Home რუბრიკები პოლიტიკა არჩევა ვერ მოასწრო, უკვე დასაცინად გაგვიხადა საქმე

არჩევა ვერ მოასწრო, უკვე დასაცინად გაგვიხადა საქმე

ესაა მაგის დიპლომატობა? საერთაშორისო საქმეებში გამოცდილება?

4402
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ახლახან არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან მეგობრობის დრო ჯერ არ დამდგარა. ზურაბიშვილის სიტყვებზე 30 ნოემბერს კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა.

სენატორის აზრით, ზურაბიშვილი ტყუილუბრალოდ მიიჩნევს, რომ ამ დროის განსაზღვრა თბილისს შეუძლია.

რუსეთი აწყობს ურთიერთობების ახალ სისტემას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან და საქართველო ასეთი ხელმძღვანელობით პრიორიტეტი, ალბათ, ვერ გახდება”, _ დაწერა პუშკოვმა სოციალურ ქსელში.

უფრო ადრე საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის მზად არ არის მოსკოვთან თანამშრომლობისთვის. მან აღნიშნა, რომ თბილისის დიალოგი რუსეთის ფედერაციის დედაქალაქთან “უნდა გაიმართოს საქართველოს პარტნიორების წინამძღოლობითა და მხარდაჭერით”.

ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით უკვე ქმნის კონფლიქტის პოტენციურ საშიშროებას, როცა სხვის კომპეტენციებში იჭრება. მკითხველსაც და მასაც შევახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების და მაშასადამე, რუსეთთან მეგობრობა-თანამშრომლობის საკითხის განსაზღვრა პარლამენტის პრეროგატივაა, ხოლო მისი რეალიზაცია _ აღმასრულებელი ხელისუფლების. ზურაბიშვილი არც ერთია და არც მეორე, მაგრამ ორივეს ფუნქციებს კი ითავსებს, ცდილობს, რომ შეითავსოს.

გარდა ამისა, ნიშანდობლივია თვით პუშკოვის სიტყვები, რომ რუსეთი ააწყობს ურთიერთობების ახალ სისტემას სხვა ქვეყნებთან. რატომ უნდა ზურაბიშვილს და კიდევ სხვებს ჩვენს მთავრობაში, რომ ამ სისტემის გარეთ დავრჩეთ? უფიქრიათ კი ამის კატასტროფულ შედეგებზე?

“იმ კონფიგურაციაში, რომელიც ახლაა, რუსეთის აგრესიული განწყობის გათვალისწინებით, შეუძლებელია რუსეთთან მარტოდ დარჩენა”.

“ამიტომაც ჩვენ უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან და ისინი ჩვენს გვერდით და ზურგს უკან უნდა იყვნენ. მომავალში დიალოგი უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ ეს მარტო არ უნდა გავაკეთოთ. ეს საერთო დიალოგის ნაწილი უნდა იყოს. თუ ეს მოხდება, ეს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ ჩვენი პოზიცია და შევათანხმოთ ის ევროპელ პარტნიორებთან. თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთთან დიალოგისკენ სვლას დაიწყებენ, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო განზე არ დატოვეს, რომ საქართველოს პრინციპები _ სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა ამ მოლაპარაკებების ნაწილია და საიმედოდ დაცული იქნება”, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა, არ მგონია, ჩვენ შეგვეძლოს პირდაპირ ახალ თანამშრომლობაზე გადასვლა”.

“იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ოკუპაციის ხაზზე, სადაც ხალხს იტაცებენ და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში გადმოდის; იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია, რომ ყველაფერი ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ახლა თანამშრომლობაზე გადავიდეთ”, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, “საქართველოს პროევროპული პოზიცია უკავია და იმ შემთხვევაში, თუ დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ, საქართველო განზე არ დარჩება”, _ განაცხადა ზურაბიშვილმა “ბი-ბი-სის” რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თუ სხვისი წინამძღოლობა სჭირდება ზურაბიშვილს, თვითონ რისი მაქნისი პრეზიდენტია?! ან, კიდევ, თუ სხვის ზურგს ეფარება, მასთან რატომღა ილაპარაკებენ?

