Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა თავისი ვიზიტით კიდევ ერთხელ შეამოწმა თავისი მოკავშირეები,...

გულბაათ რცხილაძე: აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა თავისი ვიზიტით კიდევ ერთხელ შეამოწმა თავისი მოკავშირეები, უფრო ზუსტად, ვასალები

“ნატოში საქართველოს ინტეგრაცია დაკონსერვებული თემაა”

196

18 ოქტომბერს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ეწვია. ეს სტუმრობა ჩვენმა პოლიტიკოსებმა განსაკუთრებულ შემთხვევად და თითქმის მოვლენად აღიქვეს. იყო თუ არა მოვლენა ლოიდ ოსტინის თბილისში ჩამოსვლა, ამაზე ჩვენი გაზეთის სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ აშშის თავდაცვის მინისტრმა სრულიად განსხვავებული განცხადებები გააკეთა იმასთან შედარებით, რასაც აქამდე ვისმენდით. ჯერ ერთი, რომ ნატოში ინტეგრაციაზე კრინტიც არ დაუძრავს და მეორე ის, რომ რუსეთთან ერთობლივ ფორმატებში მონაწილეობაზე ნება თუ არ დაგვრთო, არც დაგვიშალა. ფაქტია ისიც, რომ არჩევნების მეორე ტურზე გადართული ხელისუფლება ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს. ამიერკავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:

_ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში გაცნობითი ხასიათის გახლდათ. ლოიდ ოსტინისთვის ეს პირველი ვიზიტი იყო და მისთვის აუცილებელია ასეთი სახის გაცნობითი შეხვედრები ამერიკული გავლენის ქვეშ ყველაზე მყარად მყოფ ქვეყნებში, ამიტომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტში განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე.

_ ერთი შეხედვით, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მაგრამ საინტერესოა, რა დგას ამ ვიზიტის უკან და ამაზე ბევრს საუბრობენ პოლიტოლოგებიცა და პოლიტიკოსებიც

_ ოსტინის საქართველოში ვიზიტი ამერიკის სტრატეგიის ნაწილია. ისინი ცდილობენ, შავი ზღვის რეგიონში შეინარჩუნონ გავლენა _ ეს ამერიკის უპირველესი მიზანია. აშშის თავდაცვის მინისტრმა თავისი ვიზიტით კიდევ ერთხელ შეამოწმა თავისი მოკავშირეები, უფრო ზუსტად, ვასალები. მას აინტერესებდა ვითარება საქართველოში _ ხომ არ ხდება ისეთი რამ, რაც მისაღები არ არის ამერიკისთვის, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. ამერიკის თავდაცვის მინისტრი გაერკვია ყველაფერში და მოხდა ვითარების კოორდინაცია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ყოველდღიური რეალობა არ არის, კიდევ ვიმეორებ, ამაში განსაკუთრებული არაფერია, გარდამტეხი არაფერი მომხდარა და არც “მოვლენად” არ შეიძლება ჩაითვალოს.

_ ამერიკის თავდაცვის მინისტრს ერთერთმა ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა ნატოში საქართველოს გაწევრებაზე. ლოიდ ოსტინი კი ზოგადი ფრაზით შემოიფარგლა, მან თითქოს თავიც კი აარიდა პასუხს და ყურადღებასაქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პროგრესულ განვითარებაზეგადაიტანა

_ ბუნებრივია, ნატოში საქართველოს ინტერგაცია დაკონსერვებული თემაა. ეს ხელისუფლებამაც იცის. ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რას ნიშნავს ნატოში ინტეგრაცია. ჩვენი ქვეყანა ნატოში ვერ გაწევრდება უახლოეს რამდენიმე წელიწადში. საქართველოსა და ნატოს შორის გრძელდება ე.წ. თანამშრომლობა, რომელსაც აქვს არააქტიური ხასიათი, მართალია, ერთობლივი წვრთნები ტარდება, მაგრამ მაინც… როდესაც ვსაუბრობ არააქტიურ ურთიერთობაზე ნატოსთან, ვგულისხმობ, პოლიტიკურ ნაწილს…

