დიდება უფალს, გზა გამოჩნდა!

    (ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს)

    ბატონო ბიძინა, შევეცდები,  ძალიან მოკლედ ვთქვა სათქმელი, წაკითხვა რომ არ დაგეზაროთ (რა არ ხდება ქვეყანაზე, ხომ შეიძლებაეს წერილი შემთხვევით ხელში ჩაგივარდეთ).

    უახლესი ისტორიის ურთულეს მონაკვეთს გავდივართ. ობიექტურმა რეალობამ და ისტორიულმა პროცესებმა დიდი ცვლილებების წინაშე დაგვაყენა.

    ტრაგედია, რომელიც უკრაინაში დატრიალდა,  თავისუფლად შეიძლებოდა, საქართველოში მომხდარიყო, მაგრამ თქვენმა დიდმა გამჭრიახობამ და აბსოლუტურად სწორმა გადაწყვეტილებამ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს არ შეერთებოდით და, რაც მთავარია, უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, მეორე ფრონტი არ გაგეხსნათ, საქართველო იხსნა.

    ეს ის საფუძველია, რომელმაც ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ადგილი უნდა განსაზღვროს და მისი ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოს. მომავლის საქართველოსთვის ეს მტკიცე ბალავარი თქვენი ჩაყრილია. ახლა ამოცანა ამ ფუნდამენტზე შესაბამისი ნაგებობის აღმართვაა. შენობა მყარი რომ გამოვიდეს, აუცილებელია ოთხი გეოპოლიტიკური მოცემულობის გააზრება და გათვალისწინება:

    1. უკრაინაში რუსეთმა გაიმარჯვა, შესაბამისად, დასავლეთი (აშშ, ევროკავშირი, ნატო) დამარცხდა;

    2. მსოფლიოზე აშშის ჰეგემონია დასრულდა. მსოფლიო მრავალპოლუსიანია;

    3. რუსეთი ზესახელმწიფოა. მისი გავლენის განმტკიცება მიმდებარე რეგიონებზეც და მსოფლიოშიც გარდაუვალია;

    4. ოცდათხუთმეტწლიანი ბლეფი საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციისა და ნატოს წევრობის შესახებ  საპნის ბუშტივით გასკდა.

    ამ მოცემულობათა მიღმა სხვა პერსპექტივის ძებნა მცდარი და უნაყოფო საქმეა. ევროპა ანგარიშში ჩასაგდებიც არ არის იმიტომ, რომ იგი მსოფლიო მნიშვნელობის პოლუსად ვერ შედგა. ევროკავშირი ან აშშ-ის მარიონეტად და გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩება, ან დაიშლება და ცალკეული სახელმწიფოების სახით აშშ-ისა და რუსეთის გავლენის სფეროებად გადანაწილდება, ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო. ჩინეთი, რომელიც, თქვენ მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის წყალობით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პოლუსია, მაგრამ საქართველო უშუალოდ ჩინეთის გავლენის სფეროდ ვერ ჩამოყალიბდება (არც უნდა ჩამოყალიბდეს!), ვინაიდან რუსეთის ფაქტორის არსებობა ამის საშუალებას არ იძლევა. ეს რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ საკითხში რამე წინააღმდეგობაზე კი არ მეტყველებს, ბუნებრივად არის ასე. ერთი სიტყვით, საქართველოს წინაშე ისახება ყველაზე ოპტიმალური გზარუსეთთან სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის გზა. ეს არის ერთადერთი რეალური გზა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისა და აფხაზებთან და ოსებთან ისტორიული შერიგების მიმართულებით მიდის. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ ეს არ უნდა გულისხმობდეს ამ რეგიონებიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას, რადგან საკითხის ასე დაყენება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას იმავე წუთს ჩიხში შეიყვანს. აქედან გამომდინარე, საქართველოს, თუნდაც ნეიტრალიტეტი არ არის შექმნილი რეალობის შესაბამისი გამოსავალი (ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული). აქედან გამომდინარე, ვიმეორებ: შექმნილი რეალობიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს და ეს გამოსავალი რუსეთთან სამხედრო სტრატეგიული კავშირია. ეს არ არის ის, რაც ქართულად ასე გამოითქმის: „სხვა გზა არ არის!” ეს არის ის, რაც ასე გამოითქმის: „დიდება უფალს, გზა გამოჩნდა!”

