Home ახალი ამბები საქართველო ომი ბოროტება, რომელიც ხალხს არ სჭირდება

ომი ბოროტება, რომელიც ხალხს არ სჭირდება

4254

ადამიანები პრეისტორიული დროიდან ომობენ და, ალბათ, ამ ხნიდანვე კამათობენ ომის ავკარგიანობაზე. უკანასკნელი 5 ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოში 14,5 ათასი დიდი და პატარა ომი მოხდა, მათი მსვლელობისას დაიღუპა, განადგურდა, ეპიდემიებითა და შიმშილით დაიხოცა 3,6 მილიარდი ადამიანი. დღეს ნებისმიერი ქვეყნის რიგით მოქალაქეს რომ ჰკითხოთ აზრი ომის შესახებ, გიპასუხებთ, რომ ომი ცუდია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ იგი თავიდან იქნას აცილებული, მაგრამ ამ თვალსაზრისს ყველა ხელისუფალი არც ადრე იზიარებდა და არც ახლა ითვალისწინებს, მათ ამბიციებსა თუ პირად შეხედულებებს ეწირება უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე, ილახება უამრავი ადამიანის უფლებები.

დღეს ომი მძვინვარებს უკრაინის მიწაზე და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ხალხმა აღარ იცის, რის გამო ისჯება, რისთვის უხოცავენ უმწეო მოხუცებს, ბავშვებსა და ქალებს, რისთვის წირავენ სიცოცხლეს ფრონტზე წასული ახალგაზრდები. ამ ადამიანებმა არ იციან, ვის დაუჯერონ, ვისი იწამონ, ბრალი ვის დადონ. იციან მხოლოდ ერთი რამ _ ომი საშინელებაა, ბოროტება, რომელიც აუცილებლად უნდა შეწყდეს!

წავიდა ურთიერთობების ხიშტით მოგვარების დრო, XXI საუკუნის ადამიანს სურს, მისი უფლებები და თავისუფლება დაცული იყოს საერთაშორისო კანონებით და ყველა პრობლემა სახელმწიფოებმა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ. ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა სულისშემძვრელი ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი მიმართავს როგორც რუს, ისე უკრაინელ ჯარისკაცებს, რომ დაყარონ იარაღი, უარი თქვან ერთმანეთის დახოცვაზე და ამ გზით აიძულონ ხელისუფალნი, პრობლემების მოგვარევის მშვიდობიან გზებზე იფიქრონ:

“მე ლაჩარი არ ვარ და დაე, მოისმინოს მთელმა მსოფლიომ, რასაც ახლა ვიტყვი: რომელი ქვეყნის პრეზიდენტმაც უნდა მიბრძანოს სხვა ქვეყნის მოქალაქეების დახოცვა, მე არასდროს შევასრულებ ამ ბრძანებას, რადგან მე ვცხოვრობ ჩემი პრინციპებით: პირველი _ ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება, ხელვყო სხვისი სიცოცხლე, მეორე _ არ მაქვს უფლება, გავაუბედურო ვინმეს დედა, მესამე _ არც ერთი მიწა არ ღირს ჩვენი მშობლების ცრემლებად, მეოთხე _ ჩემთვის არსებობს ერთადერთი ნაცია _ ეს არის ადამიანი, ჩემთვის არსებობს ერთადერთი სამშობლო _ ეს არის პლანეტა დედამიწა და, თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს სხვა რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტთან გასარკვევი აქვს რაიმე საკითხი, დაე, პირადად გაარკვიოს მასთან და ხალხს ამაში ნუ გარევს. მაგრამ, ნაცვლად ამისა, ის საკუთარი უკანალის გადასარჩენად ომში, სასაკლაოზე ჩვენ გვგზავნის, გვაიძულებს, ვიქცეთ მკვლელებად. მე კი არ მინდა, ვიქცე მკვლელად!

