ნოდარ დუმბაძის გენიალური ნაწარმოები „თეთრი ბაირაღები“ ხომ გახსოვთ, გამომძიებელი რომ ეუბნება ზაზა ნაკაშიძეს, „ქართველებს ერთი უცნაური გამოთქმა გვაქვს: შემომაკვდა, შემომელახა, შემომეჭამა, შემომატყდა, შემომეხარჯა, შემომეფცქვნა, შემომეუპატიურა და ასე შემდეგ. ესე იგი, იმდენი ქნა, თავი შემომაკლაო, ეგრე არ არი? მე მოვკალიო, კი არ ვამბობთ, მოკლულს ვაბრალებთ, რომ მოვკალი, იმის ბრალიაო. ამის მოფიქრება არ გინდა?“
შესანიშნავი მწერლის ნაწარმოების ზემომოყვანილი მონაკვეთი მაშინ გაგვახსენდა, როცა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს მოვუსმინეთ. მოგეხსენებათ, ლევან ხაბეიშვილმა (მეტსახელად „ანიტა“), პაატა ბურჭულაძემ (მეტსახელად „ფიგარო“) და მურმან დუმბაძემ (მეტსახელად „მურმან ხმელი“) 4 ოქტომბერს ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა გამოგვიცხადეს. მეტიც, „მურმან ხმელმა“ ეს ყველაფერი ციფრებში ასახა და განაცხადა, თუ 4 ოქტომბერს რუსთაველზე 500 ათასი ადამიანი მოვა, ხელისუფლებას 1 საათში დავამხობთ, თუ ამის ნახევარი – მაშინ 4 საათი დაგვჭირდება, ხოლო თუ 100 ათასი, მაშინ რამდენიმე დღეო. მერე რა, რომ სახელმწიფო გადატრიალება კანონით ისჯება?! ეს ხალხი გაჰკივის, ამ ყველაფრის გაკეთებას მშვიდობიანად ვაპირებთო. ანუ, ხელისუფლება კი არ უნდა დაამხონ, შემოემხობათ და თან ხელისუფლებას დააბრალებენ, თვითონ კი წყლიდან მშრალი ამოვლენ.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ამ ყველაფერში მონაწილეობას არ აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ანიტამ“ განაცხადა, მზად ვარ სიკვდილისთვის, ბოლომდე მივდივარ ყველაფერზეო (ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის შტურმს აპირებს მომიტინგეებთან ერთად), დანარჩენებმა იფიქრეს, „ანიტას“ მართლა რომ გამოუვიდეს დამხობა, მერე მაგიდასთან აღარ დაგვსვამსო, ამიტომ დაადასტურეს, 4-ში რუსთაველზე ჩვენც ვიქნებით, ოღონდ მშვიდობიანადო, მაგრამ გულის სიღრმეში სჯერათ, რომ, საქმე საქმეზე როცა მიდგება, „ანიტას“, „ფიგაროსა“ და „ხმელს“ მარტივად გასწევენ განზე და წინა პლანზე თვითონ გამოვლენ.
ის, რომ ოპოზიცია 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებს, იცის ყველამ – ხელისუფლებით დაწყებული, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებით დამთავრებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ვერაფერს იზამენ, ლოგინში გადატრიალდნენ ან სადმე თავად დაემხონო, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს – ასე მარტივად არაფერი დასრულდება, რადგან, თუ ოპოზიცია ხალხთან ერთად შტურმზე გაიწევს, დაგვიჯერეთ, მხოლოდ წყლის ჭავლით მათი შეჩერება ურთულესი საქმე იქნება. რაც მთავარია, გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთი გადატრიალება-დამხობის მსურველთ აუცილებლად გაუმაგრებს ზურგს, თანაც საერთაშორისო დონეზე, არც მწვავე განცხადებების ნაკლებობა იქნება და ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, თითქოს მშვიდობიან მომიტინგეებს ხელისუფლება ცუდად ექცევა. ჩვენ სწორედ სახელისუფლო გუნდში ვიკითხეთ, რატომ არ ამბობენ უფრო ხმამაღლა და გარკვევით , რომ 4 ოქტომბრისთვის გამოცხადებული ე.წ. აქცია კრიმინალური ქრონიკაა და ამის გამო კონკრეტული ადამიანების დაკავება უკვე შეიძლება. იცით, რა გვიპასუხეს? ხმაური რომ ავტეხოთ, დასავლეთიც და ოპოზიციაც ჩათვლიან, რომ გვეშინია, ჩვენ კი არ გვეშინია და ამიტომ 4 ოქტომბერს მშვიდად დაველოდებითო. რა გამოდის? მე რომ ვიღაცამ მოკვლა დამიპიროს, ხმამაღლა რომ თქვას, უნდა მოვკლაო, ჩუმად უნდა ვიყო იმის დასამტკიცებლად, რომ არ მეშინია და, მოსაკლავად რომ მოვა, საკადრისი პასუხი გავცე? ცოტა არასერიოზული ხომ არ არის ეს ყველაფერი და ცოტა ზერელე მიდგომასთან და არაპროფესიონალიზმსა თუ არაკომპეტენტურობასთან ხომ არ გვაქვს საქმე? მოდი, ამ ყველაფერს მეორე მხრიდან შევხედოთ – ვიღაც რომ გამოვიდეს და დონალდ ტრამპს ან ემანუელ მაკრონს თარიღი დაუთქვას, ამ დღეს დამხობას გიპირებთო, რა მოხდება? გეტყვით, რაც მოხდება – განცხადების ავტორს მაშინვე დააკავებენ და მის დასაცავად ხმასაც არავინ ამოიღებს, მაგრამ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, ახლა „ანიტა“, „ფიგარო“ და „ხმელი“ რომ დააკავონ? ამას დასავლეთი თავისუფალი სიტყვის დევნად და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროვებად მონათლავს და ევროკავშირი თუ ევროკომისია რეზოლუციას რეზოლუციაზე მიიღებს. არადა ამ ადამიანებმა კრიმინალის ჩადენა ოფიციალურად დაადასტურეს და დღესაც არ უარყოფენ, რომ 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებენ… მშვიდობიანად.
სხვათა შორის, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი არ მალავს, რომ სახელმწიფო გადატრიალება თუ რევოლუცია სახელმწიფოს რამდენიმე წლით უკან დახევს და თითქოს ამ ყველაფერში მონაწილეობა არ სურთ, მაგრამ არც იმის წინააღმდეგნი არიან, რომ თუნდაც ამის ხარჯზე ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და მერე… მერე რაც იქნება, იქნება. სინამდვილეში დასავლეთი მიხვდა, რომ ამ ოპოზიციისგან არაფერი გამოვა და, თუ არა ძალისმიერი მეთოდი, ესენი არჩევნების მომგებნი არ არიან, აღარ გამოდის ქართველი ხალხის „დაბოლება“ და ამიტომ გადაწყვეტილია, გაიმეორონ იგივე, რაც 2003 წელს მოხდა – „ვარდების რევოლუციად“ მონათლული სახელმწიფო გადატრიალება.იმხანად ედუარდ შევარდნაძემ პოზიციები სავარაუდოდ ასაკის გამო დათმო, მოერიდა ისეთ დაპირისპირებას, რომელიც სისხლისღვრას გამოიწვევდა (ადრე, შესაძლოა, არც მორიდებოდა) და ერთი შეხედვით მშვიდად წავიდა, მაგრამ ახალი ხელისუფლება, „მშვიდობიანი რევოლუციით“ მოსული ხელისუფლება, ისეთი მონსტრი აღმოჩნდა, ძლივს მოვიშორეთ და ახლა იგივე მონსტრი, ოღონდ უფრო ჭკვიანი, უფრო გამოცდილი, უფრო დაუნდობელი და უფრო საშიში, კვლავ აპირებს ქვეყნის სათავეში მოსვლას და დასავლეთი ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ამიტომ არ გამოეხმაურა არავინ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განცხადებას, თითქოს არც გაუგონიათ, კულუარულად კი აქეზებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს და იმ აქციისთვის, რომელიც, მათი აზრით, გარდამტეხი უნდა იყოს, დაფინანსებასაც ჰპირდებიან.
