დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს და შეიძლება ითქვას, რომ ამერიკაში მიგრანტებზე ნადირობის სეზონი დაიწყო. ისე ჩანს, მარტივად დანებებას არც მიგრანტები აპირებენ და ამერიკის დიდი ქალაქები აქციებმა მოიცვა. მოგეხსენებათ, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში აქციები ისე არ იმართება, როგორც ჩვენთან, ანუ იქ გაცილებით დამანგრეველია ეს ყველაფერი და პოლიცია კანონის სრული დაცვით მოქმედებს. ჰო, ჩვენთან სამართალდამცველები ხშირად ცდილობენ, ლმობიერები იყვნენ და ამის გამო სიცოცხლე საფრთხეში არაერთხელ ჩაუგდიათ, მაგრამ ოპოზიციასა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ეს არ მოსწონთ, გადამეტებულად თვლიან, ხოლო ამერიკელი სენატორები თუ კონგრესმენები ერთმანეთს ასწრებენ იმის თქმას, რომ ქართულმა პოლიციამ ძალას გადაამეტა. რა ხდება ამ დროს შტატებში? მოდი, კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ.
თუ გახსოვთ, საქართველოში მზია ამაღლობელი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს სილა გააწნა. რაც მთავარია, დაკავება იყო კორექტული, ანუ სამართალდამცავმა არ უპასუხა აგრესიით, უბრალოდ, დააკავა. ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებზეც ასახულია, როგორ ურტყამს ქალი ლოს-ანჯელესელ პოლიციელს ზუსტად ისე, როგორც მზია ამაღლობელი. ამ დროს ქალს მიუახლოვდება მეორე პოლიციელი და ერთი დარტყმით ნოკაუტში ჩააგდებს, ქალი მიწაზე ეცემა, ითიშება… ძალოვანი კი ქალს ბორკილს ადებს. ანალოგიური რამ მოხდა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამშიც.
როგორც ამერიკული მედია წერს, სამართალდამცველის საქციელში განსაკუთრებული არაფერია, პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებაც ჰქონდაო. აღსანიშნავია, რომ დაკავებულ ქალს, სულ ცოტა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ კადრებს ნახავდნენ როგორც ქართული ოპოზიცია, ისე მზია ამაღლობელის მხარდამჭერნიც, ნახავდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც, ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები და გსმენიათ, რომ ეს გააპროტესტეს, აქციები გამართეს, იმ მოძალადე დედაკაცის გათავისუფლების მოთხოვნით? არა, და იცით, რატომ? პოლიციელმა კანონის სრული დაცვით იმოქმედა და ეს არის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი. თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს და გამოდის, რომ დასავლელების აზრით, ის, რისი უფლებაც აქვს ამერიკელ პოლიციელს, აკრძალულია ქართველისთვის. ანალოგიური რამ და უარესიც ხდება ხოლმე ევროპის ქალაქებში, მაგრამ სამართალდამცველთა ქმედებას გადაჭარბებულს არავინ უწოდებს, რაც მთავარია, არავინ მოიხსენიებს დაკავებულებს სინდისის პატიმრებად და არ მოითხოვენ მათ უპირობო გათავისუფლებას. დასავლელი ელჩები ამაღლობელის გათავისულებას კატეგორიულად მოითხოვდნენ, ზუსტად ისე, როგორც ახლა მოითხოვენ ნიკა მელიას, ირაკლი ორქუაშვილის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, აქაოდა, პოლიტიკურ ოპონენტებს ნუ დევნითო. კი, მაგრამ, თუ პოლიტიკური ოპონენტი კანონს არღვევს, რატომ უნდა მიეტევოს საქართველოში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეტევოს დასავლეთში? აგერ მარინ ლე პენის მაგალითი, რომელიც ლამის დახვრიტეს და ხმა არავის ამოუღია, იმიტომ, რომ საფრანგეთის პროკურატურა ამტკიცებდა, ლე პენმა კანონი დაარღვიაო. არადა, ლე პენის დაკავება და ბრალის წაყენება ძალიან ჰგავდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, მაგრამ საფრანგეთსა და მაკრონს ვერაფერი გაუბედეს იმიტომ, რომ დიდი ქვეყანაა, იმიტომ, რომ ძლიერი ეკონომიკა აქვს, იმიტომ, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრია… ეს არის ორმაგი სტანდარტი და გამოცხადებული ომის ქრონიკა, ისეთი ომის, რომელშიც ტყვიებს ჯერჯერობით არ ისვრიან, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავთ საზოგადოება სროლამდე. სწორედ ამაღლობელის და იმ კანონდამრღვევი პოლიტიკოსების გათავისუფლების შემდეგ სურს დასავლეთს საქართველოში დაძაბულობის ესკალაცია, რათა როგორმე ხელისუფლება შეცვალოს და შემდეგ ერთი ნაბიჯიღა იქნება მეორე ფრონტის გახსნამდე; იმ ფრონტის, რომელშიც გადარჩენის შანსი არ გვექნება; იმ ფრონტის, რომლის გახსნის შემთხვევაში მოხდება ის, რასაც ბიძინა ივანიშვილს დასავლელი „მეგობრები“ ეუბნებოდნენ: 3 მილიონ ადამიანს ერთ დღეში ვერ გაწყვეტს მტერი და მერე პარტიზანულ ბრძოლებზე გადახვალთ, ტყეებში გაიხიზნებითო.

უკრაინაში ბევრია დაღუპულთა ხეივანი, იქ ომში დაცემული ახალგაზრდები წვანან, ის ბიჭები, რომლებიც ქუჩებში დაიჭირეს, ხელში იარაღი მისცეს და წინა ხაზზე საზარბაზნე ხორცად გაუშვეს. ის, რომ უკრაინის ტელევიზია და დასავლური წყაროები ამას არ ახმაურებენ, არ ნიშნავს, რომ არავინ არაფერი იცის. რამდენიმეჯერ დასწია ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასაწვევთა ასაკი და ახლა ფრონტის წინა ხაზზე 18 წლის ბიჭებს ერეკებიან, ცოცხალი ძალა აღარ დარჩა უკრაინას, დასავლეთს კი არ სურს, ასეთ ომში თავისი ჯარი ჩართოს. ტყუპი ძმა დაბადების დღიდან (18 წლის გახდნენ) წაიყვანეს კომისარიატის წარმომადგენლებმა და სამ დღეში ფრონტის წინა ხაზზე ორივე მოკლეს, ოჯახს კი მადლობის წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ეწერა, რომ ჯარისკაცები „გმირულად“ დაიღუპნენ. სინამდვილეში მათ ერთი ტყვიის გასროლაც ვერ მოასწრეს და, გმირულად კი არა, გაუგებრად დაიღუპნენ – არ იცოდნენ რისთვის და ვისთვის. სწორედ ამისთვის გვამზადებს დასავლეთი და მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში ისინი ორ რამეს გააკეთებენ: ჯერ შეშფოთდებიან, შემდეგ – აღშფოთდებიან. აგერ, გუშინ არ თქვა მაკრონმა, ირანისა და ისრაელის სამხედრო დაპირისპირებს გამო შეშფოთებული ვარო? ორივე მხარეს უკვე ასეულობით ადამიანია გარდაცვლილი, მაკრონმა კი შეშფოთება გამოთქვა, ვალი მოიხადა და მშვიდად დაიძინა თავისი მასწავლებლის გვერდით. ერთი ლირიკული გადახვევაც: ამას წინათ ესპანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ქართველები ჩვენთან მხოლოდ მოხუცების მოსავლელად ჩამოდიანო. თუ გგონიათ, მაკრონი სხვა რამეს აკეთებს, ძალიან ცდებით… ისევ საქართველოსა და ელჩების დამოკიდებულებას დავუბრუნდეთ. არ გამართულა არც ერთი პროცესი მზია ამაღლობელის მონაწილეობით, სასამართლოს დარბაზში რომელიმე უცხოელი დიპლომატი არ ყოფილიყო. არ ყოფილა შემთხვევა, რომ პროცესის შემდეგ საკუთარი მოსაზრება არ გამოეთქვა რომელიმე ევროპარლამენტარს და ეს ყველაფერი არ გაეპროტესტებინა ბებერ მელა ჯო უილსონს (ახლა არ თქვათ, მელას და ბებერს ნუ ეძახიო, რაც მაგან გვიძახა, მეტის ღირსია). არც ერთხელ არავის, არც თვითონ ბრალდებულს არ უთქვამს, რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რომ ეს ყველაფერი არ იყო სწორი, რომ კანონი დაარღვია. პირიქით – დიდ გულზეა და ამტკიცებს, სწორად მოვიქეცი და ჩემს ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავო. მაშინ რატომ დაინახა მთელმა მსოფლიომ იმ ემიგრანტი ქალის ქმედებაში დანაშაული და რატომ დაუკრეს ტაში პოლიციელს? რატომ არავინ ამოიღო ხმა იმ ცხენოსან პოლიციელებზე, რომლებიც ცხენდაცხენ იწევდნენ მომიტინგეებზე, გარდა იმისა, რომ ადამიანებს ცხენს ფლოქვებით ათელინებდნენ, მისთვის ხელჯოხის დარტყმასაც არ თაკილობდნენ? პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი გამოვიდა და განაცხადა, მომიტინგეები პიროტექნიკას ისროდნენ და სამართალდამცველთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდნენ, ყველას იდენტიფიცირებას მოვახდენთ და ყველას დავაპატიმრებთო. ჩვენთან კი პიროტექნიკის სროლა თურმე კარგი ყოფილა. მერე რა, რომ რამდენიმე ათეული ძალოვანი დაშავდა, დაიწვა, მხედველობის პრობლემა შეექმნა?! თურმე აქაურ დემონსტრანტებს ძალოვანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება აქვთ, ამერიკაში კი ეს კატეგორიულად აკრძალულია და, ვინც ამას ჩაიდენს, აუცილებლად პასუხისგებაში უნდა მისცენ და ხანგრძლივი დროით თავისუფლება აღუკვეთონ.

გვერწმუნეთ, დასავლელი „მეგობრები“ მორიგი აქციებისთვის ემზადებიან. უბრალოდ, ახლა ხალხი იმიტომ აღარ გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და არასამთავრობოებისთვის გადარიცხული ფულის კონტროლი დაიწყო, შეზღუდა, აკრძალა. შედეგად მივიღთ ის, რომ ამ ხალხის გვერდით ქუჩაში დგომა უფულოდ არავის სურს, მაგრამ წინასაარჩევნოდ დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის სახელით რამდენიმე მილიონი მაინც შემოვა და სწორედ ეს ფული მოხმარდება მორიგი აქციების ორგანიზებას. საბედნიეროდ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე ხვდება, რისთვის იდგნენ „პატრიოტები“ რუსთაველზე და რის ფასად იავარქმნეს დედაქალაქის მთავარი გამზირი. მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ დასავლელი „მეგობრები“ ყველანაირად ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას ერთადერთი მიზნით – ჰყავდეთ მორჩილი მთავრობა, რომელიც მათ ნებისმიერ წინადადებაზე უხმოდ, თავჩაღუნული იმოქმედებს და არაფერს გააპროტესტებს. საქართველო, როგორც არასდროს, ისეა ახლოს ნამდვილ დამოუკიდებლობასთან და ახლა გაირკვა, რომ ჩვენ მარწუხებიდან, რუსეთი კი არა, დასავლეთი არ გვიშვებს, არ გვანებებს დამოუკიდებლად არსებობას და აქ ათეული წლების განმავლობაში დახარჯული ფულის უქმად გადაყრა არ სურს.
ბესო ბარბაქაძე