Home რუბრიკები პოლიტიკა ელიზბარ ჯაველიძე: პირდაპირ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველოში უნდა დარჩეს 800 ათასი ქართველი

ელიზბარ ჯაველიძე: პირდაპირ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველოში უნდა დარჩეს 800 ათასი ქართველი

“ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაფორმების შემდეგ საქართველო მოსახლეობისგან ინტენსიურად იცლება”

6641
ელიზბარ ჯაველიძე

საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, 35%-ით გაიზარდა”, _ ამ ინფორმაციას თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტო (EASO) ავრცელებს და კონკრეტულ სტატისტიკასაც ურთავს. სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 625 იყო, 2017 წლის იმავე პერიოდში კი ეს რიცხვი 1570 აპლიკანტამდე გაიზარდა. მათგან 876-მა მოქალაქემ მოთხოვნაზე პირველივე ინსტანციის გადაწყვეტილებით უარი მიიღო, თანხმობა კი _ მხოლოდ 13-მა და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მათ ლტოლვილის სტატუსი მიენიჭათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მატება მხოლოდ ერთ ქვეყანაში აღინიშნა და ამ სახელმწიფოსთან უკვე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაიგეგმება ვიზიტები და პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება: “ჩვენ აქ დიდ პრობლემასა და სირთულეებს ვერ ვხედავთ”, _ განაცხადა გახარიამ, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს ლტოლვილის სტატუსს.

შეგახსენებთ: როცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოსთვის დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს ვარაუდობდნენ. დოკუმენტის გაფორმებიდან ერთი წლის თავზე კი ნათლად ჩანს, რომ ევროპისკენ გზაგახსნილი საქართველოს მოსახლეობა ქვეყანას მასობრივად ტოვებს.

რა შედეგი მოუტანა რეალურად საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებამ, გარდა იმისა, რომ ქვეყანა მოსახლეობისგან იცლება, და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პუბლიცისტი და მეცნიერი ელიზბარ ჯაველიძე.

_ ბატონო ელიზბარ, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და, საერთოდ, რა მოიგო ჩვენმა ქვეყანამ ევროპასთან უვიზო მიმოსვლით?

_ მე იმთავითვე ვიყავი არათუ სკეპტიკურად განწყობილი, არამედ მოწინააღმდეგე ამ ე.წ. ვიზალიბერალიზაციისა. რატომ? _ ვისაც ჰქონდა საშუალება, ევროპაში წასულიყო სასწავლებლად, ტურისტად თუ სხვა მიზნით, ისედაც უპრობლემოდ მიდიოდა, მაგრამ უვიზო მიმოსვლის შემოღება ნიშნავს, რომ ხალხი მასობრივად წავა ლუკმაპურის საშოვნელად. ნახევარი საქართველო ისედაც წასულია და, წარმოგიდგენიათ, რა იქნება უახლოეს მომავალში?! დაიცლება ყველა რეგიონი, სოფელი ხომ ისედაც გაუკაცრიელებულია და იქ კაციშვილი არ დარჩება. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახელმწიფო პოლიტიკა _ რაც შეიძლება მეტი ქართველი გავიდეს საქართველოდან და რაც შეიძლება მეტი უცხოელი ჩამოსახლდეს…

_ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება?

_ რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ქართველ ერს ანადგურებს. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ ვიღაცები გამოდიან და დემონსტრაციებს აწყობენ ნარკოტიკების ლეგალიზების მოთხოვნით. თურმე ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება, როცა კანონი ჰუმანური არ არის არა მხოლოდ მომხმარებლის, არამედ გამსაღებლის მიმართაც, ანუ უკვე, ფაქტობრივად, დაუფარავად მიმდინარეობს ქართველი ერის მოსპობა და პირდაპირ გაცხადებული პოლიტიკაა ის, რომ საქართველოში ქართველი უნდა დარჩეს 800 ათასი. ისიც საუბარია მომსახურე პერსონალზე, რომელსაც არაფერი ექნება და, პრაქტიკულად, შავი მუშის ფუნქციას შეასრულებს. სხვათა შორის, ეს პოლიტიკა საქართველოში არ დაწყებულა არც დღევანდელი ხელისუფლების და არც მისი წინამორბედის პერიოდში, მაგრამ აქ ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ქვეყანაში არავინ არც კი ფიქრობს ამ ფარული გენოციდის დასრულებაზე. ყველას ამოძრავებს მხოლოდ ერთი მიზანი: როგორმე რამე თანამდებობა მოიგდოს ხელთ და სავარძელში ჩაჯდეს. რაც შეეხება ევროკავშირსა და მასთან უვიზო მიმოსვლას, წლების წინათ ვცხოვრობდი ევროპაში და საკუთარი თვალით ვნახე, რა ხდება იქ. არსად არ არის ისეთი სამოთხე _ არც ეკონომიკურად და არც სხვა თვალსაზრისით, როგორც გვიხატავენ. ეს ერთი და მეორე _ მე ვიცი, როგორ ირყვნება იქ ქართველი ახალგაზრდობა.

_ რას გულისხმობთ?

_ ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ის ევროპული თუ ამერიკული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რაღაც კოლეჯები და მსგავსი სასწავლებლები, რომლებშიც აქედან წასული ჩვენი სტუდენტები განათლებას იღებენ, ხოლო იქიდან დაბრუნებულები მაშინვე მინისტრებად ინიშნებიან, პირდაპირ ემსახურება ერთ მიზანს _ თანამედროვე გლობალისტურნეოლიბერალური იდეოლოგიის მიღმა მდგომ ძალებს ჩვენისთანა მცირერიცხოვან ქვეყნებში მოუმზადოს თავისი პოლიტიკური ელექტორატი. აქედან იწყება ყველაფერი. აი, იმ “სასწავლებლებში” ნასწავლი ახალგაზრდები არიან, მერე რომ გაიძახიან: კაცის კაცზე და ქალის ქალზე ქორწინება ნორმალურიაო, ნარკომანია ადამიანის არჩევანია და ამის გამო არავინ უნდა დაისაჯოსო… სამწუხაროდ, საქართველომ დაკარგა ახალგაზრდობა, თაობა მოწამლეს იმ სიბინძურით, რომელსაც, მათი მახინჯი გაგებით, ადამიანის თავისუფლება ჰქვია.

_ დავუბრუნდეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს. თავის დროზე ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ამ დოკუმენტის გაფორმება ჩვენს ქვეყანას დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა. გარდა უარყოფითი მხარეებისა, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, დადებითი რა იყო რეალურად?

_ ამას დადებითი არაფერი აქვს და ეს ჩანს იმაშიც, რომ თვით ევროკავშირია უკმაყოფილო ამდენი თავშესაფრის მაძიებლით. ან რომელ სარგებელზე საუბრობენ, როცა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლის ეკონომიკურ მდგომარეობამდეც საქართველოს ჯერ ბევრი უკლია, ევროკავშირში შესვლის შემდეგ კრიზისში აღმოჩნდა. თუნდაც საბერძნეთი ავიღოთ, ამ ქვეყანას ვერ მოუტანა სარგებელი და ჩვენს შემთხვევაში რა, სასწაული მოხდება? კიდევ ვიმეორებ: სარგებელს ესენი ეძახიან იმას, რომ ღატაკი და დამშეული ხალხი ლუკმაპურის საშოვნელად ერთიანად გაიკრიფება ევროპის ქვეყნებში. სხვა მოლოდინი ჩვენ არ უნდა გვქონდეს. საქართველო არის სამმილიონიანი ქვეყანა, ფაქტობრივად, მკვდარი ეკონომიკით. უვიზო მიმოსვლა კი არა, საპატიო წევრად რომ მიგვიღონ ევროკავშირში, უკეთესობა არ იქნება. სხვათა შორის, ეჭვი მეპარება იმ სტატისტიკური მონაცემების სიზუსტეში, რომელსაც ხელისუფლება აქვეყნებს, სინამდვილეში საქართველოდან გაცილებით მეტი ადამიანია გასული, ანუ, თუ წერენ, რომ, ვთქვათ, 50 ათასი მოქალაქე წავიდა საზღვარგარეთ, დარწმუნებული ვარ, 100 და 150 ათასი იქნება. ხალხი გარბის, აქ დარჩენა არავის უნდა. საერთოდ, ქართველი კაცი, ისტორიულად, სამშობლოს იყო მიჯაჭული, მაგრამ ახლა სამშობლო იქ არის, სადაც თავს კარგად გრძნობს. აი, ესაა ის ვირუსი, რომლითაც მიზანმიმართულად აავადებენ საზოგადოებას და ამის ფონზე კიდევ ურცხვად გეუბნებიან, რომ თურმე ეს არის შენი არჩევანი. ჩვენი არჩევანი არასოდეს ყოფილა და არც შეიძლება იყოს დაქცეული სამშობლო, დაცლილი, გაუკაცრიელებული და გაპარტახებული ქვეყანა, რომელშიც ქართველი სანთლით იქნება საძებარი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

