4 ივნისს ცნობილი შეიქნა, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს, კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს…
მართებულად მოქმედებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:
_ დღეს მიმდინარეობს მსოფლიოს გადანაწილება, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ტურბულენტურია მსოფლიო და როგორმე უნდა დავაღწიოთ თავი ამ ყველაფერს. საქართველოს ახსოვს, როგორ შევეწირეთ მსოფლიოს გადანაწილებას, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა; უტვინო გორბაჩოვის გუნდმა დაგვღუპა _ საქართველომ ტერიტორიები დაკარგა, ეკონომიკა მოისპო და დემოგრაფია კატასრტოფულ ვითარებაში აღმოჩნდა… დღესაც ანალოგიური საფრთხის წინაშე ვდგავართ. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ტერიტორიაზე მდებარეობს. თუკი ჭკვიანად არ მოვიქცევით, დიდი სახელმწიფოები ისე გაგვთელავენ, ,,როგორც დიდოელი ლეკი _ ნაბადსა”…
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება იუველირივით მოქმედებს _ ხალხისა და სახელმწიფოს გადარჩენაზე ზრუნავს.
რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყებიდან დღემდე მთელი დასავლეთი, რამდენიმე ქვეყნის გამოკლებით, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს იმიტომ, რომ არ ჩავერთეთ ამ ომში და არ ვიქეცით საზარბაზნე ხორცად.
1991 წელს ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის ინიციატივით დაიწყო ნატოს კარზე კაკუნი. ვაკაკუნეთ, ვაკაკუნეთ და თავში ჩაკაკუნებულები დავრჩით… ეს პოლიტიკა მიმდინარეობდა 2012 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში დავკარგეთ ტერიტორიები, გვყავს დევნილები, უამრავი ადამიანი კი საქართველოდან გაიქცა… ნატო ილუზია იყო.
2008 წელს, როდესაც საქართველოში ომი გაჩაღდა, ევროპას ერთი სანქციაც არ დაუწესებია რუსეთისთვის, უბრალოდ, ქართველი იდიოტების პირით ითქვა, მსოფლიოს რუსეთის სახე დავანახვეთო… ეს იყო იმის დასტური, რომ ევროპული სამხედრო კომპლექსი ფულს გამოიმუშავებდა და საქართველო არ აინტერესებდა.
2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და ბიძინა ივანიშვილის პარტია ,,ქართული ოცნება” ხელისუფლების სათავეში მოვიდა. დღეს ივანიშვილს უკიჟინებენ, რატომ შეიყვანა თავის პარტიაში ის ნაძირალა ადამიანები, რომლებიც მთავრობას მტრად ექცნენ… მე ამ ამბავს ასე ვხსნი: იმხანად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ბორდელში შევიდა, რომელშიც არ ხდება არჩევა, ვერ ხერხდება. ამ ბორდელის წევრების ძალისხმევით ბიძინა ივანიშვილს კონსტიტუციაში ჩააწერინეს გაუგონარი: „საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ არის”…
_ იმხანად ივანიშვილს ჰქონდა იმხელა ლეგიტიმაცია ხალხისგან, რომ შეეძლო, არ მიეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და არც ის მუხლი ჩაეწერა კონსტიტუციაში, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ასე არ არის?