    ეს რეალობა, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ წრეებში სათანადოდ არ ესმით, უფრო ზუსტად, არც უნდათ, რომ ესმოდეთ, ვინაიდან ერთი ნაწილი პოპულიზმის ტყვეობაშია, მეორე კი დასავლეთის აგენტურას წარმოადგენს და, რა დავალებასაც იღებს, იმას ასრულებს.

    პატრიოტიზმი ქვეყნისთვის არარეალური (განუხორციელებელი) იდეალების თავსმოხვევა არ არის, პირიქით – ეს მისი დაღუპვაა. სამშობლოს ნამდვილი სიყვარული, თავისუფლების განმარტების ჰეგელისეული ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, „შეცნობილი აუცილებლობის” დანახვა, აღიარება და განხორციელებაა.

    გავიხსენოთ, რა დაგვიჯდა ჩვენ თუნდაც სეპარატისტულად განწყობილი აფხაზებისა და ოსების მიმართ რეალობის გაუთვალისწინებლად გადადგმული ნაბიჯები გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის  მმართველობის პერიოდებში. ისიც გავიხსენოთ, თქვენ მიერ საკითხის სწორად დაყენება ბოდიშის მოხდის შესახებ რამდენ წინააღმდეგობას წააწყდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ჩასწვდნენ იმ პოზიციის ვერც ფილოსოფიურ სიღრმეს, ვერც ზნეობრივ სიმაღლეს და ვერც პრაგმატულ სისწორეს. დაუნახაობა თქვენი პოზიციის სისწორისა  ჩამოთვლილი ლიდერების შეცდომათა გამეორებას ანუ კვლავაც საზიანო და დამანგრეველი გზით სიარულს ნიშნავს, რომელიც საბოლოოდ უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს.

    ეს –  რაც შეეხება საკუთარ მაგალითებს.

    გარეთაც გავიხედოთ. დავაკვირდეთ, რა დაუჯდა უკრაინელ ხალხს მათთვის თავსმოხვეული არარეალური (უფრო ზუსტი შეფასებით, დანაშაულებრივი) სწრაფვა ნატოს წევრობისკენ.  აქედან გამომდინარე, არ არის ძნელი იმის დანახვა, რომ შეუფასებლობა არსებული რეალობისა ანუ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან ამოვარდნილი ნაბიჯების გადადგმა სავალალო შედეგების მომტანია ყოველთვის. დასავლური გლობალური ომის პარტიისა და დიფ სტეიტის წარმომადგენლებმა უკრაინაში, სეპარატიზმთან ერთად, ბანდერასა და შუხევიჩის მიერ ოდესღაც ჩაგდებული დამპალი თესლის შხამიანი ნაყოფიც (ნეოფაშიზმის სახით) გააღვივეს და რუსეთთან დასაპირისპირებლად ისევე გამოიყენეს, როგორც მეოცე საუკუნეში ჰიტლერი და მისი ხროვა. ახლა კი  რუსეთთან დაპირისპირების შედეგად განადგურებულ უკრაინას ეუბნებიან:  ამ ომში რა დახმარებაც გაგიწიეთ, ვალად უნდა აღიაროო. გაუგონარი ცინიზმია!  უკრაინის ომის დასავლურმა პროექტმა მილიონი უკრაინელი მიწაში რომ ჩააწვინა, ეს ვითომ არაფერი. ახლა თურმე დასავლეთის ე.წ. დახმარება ვალად უნდა აღიარონ და მადლობაც უნდა გადაიხადონ. ჭეშმარიტად სატანის მიდგომა და ლოგიკაა, რომელშიც არც ღვთისა და არც ადამიანისა მისხალი არ ურევია.

    ყველაფერ ამას ჩვენთვის მაგალითისა და გაკვეთილის ძალა უნდა ჰქონდეს. ექნება კიდეც, მაგრამ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენი დრო დასჭირდება საზოგადოებრივ ცნობიერებაში მის გადახარშვას. როგორც ყოველთვის, ვაგვიანებთ!