4 COMMENTS

  1. Ra gveshveleba xalxoo urtiert amoudget gverdshi da gadavarchinot chveni qvekana da amit chvenc gadavrchebiit ………vikot qveknis ertguli ….chvens sicocxleze metad qwekana gvikvardes da chvenc gadavrcheebiit …gmertic am shemtxvevashi chvens mxaresaa igi dagvicavs kvelgaan ……

  2. მართალს ბრძანებ და ამდროს კეთილი ნება რომ იყოს რაუნდა ქვეყნის ფეხზე დაყენებას

    • აბსოლუტურად გეთანხმებით,შრომა და ამ შრომის სწორად შეფასება და შესაბამისად ანაზღაურება,სწორად და ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ მოაზროვნე მთავრობა და ღვთივსათნო მმართველი….. ჰაერივით გვჭირდება….

  3. რაც კაცობრიობა არსებობს ადამიანებს არ ჰქონიათ ისეთი კარგი საშუალება ურტიერთობისა, როგორც დღეს. ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმერი კუთხიდან ადამიანებს გვეძლევა შესაძლებლობა ერთმანეტს აზრი გავუზიაროთ, მაგრამ ყველაზე მეტად საჭირო საქმისთვის მას არ ვიყენებთ. ვითარების შეცვლა ჩვენს ქვეყანასი შეუძლებელი არ არის. არ არის საჭირო ძიება კარგი მთავრობისა და კარგი პარტიების, ასეთი ბუნებაში არ არსებობს. საჭიროა კარგი და სამარტლიანი კანონები. კანონი ყველაფერია, ამიტომაც არის რომ ყველა მთავრობა ისეთ კანონებს იღებს, როგორიც თავად აწყობს. გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრი. ვიმსჯელოთ. ჩემი აზრით ყველაზე სასწრაფო და აუცილებელია საარჩევნო კანონის შექმნა. შრომის კანონის შექმნა. დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის სამარტლიანი ბალანსი. ბანკებზე იმის თქმა რომ გაიქცევიანო, თუ მარწუხებში მოვაქცევთო, ეს სისულელეა. რომ არ გარბიან ჩვენ რა?! მოსახლეობა საშინლად ღარიბდება, მოვხსენით ყველა რეკორდი საქართველოს ისტორიაში ქართველთა სიღატაკისა. ერთი და უმტავრესი ის გვჭირს რომ არჩევნები, რომელიც კი ჩატარებულა, ყველა ზიზღსა და სიძულვილზე იყო დაფუზნებული და არა პროგრამებზე. ამიტომ ხელისუფლებაში მოსულტა მომხრეები ავადმყოფური “სიყვარულის” გამო პასუხს ან საერთოდ არ თხოვენ ხელისუფლებას, ან მაშინ იწყებენ ამას, როცა ერთობ გვიანია. როცა კაცი გეუბნება მოსვილის მეორე დღეს გავაკეთებ ამასო და მოსვლიდან მეორე კვირაში მაინც არ თხოვ, ნორმალური არ ხარ, ავად ხარ, ან უარესი რაღაცის გამორჩენის გამო სდუმხარ. უნდა შევიგნოთ რომ საკუთარი ძმაც რომ იყოს, არჩევნებში მის გულისთვის თავიც რომ დადო, როცა მოვა ხელისუფლებაში, მასინვე უნდა მოთხოვო დანაპირები, როგორც დაგპირდა. ეს აქსიომაა ნორმალური სახელმწიფოსთვის. უნდა შევთანხმდეთ რა კანონი გვჭირდება უპირველესად. მოვამზადოთ ეს კანონი და და ძლიერი ზეწოლით მივაღებინოთ. თუ კანონის მიღებას გაქცევას ამჯობინებენ, დე გაიქცნენ. გადადექის ყვირილი უნდა დამთავრდეს. დემოკრატია ხალხის მართველობას ნიშნავს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here