Home ახალი ამბები საქართველო საქართველო _ ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებისა და საომარ მოქმედებებში ჩაბმის საფრთხის წინაშე

საქართველო _ ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებისა და საომარ მოქმედებებში ჩაბმის საფრთხის წინაშე

რატომ არ აღკვეთს სახელმწიფო პროვოკაციებს?

224

რამდენიმე დღის წინათ მეგობართან ერთად რუსულნომრიანი ავტომობილით გადავაადგილდებოდი. ჩემმა მეგობარმა ფული რუსეთში იშოვა, 15 წელი ცხოვრობდა მოსკოვში და იქ დაგროვილი თანხით საქართველოში ბიზნესი წამოიწყო _ 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. შუქნიშანზე წითელი რომ აინთო, ავტომობილი გავაჩერეთ და გადასასვლელზე მიმავალმა ორმა ბიჭმა ჯერ მანქანის ნომერს შეხედა, შემდეგ ჩვენ და აყვირდა _ “პუტინ ხუილო”. მანქანა გადავაყენეთ, იმ ბიჭებთან მივედი და ახსნაგანმარტება ვთხოვე. ჯერ გაუკვირდათ, ქართველი რომ ვიყავი, მერე _ უი, ბოდიში, რუსები გვეგონეთო და… 16-17 წლის ბავშვები იყვნენ. ისიც ვუთხარი, ვიღაც სხვა რომ გადმოსულიყო მანქანიდან და მაგრად ეცემეთ, ხომ იქნებოდით ღირსი, რა დროს თქვენი პოლიტიკაა, წიგნი იკითხეთმეთქი. წავიდნენ, არ გვეგონა, ქართველები თუ იყავითო

საქართველოში რამდენიმე ათასი ავტომობილი დადის რუსული ნომრით და ამ ავტომობილების 95%-ს საქართველოს მოქალაქეები მართავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ათიდან, სულ ცოტა, ცხრა შემთხვევაში სწორედ თანამემამულეთა გინება მოუწევთ ტვინგაცხელებულ ახალგაზრდებს. მათი ტვინის გაცხელება და ასეთი დამოკიდებულება ყველაფერი რუსულისადმი ოპოზიციის დამსახურებაა. სწორედ ოპოზიცია გაჰყვირის 24 საათის განმავლობაში: ქვეყანაში რუსები არ უნდა შემოვუშვათ, ყველაფერ რუსულზე უარი უნდა ვთქვათ და შემდეგ, როცა დაიღლებიან, მუცელს რუსეთიდან შემოტანილი პურის ფქვილით გამომცხვარი პურით იყორავენ. რეალურად, ოპოზიციას არ აინტერესებს არაფერი, გარდა იმისა, რომ ნებისმიერი, ვიმეორებთ, ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ოპოზიცია სპეციალური კანონის შემოღებასაც ითხოვს, რომლის მიხედვითაც, საზღვარზე გადმოსვლისას რუსეთის მოქალაქეებმა ხელი უნდა მოაწერონ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ რუსეთი ოკუპანტია და ცუდი არ იქნება, თუ ტექსტის ბოლოს “პუტინ ხუილო” ეწერება და რუსები ამასაც ხელს მოაწერენ. ეს წინადადება დისკრიმინაციული კი არა, შეურაცხმყოფელია. რა თქმა უნდა, ოპოზიცია იმასაც ცდილობს, რომ მათი ინიციატივების შესახებ, უწინარესად, სწორედ რუსეთის ხელისუფლებამ შეიტყოს, რათა გაღიზიანდეს.

ისე, თუ აკვირდებით, მას შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკაში ნაციონალები გამოჩნდნენ, მათი მთავარი მიზანი სწორედ რუსეთის გაღიზიანება და სამხედრო კონფლიქტში ჩართვაა. ხელისუფლებაში ყოფნისას ეს გამოუვიდათ და ანალოგიურის გაკეთებას ცდილობენ ახლაცმით უმეტეს, ამჟამად პასუხისმგებლობაც არ დაეკისრებათ და უფრო მეტიც, ისინი ომის შემთხვევაში კატეგორიულად მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს და იტყვიან: 2008 წლის ომის შემდეგ მიშა ხომ გადადგაო? ჰო, ამას მას შემდეგ მოითხოვენ, როცა ევროპული ქვეყნებიდან დაბრუნდებიან, რადგან მათ ომი სურთ, ომში მონაწილეობა კი არა და ერთი ტყვიაც რომ გავარდეს, ქვეყანას, პირველ რიგში, სწორედ ისინი დატოვებენ.

ბოლო ათი დღის განმავლობაში საქართველოში რუსეთის არაერთი მოქალაქე ჩამოვიდა. ისინი ბინებს ქირაობენ და ცდილობენ, რთული პერიოდი საქართველოში გაატარონ, მათ ადამიაანურად ეშინიათ როგორც ეკონომიკური სანქციების, ისე იმის შესაძლებლობის, რომ ომში ნატოს ქვეყნები ჩაერთვებიან და რუსულ ქალაქებს დაბომბავენ. რაც მთავარია, მათ საქართველოში ჩამოესვლებათ, რადგან რუსეთის ბევრ დასახლებულ პუნქტში ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები, წლების განმავლობაში ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და სწორედ ქართველი მეგობრების წყალობით ჩამოდიან, მათ იმედად, მათი დახმარებით ქირაობენ ბინებს, დადიან მაღაზიებში, აფთიაქში, ქუჩაშიჰოდა, ვიღაცამ რომ შეურაცხყოფს, რომ აგინოს და პასუხი მიიღოს, არა პოლიტიკური, არამედ ადამიანური, მერე რა ხდება? მზად არის სახელმწიფო შემთხვევითი თუ ორგანიზებული პროვოკაციისგან თავის დასაცავად? ისიც ვთქვათ, რომ, რუსეთის გარდა, საქართველოში უკრაინის არაერთი მოქალაქე ჩამოვიდა და ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, როგორ აპირებენ ქართველები, რომლებსაც სურთ, რუსები ქუჩაში მხოლოდ და მხოლოდ ეროვნების გამო შეურაცხყონ, როგორ განასხვავებენ რუსსა და უკრაინელს, ეგ იგივეა, ქართველებში კახელისა და ქართლელის, სვანისა და მეგრელის, რაჭველისა და იმერელის გარჩევა რომ დაიწყო. ხომ გამორიცხულია, ერთი შეხედვით მიხვდე, ვინ ვინ არის?! გასულ კვირას, როდესაც ეთნიკური ნიშნით დაყოფისა და შეურაცხყოფის პირველი ნიშნები გახმაურდა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება კანონის გამკაცრებას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ სიტყვებია, საქმე კი წინ არ წასულა. არ გეგონოთ, მხოლოდ ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები წარმოადგენენ საფრთხეს. უფრო მეტს .. ოპოზიციური არხები აკეთებენ, რომლებიც ლამის ყოველ საათში უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებს რთავენ პირდაპირ ეთერში და აყოლებენ, როგორ გაანადგურეს ესა თუ ის შენაერთი, რამდენი რუსი ჯარისკაცი მოკლეს, როგორ ააფეთქეს მათი ტანკები და .. ისინი არ ასახელებენ ადგილს, სადაც იმ მომენტში იმყოფებიან და ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ როგორ გგონიათ, ამ ყველაფერს რუსეთი არ ისმენს? არ ესმის, რომ ქართველები უკრაინაში რუსებს ხოცავენ? და ამ დროს საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს. არ არის ეს გაღიზიანების პოლიტიკა და პროვოკაცია? რუსეთში მცხოვრები ქართველები რომ აიყვანონ რუსმა სამხედროებმა ტყვედ და ქართველ მებრძოლებს იარაღის დაყრა მოსთხოვოს უკრაინაში, მერე? აა, უფლება არ აქვს და ეს არასწორი საქციელი იქნება ხომ? და სხვის ომში რომ იბრძვიან ქართველები, რუს ჯარისკაცებს რომ კლავენ, ეგ სწორი საქციელია? და იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ რუსეთში დაბადებული და გაზრდილი არაერთი ქართველი, შესაძლოა, ახლა სწორედ ფრონტის წინა ხაზზე იყოს და მას ქართველის ნასროლი ტყვია მოხვდეს? ამით როგორ უნდა იცხოვროთ, ბატონებო? სხვის ომში ქართველი ქართველს რომ მოკლავს, არ შეგაწუხებთ სინდისი? არ დამიწყოთ ახლა, თუ რუსეთის მხარეს იბრძვის, მტერიაო. იქ დაბადებული ქართველისთვის რუსეთიც სამშობლოა და საქართველოც. სწორედ იმის გამო, რომ იქ დაიბადა, მისი მშობლები წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდნენ, იქ გაიზარდა, იქ მიიღო განათლება და იქ ისწავლა ყველაფერი, ვალდებულებაც უჩნდება, რომ ქვეყანა, რომელმაც მართლაც ყველაფერი მისცა, დაიცვას.

საინტერესო ის არის, ინციდენტებისგან ვინ გვიცავს? ჰო, ჩვენ, რიგით ადამიანებს, ვინ გვიცავს იმისგან, რომ ოპოზიციის აქტივისტები აქ მყოფ რუსეთის მოქალაქეებს არ შეურაცხყოფენ, ფიზიკურად არ გაუსწორდებიან, სულში არ ჩააფურთხებენ და ამის საფუძველზე რუსეთი არ იტყვის, რომ საქართველოში შევიწროებული თავისი მოქალაქეების დაცვას აპირებს?!

კეთილი, შევთანხმდეთ, რომ საქართველოში რუსეთიდან არც ერთი ადამიანი არ უნდა შემოვუშვათ, ოღნდ რუსეთი რომ მოგვაყენებს მილიონ ქართველს, მათი არა მხოლოდ მიღების, არამედ დასაქმების ერთი ადგილიც უნდა გვქონდეს. ჰო, დასაქმების, რადგან უცხო ქვეყანაში უმუშევარი არავინაა და, რა პარადოქსულიც უნდა იყოს, რუსეთში მყოფ სრულწლოვან ქართველთა 97%-ს სამსახური აქვს. აქ კი თაობები გადაეჩვივნენ მუშაობას, სამუშაო არ არის და იმიტომ, ბირჟაზე დგომა უფრო ადვილია და იმიტომ, რუსეთიდან ნათესავის, მშობლის, დის, ძმის გამოგზავნილი ფულით ლუდის ყიდვა უფრო ადვილია და იმიტომ…

საქართველოში როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მოქალაქეების შემოსვლის პროცესი გრძელდება. საინტერესო ის არის, რომ ორი მონათესავე ერი, რომლებიც დღეს ერთმანეთს ებრძვიან, უცხო, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე საქმის გარჩევას არ აპირებს, ამის შესახებ ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ. რუსები და უკრაინელები არ აპირებენ ერთმანეთის არც შეურაცხყოფას და არც საქმის გარჩევას. ჩვენ კი ვაპირებთ და არა მხოლოდ ვაპირებთ, არამედ ოპოზიციის ლიდერები ყოველდღე გვიანონსებენ, როგორ უნდა მოვექცეთ, როგორ უნდა ვაგინოთ, როგორ უნდა ვუქციოთ აქ ყოფნა ჯოჯოხეთად რუსეთიდან შემოსულებს. არადა, იმ ლიდერებმა ზუსტად იციან, რუსეთში მყოფი ქართველები, შესაძლოა, ამის გამო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. აქ ჩამოსული რუსების იქაურმა ნათესავებმა ზუსტად იგივე რომ გაუკეთონ ქართველებს, რა იქნება მერე? მერე იქნება ის, რაც ოპოზიციას ასე ძალიან უნდა _ ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივება და შანსი იმისა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაებას.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here