4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებია. სახელისუფლებო გუნდმა უკვე წარმოადგინა მაჟორიტარების სია და საარჩევნო კამპანია დაიწყო.
ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, მიზეზი ბევრია _ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უკანონო მიგრანტების შემოსვლა, მიწების გასხვისება, უმუშევრობა და სხვ.
,,ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის მართვაში შექმნილ პრობლემებზე ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:
_ ძალიან ცუდია, რომ საქართველოში არ გვყავს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ძლიერი ოპოზიცია.
მეოთხედ უნდა ავირჩიოთ ერთი და იგივე ძალა ხელისუფლებაში, რაც უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ არავინ თქვას, რომ არჩევნების გაყალბების გზით მოდიან, რადგან ასეთი რამ არ დასტურდება.
,,ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ქვეყანა გაანადგურა, ტერიტორიები დაკარგა და ტერორში აცხოვრა მოსახლეობა, დღეს ნანულა ჟორჟოლიანის, ხაბეიშვილის, გუბაზასა და მისი ბურვაკი შვილის იმედზეა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ოპოზიციური სპექტრის საქმე ძალიან ცუდად არის. ეს, თავის მხრივ, ცუდად მოქმედებს მმართველ პარტიაზე, რადგან ერთი და იგივე ძალა ორჯერ მეტად არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ არ არსებობს ,,ქართული ოცნების” შემცვლელი ალტერნატიული ძალა.
დიდი შეცდომები აქვს მმართველ ძალას, ხალხის უკმაყოფილებასა და გაჭირვებას სრულად ვერ გრძნობს, კორუფციაც არის. ამას წინათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დააპატიმრეს, ანალოგიური რამ მოხდა თავდაცვის სამინისტროში, ორივე შემთხვევაში დიდძალი ფულის მითვისებაზეა საუბარი. ამ ადამიანებს 15-20 ათასი ლარი აქვთ ხელფასი, ,,ქართუ” ფონდიდანაც ფინანსდებიან და, მიუხედავად ამისა, მაინც კორუფციაში არიან ჩაფლულები. ასეთი ადამიანების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. მათ წარმატებისგან თავბრუ დაეხვათ და კორუფციაში გადაეშვნენ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ გარშემო ცეცხლის ალში გახვეული ქვეყნების ფონზე საქართველოში მშვიდობა გვაქვს, ეს დასაფასებელია.
,,ქართული ოცნება” გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ აუციელებელია მისი კონტროლი. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულების შემდეგ საქართველოში აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ძალა, რომელიც ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას და მკაცრად და სამართლიანად გააკრიტიკებს, არ ირბენს ,,ბრიუსელებში” იმისთვის, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს, უფრო მეტიც _ არ იტყვის, ხმალთაშუა ზღვიდან ბომბი გვესროლეთო. ასეთი შემთხვევებიც გვახსოვს…
_ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უვადო პატიმარი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, ასეთია ვოვა არუთინოვი, რომელსაც ბუშის აფეთქებას აბრალებდა სააკაშვილი. წულუკიანის კომისიას არუთინოვზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ციხიდან გაათავისუფლეს უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული რომან შამათავა, რომლის შესახებ საპარლამენტო კომისიაზეც ისაუბრეს. ამას როგორ ახსნით?
_ არუთინოვს ციხე უკვე უნდა ჰქონდეს დატოვებული, ეს ერთმნიშვნელოვანია, რადგან მას 2005 წელს დაბრალდა ბუშის აფეთქება, მას შემდეგ 20 წელიწადი გავიდა. მას არაფერი დაუშავებია. არუთინოვის ციხეში ყოფნა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება შამათავას, ის ამნისტიით გათავისუფლდა 12 წლის შემდეგ და, ვინც ამნისტიაზე მუშაობს, მას უნდა გაეთვალისწინება შამათავას დანაშაულის ხარისხი… დიდი ალბათობით, ამნისტიაზე მომუშავეთა შორის არიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და შამათავს საქმე ,,შეცურებულია”, იმ შამათავასი, რომელმაც ადამიანები დახოცა, სიმძიმეები გამოაბა და ზღვაში გადაყარა, ოჯახებს საფლავებიც კი არ აქვთ. საკითხავია, ასეთი რამ როდემდე უნდა გაგრძელდეს. ამჟამინდელი ხელისუფლება კადრების შერჩევაში მოიკოჭლებს…
_ კარს მომდგარი არჩენების წინ ხალხი ამბობს, რომ ქოცი და ნაცი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან, ისინი ერთმანეთს აცოცხლებენ…
_ ვერ დავეთანხმები ამ სიტყვების ავტორებს. სოციალურ ქსელში წერა ადვილია. შეადარონ ნაცებისდროინდელი მართვის მეთოდები, ციხეები, სამართალი და მერე ილაპარაკონ.
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ სუვერენიტეტისკენ. ახალ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ამომრჩევლებისაც მესმის, რადგან ძნელია, ხელისუფლებაში ერთსა და იმავე სახეებს უყურო წლების განმავლობაში…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი