ევრაზიის ინსტიტუტის და პირადად ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანია პერიოდულ ხასიათს ატარებს. დაკვირვების ქვეშ ვართ როგორც ამჟამად არსებული პროდასავლური ხელისუფლების, ისე დასავლეთის აგენტურის მეორე შტოს, ე. წ. ოპოზიციის მხრიდან.
რაც შეეხება კონკრეტულად „აიფაქტს“, ამ უცხოეთიდან უხვად დაფინანსებულმა რესურსმა არაფერი არ გამოიძია, მან უბრალოდ მიიღო დასავლელი ჯაშუშების მიერ ერთ-ერთი, ერთი გარდაცვლილი რუსი დიპლომატის პირადი ელფოსტის გატეხვის შედეგად მოპარული დოკუმენტები, რომელთა ავთენტურობა დასამტკიცებელია და მე ასეთ ავთენტურობას არ და ვერ ვადასტურებ, რადგან ისინი ხელთ არ მაქვს.
„აიფაქტის“ ჟურნალისტს, ქალბატონ ნათია ასათიანს ინტერვიუ მივეცი ისე, რომ წინასწარ არ მქონდა ნანახი, რა დოკუმენტებზეა საუბარი. რამდენიმე ფაილი ჟურნალისტმა ინტერვიუს შემდეგ გამომიგზავნა. სხვა მასალები არ მიმიღია იმ მოტივით, რომ იქ სხვა პიროვნებების პირადი მონაცემებია. ამ მხრივ, საკითხავია, რამდენად კანონიერია „აიფაქტის“ მიერ ასეთი სენსიტიური ინფორმაციის ფლობა მაშინ, როდესაც ეს ინფორმაცია, როგორც თავადაც „აიფაქტი“ ადასტურებს ირიბად, „გამოჟონილია“ ანუ, უფრო სწორად, მოპარულია?
ელექტრონული ფოსტის ხელშეუხებლობა და მონაცემების დაცულობა ინტერნეტში ასახულია საერთაშორისო და საქართველოს კანონებში. აპელირება მოპარულ მასალაზე და იქ მოცემული ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება მიუღებელია. ევრაზიის ინსტიტუტი შეისწავლის იურიდიული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას, რადგან აშკარაა მცდელობა, რეპუტაციული ზიანი მიადგეს ორგანიზაციას და პირადად მე, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რაც ვთქვი „აიფაქტთან“ ინტერვიუში: რუსული სახელმწიფო ფონდის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილია ჩემი ავტორობით გამოსული ორი წიგნი და ეს ინფორმაცია თავად ამ წიგნებში მოიპოვება. ასევე მხარდაჭერილია ვებგვერდი დიდი სამამულო ომის შესახებ, სადაც დროდადრო ქვეყნდება მასალები, დაკავშირებული ამ ისტორიულ მოვლენასთან. სხვა მხრივ, არანაირი დაფინანსება ევრაზიის ინსტიტუტს არ მიუღია და ეს ინფორმაცია აქვთ კომპეტენტურ ორგანოებს.
გულბაათ რცხილაძე
– ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (2009 წლიდან) –