ბატონებო, ცალმხრივი მეგობრობა აღარ გამოვა – ან მეგობრები და პარტნიორები უნდა ვიყოთ,  ან არანაირი ურთიერთობა არ  უნდა გვქონდეს!

    ქვეყნის შიგნით უფრო მეტი მტერი გვყავს, როგორც საუკუნეების წინათ. ისინი მზად არიან, ძალაუფლების სანაცვლოდ ქვეყანა ორ შაურად გაყიდონ და სხვას მონებად დაუდგნენ

    შესანიშნავი  ფეხბურთელი იყო რეზო ძოძუაშვილი. მერე, როცა მწვრთნელობას მიჰყო ხელი, თავისი სტილი ჰქონდა, საქართველოშიც იმუშავა, საზღვრებს გარეთაც და ყოველთვის  სიმართლის თქმა უყვარდა, მოურიდებლად, დაუფარავად. ჰოდა, ერთხელ, ნამატჩევს, როცა მისმა გაწვრთნილმა გუნდმა წააგო, ძალიან უკმაყოფილო მოვიდა პრესკონფერენციაზე და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „შეაპარა“, გაბრაზებული ჩანხართო.  „ბიჭო, ფეხბურთი სექსი არაა, ორივე მხარე ვერ იქნება ნასიამოვნები, დაიმახსოვრე ეს“, – რაღაცნაირად, გულიდან თქვა. ჰოდა, სწორედ „მიხიჩა“ და მისი ეს ფრაზა გამახსენდა მას შემდეგ, რაც   ესტონეთმა დაუწესა ქართველ პოლიტიკოსებს ცალმხრივად სანქციები და ანალოგიურის გაკეთებით ლატვიამაც დაგვაიმედა. არც პოლიტიკაა, ბატონებო, სექსი, ორივე მხარე  აქაც ვერ იქნება კმაყოფილი, მაგრამ არ შეიძლება, მუდმივად იმაზე ვიფიქროთ, პარტნიორს როგორ ვასიამოვნოთ, მით უმეტეს, როცა ეს პარტნიორი საერთოდ არ ფიქრობს, ჩვენ რა გვესიამოვნება.

     ქართველი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებაზე ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებების შემდეგ კომენტარი საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებითო. ჰოდა, ასე არ შეიძლება, ბატონებო! რა ვალი გვაქვს ამისთანა ბალტიისპირეთის, რომ გვასანქცირებს, მხარს არ გვიჭერს არც ერთ დონეზე, არც გაცხოველებული ვაჭრობა გვაქვს მასთან და მაინც ცალმხრივი მეგობრობის პოზას ვინარჩუნებთ? ძალიან კარგი იქნება, ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩები დავიბაროთ, ჯერ ახსნა-განმარტებები ჩამოვართვათ, შემდეგ ერთი ლაზათიანი ჭიტლაყი ამოვკრათ და სამშობლოში გავაგდოთ. მერე მიხვდებიან, რომ არ აქვთ იმის უფლება, რასაც  ჩვენი უმოქმედობით თავს აძლევენ. ვიღაც კუბილიუსს ვაპატიეთ, მერე – ლანდსბერგისს, მერე კიდევ – ვიღაცას და… გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი ასე უნდა ხდებოდეს, რომ მათი ნებისმიერი გამოხდომა  დაუსჯელი დარჩება. ისინი ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანი ტიპები არიან, რადგან დამოუკიდებელ სახელმწიფოს აკრიტიკებენ, ასანქცირებენ და… სწორედ ამ დროს უნდა მოხვდეთ ცხვირში და უნდა მიხვდნენ, რომ რეალურად  არასდროს არაფერს წარმოადგენდნენ  და არც ახლა წარმოადგენენ.

    ბალტიისპირელთა ყელყელაობა შემთხვევითი არ არის. მათ ძალიან უნდათ,  მომდევნო შესაწირი ზვარაკი, რომელსაც დასავლეთი გაიმეტებს,  საქართველო იყოს, და საამისოდ ყველაფერს აკეთებენ. ბალტიისპირელებს  ევროპისგან სრული, ამერიკისგან კი თითქოს ფარული მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ რაღა ფარული, აგერ, ბებერმა ჯო უილსონმა  ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სენატში MEGOBARI აქტი განხილულიყო, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისე არ არის, როგორც უილსონს სურდა და როგორც ეს ოპოზიციამ დახატა.

    აშშ-ის  კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტი მიიღო და სენატს გადაუგზავნა. სანამ პროექტი ამერიკის პრეზიდენტამდე ხელმოსაწერად მივა, ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს. რას გადაწყვეტს ტრამპი, ცალკე საკითხია; თანაც მედალს მეორე მხარეც აქვს – სენატში MEGOBARI აქტს სახელი შეეცვალა და არ არის წარდგენილი ისე, როგორც ეს ჯო უილსონმა მოიფიქრა. ახლა მას „საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველი აქტი“ ჰქვია. საინტერესოა ისიც, რომ აქტში არ არის ნახსენები  არც ერთი  გვარი ან სახელი, ანუ ოპოზიციამ და უილსონმა რომ გვამცნეს, გვარ-სახელები წერია იმ ადამიანებისა, რომლებიც უნდა დასანქცირდნენო, უბრალოდ, ტყუილია. ამის მიუხედავად, თუ სენატი ამ აქტს დაამტკიცებს და შემდეგ ტრამპი ხელს მოაწერს, უდიდესი ალბათობით, სანქციები იქნება და აუცილებლად გადაიხედება აშშ-საქართველოს  ურთიერთობები ყველა მიმართულებითა და დახმარებების ჩათვლით. პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და მოსამართლეების გვარ-სახელები უილსონმა   ვითრების დამძიმების მიზნით გამოაქვეყნა, თორემ მას არავინ ჰკითხავს, ვინ იქნება სიაში და ვინ – არა, მაგრამ…

    ტრამპს ჯერჯერობით საქართველოზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.   ამისთვის რეალურად არ სცალია, მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, როცა მაგიდაზე დაუდებენ დოკუმენტს, რომელშიც ეწერება, რომ სადღაც (ამ შემთხვევაში სულერთია სად)  „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველი აქტი“ უნდა გაფორმდეს და მისი ხელმოწერა აკლია, რას იზამს ამერიკის პრეზიდენტი? ის პრეზიდენტი, რომელიც  ებრძვის ირანსა და ჩინეთს და სიზმრად ხედავს რუსეთის დასუსტების პროცესს? რა თქმა უნდა,  სიამოვნებით მოაწერს ხელს, მით უმეტეს, თუ უილსონი ეტყვის, რომ ეს ყველაფერი  ამერიკის სასიკეთოდ კეთდება. ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენი ხელისუფლების ლიდერები ამის შემდეგაც განაცხადებენ  ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებითო, მაგრამ ამ საქმიდან აღარაფერი გამოვა, რადგან, როცა ამას ამბობდნენ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ცხადი იყო, რომ ის მალე წავიდოდა, ტრამპი კი ხელისუფლებაში კიდევ 4 წელი  იქნება და ცალმხრივი მეგობრობა აღარ გამოვა. შესაბამისად, ან მეგობრები და პარტნიორები უნდა ვიყოთ, ან არანაირი ურთიერთობა არ  უნდა გვქონდეს. ანუ, თუ მეგობარი არ ხარ, არაა აუცილებელი, მტერი გერქვას. აგერ, მაგალითად, კამბოჯასთან არ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა (საერთოდ არ გვაქვს ურთიერთობა), მაგრამ არც მტრები ვართ და ასე უნდა იყოს სხვებთანაც. ვისაც საქართველოს დამონება სურს, უნდა იცოდეს, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მაგრამ იმის იმედადაც არ უნდა იყოს, რომ ნებისმიერ დროს, როცა მოესურვება, ურთიერთობას აღადგენს და აქ ხელგაშლილი შეხვდებიან. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობთ:

     ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ხომ გამოხატეს თავიანთი პოზიცია ჩვენ მიმართ, მაგრამ  იქაური მინისტრი რომ ჩამოვიდეს და ხელისუფლებასთან შეხვედრა გადაწყვიტოს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შეხვდებიან, მოუსმენენ და აზრადაც არავის მოუვა, რომ ჯერ ძველი გამონათქვამების გამო ბოდიში მოახდევინოს და საუბარი მერე გაუმართოს. რეალურად, მთავარია, რომ ნებისმიერი სახლმწიფოს ლიდერი თუ ოფიციალური პირი ტოლ-სწორად გველაპარაკოს და არა ისე, თითქოს დაპყრობილი ქვეყნის წარმომადგენელს ხვდება. გვესმის, რომ ასე იყო სააკაშვილის ზეობის პერიოდში –  9 წლის განმავლობაში ამერიკის ელჩები გვინიშნავდნენ მინისტრებს, ევროპარლამენტარები საქართველოში „საგულაოდ“ ჩამოდიოდნენ, ამერიკელი სენატორი ან კონგრესმენი თუ გვეწვეოდა, იმაზე  დიდ ზეიმს ვუმართავდით, ვიდრე ამას დიდგორობას ვაკეთებთ. არადა, რეალურად ეს არის ჩვენი თაობის დიდგორიც და ხრესილიც, ბასიანიც და, გნებავთ, ბაზალეთიც. ჰო, მრავლისმნახველი ბაზალეთის, სადაც ქართველებმა ერთმანეთი არ დავინდეთ 1626 წელს და ახლა, ლამის 400 წლის შემდეგაც იგივე გვჭირს – ისევ არ ვინდობთ ერთმანეთს და ისევ იმის დამტკიცებას ვცდილობთ, ვინ არის ქვეყნის მტერი და ვინ – მოყვარე. ქვეყანა კი ერთი გვაქვს და, ვაი, რომ საქართველო საჯილდაო ქვა  მხოლოდ გარეშე მტრებისთვის არ არის. შიგნით უფრო მეტი მტერი გვყავს და, როგორც ადრე, საუკუნეების წინათ, ისინი ახლაც  მზად არიან, ძალაუფლების სანაცვლოდ  ქვეყანა ორ შაურად გაყიდონ,  სხვებს ემსახურონ და მონებად დაუდგნენ, ზუსტად ისე, როგორც ადრე ედგნენ და… იცით, უცნაური რა არის? არ ესირცხვილებათ სხვების მონობა, არ ესირცხვილებათ სხვების დაკრულზე ცეკვა, არც  ის, რომ დღის წესრიგს სხვები უდგენენ. გაიხადეს მეტრებად ევროპელები და ამერიკელები. აქაოდა, ჩვენზე მეტი იციან და ჩვენზე მეტად უყვართ საქართველოო და მათი სიტყვა უზენაესი კანონია. ისინი ებრძვიან არამარტო მოქმედ ხელისუფლებას, არამედ ეკლესიას, ზუსტად ისე, როგორც ეს საუკუნეების წინათ იყო და მზად არიან, რჯულიც კი შეიცვალონ… პრინციპში, რაღა შეიცვალონ, აგერ, ახალგაზრდა კაცი სპექტაკლებს დგამს, უფალს აგინებს და ტაშს უკრავენ, ეს ხელოვნებააო. ჯერ ლაშა ბუღაძის ნაჯღაბნები იყო ხელოვნება და ახლა დათა თავაძის დადგმული სცენებია შედევრი. პირიქით, ეს სწორედ ის არის, რაც დასავლეთს სურს, რომ გადავგვარდეთ, რომ წარსული დავივიწყოთ, რომ ყური მიეჩვიოს უფლისა და სარწმუნოების გინებას, მერე კი  ყველაფერი უფრო გამარტივდება.

    ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნები ინდივიდუალურად დაგვიწესებენ სანქციებს და კონკრეტულ პოლიტიკოსებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ ან დიპლომატიური პასპორტების ცნობაზე უარს იტყვიან. გვერწმუნეთ, ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ ჩვენც.  მათ უნდა დაინახონ, რომ საქართველო სახელმწიფოა და ზუსტად ისე გვჭირდება ისინი, როგორც ჩვენ ვჭირდებით მათ; მით უმეტეს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებიც სამამულო ომშიც კი (პროცენტულად)  ყველაზე ხშირად მიდიოდნენ ღალატზე…

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here