ახლა, როცა არჩევნები  კარს მოგვადგა და ისედაც აგრესიული დასავლეთი პრაქტიკულად უკონტროლო გახდება,ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილების მიღებამდე  კარგად უნდა დაფიქრდეს

    სამ თვეზე ნაკლები დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და  ამინდის ტემპერატურასთან ერთად,  სავარაუდოდ, პოლიტიკური ტემპერატურაც აიწევს. ერთი ეგაა, ოპოზიციური პარტიების ლიდერების უმრავლესობა ციხეშია და მართალია, მცირე, მაგრამ სასჯელს იხდის, დამსახურებულ სასჯელს და, იმის მიუხედავად, რომ მათი „სროკი“ რამდენიმეთვიანია,  არჩევნებს ციხეში შეხვდებიან. ჰოდა, მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას ხელისუფლება, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ხელით აპირებს.

    „ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნლოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს,  მომმართოს განცხადებით შეწყალებაზე და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე“, – ეს განცხადება სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაავრცელა.

    რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში – იმას, რომ ეუთოს ასამბლეაზე ყოფნისას ქართულ დელეგაციას აშკარად დაემუქრნენ  ან აიძულეს,  ასეთი რამ ეთქვათ, თუმცა თქმაც არის და თქმაც. ყაველაშვილი რომ გვიცხადებს, ყველა პოლიტიკოსს, რომლებიც შესაბამისი განცხადებით მომმართავენ, შევიწყალებო, ყველაში მიხეილ სააკაშვილიც შედის? მიშაც ხომ პოლიტიკოსია, პატიმარი და, რომ მისწეროს, შემიწყალე, გპირდები, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებო, მერე რა ხდება? რა თქმა უნდა, ყაველაშვილი მას არ შეიწყალებს და გამოვა, რომ პრეზიდენტი საჯაროდ დადებულ პირობას არ შეასრულებს. ეს არც საშინაო ასპარეზზე იქნება კარგი მოსასმენი და არც საერთაშორისოზე.

    სამწუხარო რეალობაა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება  ხშირად გაუაზრებლად აკეთებს რაღაცას და შემდეგ ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას. პრეზიდენტები ხომ საერთოდ… ივანიშვილს ჯერ გიორგი მარგველაშვილი „შეეშალა“, შემდეგ – სალომე ზურაბიშვილი. მართალია, ყაველაშვილი არაფერს აშავებს, მაგრამ ვაღიაროთ, ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა და ეს ტექსტიც პარტიის ლიდერებთან შეთანხმებული იქნებოდა. ჰოდა, ვერავინ ამოიკითხა იქ ისეთი რამ, რაზეც შეიძლება შემდეგ ოპოზიციაც აყვირდეს და ევროპარლამენტარებმა თუ ოპოზიციის ამერიკელმა ქომაგებმაც ხმა ამოიღონ. 13 წელია, „ქართულმა ოცნებამ“ პიარი ვერ გამართა, ვერ თუ არ იპოვა ისეთი ადამიანი, რომელსაც გააზრებულად შეეძლება წერა და აზრის ჩამოყალიბება. ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ – ხელისუფლებას სჭირდება ადამიანი, რომელმაც ქართულად წერა იცის და  ისეთ რამეს არ დაწერს, რაც შემდეგ განხილვისა  და დავის საგანი გახდება.

    ახლა – რაც შეეხება ევროპას: ფაქტია, რომ ევროპული ვოიაჟის შემდეგ  მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან არ მოგვეწონა. პირველ რიგში, არ მოგვეწონა იმიტომ, რომ აშკარად გამოჩნდა, ევროპელები ისევ წნეხს ახორციელებენ საქართველოს მთავრობაზე და, რაც მთავარია, ამას აკეთებენ არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ანუ არჩევნებისთვის წნეხი უფრო გაძლიერდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ისევ უწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა და არ არის გამორიცხული, დასავლეთმა  არჩევნების წინ არარეალური რამ მოითხოვოს – მაგალითად, რამდენიმე მუნიციპალიტეტის დათმობა ოპოზიციის სასარგებლოდ. ასე ადვილად რომ არ გაგვიშვებდნენ ხელს, კი ვიცოდით, მაგრამ, თუ ამდენ ხანს იჭიდავებდნენ და ყველაფერს იკადრებდნენ, ნამდვილად არ გვეგონა. სამწუხაროდ, უკვე ყოველგვარი რიდის გარეშე  ცდილობენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს საჯაროდ აუწიონ ყური არანაირი დიპლომატია და არანაირი მინიშნებები. განსაკუთრებით ევროპაში იგრძნობა ის, რომ დასავლელები ბოლომდე ეცდებიან, ამ არჩევნებზე მაინც გაატარონ თავიანთი ინტერესები და… სასაცილოც აღარ არის, ევროპარლამენტარებმა „იუესაიდი“ რომ ახსენეს, არჩევნებს ვეღარ დააკვირდება და ეს ცუდიაო. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ამერიკის ხელისუფლების დაფინანსების გაუქმების შემდეგ შეწყვიტა არსებობა და ეს იმის მიუხედავად, რომ „იუესაიდის“ წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვით მათი მუშაობის შეჩერება აფრიკულ ქვეყნებში უახლოეს 3 წელიწადში  21 მილიონი ადამიანის შიმშილით სიკვდილს გამოიწვევდა. 21 მილიონი ადამიანის სიკვდილი არ უხსენებიათ ევროპარლამენტში და,  საქართველოში რომ არ იქნება „იუესაიდი“ არჩევნებზე, თურმე ეს არის ცუდი და საგანგაშო. ჰო, ერთი ადამიანის სიკვდილია ტრაგედია, თორემ 21 მილიონი ჩვეულებრივი სტატისტიკაა. ამას აკეთებენ  სინდისის ქენჯნის გარეშე. ისიც ევროპელების დავალება გვგონია, ქართულმა ოპოზიციამ ბოლო პერიოდში ხელისუფლების რევოლუციით დამხობის სცენარების დამუშავება თუ განვითარება რომ დაიწყო, აქაოდა, სხვა გზა არ გვაქვსო. ანუ, თუ აქამდე ძალადობას მხარს არავინ უჭერდა, ახლა ზედ  წინასაარჩევნოდ შემოგვაპარეს, რომ რევოლუციის გარდა თურმე სხვა გზა არ არის და ხელისუფლების დამხობა ლეგიტიმური(?) იქნება.