    აშშ-მა რუსეთთან უკრაინის საკითხის გადასაწყვეტად საუბარი უკვე დაიწყო. უკრაინა, პრაქტიკულად, აღარ მონაწილეობს განხილვაში, რადგან მის ხელში ბერკეტი აღარ დარჩა. ხომ ნახეთ, რა უთხრა ტრამპმა ზელენსკის: პირობებს თუ დათანხმდები  ანუ ტერიტორიებს თუ დათმობ, მშვიდობას მიიღებ, თუ არადა, ორისამი წელი კიდევ იომებ და ქვეყანას მთლიანად დაკარგავ!” ომის შეწყვეტის პირობებზე პუტინი და ტრამპი თანხმდებიან ისე, რომ უკრაინას არაფერს ეკითხებიან, მას მხოლოდ ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან. როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინის საკითხზე ტრამპთან ურთიერთობებს მოაგვარებს, საქართველოს შესახებ საუბარს თქვენთან გამართავს თუ ტრამპთან? შეკითხვა რთული არ არის,  რა თქმა უნდა, ტრამპთან. მას შემდეგ, რაც საქართველოს საკითხზე  პუტინი და ტრამპი საუბარს დაიწყებენ (თუ უკვე არ  დაწყიათ), ჩვენ (ამ კონკრეტულ შემთხვევაშითქვენ) აღარაფერს შეგვეკითხებიან და ყველაფერზე თვითონ შეთანხმდებიან, ჩვენ მხოლოდ საქმის კურსში ჩაგვაყენებენ. ეს ძალიან ცუდი იქნება, რადგან ჩვენი მონაწილეობა ჩვენთვის მეტი პრეფერენციის მიღების შესაძლებლობაა, ომელსაც სხვა შემთხვევაში ვკარგავთ. ახლა, ამ თვალსაზრისით, უმოქმედოდ დახარჯული ყოველი წუთი  დაკარგული შესაძლებლობა და ხელიდან გაშვებული შანსია.

    ქვეყნის შიგნით შექმნილ ვითარებასაც უნდა შევეხო. არაფერს ვამბობ დასავლეთის აგენტურაზე, რომელმაც თვითლუსტრაციასთან ერთად დასავლეთიც მთლიანად გაშიფრა. თქვენს გუნდზე უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა: პირადი ერთგულებით ნუ გაზომავთ ადამიანებს, საგნებისა და მოვლენების მიმართ დამოკიდებულება უფრო ავლენს მათ ბუნებას. თქვენი გუნდის ის წევრები, რომლებიც ღირებულებით ერთიანობას ავლენენ ნაციონალურ ხროვასთან, პრაქტიკულად, ნაცები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჯიბით „ქართული ოცნების” მანდატს დაატარებენ:

    ქოცი, რომელიც რუსოფობიით არის შეპყრობილი, ნაცია!

    ქოცი, რომელიც გაიძახის, რომ სააკაშვილი რუსეთის საქმეს აკეთებდა, ნაცია!

    ქოცი, რომელიც ვერ (არ) ამბობს, რომ ცხინვალში ომი სააკაშვილმა დაიწყო, ნაცია!

    ქოცი, რომელსაც ნაცებივით სძულს სტალინი, ორჯონიკიძე და ბოლშევიკები, ნაცია!

    ქოცი, რომლის პოლიტიკური აზროვნება  „რუსეთი ოკუპანტიასვერ გასცდა, ნაცია!

    ქოცი, რომელიც  ღიად თუ ფარულად  მხარს უჭერს უკრაინულ ფაშიზმს, ნაცია!

    ქოცი, რომელიც  ღიად თუ ფარულად  დასავლეთს შესციცინებს თვალებში, ნაცია!

    რამდენი ასეთი ქოცი გყავთ პარტიაში, ბატონო ბიძინა? ნება მომეცით, ჩემ მიერ დასმულ ამ შეკითხვას თვითონვე ვუპასუხო: უამრავი!

    ეს პოტენციურ მოღალატეთა მთელი არმიაა!

