დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოს მოუწევს დაფიქრება აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნასა და ცენტრალურ კავკასიონზე სარკინიგზო დერეფნის აღდგენაზე

    ,,ზანგეზურის დერეფანმა შეიძლება დააჩქაროს ,,3+3” ფორმატის განხორციელება და ძალიან გაააქტიუროს ჩვენი რეგიონი”

    ამა წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა სამი მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმეს, რომელთა მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი 35-წლიან კონფლისტს დაასრულებენ ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივით, ზანგეზურის დერეფანს კი, რომელსაც ,,ტრამპის დერეფანი” უწოდეს, აშშ განავითარებს.

    სომხეთმა და აზერბაიჯანმა აშშ-ის შუამავლობით ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება მოახდინეს, რომლის შემდეგაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენენ.

    თითქმის ერთი კვირაა, ამ მეტად მნიშვნელოვან ფაქტზე უამრავ მოსაზრებას ისმენს საზოგადოება. ზოგიერთი ქართველი ე.წ. პოლიტოლოგი საქართველოს ხელისუფლებას ამუნათებს და ამბობს, რომ საქართველო რუკიდან ქრება, რომ სრულ იზოლაციაში ექცევა და ა.შ.

    აშშ-ის მედიატორობით ზანგეზურის დერეფნის გახსნის გამო ქართველ საზოგადოებაში გამოწვეულ შიშებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ევგენი პრომაკოვის სახელობის ცენტრის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:

    _ ეს ფაქტი პანიკის გარეშე უნდა შევაფასოთ. დღეს მსოფლიო წესრიგის ფორმირების ეპოქაა. იმ ქვეყნებს, რომლებიც აქამდე აქტიურად არ მონაწილეობდნენ ამ წესრიგის ფორმირებაში, მიმდინარე პროცესებში ჩართვის საშუალება ეძლევათ. ეს პროცესები უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციების შემდეგ დაიწყო, სამხრეთის დერეფნის ფორმირების გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს.

    ჩინეთი სამხრეთ დერეფნით სარგებლობს პოსტსაბჭოთა სივრცის აზიის ქვეყნებით, აგრეთვე, ამიერკავკასიის ქვეყნებით, მათ შორის, საქართველოთი, რომელიც შუა დერეფნის აქტიური მონაწილეა, შუა დერეფანი კი არის ტრანსკასპიური მეგაეკონომიკური პროექტი, რომლის ბენეფიციარიც არის, ერთი მხრივ, ევროპა და, მეორე მხრივ, ჩინეთი.

    ბუნებრივია, ამ ვითარებაში, როდესაც ,,დიდი აბრეშუმის გზის” აღორძინება მიმდინარეობს, უნდა აღინიშნოს, რომ არავინ ელოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დათბობას, რადგან ზანგეზურის რაიონი სერიოზული საჯილდაო ქვაა თავისი მნიშვნელობის გამო, აქ თავისი ინტერესი აქვთ ირანსა და რუსეთს. ამერიკის ჩარევამდე და უფრო ადრეც რუსეთი განავითარებდა სატრასპორტო ვექტორს _ ჩრდილოეთი-სამხრეთი, ამ გზის ერთ-ერთი მონაკვეთი კი აზერბაიჯანის ხმელეთი და საზღვაო აკვატორიაა.

    ამა წლის 1 ივლისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-4 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მასიუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოს, თანხმობის შემთხვევაში, განიხილავს ჩრდილოეთი-სამხრეთის სტრატეგიული დერეფნის მონაწილედ. იქვე აღინიშნა, რომ მსგავსად ვიზების გაუქმებისა და ფრენების აღდგენისა, ეს ფაქტი იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვისკენ. ეს ხმამაღალი განაცხადი იყო და ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის, განსაკუთრებით ტერიტორიების დასაბრუნებლად. აზერბაიჯანის ნაცვლად საქართველოს ჩართვა ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფანში, რომელიც ორმუზის სრუტეს, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ინდოეთს აკავშირებს ერთმანეთს, ძალიან მნიშვნელოვანია.

    აზერბაიჯანმა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი მისი ორგანული ინტერესებიდან გამომდინარე იყო. საქართველოსაც აქვს ინტერესი და შესაძლოა, სურს კიდეც, რუსეთის შემოთავაზებას დათანხმდეს. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაფიქრდებიან. საქართველოს მოუწევს დაფიქრება აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნაზე, ცენტრალურ კავკასიონზე მაგისტრალური სარკინიგზო დერეფნის აღდგენაზე. ეს პროექტი, მოგეხსენებათ, დაწყებულია. როდესაც ქვეყანას ასეთი პერსპექტივა აქვს, ეს სერიოზული დივიდენდია, ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური ფასია.

    _ გაზვიადებულია თუ არა ზანგეზურის დერეფნის გამო შფოთვა?

    _ გაზვიადებულია, რადგან საქმის არსი არ ესმით, თუმცა საყურადღებო და ფაქიზი თემაა.

    როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი გეგმავენ დერეფნის გახსნას არა მხოლოდ ურთიერთობის აღსადგენად, არამედ თურქული გეოპოლიტიკის განვითარების მიზნით, გასათვალისწინებელია ირანისა და რუსეთის გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესებიც.

    ზანგეზურის დერეფნის ამუშავების მედიატორი ამერიკაა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს გზა იქცეს  ჯვარსახოვან გზად, ანუ გახსნას გზები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ასევე, შესაძლებელია, გახსნას გზა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი მარშრუტისთვის, რომელიც ისედაც იყო ჩაფიქრებული, რაც მნიშვნელოვანია სომხეთისთვის.

    _ როგორც გაირკვა, რუსეთის პრეზიდენტისთვის ეს გადაწყვეტილება უცხო არ ყოფილა, მეტიც _ მან სომხეთის პრეზიდენტს საუბრისას, რომელიც ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა, წარმატებები უსურვა…

    _ რუსეთიც ადეკვატურად მიუდგა ამ საკითხს, რადგან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი ურთიერთობები იწყება, ეს დადებითი პროცესია. სხვა საკითხია, რა გავლენას იქონიებს ის რეგიონის დანარჩენ მოთამაშეებზე. არ დაგვავიწყდეს, რომ ინიცირებულია ,,3+3” ფორმატი, რომელშიც გარე მოთამაშეები არიან  რუსეთი, ირანი, თურქეთი, ხოლო ადგილობრივები _ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ,,3+3” ფორმატს აქამდე  არ შეერთებია და თქვენ წარმოიდგინეთ, ზანგეზურის პროექტმა, შესაძლოა, ძალიან გაააქტიუროს ,,3+3” ფორმატში საქართველოს მონაწილეობის აუცილებლობა, რითაც რუსეთი საქართველოთი, სომხეთით, ირანითა და ინდოეთით 7 200-კილომეტრიან ეკონომიკურ აქტივობას განახორციელებს ჩდრილოეთი-სამხრეთის დერეფანში. ზანგეზურის დერეფანმა შეიძლება დააჩქაროს ,,3+3” ფორმატის განხორციელება და ძალიან გაააქტიუროს ჩვენი რეგიონი. ეს დადებითი მოვლენაა, შეიძლება ითქვას, რომ თამაშდება ,,კავკასიური ცარცის წრე”…

    რუსეთი იყო, არის და რჩება ზესახელმწიფოდ, რომელიც ანგარიშგასაწევია, სწორედ ამიტომ ხვდებიან ამერიკის პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს და 15 აგვისტოდან ყველა თემა გადაიფარება…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here