    სანამ დასავლეთი პირდაპირ თუ ირიბად გვიტევს, ოპოზიცია აღარ ინიღბება და დაუფარავად  გადავიდა ღალატზე. მეტიც,  უხარია, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბა და, თუ ჩრდილოელი მეზობელი აზერებისკენ გაიწევს, ეს მხოლოდ საქართველოს ცის გამოყენებით მოხდება, ამის  მერე  კი ოპოზიცია უფრო ომახიანად იყვირებს, – აგერ, რუსეთს ცას ვუთმობთო. მერე რა, რომ  კარგად იციან, საჰაერო დაცვის სისტემები რომ არ გვაქვს.  სააკაშვილი   2008 წელს ამტკიცებდა, ყველაფერი გვაქვს, ლამის ისრაელის „რკინის გუმბათს“ ვეტოლებითო, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რა „რკინის გუმბათი“, საჰაერო თავდაცვისათვის 7 ჭურვი გვქონდა და შვიდივე გავისროლეთო. ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა არც ახლა გვაქვს და,  ვისაც ჰგონია, რომ შვიდი ჭურვით,  მოგება კი არა, ომის მცირე ხნით  გაჭიანურება  მაინც შეიძლება, ძალიან ცდება. ეს იცის დასავლეთმაც და სწორედ ამიტომ ცდილობს ომში ჩვენს ჩათრევას, რათა მერე სათქმელი  ჰქონდეს: აგერ, რუსეთმა კიდევ ერთი ქვეყანა აღგავა პირისაგან მიწისაო. მერე რა, რომ საქართველო აღარ იარსებებს. ეს ამბავი ნაკლებად აინტერესებს, ზუსტად ისე, როგორც აღარც რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირების დასრულება აინტერესებთ. თქვა უკვე ტრამპმა, არაფერი გამოდისო, და რეალურად აღარც სცალია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურებაში ეხმარება ისრაელს, რათა ამერიკამ შემდეგ ნავთობის უდიდესი ნაწილი სარეალიზაციოდ   ჩაიგდოს ხელში.

    ჰოდა, ასეთ დროს ხელისუფლების უმაღლესი პირები, თითოეულ განცხადებას კი არა, თითოეულ სიტყვას უნდა დაუფიქრდნენ, კარგად აწონ-დაწონონ და შეეცადონ, რომ დასავლეთს მოდავების საბაბი არ მისცენ. ისე, ევროპელებისთვის (ოპოზიციისთვისაც) ერთადერთი საშველი ციხიდან სააკაშვილის გამოსვლაა. იმიტომ კი არა, რომ მიშა ავტორიტეტია და ხალხი  (მისი ამომრჩეველი და „მრევლი“)  გაჰყვება, არამედ იმიტომ, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია; არც ის გამორიცხოთ, თავისუფლებაზე მყოფმა მიშამ საზღვრისპირა სოფლებში რომ დაიწყოს სირბილი და ავტომატის სროლა. უკეთებია ასეთები (დეტალები ირაკლი ოქრუაშვილმა იცის) და მომავალშიც აუცილებლად გააკეთებს, ოღონდაც კი ძალაუფლება რამენაირად ისევ ჩაიგდოს ხელში, სათავეში ისევ „აბიჟნიკები“ დააბრუნოს, ის ხალხი, რომელმაც ქვეყანას გენოციდი მოუწყო, მაგრამ, საბედნიეროდ, გადავრჩით. მეორედ გადარჩენის  ნაკლები შანსი გვექნება და ეს იცის ყველამ – მიშამაც, მისმა მადიდებლებმაც და დასავლეთმაც.

    რამდენიმე ოპოზიცურმა პარტიამ არჩევნებისთვის მზადება ლიდერების გარეშე დაიწყო და აქაც ძაღლის თავია დამარხული. მარცხის შემთხვევაში ყველა იტყვის, რომ ლიდერების დაპატიმრების გამო დამარცხდნენ, ყაველაშვილს კი შეწყალებისთვის რომ არავინ მიმართავს, აქედანვე შეიძლება ითქვას. ანუ, ხელისუფლებას ეს განცხადება მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ დასავლეთთან ემართლებინა თავი, მაგრამ არ გამოვა ეს ამბავი, არავინ მიიღებს ამ თავის მართლებას და  ყველაფერი უკუღმა დატრიალდება, ამიტომ ვამბობთ, რომ ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილების მიღებამდე  კარგად უნდა დაფიქრდეს, მით უმეტეს ახლა, როცა არჩევნები  კარს მოგვადგა და ისედაც აგრესიული დასავლეთი პრაქტიკულად უკონტროლო გახდება.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here