დონ კიხოტის აჩრდილი ამერიკაში

    მრავალი ხალხის იდიომატურ გამოთქმათა შორის შეხვდებით სიტყვათა შეთანხმებას: „ქარის წისქვილთან ბრძოლა”   ან „ქარის წისქვილთან მებრძოლი”. მართალი გითხრათ, არ ვიცი, ეს გამოთქმა სერვანტესის „დონ კიხოტიდან” იღებს სათავეს თუ  პირიქით –  გენიალურმა ესპანელმა თავის შედევრში იქამდე არსებული ხალხური ნათქვამი გამოიყენა. იმ საკითხისთვის, რომლის შესახებაც წინამდებარე სტატიაში ვაპირებ საუბარს, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ქარის წისქვილთან ბრძოლა  ყველას სერვანტესის დიდებულ ნაწარმოებს ახსენებს. ქარის წისქვილთან ბრძოლა გამოგონილ (დაუზუსტებელ, გაუაზრებელ) მტერთან ბრძოლის ალეგორიაა, რომელიც, წესისამებრ, უცილობელი მარცხით უნდა დასრულდეს, რადგან  ქარის  წისქვილებთან მებრძოლებს, ისევე, როგორც დონ კიხოტს, ჯერ არსად გაუმარჯვიათ. თუ სწორად მახსოვს, დონ კიხოტმა ერთხელ წყლის წისქვილსაც შეუტია, მაგრამ ამით განსხვავებული შედეგი არ დამდგარა. ერთი სიტყვით, ქარის წისქვილებთან ბრძოლა წინასწარ წაგებული ბრძოლის სიმბოლოა.     

     ზემოთ ვთქვი, ქარის წისქვილი არა მხოლოდ გამოგონილია, არამედ დაუზუსტებელი და გაუაზრებელი მტრის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს-მეთქი. გამოგონილი მტერი, შესაძლებელია, დავარქვათ იმას, როდესაც ნარკომანი საკუთარ მანიას ებრძვის ანუ ჯერ საკუთარი ხელით ქმნის პრობლემას (მტერს), შემდეგ კი მის დამარცხებას ცდილობს. დონ კიხოტის წინაშე განსხვავებული პრობლემა იდგა. მას იმ მიზნის მიღწევაში, რომ რაინდად ქცეულიყო, მტრის ხატი სჭირდებოდა და ისიც „წარმატებით” ქმნიდა ამგვარ ხატებს. არის მესამე ყაიდის პრობლემაც. კერძოდ: მტერი არსებობს, მაგრამ რომელიღაც „რაინდი” მას ისე ეკვეთება, რომ არც მისი არსი, არც მისი ბუნება, არც მისი შესაძლებლობები და არც მისი დამარცხების მექანიზმები შესწავლილი და შემუშავებული არ აქვს. მტრის დამარცხებას მხოლოდ სურვილი რომ ჰყოფნიდეს, საქართველო ყველაზე გამარჯვებული და წარმატებული ქვეყანა იქნებოდა.

    სერვანტესის ეპოქიდან ხუთი საუკუნე გვაშორებს. დონ კიხოტის ლიტერატურული სახე დღემდე აღაფრთოვანებს მკითხველებს – ლიტერატურის, ისტორიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის მკვლევარებს, არა იმიტომ, რომ იგი გამარჯვებული პერსონაჟია, არამედ იმიტომ, რომ იგი რაინდული სულისკვეთების, ჰუმანური იდეალების ერთგულებისა და შეუპოვრობის კვინტენსენციაა, აჯანყებული და მებრძოლი პერსონაჟი. დონ კიხოტი ისტორიული პიროვნება არ არის, ლიტერატურული პერსონაჟია. იგი იდეაა და იდეალია. და მაინც, რის იდეაა და რის იდეალია დონ კიხოტი? ეპოქის გაუგებრობებთან, ისტორიულ უსამართლობასთან და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემასთან (ფეოდალიზმთან) ბრძოლის იდეა და იდეალია. იცის და გააზრებული აქვს ეს ყველაფერი თავად დონ კიხოტს? არა, მას წარმოდგენაც კი არ აქვს იმაზე, რასაც იგი უპირისპირდება მთლიანობაში, მაგრამ ის კი იცის, რომ უსამართლობის ცალკეულ გამოვლინებებს უნდა ებრძოლოს ისე, როგორც მას ესმის და წარმოუდგენია. ლიტერატურაში ამგვარ პერსონაჟთა მოძიება ძნელი არ არის. შორს რომ არ წავიდეთ, ქართულ ლიტერატურაში არსენა ოძელაშვილი და დათა თუთაშხია ამის შესანიშნავი მაგალითებია. ისინი ცალკეულ ბოროტებებს ებრძოდნენ, მაგრამ ის ბოროტება, სისტემად რომ იყო ჩამოყალიბებული და მასთან ბრძოლა მხოლოდ იმგვარი ფილოსოფიური და მეცნიერული საფუძვლებით შეიძლებოდა, როგორიც იყო კლასთა ბრძოლის თეორია, დიალექტიკური მატერიალიზმი, ისტორიული მატერიალიზმი და სხვა, მათ არ იცოდნენ. ეს არც მოეთხოვებოდათ. უტოპიური სოციალიზმის წარმომადგენლებმაც კი, რომლებიც გაცილებით ახლოს იყვნენ სოციალისტური რევოლუციის იდეასთან, გამარჯვება ვერ იზეიმეს. მათაც ვერ განვიკითხავთ ამის გამო, რადგან მთელი მათი ნაღვაწი (ფრანგული უტოპიური სოციალიზმი) მარქსისტული რევოლუციური თეორიის მხოლოდ ერთ-ერთი წყარო იყო ინგლისურ პოლიტიკურ ეკონომიკასა და გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიასთან ერთად.

    ერთი სიტყვით, საუბარი იმ აღიარებული ჭეშმარიტების მიმართულებით მიმყავს, რომ ბოროტების ცალკეულ გამოვლინებებთან ბრძოლით სისტემა არ მარცხდება.  ეს ისტორიამ დაადასტურა. სისტემის დამარცხებას მეცნიერულად შეიარაღებული რევოლუციური ძალა სჭირდება.

    ჰოდა, როგორი იქნება იმ კაცის ბედი, აშშ-ში ე.წ. დიფ სთეითს რომ დაუპირისპირდა? ეს მხოლოდ აშშ-ის პრობლემა არ არის, რადგან ამ ბრძოლის შედეგი მთელ მსოფლიოზე იქონიებს გავლენას. ამ შერკინების შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, წარმოადგენს (ან შეიძლება წარმოადგენდეს) თუ არა რევოლუციურ ძალას კაცი (აშშ-ის პრეზიდენტი), რომელმაც ეს მძიმე მისია იკისრა. რას ებრძვის ან რას შეიძლება ებრძოდეს მილიარდერი ტრამპი? კაპიტალისტურ სისტემას? არა, ეს აბსურდია! მაშ, რას? ბოროტების მხოლოდ და მხოლოდ ცალკეულ გამოვლინებებს. ასეთ შემთხვევაში ეს კაცი გენიალური ლიტერატურული პერსონაჟის, დონ კიხოტის, რეინკარნაციად გვევლინება. ტრამპი ერთდროულად ჰგავს და არც ჰგავს ევროპელ წინამორბედს, რამდენადაც მხოლოდ აჩრდილია მისი, ვინაიდან განძარცვულია ყოველგვარი დიდებულისა და ამაღლებულისგან,  მის პროტოტიპს უხვად რომ ჰქონდა მომადლებული. იგი იმ დონ კიხოტს ჰგავს, რომლის შესახებაც თავის დროზე ფრიდრიხ ენგელსი წერდა: „განა ცხოვრებაში უდიდესი ტრაგედიები ზოგჯერ მასხარის სამოსით არ იმოსებიან? მხედველობაში მყავს დონ კიხოტი. რა უნდა იყოს უფრო ტრაგიკული კაცობრიობის გულწრფელი სიყვარულით ატანილ ადამიანზე, რომელიც მისი თანამედროვეებისთვის გაუგებარ, ყოვლად კომიკურ ოინებს სჩადის?!”

