Home ახალი ამბები საქართველო „ვმუშაობთ, რომ გადავეწყოთ სხვა ბაზრებზე, მაგრამ ეს რადიკალურად გაზრდის ფასებს“ – რა...

„ვმუშაობთ, რომ გადავეწყოთ სხვა ბაზრებზე, მაგრამ ეს რადიკალურად გაზრდის ფასებს“ – რა გავლენა ექნება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ქართულ ბაზარზე

285

მე-6 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ახორციელებს. ეკონომიკურად შედეგი საქართველოსთვისაც მძიმე იქნება და ფასები გაიზრდება – ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, პროდუქტის დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, მაგრამ მოსალოდნელია ფასის 10%-ზე მეტად ზრდა.

„პროდუქტის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად არ შეინიშნება, თუმცა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის ბაზრებზე ჩვენი იმპორტდამოკიდებულება ძალიან დიდია. შესაბამისად, ეს კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურად აისახება. პირველადი მოხმარების პროდუქტი: ბურღულეული, ზეთი, რძის ნაწარმი და სხვა სასურსათო პროდუქტები საკმაოდ იაფად შემოდის ორივე ქვეყნიდან. ერთის მხრივ ლოჯისტიკის ღირებულება 50%-ით ნაკლებია ევროპიდან შემოტანასთან შედარებით, ასევე ამ ბაზრებზე პროდუქტი უფრო იაფია. ალტერნატიულ ბაზარზე გადაწყობა შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით გაძვირდება თვითღირებულება. იმ ფონზე კი, როცა ლარი მუდმივად უფასურდება, ცალსახად ნეგატიურად აისახება ფასებზე.

ჩვენ რომ ვთქვათ, რამე კონკრეტული პროდუქტის პრობლემა და დეფიციტი შეიქმნება, ეს ასე არ იქნება. შეიძლება, კონკრეტული ბრენდი არ დაგვხვდეს, მაგრამ იქნება ანალოგი, მაგრამ გაძვირებული. არსებული პროდუქტი კი რომლის იმპორტიც ნარჩუნდება გაძვირდება. შეზღუდვები, ცხადია ცუდად მოქმედებს, იგივე swift სისტემიდან გათიშვის გამო, დღეს პრობლემა არ დგას, მაგრამ ხვალ, უკვე იქნება პრობლემები და პროდუქციის შემოტანაც გაჭირდება. ახლა, აქტიურად ვმუშაობთ, რომ გადავეწყოთ სხვა ბაზრებზე, მაგრამ ეს რადიკალურად გაზრდის ფასებს. ეს არ იქნება 5-10% ზრდა, ეს იქნება ბევრად მეტი“, – განაცხადა ივა ჭყონიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, 2022 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთი საქართველოსთვის მეორე იმპორტიორი ქვეყანაა და ბაზრის 11% უჭირავს. თურქეთის შემდეგ. რუსეთიდან გასულ თვეში 85. 929 მლნ-ს იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება უკრაინას, იმპორტით მეშვიდეა. იანვარში უკრაინიდან 33 557 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. უკრაინის პროცენტული წილი კი, 4.3%-ია.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here