_ რატომ ფიქრობთ, რომ პოლიტიკურ ნაწილში არ არის ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა აქტიური, საქართველოში მიმდინარე პროცესებში ყოველთვის აქტიურად ერევიან და ჩვენც მათ გარეშე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თითქმის არ ვიღებთ

_ ფაქტია, რომ ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავება არ იგეგმება, ყოველ შემთხვევაში, დღეს ეს ნამდვილად არ ჩანს და თქვენ თავადვე თქვით, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ამ თემაზე არც კი ისაუბრა. როგორი რიტორიკაც იყო ნატოში ინტეგრაციაზე წლების წინათ, იმ ეტაპზეა დღესაც და წინ ნაბიჯითაც არ წაწეულა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ახალი შეთანხმება, ხელშეკრულება, ხელმოწერა…

_ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს “3+3” ფორმატზეც დაუსვეს შეკითხვა. ამ შემთხვევაშიც გაურკვეველი იყო მისი პასუხი. მას არც დასტური უთქვამს საქართველოსთვის აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობაზე და არც უარი

_ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ამერიკის თავდაცვის მინისტრი იმეორებს იმას, რაც არის ამერიკის ადმინისტრაციის კონსოლიდირებული პოზიცია, რასაც ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, გამუდმებით აცხადებს, დემაგოგიას ეწევა და ეს არის: “სანამ რუსეთი არ შეასრულებს ხელმოწერილი დოკუმენტის პირობებს, არ გაიყვანს ჯარს, მანამდე არანაირ ფორმატზე რუსეთთან საუბარი არ შეიძლება”. ეს არის უხეში ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში და თანაც ერთმნიშვნელოვნად საქართველოს წინააღმდეგ.

თუ ამერიკის შეერთებული შტატები აქამდე ნიღბავდა უარყოფით განწყობას, რომ საქართველომ რამე სახის დიალოგი აწარმოოს რუსეთთან იმ მიზნით, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ვაითუ, სარგებელი მიიღოს, დღეს ასე აღარ არის. ჩვენ გვახსოვს, რომ ამერიკაც და ევროპაც ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთთან თვითონ დაგვემყარებინა ურთიერთობა და მერე დაგვეხმარებოდნენ კიდეც ამ ურთიერთობის გაღრმავებაში, მაგრამ დღეს პირიქითაა _ დღეს დაუფარავად გვეუბნებიან: ჯერ რუსეთმა დაასრულოს ოკუპაცია და მერე დაელაპარაკეთო. მაგრამ, თუკი არ დაველაპარაკებით მეზობელ ქვეყანას, ოკუპაციის საკითხი როგორ უნდა მოგვარდეს, ამაზე არავინ საუბრობს.

“3+3” ფორმატი საქართველოსთვის ძალიან ხელსაყრელია. რუსეთის მხრიდან მსგავს ფორმატში ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სინამდვილეში დამოუკიდებელი ქვეყნები არ არიან, რომ ისინი საერთაშორისო სუბიექტები არ არიან.

“3+3” ფორმატში კავკასიის გარედან ჩართული იქნებიან თურქეთი, ირანი და რუსეთი, ხოლო ამიერკავკასიიდან _ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. თუ რუსეთი ამ ფორმატის ლობირებას ეწევა და სურს, რეალობად აქციოს, ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის. გამოდის, რომ “ოკუპანტი” არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, სხვა შემთხვევაში, ფორმატი ასე იქნებოდა _ “3+5”.

რუსეთი აშკარად არ ითხოვს აფხაზეთისა და ოსეთის შემოერთებას ამ ფორმატში, რაც ძალიან კარგია და, ნაცვლად იმისა, რომ ამ თემაზე ყურადღება გამახვილდეს, ხმას არავინ არ იღებს. უფრო მეტიც, უარიც კი განაცხადეს აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობაზე. სირცხვილია ამ თემის მიჩქმალვა, მარტო გაზეთისაქართველო და მსოფლიოლაპარაკობს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, სხვები დუმან, სამწუხაროდ

უამრავ ფინანსებს იღებენ რუსეთიდან ვითომ პარტიები, მილიონები აქვთ აღებული, გამოვიდნენ, თქვან, რომ საქართველოს ბედი აქ წყდება. ჩავეჭიდოთ იმას, რასაც რუსეთი თვითონვე გვაძლევს. საქართველომ თქვას, რომ მისი მიღწევაა ეს ფორმატი, ოღონდ უარი არ თქვას მასში მონაწილეობაზე!

