Home ახალი ამბები საქართველო მამუკა კარტოზია: მომავალი თაობა გვეღუპება, უწიგნურები იზრდებიან. ახალგაზრდებს სულს ამოვაცლით, თუ ჰაგიოგრაფიას...

მამუკა კარტოზია: მომავალი თაობა გვეღუპება, უწიგნურები იზრდებიან. ახალგაზრდებს სულს ამოვაცლით, თუ ჰაგიოგრაფიას არ ვასწავლით

“სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს განათლებისა და კულტურის სფერო, არავის უნდა მისცეს თვითნებურად მოქმედების უფლება, უნდა დაადგინოს სასწავლო პროგრამა, წიგნები, რომლითაც ისწავლიან ბავშვები, და ეს სკოლებიდან უნდა დაიწყოს. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს სწავლა-განათლების პროცესი. პრიორიტეტი და ამოსავალი წერტილი უნდა იყოს პატრიოტიზმი”

681

30 წელიწადია,  საქართველოში მიმდინარეობს განათლების სისტემის რეფორმა. თანდათან მარტივდება სწავლება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ბოლო გადაწყვეტილებამ, სკოლაში საშინაო დავალება აღარ მისცენ ბავშვებს, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია; მანამდე კი უთხრეს, _ ვალდებულები არ ხართ, რაიმე დაიზეპიროთ, გინდ, ისწავლეთ, გინდ, არაო. რამდენიმე დღის წინათ განათლების მინისტრის მრჩეველმა გია მურღულიამ განაცხადა: სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები ამოვიღოთ და ბავშვებს თანამედროვე ლიტერატურა ვასწავლოთო…

საქართველოში განათლების სისტემის მძიმე მდგომარეობაზე ისტორიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:

_ განათლების სისტემა ინგრევა და ვითომ პროფესორები ხმას არ იღებენ, პასუხისმგებლობას თავის თავზე არავინ იღებს.

ცალ-ცალკე გამოყვეს განათლებისა და კულტურის სამინისტროები. არადა, ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს, იყოს განათლების სამინისტრო ცალკე სფერო, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი სახელმწიფო დაკვეთას ასრულებს, ბოლონიის პროცესის მიხედვით მოქმედებენ. ევროკავშირის მოთხოვნაა, განათლების სისტემაში განხორციელდეს ის ცვლილებები, რომელთა მოწმენიც დროდადრო ვხდებით. ახლა აპირებენ, ბაკალავრიატის კურსი შეამცირონ; სურთ, სამ წლამდე დაიყვანონ, საპილოტე პროგრამა უკვე აამოქმედეს…

საქართველომ ორიენტაცია აიღო ევროკავშირზე, ამიტომ იძულებულნი ვართ და ვალდებულნიც, მის თარგს მოვერგოთ. ევროკავშირისკენ სწრაფვა და მათი დათქმები უარესსაც მოგვიტანს, ვიდრე განათლების მოსპობაა. ბევრს საუბრობენ ვინმე მურღულიაზე, რომელიც განათლების მინისტრის მრჩეველია, მაგრამ მურღულია იმას ამბობს, რასაც უკვეთენ. მურღულიაზე უარესი ილაპარაკა ვიღაც ქალმა, გვარად ცხადაძემ, რომელმაც განაცხადა, _ ჰაგიოგრაფიას გამოვაცალოთ რელიგიური მოტივი და ისე ვასწავლოთ ბავშვებსო. ჰაგიორგაფია ქრისტიანობისთვის ნაწამები ადამიანების ცხოვრებაა, თუ მას რელიგიური კონტექსტი გამოვაცალეთ, მაშ, რა უნდა ვასწავლოთ?!

მომავალი თაობა გვეღუპება, უწიგნურები იზრდებიან. ახალგაზრდებს სულს ამოვაცლით, თუკი ჰაგიოგრაფიას და ქრისტიანობისთვის წამებულთა ცხოვრებას არ ვასწავლით. სკოლაში უწინ ჭადრაკსაც ასწავლიდნენ, იმ გიჟმა სააკაშვილმა ქართული ცეკვის სწავლებაც დაიწყო, რაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ მერე ყველაფერი ერთბაშად გააქრეს. ქართული ცეკვა ჩვენი ისტორიაა, კულტურაა, ჩვენი იდენტობაა და ეს ბავშვებმა უნდა იცოდნენ.

