ სასაფლაოზე პირადად მე, ისე როგორც არასდროს, უფრო კარგად შევიგრძენი მშვიდობის ფასი.

,,ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება“

ამიტომაც ალბათ დადგა დრო, როდესაც საჭიროა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და გავიაზროთ, თუ  რა წვლილი შეიტანეს ჩვენმა წინაპრებმა იმაში, რომ საბჭოთა კავშირს დაემარცხებინა ფაშისტური გერმანია და ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნები არ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მტრები, არამედ უნდა ვეცადოთ ერთმანეთთან დავამყაროთ მეგობრული და მეზობლური ურთიერთობა და ეს თითოეულ ჩვენთაგანს უფრო გააძლიერებს.

კიდევ ყველაზე ამაღელვებელი იყო თავად ვეტერანების მონაწილეობა აღნიშნულ ცერემონიაში. ზუსტადაც ვეტერანები არიან მთავარი გმირები, ჩვენ თუ მხოლოდ გადმოცემით და ისტორიული ფაქტებით ვიცით, თუ რა ხდებოდა ომის დროს, ისინი არიან ცოცხალი მაგალითი იმ თავგანწირვის და გმირობის, რაც საბჭოთა კავშირის ხალხებმა გამოიჩინეს იმ საშინელ ომში.

როგორც ქართველი, ამაყი ვიყავი, რომ ჩვენი დელეგაციის წარმომადგენელი იყო დიდი სამამულო ომის ვეტერანი ბ-ნი ვალერიან კაციტაძე. ორგანიზატორების თხოვნით ბ-მა ვალიკომ და რუსეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთმა ვეტერანმა გახსნეს ლენინგრადელთა გმირობის უკვდავსაყოფი მემორიალური ქვა.

ფორუმის სამუშაო ნაწილი გაიხსნა ბორის ელცინის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

გამომსვლელები  იყვნენ როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები, ხელოვანები. ყველა საუბრობდა იმ დიდ წვლილზე და იმ გმირობაზე, რაც საბჭოთა კავშირმა ჩაიდინა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ.

ასევე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წევრი  ბ-ნი ალექსანდრე ჭაჭია  (პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, პროფესორი ), რომელმაც ძალიან კარგად და სწორად გააუსვა ხაზი დიდი სამამულო ომში ჩვენი გამარჯვების როლს როგორც კაცობრიობისთვის საერთოდ, ასევე კონკრეტულად საბჭოთა კავშირის ქვეყნების ცხოვრებაში.ასევე მან აღნიშნა, რომ ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები დღემდე ვართ გაერთიანებული რაღაც უხილავი ძაფით.

მთლიანობაში ძალზედ შთამბეჭდავი იყო თითოეული  გამოსვლა.

შემდგომ ფორუმმა გააგრძელა მუშაობა თემატური სესიების ფორმატში, სადაც ასევე  საინტერესო განხილვები და გამოსვლები ჩატარდა.

საღამო დასრულდა   სადღესასწაულო ვახშმით  და კონცერტით.

დარწმუნებული ვარ,  რომ აღნიშნულმა ფორუმმა ბევრი  დააფიქრა იმაზე, რომ ქვეყნებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში, არ უნდა მივცეთ დავიწყებას ჩვენი თანამემამულეების მიერ  ფაშიზმზე მოპოვებულ საერთო გამარჯვებაში შეტანილი  წვლილი და  ეს  უნდა  გავუზიაროთ მომავალ თაობებს.

მაია კახიანი

30.04.2019

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here