Home ახალი ამბები საქართველო ნონა გაფრინდაშვილი: დიახ, მე ვარ ქართველი, მთელი კარიერის განმავლობაში ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს...

ნონა გაფრინდაშვილი: დიახ, მე ვარ ქართველი, მთელი კარიერის განმავლობაში ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ

128

ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. საზოგადოდ, ცხოვრებაში და ასევე, სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე”, _ ეს მიმართვა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილმა, Netflixის წინააღმდეგ საქმის შესახებ გაავრცელა.

მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებასა და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. მთელი ცხოვრება ვგრძნობდი გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს. მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს, მგონი, მთელი სამყაროსთვის ცხადია. დიახ, მე ვარ _ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის განმავლობაში ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის. უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე”, _ განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა, გაეუქმებინა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის, მიერ შეტანილი სარჩელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here