ქალბატონი ზურაბიშვილი ან ბრმა და ყრუა, ან ჩვენ ვგონივართ ასეთები. კიდევ ვინ, რამდენჯერ, რა ენაზე უნდა გვითხრას, რომ ჩვენი გულისთვის რუსეთთან კონფლიქტში არ ჩაერთვება? თავისი სამშობლოს პრეზიდენტის _ მაკრონის ნათქვამიც ვერ გაიგო, სანქტ-პეტერბურგში რომ უთხრა ვლადიმერ პუტინს: “საფრანგეთი აღიარებს რუსეთის განსაკუთრებული ინტერესების ზონას იმ საზღვრებში, რომლებსაც თვითონ რუსეთი დააწესებს”? ჩვენი თუ არ ესმის, ანგელა მერკელისაც ვერ გაიგო, რომელიც უკვე პირდაპირი ტექსტით ამბობს, რომ ეროვნული სუვერენიტეტი ანაქრონიზმია და ნაციონალურმა სახელმწიფოებმა ყველა უფლებამოსილება ევროკავშირს უნდა გადასცენ? ამ ქალბატონს, ჩანს, არ ესმის ანბანური ჭეშმარიტება _ ქვეყნები, რომლებსაც ის საამებლად “ჩვენს ევროპელ პარტნიორებს” უწოდებს, ღრმა კრიზისში არიან და მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორმე სხვის ხარჯზე მოაგვარონ საკუთარი პრობლემები, მათ შორის _ ჩვენი სახელით ივაჭრონ რუსეთთან და ბოლოს ჩვენ იმპერატიულად მოგვთხოვენ მათთვის და მხოლოდ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების შესრულებას. ადრე ვთქვით ჩვენს გაზეთში რამდენჯერმე და კიდევ გავიმეორებთ: გახმაურებული ფაქტია, როგორ ევაჭრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რაღაც თემაზე და სანაცვლოდ როგორ ჰპირდებოდა: საქართველოში რამე არ გინდათ? ბრაიზას დავავალებ და ყველაფერს გააკეთებინებს ქართველებს.

აი კიდევ ერთი ამონარიდი “ბი-ბი-სი”-სთვის მიცემული ინტერვიუდან:

ქართველი ხალხი ხედავს, რომ უსაფრთხოების იმ დონეს, რომელსაც ნატო უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ნატოში ინტეგრაციის დაპირებებისგან დაიღალა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: “არა, ასე არ არის. თუმცა არა ნატოსგან, მაგრამ საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ამის კონკრეტულ შედეგებს ყოველდღიურობაში ვხედავთ. ქართველმა ხალხმა იცის, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრები არ ვართ, უსაფრთხოების იმ დონეს, რომლის უზრუნველყოფა ნატოს შეუძლია, ალტერნატივა არ აქვს”, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ქართველ ხალხს იმ აზრისკენ უბიძგებს, რომ უფრო მეტი ნატო გვჭირდება და არა ნაკლები. “ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეები იმ ევროპელებს მიეკუთვნებიან, ვინც ევროპით იმედგაცრუებულია. პირიქით, ისინი იმედოვნებენ, რომ უფრო დაუახლოვდებიან ევროპას”,_ დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

იქნებ აგვიხსნას ქალბატონმა ზურაბიშვილმა, სად ნახა ნატოს დამყარებული მშვიდობა და უსაფრთხოება _ იუგოსლავიაში? ლიბიაში? ავღანეთში? ერაყში? სირიაში? თუ სად? სადაც ნატომ ფეხი დაადგა, რომ იტყვიან, ბალახი აღარ ამოდის, სისხლისღვრა, ნგრევა, ქაოსი, შიმშილი, გაპარტახება და ათასი სხვა უბედურება ყველა იმ ქვეყნის თანამგზავრია, რომლებშიც ნატომ “დემოკრატია” დაამყარა. ეს უნდა ამ ქალს ჩვენთვის? და რატომ ჰგონია, რომ ქართველები სულელები ვართ და კარგის და ცუდის გარჩევა არ ვიცით? ვიზალიბერალიზაციის გარდა, ასოცირების ხელშეკრულების ერთ სიკეთეს მაინც თუ დაგვისახელებს? ევროპაში ტურისტად წასვლა კარგია, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ევროპელებმა საკუთარი სიკეთისთვის გააკეთეს და არა ჩვენთვის. როგორც ჩვენ გვიხარია, ბევრი ტურისტი რომ ჩამოდის საქართველოში და აქ ფულს ხარჯავს, იმავე მოტივით ხელმძღვანელობდნენ ევროჩინოვნიკები _ ცოტა იქნება თუ ბევრი, ქართველი ტურისტი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის წყაროა, მეტი არაფერი.