    როგორი საცოდავი იქნება მეთექვსმეტე საუკუნის ტრაგიკომიკური ლიტერატურული პერსონაჟის რეალური პოლიტიკური ეპიგონი ოცდამეერთე საუკუნეში, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

    რა დაემართა ტრამპს? რაში მდგომარეობს მისი პიროვნების ტრაგედია? საქმე ის არის, რომ სინამდვილეში იგი,  ,,დიფ სთეითს’’ კი არა, კაპიტალისტურ სისტემას და ბურჟუაზიული ცხოვრების წესს უპირისპირდება, მაგრამ ამის შესახებ იოტისოდენა წარმოდგენაც არ აქვს, ვინაიდან სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია კაპიტალიზმისა და, როდესაც ამ საბოლოოდ დრომოჭმული სისტემის ცალკეულ ეპიზოდებს ებრძვის, საკუთარ თავსაც ებრძვის. დონალდ ტრამპი თავისი არსით შიგნიდან გამომპალი და კრიზისული კაპიტალიზმის გროტესკული სახეა, მისი სიმბოლოა. იგი ისეთივე სარკეა ჩასაძირად განწირული აშშ-ისა და კაპიტალისტური სისტემისა, როგორიც მიხეილ გორბაჩოვი იყო საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმისა. როგორც გორბაჩოვისეული „გარდაქმნა” ანგრევდა საბჭოთა კავშირს, ასევე ტრამპისეული „დიფ სთეითთან ბრძოლაც” ანგრევს აშშ-ს, რადგან ეს საკუთარ თავთან ბრძოლაა, ოღონდ, არამხოლოდ ტრამპისა, არამედ აშშ-ისა აშშ-თან.

    დონ კიხოტი ოცნებობდა „ოქროს საუკუნეზე”, რომელიც  უკან, ისტორიის სიღრმეში ეგულებოდა. მისი აზრით, ეს იყო დრო, როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ საკუთრება, როდესაც არ არსებობდა გაგება „ჩემი” და „შენი”, როდესაც ყველაფერი საერთო იყო. დონ  კოხოტი (სერვანტესი) ვერ წარმოიდგენდა  მომავალს, სადაც მეცნიერულ საფუძვლებზე ჩამოყალიბებული სოციალისტური სისტემა აშენდებოდა, ამიტომ იგი უკან იმ პრიმიტიული წეს-წყობილებისკენ იყურებოდა, რომელშიც ყველაფერი საერთო იყო. დონალდ ტრამპიც უკან იყურება, მისი იდეალი „ძველი ძლევამოსილი აშშ-ის დაბრუნებაა” და არა ახალი, თვისებრივად შეცვლილი და სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე მოწყობილი სახელმწიფო, რადგან, როგორც დონ კიხოტმა არ იცოდა (როგორც არსენა ოძელაშვილმა და დათა თუთაშხიამ არ იცოდნენ), მანაც არ იცის იმ სამართლიანობის დამამკვიდრებელი  რევოლუციური თეორია, რომელიც, წესით, უნდა იცოდეს;  არ იცის, ვინაიდან არც სურს, იცოდეს; გაგონებაც კი არ სურს მისი. ტრამპმა ნიუ-იორკის მერობის მისთვის მიუღებელი კანდიდატი ზოჰრან მამდანი ამ სიტყვებით  შეამკო: „როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე ვერ მივცემ ამ შეშლილ კომუნისტს ნიუ იორკის განადგურების უფლებას. დარწმუნებული იყავით, ყველა ბერკეტი და კარტი ჩემს ხელშია. გადავარჩენ ნიუ- იორკს და ისევ დიდებულს გავხდი, ისევე, როგორც ეს აშშ-ის მიმართ  გავაკეთე “. განა აქედანაც არ ჩანს ის, რომ დონალდ ტრამპისთვის ყველაზე სალანძღავი სიტყვა კომუნისტია, რომელიც მისთვის შეშლილობასთან ასოცირდება? შესაბამისად, მისთვის შეშლილობასთან ასოცირდება სოციალისტური სისტემაც და სოციალური სამართლიანობის იდეაც. არა, მე ის კი არ მიკვირს, ეს რომ ასეა, მხოლოდ ის მიკვირს, ამ ფილოსოფიით რომ აპირებს იგი იმპერიალიზმის უკანასკნელი სტადიის კრიზისებში ჩაფლული ქვეყნის გადარჩენას. აი, სად ჩანს მისი პიროვნების დონკიხოტური ტრაგიკომიკურობა დონ კიხოტური დიდებულების გარეშე.