    დათვალეთ, რამდენმა გიღალატათ 2012 წლიდან დღემდე. ეს იმის ბრალია, რომ თქვენ ნამდვილი სადემარკაციო ხაზი არ გაგივლიათქართულ ოცნებასადა ნაცებს შორის, ქართულ ოცნებასადა ყველა დანარჩენს შორის. ჯანდაბას, რაც წარსულში მოხდა. იმდროინდელი შეცდომების გამართლება იმით შეიძლება, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში სრული გაურკვევლობა სუფევდა, მაგრამ ახლა ხომ გარკვეულია ყველაფერი: დასავლეთს სუვერენული საქართველო არ სჭირდება, მას მხოლოდ კოლონიური საქართველო აინტერესებს.               

    დღევანდელი გადასახედიდან ნატოსა და ევროკავშირის პერსპექტივა მხოლოდ დაშლაა, მაგრამ ეს მაინც მომავლის საქმეა, ჩვენ კი დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ უნდა გადავდგათ რევოლუციური ნაბიჯი. თქვენ ოფიციალურად უნდა განაცხადოთ, რომ მზად ხართ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად. განა არ მესმის, რომ რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ არც საწინააღმდეგი გადაწყვეტილების მიღებაა იოლი. თქვენ ისტორიული დილემის წინაშე აღმოჩნდით: გადადგმა ამ ნაბიჯისა თუ მისგან თავის შეკავება. ორივე გადაწყვეტილება ურთულესი მისაღებია, მაგრამ ამ შემთხვევაში პირადი ფაქტორი მთლიანად უნდა გამორიცხოთ და მხოლოდ თქვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოთ. წარსული მოგძახით, ბატონო ბიძინა, საქართველოს გმირული ისტორია მოგძახით, სადაც ანალოგიური მაგალითები არც ისე ცოტაა. ზოგიერთ ისტორიულ პიროვნებას ეყო ძალა გმირული ნაბიჯის გადასადგმელად, ზოგიერთს – ვერა. ახლა თქვენ შემოგყურებთ აწმყოც და მომავალიც

    სხვა უფრო კონკრეტული ნაბიჯებიც არის გადასადგმელი. უნდა დაანგრიოთ დიფ სტეიტისა და მათი აქაური აგენტურის ბინძური შაბლონი დიდ სამამულო ომთან დაკავშირებით:

    * 9 მაისს დიდი, ოფიციალური, ზეიმით უნდა აღინიშოს დასავლურ ფაშიზმზე გამარჯვების მე–80 წლისთავი;

    * 9 მაისამდე უნდა გადაწყდეს სტალინის ძეგლის ბედიც. ფიზიკურად თუ ვერ მოესწრება, სამთავრობო განცხადება მაინც უნდა გაკეთდეს, რომ იგი, ძველ ადგილზე თუ არა, მისივე სახლმუზეუმის ტერიტორიაზე დაიდგმება.

    მართლაც უდიდესი სირცხვილია, მთელი მსოფლიო (დასავლეთიც კი) ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავს ზეიმობდეს, იმ გამარჯვების უმაღლესი მთავარსარდლის (ქართველი სტალინის) ძეგლი კი საქართველოში (მის მშობლიურ გორში) ტალახში ეგდოს. სამწუხაროდ, არც თქვენი მთავრობა და არც თქვენი პარტია ამისთვის მზად არ არიან, მაგრამ თქვენ არ უნდა დაუშვათ ეს სამარცხვინო უსამართლობა, რომელიც ცოდვის ჩადენის ტოლფასია.

    აი, ეს არის, ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ გადასადგმელ ნაბიჯთა ნუსხა.

    ბატონო ბიძინა, ეს წერილი იმ განწყობით არ დამიწერია, რომელსაც, სიტუაციის სირთულისა და ტვირთის სიმძიმის გათვალისწინების გარეშე, უპასუხისმგებლო ლოზუნგების წამოსროლა ჰქვია. პირიქით, პირველ რიგში, სწორედ  სიძნელეთა გათვალისწინებით ვამბობ: დადგა დრო ისტორიული ნაბიჯის გადადგმისა, თუ არადა, ჩაიქროლებს დროის მატარებელი, ბაქანზე კი ის ქოც-ნაცური კონგლომერატი დარჩება, რომელსაც ერთმანეთისგან ვერავინ გამოარჩევს და  რომელთა შორის, სრულიად გულწრფელად  გეუბნებით, არ მსურს თქვენი ხილვა…

    პატივისცემით, ვალერი კვარაცხელია

                                                                 

                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here