ძალიან დიდი ნაბიჯებით მივდივართ მორიგი უბედურებისკენ და არაფერს ვაკეთებთ, უმოქმედოდ ვართ. თუ ოპოზიცია დამხობას მოახერხებს, ეს არ იქნება მხოლოდ კრიმინალი, ეს იქნება, საუკეთესო შემთხვევაში, ორი ათწლეულით უკან გადადგმული ნაბიჯი. თუ ვერ მოახერხებს, მაგრამ მცდელობა ექნება, სახელმწიფოს მოუწევს ყველა ბერკეტის გამოყენება და აუცილებლად ვიღაც დაშავდება, დაზიანდება. ხომ გახსოვთ, ოპოზიცია წინა აქციებისას გვამის (ან გვამების) აუცილებლობაზე რომ საუბრობდა? ახლა, როგორც არასდროს, ახლოსაა, ეს სურვილი აიხდინოს. რა მოხდება, დასავლეთმა ძალიან რომ მოინდომოს და ოპოზიციის რომელიმე ლიდერი შემთხვევით „გააგოროს“; არა, კი არ მოკლას, არამედ ვიღაცას „შემთხვევით შემოაკვდეს“, მერე რა ხდება, უფიქრია ვინმეს? ვიღაცამ რომ გაისროლა „კინოს სახლთან“ და შემდეგ სამოქალაქო ომი დაიწყო, აღარ გვახსოვს? სწორედ ასეთი საფრთხის წინაშე ვდგავართ ახლა და საოცარი არის ის, რომ ოპოზიციაც არხეინადაა, ხელისუფლებაც და ხალხიც თითქოს შეგუებულია – რაც მოხდება, მოხდესო.
როგორც გვეუბნებიან, 4 ოქტომბერს მხოლოდ პარლამენტში შესვლის მცდელობა არ იქნება. ოპოზიცია შეეცდება, ხალხის არც ისე მცირე რაოდენობა „ვივამედთან“ მიიყვანოს და იქიდან მიხეილ სააკაშვილის გატაცება სცადოს, რათა მიშა რუსთაველზე მიაბრძანონ და სწორედ მან უხელმძღვანელოს „რევოლუციას“. მიშას რომ აღარაფერი აწუხებს (არც არასდროს აწუხებდა), ყველამ იცის და ისიც ყველამ იცის, რომ სააკაშვილის „მოტაცების“ შემთხვევაში რუსთაველზე იმაზე მეტი ხალხი მივა, ვიდრე მის გარეშე. მიშამადიდებლები დღესაც არიან საქართველოში, ისინი, ვინც იმუქრება, ქუჩაში მაშინ გამოვალთ, როცა სააკაშვილს დავინახავთო. სწორედ მიშას დანახვებას შეეცდება 4-ში ოპოზიცია. მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოდან იმუქრება, ოპოზიციას აგულიანებს და ამბობს, რომ ეს ხელისუფლება ნებისმიერი ხერხით შესაცვლელია და, ნებისმიერ ხერხში რომ ყველაფერი იგულისხმება, თავადაც ხვდებით.
ისე, ხელისუფლების გაგვკვირვებია – რატომ იხდის სასჯელს სააკაშვილი საავადმყოფოში და არა ციხეში? ვისზე უკეთესია და რატომ სარგებლობს იმ პრივილეგიებით, რომლებითაც მის გარდა არ სარგებლობს არც ერთი პატიმარი? რა დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე ისეთი, რომ რეალურად სასჯელს კი არ იხდის, არამედ ისვენებს და აბსოლუტურად არაფერი აკლია, საკვებით დაწყებული, ვიზიტორებითა და „ნაშებით“ დამთავრებული. სწორედ 4 ოქტომბრამდეა მიშა გადასაყვანი პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან მისი გამოხსნა „ვივამედიდან“ უფრო მარტივი იქნება, ვიდრე საპყრობილიდან. ციხეზე შტურმს სხვა დატვირთვა ექნება. აი, ამაზე უნდა იფიქროს და ისაუბროს ხელისუფლებამ და არა იმაზე, რომელი ქვეყნის, რომელი სასტუმროს აივანზე მიიღო ნამზეური და რომელ დამცავ საშუალებებს იყენებდა…
ლევან გაბაშვილი