_ ბევრს საუბრობდნენ მთავრობაში არსებულ კორუფციაზე, დილეტანტიზმზე, არაპროფესიონალიზმზე და იყო მოლოდინი, რომ პრემიერის შეცვლის შემდეგ ბევრი მინისტრი შეიცვლებოდა, მათ შორის _ განათლებისაც, რადგან ეს ყველაზე მტკივნეული სფეროა

_ არა, არაფერიც არ შეიცვლება. უარესობისკენ მივდივართ. ახლა აპირებენ, რომ აბიტურიენტები სკოლის გამოცდებით მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, ეს იქნება კორუფციის წყარო. ისედაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ბავშვებს ნიშნებს არ უწერენ, თუ რეპეტიტორთან არ ივლის.

მინისტრის შეცვლა განათლების პრობლემას ვერ მოგვარებს, ე.წ. რეფორმები, რომლებიც, დიდი ხანია, საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარეობს, დასავლეთიდან არის თავსმოხვეული; სურთ, საქართველოში განათლება ჩაკლან. მიზანმიმართული გეგმაა ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაღუპად.

საქართველო იღუპებოდა მე-19 საუკუნის 40-იან წლებში და ქართველმა საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანმა თქვა: “დავანებოთ თავი უაზრო ბრძოლას იმპერიის წინააღმდეგ და დავიწყოთ განათლება”-ო. და, მართლაც, მან ახალი კონცეფცია შეიმუშავა…

განათლების სისტემაში ეროვნული მუხტი თუ არ ჩაიდო, ხვალ და ზეგ “ფეხებზე მკიდია”, კოსმოპოლიტები გვეყოლებიან, რომლებსაც საქართველოს ინტერესი, როგორც სამშობლოსი, აღარ ექნებათ. განათლებაზე მთავარი ამ ქვეყანას არანაირი პრიორიტეტი არ აქვს, არ უნდა ჰქონდეს, ჩვენ თაობებს ვკარგავთ, პრინციპში, უკვე დავკარგეთ კიდეც.

განათლების ნგრევა სააკაშვილმა დაიწყო და ესენი განაგრძობენ.ამ ეტაპზე მინისტრის ცვლილება ვერ გვიშველის; მეტიც, არც ხელისუფლების ცვლილება გვიშველის რამეს, შესაძლოა, უარესი ძალა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში. გამოსავალია ორიენტაციის შეცვლა, ევროპისკენ ყურება ცუდი არ არის, მაგრამ ეროვნული, პატრიოტი ხელისუფლება გვჭირდება, ისეთი, რომელიც დაკვეთას არ შეასრულებს და საკუთარი ახალგაზრდების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. ევროკავშირის თვალში ქულების ჩამწერი მთავრობა არ გვჭირდება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, ახლა ესენი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ წევრობაც “დაიმსახურონ”, “ეროვნული” _ არავის ახსოვს, განათლება არავის სჭირდება.

სააკაშვილმა თავის დროზე საქართველოს ისტორიის სწავლება აკრძალა, იმხანად აღზრდილი ახალგაზრდები დაღუპულები არიან…

_ ღარიბაშვილის გადასვლა პარტიაქართული ოცნებისთავმჯდომარედ თუ მოამძლავრებს კონსერვატორულ ძალებს?

_ არა, არაფერი შეიცვლება. ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის ეს საკითხი. ის, უბრალოდ, შემსრულებელია ძალიან კარგი. ეს საკითხი ივანიშვილის გადასაწყვეტია. დიდი ცვლილებები მაშინ იქნებოდა, მინისტრებიც რომ შეეცვალათ. 2024 წლის არჩევნების შემდეგ თუ მოხდება რამე სასიკეთო ცვლილება, მანამდე არაფერს ველოდები.

ახალგაზრდების თემას დავუბრუნდები, ბევრს ვფიქრობ, როგორ შეიძლება შემოაბრუნო ახალგაზრდობა და ეროვნულობა ჩაუდო თავში, როდესაც მათ უმრავლესობას სწორება არავისზე აქვთ _ წმინდანებს არ ეთაყვანებიან, ეკლესიის არ სწამთ…

საქართველოში სახელმწიფომ უნდა აიღოს მონოპოლია განათლების სისტემაზე. სახელმწიფომ დამოუკიდებლად მოქმედების უფლება არ უნდა მისცეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. ეს არ არის დემოკრატიისა და უფლებების შეზღუდვა. ეს იქნება განათლების სისტემის გადარჩენის ერთადერთი გზა. საგანგებო ვითარებაა, ამიტომ თავად სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, რა წიგნებით ისწავლონ ახალგაზრდებმა, ბავშვებმაისწავლონ ყველაფერი, მაგრამ ეროვნული უნდა იყოს უპირატესი, ჩვენი ისტორია, ლიტერატურა, კულტურაისწავლონ ქართული ცეკვის ანაბანა, ქართული ცეკვა ხომ უნიკალურია, ეს ქალ-ვაჟის ურთიერთობის ულამაზესი სცენაა. ქართულ ცეკვაში რაინდული სულია, რაინდებად გავზარდოთ თაობები. ამისთვის პატრიოტი ხელისუფლებაა საჭირო. დღევანდელ საქართველოში პატრიოტიზმი მხოლოდ ეკლესიაშია შემორჩენილი და ამან უნდა გადაგვარჩინოს. პატრიოტიზმი უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, მომავალ თაობებს, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი.

სახელმწიფო თუ მომავალი თაობების აღზრდაში არ ჩაერია, ძალიან ცუდად იქნება ჩვენი საქმე. უკვე რამდენიმე დღეა, ვიგებთ, რომ ახალგაზრდები ღამის კლუბ “ბასიანში” იღუპებიან. რა გახდა ამ კლუბის დახურვა?! სახელმწიფოს როლი უნდა ამაღლდეს. იმის გამო, რომ “ბასიანს” ვიღაც პატრონობს, ახალგაზრდებს ვწირავთ. ეს ნორმალური არ არის. ყველა მშობელი შიშით ცხოვრობს, რომ შემდეგი მისი შვილი არ აღმოჩნდეს. ამაზე სახელმწიფო არ ფიქრობს. ევროკავშირის მოთხოვნაა, ალბათ, და ამიტომ ვერ ხურავენ ასეთ დაწესებულებებს, მაგრამ ძალიან მეეჭვება, ევროკავშირში ასეთი რამ ხდებოდეს. მახსოვს, ამერიკაში ახალგაზრდა მოკლეს კაფეში და ამის გამო ბევრი კაფე დაიხურა.

ისევ გავიმეორებ: სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე განათლებისა და კულტურის სფერო, არავის უნდა მისცეს თვითნებურად მოქმედების უფლება, უნდა დაადგინოს სასწავლო პროგრამა, წიგნები, რომლითაც ისწავლიან ბავშვები, და ეს სკოლებიდან უნდა დაიწყოს. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს სწავლაგანათლების პროცესი. პრიორიტეტი და ამოსავალი წერტილი უნდა იყო პატრიოტიზმი.

მოქმედ პედაგოგებს ხელფასებს უმატებენ, მაგრამ კორუფცია მაინც არის სკოლებში და ეს, იცით, რატომ ხდება? დამსახურებულ პედაგოგს პენსიაზე რომ უშვებენ, პენსიაა მათხოვრული, ამიტომ პედაგოგი, სანამ მუშაობს, ცდილობს, დააგროვოს კაპიტალი და ამას ნებისმიერი გზით აკეთებს. პენსია, სიბერე უნდა ჰქონდეთ ღირსეული დამსახურებულ პედაგოგებს, მიგდებულები არ უნდა იყვნენ. პედაგოგი მნიშვნელოვანი ფიგურაა ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში.

ბევრი საკითხია ყურადსაღები, ამიტომ ვამბობ, პატრიოტი ხელისუფლება გვჭირდება. სახელმწიფოსთვის უნდა ვიშრომოთ ყველამ, სახელმწიფოსთვის უნდა ვიღვაწოთ, სახელმწიფო უნდა იყოს უპირველესი და მერე ყველაფერი კარგად იქნება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ქართველ “გრეტა ტუნბერგის” ჭკუაზე რავა ყველამ ატეხა აჟიოტაჟი….
    დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი.
    ის გოგო, განვითარებით გრეტა ტუნბერგს არაფერში სჯობია, ჰოდა გააიგივეთ.
    ამით ყველანაირ პერსპექტივას მოუსპობთ ამ საკითხის მნიშვნელოვან დონეზე წამოყენებას.
    მთელი მსოფკიო დასცინის გრეტა ტუნბერგს და გულედანის მასთან გაიგივებით, ეს საკითხი სამისდღემშიოდ ჩაკვდება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here