Home ახალი ამბები საქართველო რუსულ ბაზარს ცუდად ნუ ვეთამაშებით

რუსულ ბაზარს ცუდად ნუ ვეთამაშებით

გარდა იმისა, რომ პაპაშვილმა გლეხების შრომა უგულებელჰყო, რუს მომხმარებლებსაც მიაყენა შეურაცხყოფა

215

გემახსოვრებათ, ალბათ, 2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა ხმამაღლა და გამოთქმით რომ თქვა: რუსული ბაზარი ისეთია, ფეკალიებიც რომ შეიტანო, მაინც გაიყიდებაო. ამის შემდეგ რუსეთმა ემბარგო დაადო ქართულ პროდუქციას და ოქრუაშვილმა, რომელიც იმხანად თავდაცვის მინისტრი იყო, შემდეგი თქვა: “რაც შეეხება ქართული ღვინის აკრძალვას, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა რუსეთის ხელისუფლებას იმისათვის, რაც მან გააკეთა. ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ამ დაბალი სამომხმარებლო ბაზრიდან ჩვენ წვალებით, მაგრამ ნელნელა გადავალთ უფრო მაღალ სამომხმარებლო ბაზარზე _ მხედველობაში მაქვს დასავლეთი ევროპა, აღმოსავლეთი ევროპა და შეერთებული შტატები, თავისთავად. გაცილებით უფრო მეტად ხარისხიან ღვინოს გავაკეთებთ ამის მერე და უფრო მეტ შემოსავალს მივიღებთ ამითდა რუსეთში, თუ ძალიან გაბრაზდნენ ამ ჩემი განცხადების გამო, ქართული ღვინო რადგან აღარ უნდათ, დალიონ ცივი წყალი. რაც ასევე საკმაოდ უხარისხო მოდის მოსკოვში, შედარებით ქართულთან…” ჰოდა, მას შემდეგ ვეძებთ ქართული ღვინისთვის, წყლისთვის, ხილისთვის, ყურძნისთვის სხვა, მაღალი დონისა და გასავლიან ბაზარს, მაგრამ ვერ ვპოულობთ. რატომ? იმიტომ, რომ დასავლეთი საკუთარ ბაზარზე, უბრალოდ, არ გვიშვებს და გვეუბნება, რომ გაცილებით მაღალხარისხიანი ღვინო და წყალი აქვს.

რუსეთმა ორიოდე კვირის წინათ ქართული რძის ნაწარმისთვის გახსნა ბაზარი და ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა. საქართველოში რძის პროდუქტების ყველაზე დიდმა მწარმოებლებმა _ “სანტემ” და “სოფლის ნობათმა” ამ მიმართულებით ვაჭრობაზე უარი განაცხადეს. ამ ორ კომპანიას ნედლ რძეს, ძირითადად, “ყვარლის ბაგა” აწვდის, ფერმა, რომლის მფლობელია ყოფილი ბანკირი ლაშა პაპაშვილი. ჰოდა, ახლა პაპაშვილი გამოვიდა და დაახლოებით იგივე თქვა, რაც 2006 წელს ოქრუაშვილმა.

“მსოფლიოში რძის პროდუქტების მიწოდება ხარისხის მიხედვითაა დიფერენცირებული. ჩვენ თუ ევროპისკენ ვისწრაფვით, იქ დაბალი ხარისხის რძის პროდუქტების მიწოდება იკრძალება, ჩვენ ყველა მიმართულებით ვისწრაფვით ევროპისკენ და რატომღაც გვავიწყდება ისეთი რძის პროდუქტების წარმოება, რომელიც ზღუდავს ნებისმიერი დაბალი ხარისხის რძის წარმოებას გადასამუშავებლად. რუსეთის ბაზარს თუ სოფელში წარმოებული რძით ნაწარმოებ პროდუქტებს _ რძესა და ყველს, მიაწვდიან, ეს ჩვენთვის კარგი იქნება. ეს ყველაზე დაბალი ხარისხის რძეა. თუ მოვახერხეთ და ეს პროდუქტები სადმე გავიტანეთ, რუსეთი იქნება თუ სხვა ქვეყანა, ეს ჩვენი გლეხობისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის ყოველდღიური ცხოვრების გასაადვილებლად დიდი შეღავათი იქნება, რადგან რძის წარმოებაზე ხარჯი არ აქვთ, მწვანე ბალახს აჭმევენ და მთელი დღე გაშვებული ჰყავთ”, _ განაცხადა პაპაშვილმა.

არაფერს ვამბობთ პაპაშვილის ნათქვამზე, რომ თურმე გლეხებს ხარჯი არ აქვთ, განსაკუთრებით ახლა, როცა დაპრესილი თივის ერთი კუბის ღირებულება 20 ლარს გასცდა. გარდა იმისა, რომ ამით პაპაშვილმა გლეხების შრომა შეურაცხყო, რუს მომხმარებლებსაც მიაყენა შეურაცხყოფა. თანაც, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ყველანაირად ცდილობს, სოფლის მეურნეობის პროდუქტები (არა მხოლოდ რძის ნაწარმი) სწორედ გლეხებისგან შეიძინოს. რა გამოდის, მათ არ იციან, რომ გლეხებს ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქცია აქვთ და ყიდულობენ? თუ გლეხი, რომელიც ვერ ახერხებს, მოწველილი რძე შესაბამის კონტეინერში ჯერ გააგრილოს, შემდეგ სპეციალური ხსნარი ჩააწვეთოს, რომ არ აიჭრას, შემდეგ რაღაც მინარევები გაუკეთოს, ხანგრძილვად რომ შეინახოს, გვატყუებს და ახალმოწველილი რძის გაყიდვით ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს?!

არა, ბატონებო, პაპაშვილს სურდა რუსული ბაზარი როგორმე დაეკნინებინა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ ბაზარზე თვითონ ვერ შევა, ლიბერალური ფრთა არ აპატიებს და ამიტომ პრინციპით, ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევსო, გააკეთა განცხადება, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ.

რა ჰგონიათ ამ ადამიანებს, მათი სიტყვები მხოლოდ საქართველოში ისმის და რუსეთს ახლა პაპაშვილისა და მისნაირებისთვის არ სცალია? პაპაშვილის ამ განცხადების გამო არა მხოლოდ რძის, არამედ საქართველოდან ნებისმიერი სხვა პროდუქტის შეტანა რომ აიკრძალოს რუსეთში, ვისი ბრალი იქნება? რა თქმა უნდა, რუსეთის, რომელმაც შეურაცხყოფა ვერ აიტანა, ვერ გაიგო ის, რომ საქართველოდან თურმე ყველაზე დაბალი ხარისხის რძე უნდა მიიღოს და მადლობაც უნდა თქვას. სწორედ ლიბერალური ფრთა, უკვე 20 წელია, ცდილობს, რომ საქართველო როგორმე რუსულ ბაზარს ჩაეხსნას. ჩაეხსნას იმიტომ, რომ იმ მცირეზეც, რასაც ვაწარმოებთ, ხელი ავიღოთ და მთლიანად შემოტანილ პროდუქციას ჩამოვეკიდოთ. ეს ყბადაღებული, “განვითარებადი” ქვეყნის სტატუსი წარმოების განვითარების უფლებას არ გვაძლევს და, მცირემიწიანი და მცირებიუჯეტიანი ფერმერები რასაც ახერხებენ, ამის განადგურებაც სურთ.

ერთი წლის წინათ სად იყო პაპაშვილი, კახეთსა და გორში გლეხებს უმაღლესი ხარისხის ვაშლატამა და ატამი რომ ულპებოდათ, 40 თეთრად რომ იხვეწებოდნენ კილოს ჩაბარებას და შემდეგ, როცა რუსეთმა დაიწყო დიდი ოდენობით შესყიდვა, ერთ დღეში, ჰო, 24 საათში, ფასმა 40 თეთრიდან 4 ლარამდე აიწია? მაშინაც კი, .. ლიბერალურმა ტელევიზიებმა მონახეს ერთი (საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი) გლეხი, რომელმაც თქვა, ახლა კი კარგ ფასს იხდის რუსეთი, აი, გაისად რა იქნება, კაცმა არ იცისო. ანუ, 40 თეთრის ნაცვლად, ათჯერ ძვირად რომ გაყიდა იმ გლეხმა მოსავალი, მაინც უკმაყოფილო იყო

რასაც ახლა გეტყვით, ფანტასტიკის სფეროდანაა. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ რძის პროდუქტების წამყვან გადამამუშავებლებს ფასების ზრდა არ შეტყობოდათ, მაგრამ ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც მოსავლის აღების სეზონი ჯერ კიდევ არ არის, რადგან მარცვლეულის აღება ივნისში იწყება და ამ 3-4 თვეში მომხმარებელი რძის პროდუქტების მნიშვნელოვან, 15-20%-ით გაძვირებას უნდა ელოდოს. გასულ წელთან შედარებით ჩვენ ნედლი რძის ღირებულება 15%-ით გავზარდეთ, თუმცა ახლა რუსეთის ბაზრის დაკეტვის გამო, რომელიც ხორბლის ექსპორტის მთავარი წყაროა, რთულდება ხორბლის ექსპორტი და ავდრის გამო ტრანსპორტირებაც გართულებულია”, _ როგორ გგონიათ, ეს განცხადება ვინ გააკეთა და ვინ გაეტირა რუსულ ბაზარს? სწორია, ლაშა პაპაშვილი. პირველი განცხადებიდან მეორე დღეს მანვე მოაყოლა, _ უი, რა გვეშველება, ხორბალი ვეღარ შემოდის რუსეთიდან და პროდუქციას ვაძვირებთო.

ბატონო ლაშა, ევროპული ქვეყნები რას ამბობენ, სადაც ხარისხიანი რძე გაგაქვთ თურმე, არ გვაწვდიან ხორბალს? რა გამოდის _ რუსეთისგან ვიღებთ ხარისხიან ხორბალსა და სიმინდს, მისგან ნაწარმოები რძე კი უნდა გავიტანოთ ევროპაში და უხარისხო და ყველაზე დაბალი ხარისხის მივყიდოთ რუსებს?! სად არის ლოგიკა და სად არის ნამუსი? თუ თავი ყველაზე ჭკვიანი გვგონია და ვერ მიხვდება მეზობელი, რას ვაწვდით რეალურად და კარგსა და ცუდს ვერ გაარჩევს?

წლებია, რუსულ ბაზარს ცუდად ვეთამაშებით. წლებია, მოწოდებები კეთდება, რომ რუსეთში უხარისხო საქონელი უნდა გავიტანოთ, ხოლო ხარისხიანი _ ევროპის ქვეყნებში. მერე რა, რომ ჩვენი ხარისხიანი საქონელი ევროპის ქვეყნებს, უბრალოდ, არ სურთ, ათასგვარ ბარიერს აწესებენ და გასაგებად გვეუბნებიან, რომ იქ ჩვენი ადგილი არ არის. ამის ნათელი დასტური თუნდაც “ბორჯომის” გარშემო ატეხილი ისტერიკაა. ბორჯომი”, რომელიც საქართველოსთან ასოცირდება, ევროპული დახლებიდან ქრება, აქაოდა, რუსების ბიზნესიაო. არადა, თითოეული ბოთლი საქართველოში, ქართული წყლით იწარმოება, ქართველები არიან დასაქმებული, გადასახადები საქართველოს ბიუჯეტში შედის დაბორჯომისდახლებიდან გაქრობა სწორედ საქართველოს დაარტყამს.

 ჰო, ვარაუდი იმის შესახებ, რომ ხორბლის ალტერნატიულ ბაზარს მალე ვიპოვით, არ მართლდება და მალე კი არა, საერთოდ თუ ვიპოვით, საკითხავია. ხორბლის მოწოდებაც არავის სურს და, თუ შიმშილი დაიწყება, აღშფოთება-შეშფოთების გარდა, დასავლეთისგან ხელში სხვა არც არაფერი არ შეგვრჩება. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და, სანამ სხვის ბოსტანში ქვის სროლას დავიწყებთ, ის ვიფიქროთ, ეგებ ეს ქვა ჩვენსავე ბოსტანში, ცოტა მოფარებულში დავტოვოთ, თორემ ბეწვის ხიდზე სიარული ყოველთვის არ ამართლებს და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ყველაზე ვიწრო ადგილზე გაწყდეს.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ტიპიურ ლიბერასტულ ლადზეა ეს კაცი აწყობილი, ეტყობა და რას უნდა ელოდოს კაცი წესიერს ან საქმიანს მისგან?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here