მინდა, ყველა ხელისუფალს შევახსენო ერთი ჭეშმარიტება: როცა თქვენ პრეზიდენტად აგირჩიეს, მაშინვე უნდა მიმხვდარიყავით და შემდგომშიაც არ უნდა დაგევიწყებინათ, რომ ჩვენ კი არ ვართ თქვენი მსახურნი, არამედ თქვენ ხართ ხალხის მსახურნი! ჩვენ კი არ უნდა გიცავდეთ ჩვენი სიცოცხლის ფასად, არამედ თქვენ უნდა წყვეტდეთ საკითხებს ჩვენი სიცოცხლისთვის საფრთხის შეუქმნელად! თქვენი მოვალეობაა ხალხის დაცვა და არა მათთვის ხელში იარაღის მიცემა!

თქვენ გავიწყდებათ, რომ ღმერთმა შექმნა ადამი და ევა, და არა იარაღი. მე არ ვიომებ იმიტომ, რომ გული სიძულვილით არ მაქვს სავსე…”.

“გამარჯვების მომტანი ომიც კი ბოროტებაა, რომელიც ხალხის სიბრძნით თავიდან უნდა იქნეს აცილებული” _ ეს ოტო ფონ ბისმარკის სიტყვებია. სოციალურ ქსელში გაჟღერებული მოწოდებაც, ალბათ, ხალხის სიბრძნის იმედად გაისმა. თანაც ისტორიამ არა ერთხელ დაამტკიცა, რომ “ომში გამარჯვებულები არ არსებობენ, იქ მხოლოდ დამარცხებულები არიან” (ჰორაციუსი).

ძმათამკვლელი ომი არც უკრაინას და არც რუსეთს კარგს არაფერს მოუტანს. როგორც ყველა ომი, ეს ომიც დასრულდება, მაგრამ დარჩება დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა და დადგება დრო, როდესაც ამ ხოცვა-ჟლეტის გამჩაღებლებს _ ყველას დამსახურებულად საკადრისი მიეზღვება. ახლა კი მთავარია, ომის ქარცეცხლი მსოფლიოს არ მოედოს, რისი მცდელობაც უკვე შესამჩნევია.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ორ ქვეყანას შორის ბრძოლამ მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოსო. არადა, მოლაპარაკებების გარეშე ომის დასრულება შეუძლებელია.

“რუსული ძალები მოვიდნენ ჩვენს გასანადგურებლად და დასამხობად. ჩვენ დავამტკიცეთ, ხალხისა და ჩვენი არმიის ღირსება, დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერი დარტყმით ვუპასუხოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ღირსება არ კმარა უდანაშაულოთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ასე რომ, ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ, თუ ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდება, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი”, _ განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი უკრაინაში ომის მიზნებზე საუბრისას, სახარებას იშველიებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

კრემლის ლიდერმა დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ტანჯვისა და გენოციდის არიდებაზე საუბრის დროს სწორედ წმინდა წერილის ციტატა მოიშველია:

“თავში მომდის სიტყვები წმინდა წერილიდან: არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე ის, როდესაც ვინმე სულს დათმობს თავისი მეგობრისთვის”.

მისივე თქმით, “ყირიმელები და სევასტოპოლელები მართებულად მოიქცნენ, როდესაც ნეონაცისტებსა და ნაციონალისტებს გზაზე ბარიერი შეუქმნეს”.

არსებობს ტერმინისამართლიანი ომი” _ უდანაშაულოთა დასაცავად, აგრესორთა წინააღმდეგ წარმოებული ომი, რომლის შედეგად სამართალი უნდა აღსრულდეს. პუტინის თქმით, უკრაინაში ომის მიზანი ადამიანებისთვის გენოციდის თავიდან არიდებაა; ზელენსკი კი აცხადებს, რომ უკანასკნელ უკრაინელამდე დაიცავს მშობლიურ მიწას აგრესორისგან.

და ვინ არის ამჯერად აგრესორი: ის, ვინც ომი დაიწყო, თუ ის, ვინც ომის დაწყების პროვოცირება მოახდინა? _ ეს ის შეკითხვაა, რომელზეც ყველაზე ზუსტ პასუხს იძლევა ერთი ქართული ანდაზა: მექოთნეს, საითაც უნდა, ქოთანს ყურს იქით გაუკეთებსო.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here