რაც შეეხება “რუსეთის აგრესიას” უკრაინაში: მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნის ლიდერი თავიდან ასაცილებელი კომენტარით შემოიფარგლა, რომ სასურველია, ინციდენტის დეტალური შესწავლა და შეფასებების მერე გაკეთება. ყველაზე პირდაპირი ანგელა მერკელი იყო, როცა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, ჭკვიანურად გაეანალიზებინა მომხდარი. დიპლომატიურიდან ყოფით ენაზე რომ ვთარგმნოთ, მერკელის ნათქვამი ასეთია: “თქვენ ცოტა ჭკვიანად იყავით!” იმიტომ, რომ ყველამ დაინახა, ეს იყო პოროშენკოს პროვოკაცია; ყველამ დაინახა, ზურაბიშვილმა _ ვერა. უფრო სწორად, დაინახა, მაგრამ პროვოკატორის მხარეს დგომა არჩია.

მოამზადა

ნოდარ გავაშელმა

5 COMMENTS

  1. მთლიანად ვეთანხმები ბ–ნ ნოდარს. გამოდის, რომ ზურაბიშვილი აპირებს იპრეზიდენტოს არა საქართველოს ინტერესების დაცვის, არამედ დასავლეთელი პარტნიორების მითითებების უსიტყვოდ შესრულებისათვის. გთხოვთ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ეს ნომერი ფოსტითაც გაუგზავნოთ და პირდაპირ ხელშიც გადასცეთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

    • სალომეს რომ ეთქვა ვიმეგობრებთ რუსეთთანო ხომ ატეხავდით ერთ ამბავს აი თუ არ არის რუსეთის აგენტიო? ადამიანო რუსეთი არის მტერი დ დიახ მარტო ვერ ვიქნებით მის წინააღმდეგ და ამიტომაც გვჭირდება სხვისი დახმარება, თუ არადა იმ მცოცავი ოკუპაციით ცოტა ხანში თბილისსაც მიიერთებს

  2. ქ-ნ სალომეს არაფერი არ ეშლება. სწორედ მან უკვე საინაუგურაციო სტყვაში აღნიშნა განდგომილ რეგიონების ხელისუფლებასთან და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობა. ისიც აქვს ნათქვამი, რომ ლავროვი სანაქებო დიპლომატია, რომ ვერ წარმოუდგენია საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის არსებობა. მაგრამ ამას ისეთი გნიასი მოჰყვებოდა ხოლმე ოპოზიციის და მათი აქტივისტების მხრიდან, რომ ამ თემაზე ლაპარაკი შეუძლებელი ხდებოდა. რა უნდა ქნას ქ-ნმა სალომემ, თუ ერთერთი პარტიის ლიდერი საჯაროდ აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი იმით იქნება კარგი, რომ იქ ამერიკის ბირთვული რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავი იდგომება და სოჩაში მყოფ პუტინს მოსვენებას დაუკარგავს? თუ იგივე ლიდერი დავით გარეჯში მიდის და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გასძახის, რომ ეს მიწა ჩვენია, თვითონ კი შუა აზიაში უნდა წავიდნენ, საიდნაც ძველად თქვენი წინაპრები მოვდნენო? ოპოზიცია საშუალებას არ აძლევს არც პრეზიდენტს და არც მთავრობას დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გაატარონ. კარგი იქნება, თუ ილიაჭავჭავაძის სიტყვებს გავიხსენებთ: “ძნელად, რომ იმათის მთავრობის კაცებს ჩვენის მთავრობის კაცებისგან ჭკუა ესწავლებოდეთ”. ქ-ნი სალომე სწორედ “იმათის მთავრობის ქალია” და კარგი იქნება თუ ვიდრე მას გავაკრიტიკებდეთ, დავფიქრდეთ ჩვენ თვითონ ხომ არ გვეშლება რამე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here