რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის საზღვრებთან ნატოს გაფართოებაზე საუბარი უნდა შეწყდეს და ეს დასავლელმა ლიდერებმა წერილობით უნდა გააფორმონ. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებშიც ნატოს ბაზები არ უნდა განლაგდეს, საქართველოც მოხვდა. რუსეთის ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა აშშ–მა.
ზოგიერთი ქართველი პოლიტოლოგის აზრით, ლაპარაკია საქართველოს ნეიტრალიტეტზე, მაგრამ ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის…
როდესაც რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნას, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს, მხარს უჭერს აშშ–ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში, რა აქვს გასაკეთებელი საქართველოს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი გვესაუბრება:
_ რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებაში შინაარსობრივად ახალი არაფერია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი, თავისი გეოპოლიტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, ვერასოდეს შეეგუება თავის საზღვრებთან ამერიკული პროქსი ძალების გაძლიერებას.
აქ საინტერესოა ის ახალი კონტექსტი, რომელიც ფრონტზე რუსეთის არმიის წინსვლამ შექმნა. პუტინი ამით წნეხს ახდენს დასავლეთზე, რათა მისი ინტერესები დოკუმენტურად ასახოს… ცხადია, არც დასავლეთი აპირებდა ნატოში საქართველოს მიღებას და მით უმეტეს სამომავლოდ ეს გამორიცხული თემაა, მაგრამ ამის საჯაროდ აღიარება დასავლეთის რეპუტაციულ მარცხს ნიშნავს, ამიტომაც ერიდებიან ამ საკითხზე მსჯელობას, მაგრამ ყველაფერი იცვლება. რადგან დასავლელებისთვის სასწორზე საქართველოზე გაცილებით მნიშვნელოვანი უკრაინის საკითხი დგას, ისინი, ვფიქრობ, მალე წავლენ დათმობებზე იმ იმედით, რომ სამაგიეროდ რუსეთი უფრო თავშეკავებული იქნება უკრაინის მოლაპარაკებებში და ზელენსკის რეჟიმს პირდაპირ კაპიტულაციას არ მოსთხოვს.
საქართველოს მთავრობა, ჩვენდა სამარცხვინოდ, ისევ „ღირსებით“ შედის ევროპაში და ახლა მაქსიმალურად ცდილობს, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის მოგვარებას. ცხადია, კონფლიქტი არც აშშ-თან გვაძლევს ხელს, მაგრამ, როცა ეს ხდება რელიგიური აღტყინებით და პარალელურად უპასუხოდ ვტოვებთ რუსეთის ინიციატივას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, ვფიქრობ, ეს დანაშაულის ტოლფასია.
_ უახლოეს მომავალში გაუქმდება თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლი? გაბედავს ამას ჩვენი ხელისუფლება?
_ 78-ე მუხლი კონსტიტუციაში გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციების წნეხითა და დასავლეთის მითითებით. იმხანად ,,ოცნებას” იმხელა შიდა ლეგიტიმაცია ჰქონდა, რომ თავისუფლად შეეძლო ამ წნეხისთვის გაძლება, მაგრამ იდეოლოგიურად თვითონაც ლიბერალურ ფლანგზე იდგა და დარწმუნებულიც იყო, რომ საქართველოს პროდასავლურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ ჰქონდა. ახლა, როცა ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია გაბანკროტებულია, ხოლო ენ-ჯე-ო სექტორი _ კანონით შეზღუდული, ვფიქრობ, დღესვე უნდა დაიწყოს საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება, გაიმართოს დისკუსია და შემდეგ კენჭი ეყაროს საკითხს _ სად არის საქართველოს ადგილი. საქართველოს ადგილი არა ევროპაში, არამედ კავკასიაშია, მის ბუნებრივ ტერიტორიაზე და არ შეიძლება მოკავშირეების ძებნა ოკეანის გაღმა, იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც საერთო არაფერი გვაქვს და რომლებისთვისაც ,,სადგისის” ფუნქციას ვასრულებთ რუსეთის წინააღმდეგ…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი