Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ლაპარაკობს ამერიკის ელჩი საქართველოს ხელისუფლების ნაცვლად და უნდა მიიღოს თუ არა...

რატომ ლაპარაკობს ამერიკის ელჩი საქართველოს ხელისუფლების ნაცვლად და უნდა მიიღოს თუ არა რუსეთის მიწვევა საქართველოს მთავრობამ?

328

საქართველოს ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია უკვე მერამდენედ სთავაზობს ქართულ მხარეს დიალოგს, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე დღის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: “თუ საქართველოს არ სურსრუსეთის კარტის გათამაშებადასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად და უნდა ჩვენთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ”. ლავროვის განცხადებას, სანამ ოფიციალური თბილისი იტყოდა რამეს, ამერიკის ელჩი გამოეხმაურა: “ამ განცხადებას უნდა მოჰყვეს იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც რუსეთმა აღიარა 2008 წელს. მე არ მინახავს რაიმე ნაბიჯი ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ არსებობს ფრენების აკრძალვა და შეზღუდვები ბაზარზე. სანამ ქართველები არ დაინახავენ კონკრეტულ ნაბიჯს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, კრემლიდან წამოსული განცხადებები დიდ წონას არ ატარებს”. რატომ ლაპარაკობს ამერიკის ელჩი საქართველოს ხელისუფლების ნაცვლად და უნდა მიიღოს თუ არა რუსეთის ხელისუფლების მიწვევა საქართველოს მთავრობამ? _ ამ შეკითხვაზე პოლიტოლოგები და სამოქალაქო აქტივისტი გვიპასუხებენ.

ქართული მხარე ნამდვილად არ არის ქართული მხარე, რადგან სხვისი ენით საუბრობს _ ამერიკის ელჩი ყველაზე სწრაფად პასუხობს რუსეთიდან მომდინარე ნებისმიერ წინადადებას

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ რუსეთი უკვე მერამდენედ იჩენს საქართველოსთან დალაპარაკების ინიციატივას, მაგრამ ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან წამოვიდა გზავნილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია კი ნულია. რუსეთის სურვილი, დაელაპარაკოს საქართველოს, ნიშნავს ერთ რამეს: მათ არ სურთ, საქართველოს მიმართ მკვეთრი ნაბიჯები გადადგან. ისინი არ აპირებენ ურთიერთობის გამწვავებას ჩვენს ქვეყანასთან, არ სურთ დაძაბულობა, მათ სურთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. ძალიან საინტერესოა, რატომ აკეთებს ამას რუსეთი, რადგან საქართველოდან სულ ერთი და იგივე პასუხი ისმის…

ქართული მხარე ნამდვილად არ არის ქართული მხარე, რადგან ის სხვისი ენით ლაპარაკობს. ამერიკის ელჩი ყველაზე სწრაფად პასუხობს რუსეთიდან მომდინარე ნებისმიერ წინადადებას, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ თქვა და რომელი თანამდებობის პირმა.

ამერიკის ელჩი დეგნანი კომიკურად გამოიყურება, ის ძალიან პრიმიტიულ და არადიპლომატიურ პასუხებს იძლევა. დიპლომატიასთან საერთო რომ არაფერი აქვს, ისეთი ადამიანიც მიხვდება, რომ დეგნანი პროვოკატორობს. მის განცხადებებში იგრძნობა შფოთვა იმაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ყინული არ დაიძრას, ურთიერთობები არ დათბეს. ამერიკის პოლიტიკის ქვაკუთხედი კავკასიაში სწორედ ეს არის _ გათიშოს საქართველო და რუსეთი ერთმანეთისგან. იმ კონსტრუქციაში, რომელშიც, შესაძლოა, საქართველომ და რუსეთმა ერთმანეთთან დიალოგი აწარმოონ და დაახლოებას შეეცადონ, ამერიკა გავლენას დაკარგავს ჩვენს რეგიონში.

_ .. დასავლელი პარტნიორები ხშირად გვეუბნებიან, რომ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, აშკარად ხელს გვიშლიან. ამის მაგალითია ამერიკის ელჩის განცხადება, რომელიც დიალოგის გამართვაზე ლავროვის შემოთავაზებას მოჰყვა

_ დიახ, ამერიკელებს ხელს არ აძლევთ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარება, ისინი იქცევიან ამორალურად, თვალთმაქცობენ. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებიც არასერიოზულია, არასახელმწიფოებრივი და არაპატრიოტული. ქართველი პოლიტიკოსები ანტიქართულად იქცევიან.

_ და მაინც, ხომ არ იკვეთება კონტურები, რომ საქართველო რუსეთს დაელაპარაკოს? ქვეყნის პრემიერმინისტრი ბოლო ხანს, ასე ვთქვათ, თამამად იქცევა

_ ღარიბაშვილი იმას აკეთებს, რასაც ივანიშვილი ავალებს. ყველა მისი სიტყვა და ქმედება წინასაარჩევნო პოპულიზმია, რომელიც საქართველოს ძვირად დაუჯდება.

რუსეთთან დიალოგზე უარის თქმა აფხაზი და ოსი სეპარატისტების წისქვილზე ასხამს წყალს

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ ნებისმიერ შემთხვევასა და სიტუაციაში მომხრე ვარ დალაპარაკების. პოლიტიკოსებს, რომლებსაც უკავიათ პოზიცია _ ან ყველაფერი, ან არაფერი, განათლება არ აქვთ, არაფერი არ წაუკითხავთ და გაუგიათ. მათ ვურჩევ, წაიკითხონ რიშელიეს “პოლიტიკური ანდერძი”. უშედეგო მოლაპარაკებაც კი ჯობია გაბუტვას. ძალიან მაინტერესებს, რა სურთ რუსებს ჩვენგან, რატომ გვიხმობენ სალაპარაკოდ. წავიდნენ, დაელაპარაკონ, ამბავი ჩამოგვიტანონ და მერე ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ. დაელაპარაკონ რუსეთის ხელმძღვანელობას, იქნებ ბორდერიზაციის პრობლემა მაინც მოაგვარონ, აქედან მუშტების ქნევით რა გამოვა? ჩვენი პოლიტიკოსების ფეშენებელური სახლების ეზოებში რომ გააბან მავთულხლართები, მაშინაც ასე უმოქმედოდ ისხდებიან, მაშინაც არ წავლენ სალაპარაკოდ? _ წავლენ და მერე როგორ, ნებისმიერ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

_ ჩვენი მთავრობა ამერიკის ელჩის განცხადებებზეა დამოკიდებული

_ თუ ჩვენ იმის თავი გვაქვს, რომ სესხზე უარი ვთქვათ, მაშინ ძალიან მარტივია, კელი დეგნანს აუხსნან, რომ რუსეთთან დალაპარაკება აუცილებელია, რადგან უკვე ყველანაირი გზა გამოვიარეთ და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ასევე ჰკითხონ ელჩს: თვითონ ამერიკა თუ ელაპარაკება რუსეთს, ჩვენ რატომ არ უნდა დაველაპარაკოთ?!

რადგან რუსეთი ასე დაჟინებით ითხოვს ჩვენთან დიალოგს, გამოდის, რომ ჯერ კიდევ შენარჩუნებული გვაქვს სახე. შეხვედრას ითხოვენ ისინი და არა ჩვენ, ამიტომ ამით უნდა ვისარგებლოთ, აუცილებლად უნდა წავიდეს ვინმე ჭკვიანი ადამიანი და ამბავი მაინც ჩამოგვიტანოს. საქართველოს უმოქმედობა და რუსეთთან დიალოგზე უარის თქმა აფხაზი და ოსი სეპარატისტების წისქვილზე ასხამს წყალს. რადგან ომი არ შეგვიძლია, ამიტომ ავირჩიეთ გაბუტვა?

_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადებაზე, რომ მზად არიან, დაგველაპარაკონ, ქართველმა პოლიტიკოსებმა თქვეს: სანამ აფხაზეთსა და ოსეთს არ დააბრუნებს, ლაპარაკი შეუძლებელიაო

_ ასეთი საუბარი ულტიმატუმს ჰგავს, რაც დაუშვებელია. არავითარი ულტიმატუმი, არავითარი წინაპირობა, უნდა ადგნენ და ჩავიდნენ სალაპარაკოდ და გაიგონ, რა სურს რუსეთის მთავრობას. თუკი გვეტყვიან, დაივიწყეთ აფხაზეთი და ოსეთი, აღიარეთ მათი დამოუკიდებლობაო, მაშინ დავიხურავთ ყველანი ქუდს და შევაქცევთ ზურგს, სათქმელი გვექნება, _ ვცადეთ და არაფერი გამოვიდა-თქო, მაგრამ ჩვენ ხომ ამას არ ვაკეთებთ?! მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” მოვიდა ქვეყნის ხელისუფლების სათავეში, უკვე მერამდენედ გვეპატიჟებიან რუსეთში სალაპარაკოდ, მაგრამ ამაოდ… საინტერესოა, როგორ მოიქცევა საქართველო, თუ რუსეთი გადაწყვეტს, უკიდურეს ზომებს მიმართოს. მაგალითად, განაცხადოს, რომ საქართველოში კოვიდია და არ მიიღებს საქართველოდან ყურძენს; თქვას, რომ ყირიმის ღვინითაც იოლად გავა. რას იზამენ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები და რა პასუხს გასცემენ ქართველ გლეხებს?

ხისტი პოზიცია ცუდია, ულტიმატუმების დრო წავიდა, განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, რომლებსაც არაფრის თავი არ აქვთ. თუკი რომელიმე პროფესია ვერ იტანს დილეტანტებს, უპირველესად ეს არის დიპლომატია. დილეტანტი დიპლომატი ქვეყანას კარგავს.

