Home ახალი ამბები მსოფლიო არშემდგარი პროვოკაცია

არშემდგარი პროვოკაცია

266

უკრაინის ნომინალურმა ხელისუფლებამ კიდევ ერთი აჟიოტაჟის შექმნა სცადა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო. მათ ერთი ამბავი ატეხეს და უამრავი მიმართვა გაგზავნეს ყველგან და ყველასთან, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბა და ევროპა ჩერნობილზე უარესი კატასტროფის წინაშე დგას.

სინამდვილეში კი რა მოხდა: 4 მარტს რუსულმა საჯარისო დანაყოფებმა დაიკავეს ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელეტროსადგურის პერიმეტრი, განაიარაღეს უკრაინული დაცვა, პერსონალს მისცეს ხელშეუხებლობის გარანტიები და მოსთხოვეს, სადგურს გაეგრძელებინა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა. ასეც მოხდა, ატომურ ელექტროსადგურს მუშაობა არ შეუჩერებია. 4-დან 5 მარტის ღამეს უკრაინელი დივერსანტები შეიპარნენ სადგურის ტექნიკური მომსახურების შენობაში, რომელიც უსაფრთხოების ზონების გარეთ მდებარეობდა, და ცეცხლი გაუხსნეს რუსულ კონტიგენტს, რასაც, ბუნებრივია, საპასუხო სროლა მოჰყვა. სროლა მიმდინარეობდა ხელის ცეცხლსასროლი იარაღიდან და ტანკი ან არტილერია არც ერთ მხარეს არ გამოუყენებია. საგულისხმოა, რომ ეს ინციდენტი ტაქტიკური და, მით უმეტეს, სტრატეგიული თვალსაზრისით, არაფრის მომცემი არ იყო, სამაგიეროდ, მოხდა ისეთ ტერიტორიაზე, რომელსაც იღებდა სადგურის სამეთვალყურეო კამერები, მაშასადამე, გაჩნდა ატომურ სადგურზე, თუნდაც მის გარე ტერიტორიაზე, სროლის ვიდეოკადრები და გაჩნდა ფორმალური გარემოება რუსეთის დასადანაშაულებლად ატომურ ტერორიზმში _ ე.ი., საერთაშორისო არენაზე აჟიოტაჟის ასატეხად. ეს იყო უკრაინული მხარის ბანალური პროვოკაცია საინფორმაციო საბაბის შესაქმნელად.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ თებერვალში, რუსეთის სპეცოპერაციის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო ოფიციალური პროცედურები იმ საერთაშორისო შეთანხმებიდან გასასვლელად, რომლითაც უკრაინას უარი ჰქონდა ნათქვამი ბირთვულ იარაღზე. რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის, სერგეი ნარიშკინის, რამდენიმე დღისწინანდელი განცხადებით, რუსეთს აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ უკრაინა ფარულად ცდილობდა ბირთვული ბომბის შექმნას და ამაში მას ამერიკა ეხმარებოდა. ბირთვული იარაღის შესაქმნელად, ცხადია, ბირთვული ნივთიერებებია საჭირო, ასეთი ნივთიერებები კი ატომურ ელექტროსადგურებზეა ბევრი. პირდაპირ ბომბის გასაკეთებლად ატომური ელექტროსადგურის ნივთიერებები არ გამოდგება, მათი გადამუშავებაა საჭირო, მაგრამ ე.წ. ბინძური ბომბის შესაქმნელად მისწრებაა. “ბინძური” ბომბის გასაკეთებლად ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ნივთიერებიან ბომბს მიამაგრებენ ბირთვულ ნივთიერებიან კონტეინერს და აფეთქების შემდეგ ხდება აფეთქების ადგილის რადიაციული დაბინძურება, იქ არსებული ტექნიკა ხდება რადიაქტიური, თუნდაც ფიზიკურად არ დაზიანდეს, ე.ი., გამოსაყენებლად უვარგისი, ასეთი დაბინძურების ზონაში მოყოლილი ადამიანები იღებენ რადიაციულ დასხივებას და ავადდებიან ე.წ. სხივური დაავადებით, რომელიც აგრესიული ონკოლოგიური დაავადების მსგავსად მიმდინარეობს, გააჩნია დასხივების დონეს. უნდა ვიფიქროთ, რომ რუსულმა შენაერთებმა სწორედ ამიტომ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური (მანამდე _ ჩერნობილის ზონა), რომ უკრაინელ რადიკალებს ბირთვული მასალები არ ჩავარდნოდათ ხელში. რუსების ადვოკატობას არ ვიჩემებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ ვინმეს დადანაშაულება შეიძლება ბირთვულ ტერორიზმში, ეს სწორედ უკრაინული მხარეა.

მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ატომური ელეტროსადგურები ისე შენდება, რომ ატომური ბომბის ან რაიმე სპეციალურად საამისოდ შექმნილი ზემძლავრი ბომბის გარდა, მისი დაზიანება ჩვეულებრივი შეიარაღებით, გინდ ტანკის ჭურვი იყოს და გინდ საავიაციო ბომბი, შეუძლებელია. ეს გარემოება, ვინ ვინ, და რუსებმა სხვებზე უკეთ იციან. საკითხავია, რატომ უნდა სდომოდათ, მაგრამ რუსებს მართლაც რომ დაეპირებინათ ამ სადგურის აფეთქება, სხვა გზას მონახავდნენ. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ჯერ დაიკავო ატომური სადგური და მერე ბომბები დაუშინო, ფრიად ალოგიკურია. ამიტომ უკრაინის მიერ ატეხილ ამ აჟიოტაჟს საზღვარგარეთ ძალიან სკეპტიკურად მოეკიდნენ და საკუთრივ უკრაინული და, ალბათ, ქართული მედიის გარდა, მასზე ყურადღება არავის გაუმახვილებია, მაშინვე გამოიცნეს იაფფასიანი პროვოკაცია. მხოლოდ მოკლე განმარტებით შემოიფარგლნენ, რომ მოცემულ შემთხვევაში რადიაციულ საფრთხეს ვერ ხედავენ.

ამ საკითხზე მკითხველს ერთი ეპიზოდი გვინდა გავახსენოთ ჩვენი უახლოესი წარსულიდან: გემახსოვრებათ, 2008 წლის აგვისტოს მწარედ გასახსენებელ დღეებში ამერიკელებმა ქალისა და ბავშვის საფენები რომ გამოგვიგზავნეს ჰუმანიტარულ დახმარებად. ნუ ჩავთვლით მათ ცინიკოსებად. ასეთი ტვირთი იმიტომ გამოაგზავნეს, ევროპა-ამერიკაში ემისრებად გაგზავნილმა სააკაშვილის ქალებმა (ქალებმა იმიტომ, რომ ქალის მიერ მონაყოლი უბედურება ემოციურად უფრო შთამბეჭდავია და ემისრებად სწორედ ქალებს იყენებენ, ასეთი საჭიროება როცა დგას) დაარწმუნეს, რუსეთმა ისეთ დღეში ჩაგვაგდო, ისეთი ჰუმანიტარული კატასტროფა გვაქვს, საფენების გარეშეც კი დავრჩითო. სააკაშვილისტები, თავიანთი მოკლე ჭკუით, ცდილობდნენ დასავლეთი სამხედრო დაპირისპირებაში ჩაეთრიათ, მათთვის საამისო მიზეზი თუ საბაბი მიეცათ. მათ კი რეალისტურად შეაფასეს ვითარება და ჯარის ნაცვლად (ჯარის გამოგზავნას იმთავითვე არ აპირებდნენ, მარტო ჩვენს ხელისუფლებას არწმუნებდნენ) საფენები გამოგვიგზავნეს. მერე, როცა მიხვდნენ, რა სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და რა რეპუტაციული ზიანი მიაყენეს მათივე გამოზრდილმა შეგირდებმა (მათ გამოზარდეს პროვოკაციების ოსტატებად ჟვანია-სააკაშვილის პლეადა და გარემოცვა, აბა, არა?), ალბათ, ინანეს, მაგრამ დასკვნებიც გააკეთეს და ასეთ მყვირალა პროვოკაციებს მეტჯერ აღარ წამოგებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here