     ,,დიფ სთეითს’’ ვერავინ დაამარცხებს, გარდა სოციალისტური რევოლუციისა. ტრამპის ბრძოლა ,,დიფ სთეითის’’  წინააღმდეგ დონ კიხოტის იერიშია ქარის წისქვილზე, სადაც მისი გამარჯვების პერსპექტივა ნულის ტოლია. ამას საქართველოშიც აცნობიერებენ. აი, მაგალითად, რას წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი: „ამერიკის შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის ხელით სწორედ  ოლიგარქების კარნახით იმართება, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაუშვებდა პრეზიდენტ ტრამპის ჰეგემონად წარმოჩენას. ეს მოჩვენებითი დაპირისპირება მხოლოდ იმიტომ დასჭირდა ,,დიფ სთეითს’’, რომ როგორმე საკუთარი შელახული, ფარდაახდილი იმიჯის რებრედინგი მოეხდინა“.

    ბატონი შათირიშვილი სოციალისტური რევოლუციის აუცილებლობაზე არაფერს ამბობს (ალბათ, არც იტყვის), მაგრამ, რაც თქვა, ისიც საკმარისია. აი, კიდევ რას ამბობს იგი: „როდესაც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურად სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, რაც, ფაქტობრივად, უკვე მომხდარია, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – არსებული პოლიტიკური სისტემა უუნაროა, გაუმკლავდეს ,,დიფ სთეითის’’  მიერვე ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა…” დააკვირდით, რა ითქვა: „საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა”.  ეს  სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ახალი სოციალურ-ეკონომიკური სისტემაა საჭირო. ამას იტყვიანო ისინი, – ამბობს ფილოსოფოსი და მსჯელობას ასე განაგრძობს: და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა. რომელი კორპორაციები მომართავენ ქვეყნებს? კორპორაციები, რომლებიც, ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც სწორედ ,,დიფ სთეითის’’  საკუთრებაა”.  რა სოციალისტური რევოლუცია, ტრანსკორპორაციული მმართველობა საბოოლოოდ შთანთქავს ყველაფერ ეროვნულს და ადამიანურს, – გვეუბნება ფილოსოფოსი. ევროპაში იქნება ასეო, – აზუსტებს ბატონი ზაზა. რაც შეეხება ამერიკას, ავტორი ასე მსჯელბს: „აშშ-შიც, ფაქტობრივად, იგივე პროცესები მიმდინარეობს, ერთი განსხვავებით – აქ ეკონომიკის დანგრევა არაფერში სჭირდებათ. ,,დიფ სთეითი’’  ისედაც სრულად აკონტროლებს აშშ-ის ყველა სტრუქტურას”.

    რა ურთიერთობაა ,,დიფ სთეითსა’’ და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის საზოგადოდ? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რას უშვრება ,,დიფ სთეითი’’ აშშ-ის პრეზიდენტებს? ზაზა შათირიშვილი ამბობს: „გაიხსენეთ ბაიდენი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა და ქაღალდზე ხელმოწერის უნარი ჰქონდა დაკარგული. როგორ დაატარებდნენ მას ქალაქქალაქ და როგორ გახადეს მსოფლიოს დასაცინად. გაიხსენეთ კამალა ჰარისი, რომელიც თავისი გონებრივი გაქანებით კოლეჯის პედაგოგადაც კი ვერ იმუშავებდა, ამ დროს ამერიკელებს პრეზიდენტობის კანდიდატად შესთავაზეს. შეხედეთ დონალდ ტრამპს, როგორ ექცევიან პატრონები, დღეს ერთს ათქმევინებენ, ხვალსრულიად საპირისპიროს, ხან გრენლანდიის აღებით იმუქრება, თან ნობელის პრემიას ითხოვს მშვიდობის დარგში და თან ირანს ბომბავს. ალაპარაკეს, რომ ყველა ომს სამ დღეში დაასრულებდა, მისი მოსვლის შემდეგ კი ხუთი ახალი ომი დაიწყო. ცხადია, ამ მასკარადის მიზანიც საზოგადოების თვალში პოლიტიკოსების, სახელმწიფოს ცნების დაკნინება და მმართველობის ახალი ფორმის კორპორაციული მმართველობის შემოღებაა”.

     აქედან გამომდინარე, საკითხი იმის შესახებ,  ვინ ვის დაამარცხებს – ტრამპი ,,დიფ სთეითს’’ თუ ,,დიფ სთეითი’’ ტრამპს, არც დგას. აშშ-ის პრეზიდენტს ,,დიფ სთეითის’’ დამარცხების მექანიზმი არ გააჩნია. ,,დიფ სთეითი’’ უძლიერესი ძალაა, რომელიც ფლობს განუზომელი ოდენობის კაპიტალს. ამ ძალასთან შედარებით პრეზიდენტი სათამაშო თოჯინაა, რომელსაც ხან იქით გადასვამენ, ხან აქეთ გადმოსვამენ. ,,დიფ  სთეითზე’’  ხალხს არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მას არც არჩევა სჭირდება და არც ლეგიტიმაცია. მას არც როტაცია შეეხება და არც სისტემისთვის დამახასიათებელი კრიზისები. იგი თავს იმ მუდმივ ძალად აღიქვამს, რომელსაც არავის წინაშე პასუხისმგებლობა არ აკისრია. პირიქით, მის წინაშე უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ხალხიც და სახელმწიფოც. რაც შეეხება პრეზიდენტს, იგი ,,დიფ სთეითის’’ ხელში დაახლოებით ისეთივე ფიგურაა, როგორებიც არიან დიდი კომპანიების დამფუძნებელთა ხელში მათ მიერ დაქირავებული მენეჯერები, რომლებსაც იმავე წუთს გაათავისუფლებენ, რა წუთსაც დამფუძნებლის კონტროლიდან გასვლის სურვილს გაამჟღავნებენ.

    დღევანდელ ამერიკაში, როგორც უკვე ვთქვი, ,,დიფ სთეითის’’ დამარცხების საკითხისგან სრულიად განსხვავებული პრობლემა დგას: გადაჰყვება თუ არა აშშ და კაპიტალისტური ურჩხული დონ კიხოტის აჩრდილის მიერ ,,დიფ სთეითთან’’ დაწყებულ ბრძოლას ისევე, როგორც საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა გადაჰყვა გორბაჩოვის მიერ 1985 წელს დაწყებულ „გარდაქმნას”.

    ვალერი კვარაცხელია

    P. S. 6 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა: „შეხვედრა სასარგებლო და კონსტრუქციული იყო”. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ იგი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის პირად წარგზავნილს სტივ უიტკოფს. „იმედი მაქვს, რომ მალე გაკეთდება განცხადება,  ან დადებითი, ან უარყოფითი”, – განაცხადა რუბიომ.  დონალდ ტრამპის განცხადება, როგორც ყოველთვის,  ემოციური, მაქსიმალისტური და, ახლა უკვე შემიძლია ვთქვა,  დონკიხოტური იყო: „მიღწეულია დიდი პროგრესი!”

    განცხადებებს ყოველთვის ახლავს გარკვეული ემოციური ფონი და სუბიექტური მომენტები. უახლოეს მომავალში გამოჩნდება, რატომ ასცდა ერთმანეთს ასე ძალიან აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პირველი შეფასებები. სტატიის ბოლო წინადადებას კი „დონ კიხოტის” გენიალურ ავტორს დავესესხები: „მხოლოდ ღმერთმა უწყის დრო და ვადები, რადგან მისთვის არც წარსული არსებობს და არც მომავალი, მისთვის ყველაფერი აწმყოა”. 

    ვ. კ.

                                                                                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here