გაცოფებული ვიყავი, როდესაც “პატრიოტები” ჩავიდნენ დსთ-ის კომიტეტში. შეიძლებოდა ისინი ჩასულიყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, დუმის წევრებთან, მაგრამ დსთ-ის კომიტეტში? _ ჩვენ ხომ დსთ-ის წევრიც არ ვართ. იქ ჩასვლით “პატრიოტებმა” ყალბი სიგნალები გაუშვეს და ძალიან ბევრი რამ გააფუჭეს; იმასაც ვერ მიღწიეს, რომ სოხუმში ჩატანილი ხატი უკან არ გამოეტანებინათ.

თუკი ქვეყანას ჰყავს ერთი ჭკვიანი ადამიანი მაინც, რუსეთში წასვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან ეს სახელმწიფოს სჭირდება. იქ ჩასვლა არ ნიშნავს რუსეთის უპირატესობის აღიარებას. შემოდგომაზე გაეროს გენერალური ასამბლეა იქნება, ძალიან კარგი შანსია, რომ სწორედ იქ მომზადდეს რუსეთ-საქართველოს შეხვედრის დეტალები. ეს ასამბლეა შეხვედრათა დარბაზია. ისარგებლონ ამ შემთხვევით, მოემზადონ, ჩარიონ დიპლომატები და უმაღლესი დონის შეხვედრა დაგეგმონ. სხვა გზა და გამოსავალი საქართველოს არ აქვს.

ამერიკის ელჩი მტრულად რომ განგვაწყობს რუსეთისადმი, საინტერესოა, როგორ აპირებს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას?!”

არდალიონ ხააძე, სამოქალაქო აქტივისტი:

_ რუსეთს რომ არ დაველაპარაკოთ, გამუდმებით წაგებული ვიქნებით. საუბრის გარეშე ვერ გავიგებთ, რა სურთ მათ და ვერც ისინი გაიგებენ, ჩვენ რა გვინდა.

ამერიკის ელჩი, ქალბატონი დეგნანი, მტრულად რომ განგვაწყობს რუსეთისადმი, საინტერესოა, როგორ აპირებს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას?!

წლებია, ამერიკა ვითომ პარტნიორად გვევლინება, მაგრამ ტერიტორიების დაბრუნებას ვინ ფიქრობს, მათი წყალობით, ეკონომიკაც არ გვაქვს. 30 წელიწადია, ამერიკა საქართველოში გზავნის ფულს, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ხმარდება _ აგიტაციას რუსეთის წინააღმდეგ. ფული არ იდება საქართველოს განვითარებაში, ის ხმარდება ქართველი პოლიტიკოსების გამდიდრებას.

სამი ადამიანი წავიდა რუსეთში და ვერაფერი ვერ ჩამოიტანა. ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთს შესთავაზეს სამმხრივი მოლაპარაკება _ საქართველო-რუსეთი-ნატო, რაც წარმოუდგენელი სისულელეა. საქართველო რუსეთს უნდა დაელაპარაკოს ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე. უნდა ჩავიდეთ და ვეცადოთ, აღვადგინოთ დიპლომატიაც, რკინიგზაც, გვირაბიცრუსეთის გარეშე საქართველო ვერ გაიმართება წელში, რუსეთის გარეშე ქართული ეკონომიკა დაღუპულია.

ულტიმატუმის ენით საუბარი რუსეთთან საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მეზობელ ქვეყანას და დავარწმუნოთ, რომ მტრები არ ვართ. რუსეთი არ დაგვიშლის ურთიერთობას ამერიკასთან, უბრალოდ, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ სამხედრო ალიანსებში არ გავერთიანდებით.

მივმართავ საქართველოს ხელმძღვანელობას: ჩადით რუსეთში, დაელაპარაკეთ ქვეყნის ხელმძღვანელებს, გახსენით საელჩო, დათბით და დატკბით, ეკონომიკა გააძლიერეთ და ამის შემდეგ აფხაზები და ოსები იქნებ თვითონ წამოვიდნენ ჩვენთან საურთიერთოდ. მშიერია ქართველი, სანაგვეში ვიქექებით და, როცა ასეა, ვის მოუნდება ჩვენთან თანაცხოვრება?! გამართონ დიალოგი რუსებთან და პირველივე ჯერზე არავითარ შემთხვევაში არ ახსენონ დაკარგული ტერიტორიები, რადგან, როდესაც ამაზე ლაპარაკობ, იარაღი დატენილი უნდა გქონდეს, ჩვენ კი იარაღიც არ გვაქვს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. მთლიანად ვიზიქრებ სტატიაში გამოთქმულ აზრებსა და წინადადებებს. ჩვენს ისტორიულ მეგობართან, ერთმორწმუნე რუსეთთან ძმური ურთიერთობების აღდგენის საქმეში ჯობს ჩავრთოთ საპატრიარქო ილია მეორის ხელმძღვანელობით, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა ქარველი ხალხი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here