_ კონსტანტინე გამსახურდიას საბჭოთა კგბ-თან თანამშრომლობას აბრალებდნენ, რადგან დაწერა ,,ვაზის ყვავილობა” და ,,ბელადი”… ერთმა კრიტიკოსმა ამის შესახებ თქვა: ,,კონსტანტინე გამსახურდია ჰგავდა იმ კაცს, რომელსაც შინ პური მიაქვს და რომელსაც ქოფაკები მისდევენ… ის იძულებულია, ქოფაკებს პური დაუყაროს, რათა შინ მშვიდობით დაბრუნდეს”. ეს მახსენდება ივანიშვილზე, როდესაც მსგავს საქმეს სჩადიოდა… კოლექტიურ ,,ჯინჯოლიებს”, რომლებსაც ფულის გამო საქართველოს დაღუპვა შეუძლიათ, ივანიშვილი ვერაფერს უზამდა, გარდა იმისა, რომ გზადაგზა ლუკმა დაეყარა…
_ ახლა, როდესაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის რეფორმირება მოხდა და მისი ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტომ შეითავსა, პარალელურად კი მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით, ამასთანავე, რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით ქართველ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად შემცირდა ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა რაოდენობა. ხომ არ დადგა დრო, გაიხსნას „3+3” ფორმატის საინფორმაციო ცენტრი?
_ ეს პროცესი ჩვენგან დამოუკიდებლად ვითარდება. რამდენი ხელმოწერაც უნდა შეგროვდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენაზე, გეოპლიტიკა მაინც თავისას იზამს… მოცემულობა დადგება ისეთი, გვინდა თუ არა რუსეთთან ურთიერთობა, ეს მაინც მოხდება. რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამაში დიდი წილი სხვას მიუძღვის. 1990-იან წლებში რუსეთს ის ხელისუფლება არ ჰყავდა, რომელიც საქართველოს დასაღუპავად არ გაიმეტებდა. იმხანად რუსეთში დასავლელები მოქმედებდნენ _ ჩვენი დაუძინებელი მტრები. ელცინი ევროპის დაკვეთას ასრულებდა _ ასეთი იყო გეოპოლიტიკა, რომელსაც შევეწირეთ.
იცვლება ვითარება, საქართველოსთვის მთავარია, ისე შეიცვალოს ყველაფერი, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ. გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, ეს პროცესი ადვილი მეჩვენება. დღეს საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც პოლიტიკურ რადარებს აკონტროლებს და არაფერი ეშლება. ეს რომ შეშლოდათ ბოლო სამი წლის განმავლობაში, აღარ ვიარსებებდით… ჩვენი ამოცანაა მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოს გადარჩენა.
რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი თავისით დაიწყება… საქართველოს ხელს აძლევს მულტიპოლარული მსოფლიო, რადგან ჩვენს ადგილსა და როლს მოვძებნით. ჩვენ დავიწყებთ პროცესს, რომ როგორმე მოვნიშნოთ კონტურები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ.
_ დასავლეთის დირექტივის მიხედვით, ე.წ. ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს… როგორ ფიქრობთ, შეასრულებენ პატრონების ამ დავალებას? არადა, ოპოზიციას ხალხი მხარს არ უჭერს და არჩევნებში მონაწილეობა მათი დასამარება იქნება…
_ ხელისუფლებამ რამდენიმე ხნის წინათ განაცხადა: ჩვენ არ ავკრძალავთ „ნაცმოძრაობას”, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებშიო. ეს კარგი ფანდი იყო _ თუ ოპოზიციონერები არჩევნებში ჩაერთვებოდნენ, მაშინ აღიარებდნენ ხელისუფლებას; თუ არ ჩაერთვებოდნენ, ე.წ. რევოლუციით აპირებდნენ ხელისუფლების გადაგდებას, რასაც დაგმობდნენ დემოკრატები… ხელისუფლება იძულებული შეიქნა, ეს განეცხადებინა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ვხედავთ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.
დღეს ზოგიერთმა პარტიამ და ლიდერმა დაიწყეს ისეთი საუბარი, რომ არც მწვადს წვავენ და არც შამფურს, რადგან არ სურთ იმ დაფინანსების დაკარგვა, რომელსაც იღებენ…
გიორგი გახარიას პატრონები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ,,დიფ სთეითის~ სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მაგალითად, გვარამია და მისი გუნდი დაღუპეს… ესენი არიან კოლექტიური ჯინჯოლიები. მათ შეუძლიათ, ფულისთვის ქართული ოჯახები მთლიანად ამოწყვიტონ…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი