Home ახალი ამბები საქართველო ლაზარეს შაბათი

ლაზარეს შაბათი

185
უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგომის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქუელბი

ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის ლაზარეს შაბათი. ამ დღეს ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავის მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას.

ეს არის, აგრეთვე, დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ “სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან” (“ქება და დიდება ქართული ენისა”).

ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია.

უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.

ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-12 თავში, სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა. უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგომის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.

როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.

ქრისტესთვის ადამიანის სიკვდილი მიძინებაა, მის წინაშე ყველა ცოცხალია. ჩვენთვის მძინარე ადამიანის გაღვიძება იოლია, უფლისთვის კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს გარდაცვლილის აღდგინება.

როდესაც იესო ბეთანიაში მივიდა, ლაზარე 4 დღის დამარხული იყო. მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, სადაც გამოქვაბული იყო და ლოდი ჰქონდა მიფარებული.

მარიამმა შეიტყო რა უფლის მოსვლა, უმალ გაემართ მისკენ, იესოც მას ელოდა, რათა სასაფლაოსკენ წასულიყვნენ. იუდეველები მარიამს გაჰყვნენ, რადგან ეგონათ, რომ იგი საფლავზე მიდიოდა. მარიამი კი მივიდა იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი ელოდა. იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი და მასთან ერთად მისული იუდეველები. უფალიც აცრემლდა. მივიდა 4 დღის დაფლულ ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!

მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული _ ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე.

აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა.

დიდი ორშაბათი

დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის გახმობას. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა _ იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა, ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესია დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან განდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილი სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცხოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების ჩვენებით ეკლესია მორწმუნეებს მოუწოდებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისაკენ, სულგრძელობისაკენ, სიმშვიდისაკენ, მოთმინებისაკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისაკენ.

დიდი სამშაბათი

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ, განსაკუთრებით კი _ მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის; როცა გვეუბნება: რაოდენი უყავ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ(მთ. 25:40).

გავიხენოთ ათი ქალწულის იგავი: ქალწულებს ზეთის მოგროვება ევალებათ, რათა სიძის მოსვლისას ზეთით სავსე ფიალები აანთონ _ მხოლოდ რწმენა და ღვთის მოლოდინი ადამიანს ვერ გადაარჩენს, თუ უფლის მოსვლის ჟამისთვის ზეთი _ კეთილი, სათნო საქმეები არ ექნება დაგროვებული. ამის გარეშე “სიძე იგი” არ მიიღებს ქალწულებს ქორწილში, _ გვასწავლის იგავი. ქორწილში სასუფეველი იგულისხმება, ქალწულებში კი _ ადამიანები.

უფალი არ გვაუწყებს თავის მოსვლის დროსა და ჟამს, ამიტომ ყოველწამს მზად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად.

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს

ბზობა _ ბაიაობა

უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. წელს იგი 17 აპრილს აღინიშნება.

“…ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!”, _ ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.

ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.

როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: “და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა” (იოანე 12, 14-15).

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: “ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისა?თა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!” (მათე 21, 9).

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: “ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას”.

ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს _ მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here