კავკასიაში შემოტანილმა ქაოსმა შეიძლება ჩვენი ქვეყანა დააზარალოს, რადგან საქართველოს არ ჰყავს მეგობარი ქვეყანა, რომელიც მხარში ამოუდგება და მფარველობას გაუწევს, თუ სერიოზული პრობლემა გაუჩნდება…
კავკასიაში ვითარების გამწვავებაზე პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების თვალსაზრისი განსხვავებულია. ზოგი ამბობს, რომ რუსეთს აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ, დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ; ზოგიერთის აზრით, რუსეთი უძლურია და არ შეუძლია ჩვენი პრობლემის მოგვარება. ბევრს ისიც ჰგონია, რომ რუსეთი იძულებულია, კავკასიიდან გავიდეს…
ამ მნიშვნელოვან თემაზე ,,ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:
_ არის ერთი მკითხაობა და ვიშვიში, გავა თუ არა რუსეთი კავკასიიდან, არის დილეტანტური მოსაზრებების ფრქვევა, ამიტომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ…
აზერბაიჯანის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ყველაფერი გუავა. მას სურს ,,დიდი აზერბაიჯანის” შექმნა. მას ზურგს უმაგრებს თურქეთი და ერთად კონფედერაციის მსგავსი გაერთიანების შექმნა სურთ. ბრიტანეთს აბრალებენ ბევრ რამეს, ეს მაშინ ხდება, როდესაც რაღაცის ახსნას ვერ ახერხებენ… დავანებოთ თავი ანგლოსაქსებს. თურქებს კავკასიაში თავიანთი ამბიციები აქვთ, ბრიტანეთი მხოლოდ სარგებლობდა ამ გარემოებით და რუსეთის წინააღმდეგ მხარს უჭერდა თურქეთს…
თურქული სამყარო ცდილობს ომში ჩაბმული რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებას, ამ ომით სარგებლობას. აზერბაიჯანი კი ასრულებს ერთ-ერთ როლს, როგორც თურქული რესპუბლიკა, და ეს არის მთავარი სალაპარაკო თემა, სხვა დანარჩენი სისულელეა…
რამდენიმეჯერ განვაცხადე: თუ საქართველოს თვითგადარჩენის ინსტინქტი შერჩა, სწორედ ახლა უნდა დაამყაროს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა–მეთქი. ესეც ცოტაა, დიპლომატიურ ურთიერთობებს უნდა მოჰყვეს ახალი, მეგობრული ურთიერთობები, რადგან რუსეთმა ბევრჯერ განაცხადა, რომ ელის საქართველოსგან საპასუხო ნაბიჯებს. რუსებს აინტერესებთ, რა სურს საქართველოს. რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა უპირობო არ უნდა იყოს _ გარკვეულ ეტაპზე უნდა მოხდეს აფხაზეთისა და ოსეთის თემის განხილვა…
სომხეთი აზერბაიჯანის მხრიდან დიდ წნეხს განიცდის ზანგეზურის გზის გახსნაზე. აზერბაიჯანს სურს, რომ ამ გზას დერეფნის სტატუსი მიენიჭოს, შედეგად ეს გზა სომხეთის აღარ იქნება და მას აზერბაიჯანი გააკონტროლებს. სწორედ ესაა საფრთხის შემცველი სომხეთისთვის და არა, უბრალოდ, გზის გახსნა. ევროპა და ამერიკა დახმარების სახით სომხეთს არაფერს სთავაზობენ გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი მას თავს აღარ დაესხხმება. სომხეთი, ფაქტობრივად, თურქეთის ორბიტაზე იქნება, საქართველო კი მარტო დარჩება და გაგრძელდება ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აჭარაში, სადაც ფრთები გაშალეს თურქული ფულით გამოკვებილმა ქართული წარმოშობის ისლამისტებმა. იქ ახლა თურქული მაფიაც გამოჩნდა. ჩვენ ვხედავთ თურქული საქმეების გარჩევებს საქართველოს ტერიტორაზე, ტურისტების თვალწინ. და ეს ჯერ დასაწყისია…
ჩვენ დაუცველი ვართ ამ ვითარებაში და საპირწონედ ერთადერთი შანსი არის რუსეთთან მოკავშირეობა. ევროპა და ამერიკა ისევე ვერ დაგვიცავს თურქული სამყაროსგან, როგორც სომხეთს ვერ და არ იცავს. რუსეთი კი, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი მოკავშირე იქნება, თუკი ასეთ ურთიერთობებს მოვინდომებთ. რუსეთი არ არის ჩვენი მტერი, თუკი თავად არ მოვიკიდებთ მას მტრად. უკვე მერამდენედ ვამბობ ამას, მაგრამ ფუჭი ლაპარაკია, რადგან გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება, რომელიც ასეთი გადაწყვეტილების მიმღები არ არის!
_ ამბობენ, რუსეთი სუსტია, საკუთარ თავს ვერ შველის, ყველგან პრობლემა აქვს და საქართველოს როგორ დაეხმარებაო…
_ რას ნიშნავს, საკუთარ თავს ვერ შველისო? აბა, ვინ ომობს ამხელა ფრონტზე? კავკასიას რაც შეეხება, რუსეთს საზღვარი აქვს საქართველოსთან, მისი სამხედრო ძალები დგას შიდა ქართლსა და აფხაზეთში, რუსეთს საზღვარი არ აქვს სომხეთთან და ყარაბაღთან. რუსეთი რომც აირიოს, აფხაზეთსა და ოსეთს მაინც ვერ ვნახავთ საქართველოს შემადგენლობაში, ზუსტად ისე, როგორც ახლა მე ჩემს კეფას ვერ ვხედავ. ეს ხალხმა უნდა გაიგოს.
_ ამჟამინდელი ხელისუფლება არსებული საშიშროებისგან ვერ გვიხსნის?
_ ეს ხელისუფლება თვითონ არის საშიშროება, ესენი არიან ჩარჩ-ვაჭრები, მათ ჩანერგეს ისლამისტები ჩვენს ქვეყანაში. ყოველდღე გვიხსნის ჩვენი პრემიერი, რომ ,,დიფ სთეითის” ბრალია ყველაფერი. შიზოფრენია სჭირთ, საქართველო, 1990 წლიდან მოყოლებული, შიზოფრენიკების ტყვეობაშია.
გამოსავალი ერთია _ ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს ან გააგდონ და ჩვენ დროულად მივცვივდეთ, საღად მოაზროვნე ადამიანები, დავასწროთ იმ ანტიქართულ ძალებს, ოპოზიციად წოდებულთ, ძალაუფლების ხელში ჩაგდება…
_ ეს რეალურია?
_ მე კი ვამბობ, რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქართველები მხოლოდ სოციალურ ქსელებში არიან ,,მაგრები”. არავინ არაფრის გამკეთებელი არ არის, ამიტომ, ალბათ, ყველაფერი უფრო პესიმისტური სცენარით განვითარდება…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი