ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 8  მოთხოვნა წაუყენა, მათგან მთავარი ლგბტ თემის მხარდაჭერაა

    როცა ერის გარყვნა და განადგურება გინდა, როცა გინდა, მენტალიტეტი შეუცვალო და წარსულზე უარი ათქმევინო, მომავალი თაობის გადაგვარებით უნდა დაიწყო

    ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 8 ახალი მოთხოვნა წაუყენა, მათგან მთავარი ლგბტ თემის მხარდაჭერაა.  „საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომლეიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდგებოდეს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებსა და შესაბამის ევროპულ საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, უნდა გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი; შესწორებები შევიდეს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTIQ პირების უფლებების სრული დაცვა გარანტირებული იყოს“,  – ასე  ჩამოაყალიბა ევროკომისიამ ეს მოთხოვნა თუ რეკომენდაცია.

    ევროკომისიის ეს მოთხოვნები ხელისუფლებისთვის ძალიან კარგია, რადგან  მარტივად შუძლია დაამტკიცოს ის, რასაც, დიდი ხანია, ამბობდა: ევროპა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებასა და ლგბტ თემისთვის აღლუმის ჩატარების უფლების გაცემას გვთხოვსო.  ევროკავშირის მოთხოვნაში სწორედ ეს წერია და, ოპოზიციამ რამდენიც უნდა ატრიალოს  და სცადოს ამ ყველაფრის მსუბუქად წარმოჩენა, არაფერი გამოუვა. რეკომენდაციაში გარკვევით წერია, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი გააუქმეთო, ანუ არც ოჯახური ღირებულებები დაიცვათ, არც – არასრულწლოვანებიო. ცოდვა გამხელილი სჯობს, ოპოზიციონერები დიდად არც ცდილობენ ამ ყველაფრის „გაპრავებას“, რადგან ზუსტად იციან, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ რეკომენდაციების უპირობოდ შესრულება მოუწევთ. და არ გეგონოთ, რომ შეწუხდებიან ან უარს იტყვიან; პირიქით – ხელისუფლებაში მოსვლისა და დარჩენის სანაცვლოდ ისე მოინდომებენ, ევროპელებს ასიამოვნონ, რომ შესაძლოა, პირველებმა თავად გააფორმონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

    ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ… სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ანუ საბავშვო ბაღების თანამშრომლები წუწუნებენ, რომ მათ ტრენინგები ჩაუტარეს და კმაყოფილები არ არიან. ისინი ამბობენ, რომ მომავალი წლისთვის ბევრი უცნაური რამის დანერგვა დაავალეს და ძირითადი სამუშაო აღსაზრდელებთან ექნებათ.   ტრენინგების მთავარი პათოსი ასეთი იყო – თუ გოგონა და ბიჭი საპირფარეშოში ერთად შევლენ, პედაგოგმა არ უნდა  უთხრას, რომ გოგონებისა და ბიჭების საპირფარეშოები ცალ-ცალკეა. არ არის აუცილებელი, ბიჭმა იცოდეს, რომ, როცა გაიზრდება, ცოლი უნდა მოიყვანოს; არც გოგოს უნდა აუხსნან, რომ ზრდასრულს ქმარ-შვილი ეყოლება, ანუ ბავშვები თურმე თავისუფალ აზროვნებას პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიონ და თავად გადაწყვიტონ, რა და როგორ იქნება. კიდევ უფრო საინტერესო: ბავშვებს უნდა ჰქონდეთ მოსასვენებელი კუთხე, ანუ, თუ ბავშვი დაიღლება, იმ კუთხეში შეუძლია მივიდეს და წამოწვეს, დაისვენოს, მაგრამ ეს კუთხე უნდა იყოს გადატიხრული და მასწავლებელმა დასვენების დროს ბავშვი არ უნდა შეაწუხოს, არ უნდა გადაიხედოს ტიხარს იქით…

    დარწმუნებით  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების დასტურის გარეშე საბავშვო ბაღებში ვერავინ შევიდოდა და მით უმეტეს ტრენინგს ასეთ თემაზე ვერ ჩაატარებდა. რა გამოდის: ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი იცოდნენ და მაინც დაუშვეს ის, რაც ახლა ევროკომისიის რეკომენდაციაში წერია და რასაც  ასე აქტიურად ვაპროტესტებთ ერი თუ ბერი?!

    როცა ერის გარყვნა და განადგურება გინდა, როცა გინდა, მენტალიტეტი შეუცვალო, როცა გინდა, წარსულზე უარი ათქმევინო, სწორედ მომავალი თაობის გადაგვარებით  უნდა დაიწყო. ასე იყო ნაციონალების დროს, როცა მიხეილ სააკაშვილს ვითომ შემთხვევით წამოსცდა ბანაკების გახსნის დროს: აგერ არის ბუჩქები და, აბა, თქვენ იცითო. ეს არის ის მიდგომა, რომელიც დიდ ქვეყნებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ჩვენ დარ პატარა, ტრადიციულ ქვეყნებთან აქვთ. ჩვენზე დიდია საბერძნეთი, მაგრამ ეს მართლმადიდებლური ქვეყანა აიძულეს, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაეკანონებინა და დღესაც კი ამის გამო მოსახლეობა პროტესტს არ წყვეტს. უბრალოდ, რამდენიმე წლის წინათ ევროკავშირმა მოახერხა და საბერძნეთი, როგორც სახელმწიფო, გააკოტრა, შემდეგ არარეალურ პროცენტად თანხა მისცა, რათა ქვეყანას კრიზისისგან თავი დაეღწია. ოფიციალური დათვლებით, საბერძნეთი უახლოესი 50 წლის განმავლობაში ევროკავშირზე იქნება დამოკიდებული და, თუ რამეს გააპროტესტებს, ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, ქვეყანა გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც რიგით ადამიანებს უმძიმეს ტვირთად დააწვება. ჰოდა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება იყო ის ფასი, რომელიც, წესით, საქართველოსაც უნდა გადაეხადა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაგრამ, საბედნიეროდ, სწორედ ამ წელს შეიცვალა ხელისუფლება  და მას შემდეგ ძიძგილაობა ჩვეულებრივ ამბად იქცა. ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ევროკავშირს დარჩა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, თუმცა ამ პროცესს ხელს სლოვაკეთი, სერბეთი,  უნგრეთი, ავსტრია და იტალია უშლიან. პირველი სამი სახელმწიფოს პოზიცია გასაგებია. ისინიც ცდილობენ, ტრადიციული სახე შეინარჩუნონ; ავსტრიისა და იტალიის პროტესტი კი, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, მაგრამ  ჩანს, არა ერთ და ორ ლიდერს სინდისი აწუხებს და ხვდება, რომ ეს ლიბერალური მიდგომა საბოლოოდ დაღუპვამდე მიიყვანს არა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, არამედ  მსოფლიოს…