ყარაბაღის ომის შემდეგ ცვლილებები მიმდინარეობს რეგიონში, ცდილობენ, ახალი ომი აირიდონ თავიდან. მხარეებს შორის მოხდება პოზიციების შეჯერება. “3+3” ფორმატი საჭირო და აუცილებელია დიალოგისთვის, ძირეულ ცვლილებებს, დიდი ალბათობით, ეს პროცესი არ მოიცავს. ფორმატი გათვლილია რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე.

_ თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა ათი ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამ ათ ქვეყანას შორის არის ამერიკის შეერთებული შტატებიცერდოღანი ირანისა და რუსეთის იმედად რჩება? ასეთ შემთხვევაში, რა საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა?

_ ერდოღანმა ყველა გააფრთხილა, რომ მის ქვეყანასთან ურთიერთობისას წითელი ხაზები არავინ გადაკვეთოს. თურქეთი არავის იმედად არ რჩება, მას აქვს თავისი ხალხის, თავისი შეიარაღებული ჯარის იმედი. ერდოღანს მყარი პოზიციები აქვს და არ ითმენს ქვეყნის საშინაო საქმეებში მცირე ჩარევასაც კი. აშკარაა, რომ ოსმან კავალა პოლიტიკური დევნილია, რომელზეც ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ თურქული მართლმსაჯულება ასე არ ფიქრობს.

ზუსტად არ ვიცი, რა ხდება ამ პიროვნების გარშემო, მაგრამ, რადგან ერდოღანი თავს უფლებას აძლევს, ამდენი ქვეყნის ელჩს უნდობლობა გამოუცხადოს, ეს საყურადღებოა და მისი გადაწყვეტილება უსაფუძვლო არ იქნება. მხოლოდ ელჩების მოწოდება პატიმრის გათავისუფლების შესახებ არ იქნება მიზეზი… თურქეთის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი მრავალწახნაგოვანია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთი მთლიანად გაწყვეტს ურთიერთობას ათ ქვეყანასთან, მაგრამ ეს იქნება სერიოზული ხინჯი ქვეყნებს შორის, თუმცა ერდოღანის ამ საქციელს აქვს მეორე მხარეც _ ამერიკაც და სხვა დანარჩენი ქვეყნებიც შეეცდებიან, მოზომილი განცხადებები აკეთონ თურქეთის მიმართ…

თურქეთს მყარი პოზიციები აქვს სირიის ჩრდილოეთ პროვინციებში, აგრეთვე, ერაყის ჩრდილოეთ პროვინციებში, ამასთანავე, ერდოღანს აქვს კოზირი _ ის აკონტორლებს მიგრანტებს, რომლებიც ევროპაში შესვლას ცდილობენ. ერდოღანს შეუძლია, ევროკავშირის საზღვარს “მიაწვეს”, რაც არავის არ უნდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უთანხმოებები აქვს, თურქეთი რუსეთთან და ირანთან გააღრმავებს ურთიერთობას, რუსეთთან მას ენერგეტიკული პროექტები აკავშირებს.

_ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულთა შორის არ არის დიდი ბრიტანეთის ელჩი.

_ ელჩებს შორის მართლაც არ არის ნახსენები დიდი ბრიტანეთის ელჩი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო სხვა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს და ის ხშირად არ ერევა ქვეყნების საშინაო საქმეებში, ბრიტანეთის ელჩს ხელი არ მოუწერია კავალას გათავისუფლების მოთხოვნაზე. როგორც ჩანს, ბრიტანეთს არ სურს თურქეთთან ურთიერთობის დაძაბვა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here