მასმედია იუწყება, რომ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი უარს ამბობს ევროსაბჭოს მოთხოვნის შესრულებაზეო.
“ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მიკერძოებით აფასებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს აზერბაიჯანში. ზოგიერთი ნეგატიური დასკვნა მზადდება არჩევნების ჩატარებამდე”, _ განაცხადა ალიევმა.
“ევროსაბჭოს ამგვარი დამოკიდებულების ბოლო გამოვლინება გამჟღავნდა რეზოლუციაში “აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების საქმის შესახებ”, რომელიც იყო შეთითხნილი და სიცრუეზე აგებული”, _ ირწმუნება პოლიტიკოსი.
ასეთი დოკუმენტის მიღება ალიევმა არჩევნებში უხეშ ჩარევად მიიჩნია. “ჩვენ უარვყოფთ ყველა ბრალდებას, რომლებიც ჩვენ მიმართ არის წამოყენებული და არ შევასრულებთ ეგრეთ წოდებულ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც მოგვთხოვეს”, _ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის რეზოლუციამ ბაქოს მოუწოდა, “საიმედოდ და სრულად” გადაწყვიტოს პოლიტპატიმართა პრობლემები. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის ეს დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია.