“ფული არასოდეს ყოფილა უნგრეთისთვის პრიორიტეტი”, _ განაცხადა ვიშეგრადის ოთხეულის ონლაინშეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა Interia.pl–ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამასთანავე, უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ კარგია, როცა ფული გაქვს, მაგრამ არ შეიძლება, ყველაფერი ფულს დაუმორჩილო.
“ფული _ ეს ის არ არის, რისთვისაც ვიბრძვით, ჩვენთვის პრიორიტეტი არის ეროვნული სუვერენიტეტი. ჩვენ არ გვინდა, გვითითებდნენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. არ გვინდა, ათასობით მიგრანტი ჩამოვიდეს ჩვენთან. მეორე პრიორიტეტი არის ოჯახი. გენდერული საკითხები ჩვენი საქმე არ არის. მესამე პრიორიტეტია საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სამუშაოთი”, _ თქვა ორბანმა და დასძინა, რომ, თუ ევროკავშირი მიაახლოებს უნგრეთს ამ მიზნებთან, ქვეყანა მოხარული იქნება კავშირის წევრობით.
“ჩვენ (პოლონეთი და უნგრეთი) ჩვენს ადგილს ვხედავთ ევროკავშირში, ოღონდ ეროვნული სუვერენიტეტით. ასეთია ჩვენი მიდგომა”, _ ხაზი გაუსვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა.
პოლონეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს ევროკავშირის 7-წლიანი ბიუჯეტი და ამით გამოხატეს უთანხმოება ფინანსური სახსრების გამოყოფის დაკავშირებაზე კანონის უზენაესობის დაცვასთან.
პოლონეთი და უნგრეთი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი ერევა კავშირის წევრი ქვეყნების საშინაო საქმეებში და ცდილობს, თავს მოახვიოს ის ფასეულობები, რომლებიც მიუღებელია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.
iarex.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა