Home რუბრიკები ისტორია “ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და...

“ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს”

5160
საქართველოს მოამბე

შეუძლებელია, ადამიანთა ურთიერთობა დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო. სწორედ ამიტომ ამბობს ერის მამა: “ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს”.

ილია ჭავჭავაძემ წარმატებით გადალახა სიძნელეები და შეძლო თავისი ჟურნალისაქართველოს მოამბეახალი თაობის საზოგადოებრივპოლიტიკურ ორგანოდ გადაექცია. იგი მრავალ საშუალებას მიმართავდა აქტუალური თემების წინ წამოსაწევად. როგორც ჭეშმარიტი სამოციანელი, პუბლიცისტიკას ლიტერატურის ყველა ჟანრის, მეტიც, მეცნიერების ყველა დარგის ორგანულ ნაწილად თვლიდა.

ჟურნალის ამოცანების განსაზღვრისას, “საქართველოს მოამბის” რედაქტორს მეცნიერული ცოდნის პროპაგანდაც პუბლიცისტიკის ამოცანად მიაჩნდა. ეს თვალსაზრისი ილიამ კიდევ უფრო გააღრმავა ფელეტონში “სფირიდონისა და თადეოზის ბაასი”.

“უკანონოდ და უმიზნოდ არაფერი არც გაჩენილა, არც გაჩნდება, _ წერდა ის, _ ჩვენი აზრი მაგ კანონებისა და მიზეზების ცოდნიდამ შედგება. მაგ კანონებისა და მიზეზების ცნობაზედ ტრიალებს მეცნიერებაც, სწავლა და განათლება… ჩვენი ჟურნალის მოვალეობა ის გახლავთ, რომ ის აღხსნილი და გამოკვლეული კანონები და მიზეზნი… გვაცნობოს”.

ილიას თვალსაზრისი, რომელიც რუსული რევოლუციური დემოკრატიზმის სათავეებიდან მოედინება, სწორი თვალსაზრისია, _ მეცნიერული თეორია ამდიდრებს პუბლიცისტიკას, ხოლო პუბლიცისტიკა აცოცხლებს მეცნიერულ თეორიას.

ახალგაზრდა რედაქტორი მოურიდებელი და შეუპოვარი იყო ყოველთვის, როცა საქმე ეხებოდა ჟურნალის იდეურ მიმართულებას. იგი დაუცხრომლად იბრძოდა იმისათვის, რომ ჟურნალს ჰქონოდა თავისი სახე. მაგალითად კმარა თუნდაც ის ფაქტი, რომ ილია არ მოერიდა ისეთ პატივსაცემ პირსაც კი, როგორიც იყო სულხან ბარათაშვილი, რომელმაც ჟურნალს თავისი “საქართველოს ისტორიის” ხელნაწერი გადასცა და სხვა დახმარებაც აღუთქვა, მის ნაშრომს საკმაოდ მწვავე კრიტიკული შენიშვნა დაურთო.

ერთ-ერთ შენიშვნაში მკაცრად აკრიტიკებს, აგრეთვე, ზალცმანის შეხედულებას ბავშვის ზნეობრივი აღზრდის შესახებ.

კიდევ უფრო სასტიკია ილია თავისი მეგობრებისა და იდეური თანამებრძოლების მიმართ.

საქართველოს მოამბეშინათლად გამოჩნდა თანამედროვე ცხოვრება მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ამასთანავე, ეს ენციკლოპედიურობა ორგანულად შედუღებულია პრობლემათა მეცნიერულ გაშუქებასთან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ როგორც ფორმით, ისე შინაარსითსაქართველოს მოამბისპუბლიცისტიკა იდგა იმდროინდელი ევროპისა და რუსეთის მოწინავე პუბლიცისტიკის დონეზე, რომლის ისტორიასაც ამშვენებდნენ ვოლტერი და რუსო, დიდრო და ჰოლბახი, მარატი და სენჟუსტი, ჰაინე და ბაირონი, ვიქტორ ჰიუგორადიშჩევი და ბელინსკი, ჩერნიშევსკი და დობროლიუბოვი, გოგოლი და გერცენიეს მოკლე სიაც გვიჩვენებს, რომ გამოჩენილი მწერლები, ამასთანავე, დიდი პუბლიცისტებიც იყვნენ.

ჟურნალმა მიზნად დაისახა საზოგადოების გონებრივი და ესთეტიკური განვითარება, მისი აღზრდა, ცხოვრების ნაკლოვანებათა გამოკვლევა და გამომზეურება, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ამხედრება _ ეს იყო ქართული პუბლიცისტიკის ახალი შინაარსი, ახალი იდეები და მათ განხორციელებას ახალი ლიტერატურული საშუალებები, ახალი ფორმა ესაჭიროებოდა.

…მკითხველი მოუმზადებელი იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე სერიოზული წერილებისთვის, უფრო გასართობ მასალას ეტანებოდა. ამ გარემოებამ გარკვეული დაღი დაასვა “საქართველოს მოამბის” პუბლიცისტიკას, მაგრამ აქვე უნდა დავძინოთ, რომ იაფი პოპულარობის მოსახვეჭად, ჩამორჩენილ მკითხველთან საპირფეროდ “საქართველოს მოამბის” პუბლიცისტები მათ დონემდე არასოდეს დაშვებულან (როგორც ამას “ცისკარი” სჩადიოდა) და ყოველთვის ცდილობდნენ, თვით მკითხველი აემაღლებინათ, მისი გონება და გემოვნება განევითარებიათ.

მიზანს კი ჟურნალი აღწევდა აქტუალური თემატიკით.

ასე გგონია, ეს ადამიანები საკუთარი სისხლით წერდნენ. ამ სახით ვლინდება ჟურნალის პუბლიცისტიკის მებრძოლი სული, შემტევი იდეურობა და ღრმა პატრიოტიზმი. გონებაგაღვიძებულ მკითხველს ატყვევებდა აზრის სინათლე, ხატოვანი ენა, პროპაგანდისტის დაჯერებული მანერა. სწორედ ეს გვაძლევს საბუთს, ვთქვათ, რომსაქართველოს მოამბისპუბლიცისტიკისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ შინაარსის ღრმა იდეურობა, არამედ მასთან ორგანულად შერწყმული ნოვატორული ფორმა, მაღალი პუბლიცისტური ოსტატობა” (ალექსანდრე კალანდაძე, “გვაქვს საგანძური”, თბილისი, 1986).

როგორც ვიცით, ილია ყმის მიწიანად განთავისუფლებას მოითხოვდა; ცნობილია ისიც, რომ ამის გამო მას სიკვდილით ემუქრებოდნენ რეაქციონერი მემამულეები, ამიტომ ახალგაზრდა რედაქტორს თანამოაზრეთა შეიარაღებული ჯგუფი იცავდა. მაგრამ მემამულეთა წრიდანაც კი ილიას თითოოროლა თანამგრძნობიც გამოსჩენია. “ბატონყმობის ფაქტიურ მასალებშიაღდგენილია რევაზ ვაჩნაძის მგზნებარე სიტყვა თავადაზნაურთა კრებაზე, იგი კატეგორიულად მოითხოვს ყმის მიწიანად განთავისუფლებას: თუ ხელისუფლება უარს იტყვის, ჩვენ, მემამულეებმა, უსასყიდლოდ დავურიგოთ ყმებს კუთვნილი მიწებიო.

ჩაგვრისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის პათოსითაა შთაგონებული ამ ჟურნალის მთელი პუბლიცისტიკა. ეს პათოსი უდევს საფუძვლად ილია ჭავჭავაძის საპროგრამო წერილს “საქართველოს მოამბეზედ”.

ილია ჭავჭავაძის აღნიშნული სტატიის სოციოლოგიური და ფილოსოფიური შეხედულებანი მაშინდელი სოციალური უსამართლობის უარყოფას წარმოადგენდა. ეს შეხედულებანი ხალხის სულისკვეთების გამოხატულება იყო.

ილია ჭავჭავაძე მკითხველს ჰპირდება: “ჩვენიმოამბე”… დაუნდობლად გამოჰფენს ჩვენის ცხოვრების ჭუჭყსაცაო”. “ცხოვრების ჭუჭყშირედაქტორი, რა თქმა უნდა, სოციალურ უსამართლობას და, პირველ რიგში, ბატონყმობას გულისხმობდა.

“საქართველოს მოამბემ” დაგმო ძველი ბატონყმური დამოკიდებულება, გრძნობით შეხედა გლეხის დაჩაგრულ ბედს და ესევე გრძნობა გადაიტანა სამშობლოზედაც”.

პუბლიცისტური ლირიკის შესანიშნავი მაგალითებია ილია ჭავჭავაძის ლექსები: “ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში”, “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული”, “მუშა”, “პოეტი”, “გუთნის დედა”… პუბლიცისტიზმის კვალი ატყვია “კაცია ადამიანს”, “გლახის ნაამბობს” და ა.შ.

საქართველოს მოამბემახალ მიმართულებას მისცა დასაბამი, ეროვნული და სოციალური განთავისუფლების საკითხები აქ მჭიდროდ გადაეკვანძა ერთმანეთს და ოცნებისა და თეორიული განსჯის სფეროდან აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და პრაქტიკული მოქმედების სარბიელზე გამოვიდა.

“საქართველოს მოამბე”, უწინარეს ყოვლისა, ფართო პატრიოტულ პროპაგანდას ეწეოდა, ამხელდა სოციალურ და ზნეობრივ სიმახინჯეს, სულიერ დაცემას, გულგატეხილობას, რადგან ღრმად სწამდა, რომ ხალხის ზნეობრივი გადაგვარება მტერს გაუადვილებდა მის დამონებასა და დაბეჩავებას.

“საქართველოს მოამბის” პუბლიცისტებმა გადაჭრით დასვეს ქართველი ხალხის ნაციონალური ბედ-იღბლისა და ეროვნული დამოუკიდებლობის საკითხი. მათ არასოდეს საეჭვოდ არ გაუხდიათ საქართველოს რუსეთთან შეერთების პროგრესული მნიშვნელობა. ისინი თავს ესხმოდნენ მხოლოდ ცარიზმს, რომელმაც ფიცშეკრული ქვეყანა კოლონიად გადააქცია.

1863 წლის ნოემბრის ნომერში ილია აღნიშნავდა: “არც ერთი ჩვენი შინაგანი ცხოვრების გამოჩინება, არც ერთი თითქმის ფაქტი, არც ერთი საქმე, რომელიც ყველას თვალწინ გვიტრიალებდა, რომელიც ყოველი ცოცხალი კაცისათვის საინტერესოა, არამცთუ ვერ ახსნა ჩვენმა ჟურნალმა, არამედ ვერც კი გაბედა, რომ მიჰკარებოდა, _ თუმცა ზოგჯერ სცადა კიდეც, _ იმავე მიზეზით, რომ “დრონი მეფობენ”. ამის გამო ჩვენს ჟურნალს ფერი დააკლდა, “მოამბემ” შორიდან დაუწყო ტრიალი მას, რაც ახლოდან გასასინჯი იყო”.

1864 წლის იანვარში ჟურნალის ბედი თვით ილია ჭავჭავაძისთვისაც არ იყო ნათელი. იგი განაგრძობდა მასალების შეგროვებას, თანამშრომლებთან მიმოწერას, მკითხველთა მოზიდვას, მაგრამ აშკარა ხდებოდა, რომ პერსპექტივა უიმედო იყო.

ცნობილია, რომ ოლღა მხარში ამოუდგა ახალგაზრდა მეუღლეს და ისინი ერთად უძღვებოდნენ ჟურნალს. აგვისტომდე რედაქცია ივანე მუხრანსკის სახლში მუშაობდა, ხოლო, როცა რეაქციულმა ძალებმა “საქართველოს მოამბეს” ბოიკოტი გამოუცხადეს, იგი ოლღა გურამიშვილის მამიდის _ სიდონია ზაქარიას ასულ სავარსამიძის სახლში გადავიდა. ილიას “სახელმწიფო სამსახურში შესვლა”, “საქართველოს მოამბის” დახურვის მიზეზი კი არა, სამწუხარო შედეგი იყო. ცხადია, ჟურნალის გამოცემის ოდნავი შესაძლებლობაც რომ ჰქონოდა, ილია სახელმწიფო სამსახურში არ შევიდოდა.

ილიას მოსწრებული გამოთქმა რომ გავიმეოროთ, ჟურნალს “კედელი დახვდა წინ”. შექმნილ წინაღობებს ილია ჭავჭავაძე დაუძლეველ დაბრკოლებად თვლის, რომელთანაც “ყოველი ბრძოლა, მეცადინეობა და თავგამოდება უქმია. “დრონი მეფობენ” _ ნათქვამია. ჩვენც, ნებით თუ უნებლიეთ, გულზე ხელი უნდა დაგვეკრიფა”.

უეჭველია, “საქართველოს მოამბის” რედაქტორს მხედველობაში აქვს ის მიზეზები, რომელთაც ქვეყნის საერთო სოციალურ-პოლიტიკური ვითარება იწვევდა.

“საქართველოს მოამბე” საზოგადოებრივი ცხოვრების მოუმწიფებლობის შედეგად დაიხურა. “ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჟურნალი მარტო ერთის კაცის ნებით იბადება. არა, თვითონ ცხოვრებავე გვაჩვენებს ხოლმე იმის საჭიროებას. კაცი კი მხოლოდ მიხვდება ამ საჭიროებას და ჟურნალის გამოცემით პასუხს აძლევს. რაც ცხოვრება უფრო ძლიერია, უფრო ჯანიანია და ღონიერი, იმდენად მისი მოთხოვნილებანი და საჭიროებანი დიდნი არიან”, _ აღნიშნავდა ილია.

საქართველოს მოამბემმნიშვნელოვანი კვალი გაავლო ქართველი ხალხის ისტორიაში: წყვდიად ღამეში იგი შუქურასავით აენთო.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here