    ისევ საქართველოსა და ჩვენს საბავშვო ბაღებს დავუბრნდეთ. ძალიან კარგია, რომ სკოლის მასწავლებლებს წლიდან წლამდე ეზრდებათ ჯამაგირი და მასწავლებლობა აღარ არის რიგითი პროფესია. ისიც კარგია, რომ მასწავლებლად მუშაობის დაწყებისთვის მხოლოდ დიპლომი არ კმარა და გამოცდებიც არის ჩასაბარებელი (სხვათა შორის, საკმაოდ რთული), მაგრამ ბაღის მასწავლებლებს რა ვუყოთ, რომელთა ჯამაგირი, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს? მათ ხომ არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ, ისინიც ხომ მომავალ თაობებს ზრდიან და თანაც 6 წლამდე ბავშვი ისრუტავს ყველაფერს, რასაც ასწავლიან? ამიტომ ვფიქრობთ, რომ მათაც უნდა ჰქონდეთ იმის სურვილი, რომ სამსახური შეინარჩუნონ და ბაღებიდან არ გარბოდნენ ოდნავ უკეთესი სამსახურის  გამოჩენისთანავე. მით უმეტეს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ არის მარტივი და კარგ ნერვულ სისტემას მოითხოვს. ჰოდა, ასეთ ადამიანებს  ტრენინგს რომ ჩაუტარებ და ასწავლი, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, შემდეგ იმედი არ უნდა გქონდეს, რომ ეს ხალხი, როცა საჭირო იქნება, მხარს დაგიჭერს. ან რატომ ხდება, რომ ხმამაღლა ვყვირით, ევროკომისიის ეს მოთხოვნა აბსურდულიაო, და ამ დროს „ხმადაბლა“ ვაკეთებთ საპირისპიროს?! ბოლოს და ბოლოს, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი კავშირია და ახლა ბაღის ბავშვებს თურმე არ უნდა ვასწავლოთ, რომ ის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, ნორმაა და კარგია. ნუ დავარღვევთ კონსტიტუციას უკვე სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებებში და,ზოგადად, ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენი წინაპარი ცხოვრობდა –  იმ ტრადიციებითა და  მიდგომით, რომლებიც მართლა ყველასთვის მისაღები იყო. ადამიანთა გარკვეული კატეგორია საკუთარი თავის წარმოჩენას სწორედ არატრადიციული ორიენტაციით ცდილობს, მიკედლებულია ამ ჯგუფს, თორემ წარმოუდგენელია, ადრეც ასე ყოფილიყო და ვერავის შეემჩნია, ვერ ეგრძნო. იყვნენ ერთეულები, მაგრამ ეს არ იყო საამაყო, მათ არ აჩვენებდნენ ტელეეთერში, ისინი არ ითხოვდნენ ძალოვანი სტრუქტურის დერეფანს, რომ ამაყად ჩაევლოთ ქვეყნის მთავარ გამზირზე და ეყვირათ, რომ ეს ყველაფერი ნორმაა. ეს არ არის კარგი, არც ნორმაა და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ასე იქნება მანამ, სანამ სულითა და გონებით ქართველ ადამიანთა უმრავლესობას არ გადააშენებენ. ჰო, გადააშენებენ, რადგან სწორედ ეს პროცესი დაიწყო სააკაშვილმა და, უბრალოდ, არ დასცალდა.

    დასასრულ,   ძალიან საინტერესო რამ: რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ის Coldplay-ის კონცერტზე იმყოფებოდა და კამერებმა ეკრანზე მაშინ გამოჭიმეს, როცა კადრების განყოფილების ხელმძღვანელთან იყო ჩახუტებული. ბაირონს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს და ყველა მიხვდა, რომ მას კადრების განყოფილების უფროსთან რომანი ჰქონია. ჰოდა, ამერიკულმა კომპანიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ბაირონი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან ის დაქორწინებულია, ოჯახური ტრადიციების ღალატი კი კომპანიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მოიცა და, სად არის  „თავისუფალი ურთიერთობები“ და,  ვისაც რა უნდა, ის  აკეთოს თემები?! თუ, როცა საჭიროა, ასეა და, როცა არ არის საჭირო – ისე? ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა იყოს ყველასთვის ყველაფერი ერთი და ის, რაც თვითონ არ მოგწონს, სხვა ქვეყანას ცხვირში არ უნდა  შეტენო?!

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here