ევროკავშირისადმი ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდა

    დღეს სულ უფრო ცოტა ადამიანს სჯერა, რომ საშველი დასავლეთშია

    ჩვენც ხშირად დაგვიწერია და ექსპერტებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ, თუ დასავლეთი ასე განაგრძობდა, ნელ-ნელა ხალხის ნდობას დაკარგავდა. ის, რომ ევროპა და ამერიკა კარგია, განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ დაგვაჯერეს, როცა შუქს, წყალსა და ბუნებრივ აირს დანატრებულმა მოსახლეობამ  ეს ყველაფერი მიიღო დასავლეთის გვერდით დგომითა და მიშა, მიშას ძახილით. მართლაც, ისე ჩანდა, რომ თურმე ყველაფერი მარტივი იყო;  ბევრმა ისიც თქვა, შევარდნაძე რუსეთის კაცი გახლდათ და, როგორც კი რუსეთს ჩავეხსენით, გვეშველაო. არადა, ბუნებრივი აირი  და ელექტროენერგია, ძირითადად, სწორედ რუსეთიდან მოდიოდა, მაგრამ აქ ისე იფუთებოდა, თითქოს ამ ყველაფრის უკან  დასავლეთი იდგა. მერე და მერე გაირკვა, რომ  გზები და  ინფრასტრუქტურა ბიუჯეტის ფულით კი არ იყო ნაშენებ-ნაგები, არამედ   დასავლეთისგან კაბალური პირობებით  ნასესხები  ფულით.

     ევროპა და ამერიკა მხოლოდ სესხს არ გვაძლევდა, ირიცხებოდა უზარმაზარი თანხები, გრანტები და ეს ყველაფერი საქართველოში დასავლეთის „გაპრავებას“ ხმარდებოდა. ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ დავიჯერეთ, რომ უპირველესი მტერი რუსეთია (ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთიდან ვიღებდით ენერგომატარებლების ძირითად ნაწილს და, რაც მთავარია, მთლიანად მათზე ვიყავით და ვართ დამოკიდებულnი პურის ფქვილისა და ხორბლის შესყიდვაზე), რომ ყველაზე დიდი მეგობარი ამერიკაა, რომ ნაბიჯი გვაშორებდა ნატოში გაწევრებისგან, რომ ევროპა ზრუნავდა საქართველოზე, ჩვენზე ფიქრით არ ეძინა გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტსა თუ ინგლისის დედოფალს. და ასე, ამ სულისკვეთებით გაიზარდნენ თაობები. ჰო, თაობები, რადგან ეს ყველაფერი ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა და, თუ ვინმე საპირისპიროს იტყოდა, გრანტებით გამძღარი არასამთავრობოები ყვავ-ყორნებივით წაესეოდნენ და ერის მოღალატედ აცხადებდნენ.

    ჰოდა, ლოგიკურიც არის, რომ აბსოლუტურად არაფრის მიღების შემდეგ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და ადამიანებმა დასავლეთისადმი რწმენა დაკარგეს. ამასთანაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით –  რწმენა ჯერ შეირყა, მერე გაუფერულდა და დღეს სულ უფრო ცოტა ადამიანს სჯერა, რომ საშველი სწორედ დასავლეთშია.

    „ევრობარომეტრის“ კვლევამ, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩატარდა, აჩვენა, რომ ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით  შემცირდა და ამ ეტაპზე 49%-ს შეადგენს. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი, რომელიც  2003 წლის შემდეგ საქართველოში აღირიცხა; ეჭვი გვაქვს, იგი კიდევ უფრო შემცირდება. როგორც გვეუბნებიან, გამოკითხვა 27 მარტიდან 17 აპრილამდე მიმდინარეობდა და,  ჯამში, 1011 ადამიანი გამოიკითხა. ჰოდა, ამ გამოკითხვის თანახმად, ქართველების 49 % ენდობა ევროკავშირს, რაც 9%-ით ნაკლებია 2024 წლის შემოდგომაზე ნაჩვენებ შედეგზე. ამასთანავე, მოიმატა იმ ქართველთა რაოდენობამ, რომლებსაც ევროკავშირზე ნეგატიური თვალსაზრისი აქვთ – 18%. 2024  წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე – 7%-ს. პარალელურად, შემცირდა იმ ქართველთა რაოდენობა, რომელთა აზრითაც  ქვეყნის ევროკავშირში გაწევრება კარგი იქნება – 60%. ეს მაჩვენებელი 2024 წლის შემოდგომაზე 69%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე – 74%-ს. ასევე შემცირებულია იმ ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრებით სარგებელს მიიღებს – 75%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა, ხოლო 2024  წლის გაზაფხულზე – 86%-ს.

    რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები ევროპელებისთვისაც კარგად არის ცნობილი, მაგრამ ისინი ისევ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობის გარდა არაფერს აკეთებენ ვითარების გამოსასწორებლად, ცდილობენ, ისევ ქართული ენ-ჯე-ოები დააფინანსონ, რათა  მათ კვლავ წარმატებით განაგრძონ ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა ისეთივე წარმატებით, როგორც ამას 2003-12 წლებში აკეთებდნენ. ცოდვა გამხელილი სჯობს, სანამ ამჟამინდელი ხელისუფლება გონს მოვიდოდა  და მიხვდებოდა, რა ხდებოდა რეალურად, არაერთმა წელმა ჩაიარა. იგივე მდგომარეობაა ამერიკის მიმართაც,  რაც შეეხება ნატოს, ამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზე ლაპარაკი  სასაცილოც აღარ არის – ეს  ორგანიზაცია უახლოეს მომავალში არ აპირებს გაფართოებას და ნატოს ყოფილი მაღალჩინოსნები თუ ევროპული ქვეყნების ყოფილი პრეზიდენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოს ნატოში არასოდეს მიიღებენ, რადგან იქ ის არავის სჭირდება. შეგახსენებთ, რომ იმ ნატოზეა საუბარი, რომელშიც გასაწევრებლად ნაციონალების ზეობის ხანაში თითქოს ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი. სინამდვილეში, ნაბიჯი კი არა, ქართული ჯარი სჭირდებოდათ საზარბაზნე ხორცად – საქართველოსთვის არაფრისმომცემ საერთაშორისო მისიებში გამოსაყენებლად,  გაწვრთნილი ქართული ჯარი სჭირდებოდათ რუსულ არმიასთან საბრძოლველად და ექსპერიმენტების ჩასატარებლად – როგორ და რამდენ ხანს მოახერხებდა მცირერიცხოვანი ჯარი უზარმაზარი არმიის  შეჩერებას და რა იქნებოდა მსხვერპლი. იცოდა თუ არა, რაც ხდებოდა რეალურად, მიხეილ სააკაშვილმა? ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ ძალიან კარგად იცოდა და მეტიც, მას გარანტიაც ჰქონდა, რომ 2012 წელს წაგებული არჩევნებიდან 4 წელიწადში კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა. უბრალოდ, დასავლეთმა ვერ გათვალა, რომ ნაციონალებს იმაზე გაცილებით მეტი ცუდი ჰქონდათ ნაკეთები, ვიდრე ვარაუდობდნენ, ამიტომ მიშას ბანდის უკან დაბრუნებას ქართველები არ დაუშვებდნენ. სწორედ შემდეგ დაიწყო ფიქრი იმაზე, სხვა სახელით კვლავ როგორ უნდა მოსულიყვნენ  ნაციონალები ქვეყნის სათავეში, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ არც ეს ჭამა და მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების სათავესთან ისევ არ მიუშვა.

    რა უნდა მოხდეს, რომ დასავლეთისადმი ნდობა კვლავ გაჩნდეს და მოსახლეობის უმრავლესობამ  კვლავ დაუჯეროს ევროკავშირს?  ჰო, დაუჯეროს, თორემ  ევროპული ხელფასი და პენსია კარგი რომ არის, ისედაც ყველამ იცის. პირველ რიგში, ევროკავშირის ყველა ქვეყნის ლიდერი უნდა გვესაუბროს ისე, როგორც თანასწორს; მეორე – კვლავ არ უნდა შეეცადონ  ჩვენ მოტყუებას და არ უნდა გვიმტკიცონ შავზე, თეთრიაო; არ უნდა გვითხრან, რომ ის, რაც კარგია მათთვის, ცუდია ჩვენთვის და პირიქით. თუ ცუდია,  ყველასთვის ცუდი უნდა იყოს  და კარგიც ანალოგიურად. აბა, რა გამოდის? გვიმტკიცებენ:  თქვენ არ იცით, ჩვენ გასწავლითო.  მერე მათ ნასწავლს ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ისე, რაც გვასწავლეს, თვითონ არ იყენებენ. „ფარას“ ქართულ ანალოგს თავი რომ დავანებოთ, ნარკოლიბერალიზაციაც კმარა, რომელიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ძალით მოგვახვიეს თავს. კარგია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ყველაფერს ძველ კალაპოტში ვაბრუნებთ და ნარკოდანაშაული კვლავ მკაცრად დაისჯება. ამ კანონში ყველაზე საინტერესო, იცით, რა იყო? თუ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ პირს ტესტის ჩაბარების სურვილი არ ჰქონდა, მას სამართალდამცველები ამის გაკეთებას ვერ აიძულებდნენ. საბედნიეროდ, 1 ივლისიდან ეს შეიცვლება – ტესტზე უარის თქმის შემთხვევაში, ეჭვმიტანილ პირს ნარკოტიკული თრობა ტესტის გარეშე დაუდასტურდება და პირდაპირ სასამართლოზე მოუწევს წასვლა.

    მთელი ერისა და ბერის წინააღმდეგობის მიუხედავად, გამზადებული იყო კანონპროექტი, რომელიც ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებას დააკანონებდა და ამას ხელს ვერავინ შეუშლიდა.  ევროკავშირმა  თავის რეალური სახე მაშინაც დაგვანახვა, როცა კონსტიტუციაში ოჯახის განმარტებად მხოლოდ ბიოლოგიურ კაცსა და ბიოლოგიურ ქალს შორის კავშირის ჩაწერა გააპროტესტა, ამით სხვების უფლებებს არღვევთო. ოპოზიციამ კი ვერ გაბედა  თქმა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს, რადგან ამას დასავლელი პარტნიორები, უფრო ზუსტად, პატრონები, არ მოუწონებდნენ. ჰო, ის ხალხი, რომელიც თავს ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტიზმზე დებს, ვერ ბედავს, ხმამაღლა თქვას, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს და ამით წერტილი დასვას, რადგან მერე მათ პოლიტიკურ კარიერას დაესმება წერტილი და დასავლეთი დაფინანსებასაც შეწყვეტს.

    ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რის გამოც საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა იკლებს. ევროკავშირის ლიდერი ქვეყნები ამ ყველაფერს აცნობიერებენ, მაგრამ გამოსწორებას არ აპირებენ, რადგან, აქ რომ დაიწყონ ტრადიციულ ღირებულებებზე საუბარი, მერე თავიანთ ქვეყნებში რა თქვან,  ამომრჩეველს რა უთხრან? ამიტომაცაა, ღია კარს რომ ამტვრევენ და ისევ იმ არასამთავრობოების იმედი აქვთ, რომლებმაც საქმე აქამდე მოიყვანეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს და ახლა ამ არასამთავრობოების მიმართაც არის  ნდობა განულებული,  ასეთ პირობებსა და მიდგომებში კი ნდობის ხელახლა მოპოვება არარეალური ჩანს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                          

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here