Home ახალი ამბები საქართველო ვანო ზარდიაშვილი: ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩამოიხსნა სახალხო დამცველმა ნიღაბი, ბატონო უჩა, რელსებს...

ვანო ზარდიაშვილი: ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩამოიხსნა სახალხო დამცველმა ნიღაბი, ბატონო უჩა, რელსებს აცდით!

1203

სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილსა და დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის პარლამენტში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სახალხო დამცველი დეპუტატებს 2016 წლის ანგარიშს აცნობს, ვანო ზარდიაშვილი დაინტერესდა, მოსამართლეების შეურაცხყოფის დაუშვებლობასთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილის პოზიციით. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რაშიც სახალხო დამცველიცაა ჩაბმული.


”სასამართლოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში თქვენს ჩაბმაზეა საუბარი. აგიხსნით ახლა რა არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია – რომ გაკეთდეს გადაცემა სათაურით – ”როგორ ფლანგავს უჩა ნანუაშვილი ხალხის ფულს”, ნაჩვენები იქნება 140 ათას ლარიანი მანქანა, რომელიც თქვენ იყიდეთ თქვენი მოადგილესთვის. შემდეგ როგორ არღვევს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებს და ნაჩვენები იქნება შრომითი დავა და სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც თქვენ დაარღვიეთ ადამიანის უფლებები სასამართლოში. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რასაც ეწევიან სასამართლოს მიმართ”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

ამის საპასუხოდ უჩა ნანუაშვილმა დეპუტატი სახალხო დამცველის დისკრედიტაციაში და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

”აქ ადგილი აქვს სახალხო დამცველის დისკრედიტაციას ვანო ზარდიაშვილის მხრიდან. ტყუილს ამბობთ თქვენ. გაცილებით ნაკლები ღირებულების მანქანა იყო. წინა შეხვედრაზე თქვენ საუბრობდით, თითქოს სუბიექტური მიდგომები ჰქონდა სახალხო დამცველს სასამართლო სისტემის მიმართ. საუბრობდით იმ ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც დავა ჯერ არ დასრულებულა. ის გასაჩივრებულია მეორე ინსტანციაში. თქვენი დღევანდელი გამოსვლა კიდევ ერთხელ მეტყველებს თქვენს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე სასამართლო სისტემის მიმართ. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ 2012 წლამდე მუშაობდით თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად. სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტი არსებობდა უკანონო გადაწყვეტილებების, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 0,01%, იმ პერიოდში არაერთი ადამიანი, მათ შორის თქვენი თანამშრომლები, მანდატურები გიჩიოდნენ და ამაზე სატელევიზიო რეპორტაჟებიც არსებობდა, ისინი თქვენ ზეწოლაში გადანაშაულებდნენ. კერძოდ, თქვენ უკრძალავდით ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობას. თქვენი მეუღლე ასევე მუშაობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად, რომელსაც ევალება მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვა. აქედან გამომდინარე, გასაგებია ჩემთვის რატომაა თქვენთვის მიუღებელი ჩვენი არაერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხება სწორედ კონკრეტული დარღვევების გამო, მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი ნდობა, თავად სასამართლოს გადაწყვეტილებებმა უნდა აღადგინოს. სახალხო დამცველის საპასუხოდ ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის ფუნქციებიდან გავიდა.

”ახლა ჩვენ ვიხილეთ კლასიკური მაგალითი, როგორ აღელდა სახალხო დამცველი და გამოვიდა სახალხო დამცველის ფუნქციებიდან. 2012 წელს მანდატურები მთხოვდნენ, რომ წასულიყვნენ აქციაზე სამუშაო საათებში. ახლაც რომ ვმუშაობდე, ახლაც ვერ გავუშვებ. წარმოიდგინეთ ციხე ბადრაგის გარეშე – ასევეა სასამართლო მანდატურის გარეშე. რაც არ უნდა კომიკური იყოს თქვენ, სახალხო დამცველი მახსენებთ ჩემს პირად ცხოვრებას და ბიოგრაფიას. მე მელაპარაკებით, რომელიც ვიყავი სამოქალაქო პირი ,მართლმსაჯულებაზე, პროცესებზე, გადაწყვეტილებებზე. ბატონო უჩა, რელსებს აცდით ხომ ხვდებით”, – განაცხადა ზარდიაშვილმა, რასაც სახალხო დამცველის მხრიდან განცხადება მოჰყვა და ნანუაშვილმა დეპუტატს კორექტურობისკენ მოუწოდა.

”ახლა ჩვენ ვნახეთ როგორ ჩამოიხსნა სახალხო დამცველმა ნიღაბი და რეალურად, როდესაც თქვენ ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეთ, აბსოლუტურად სხვა ბოსტანში გადახვედით და იქიდან აფასებთ სიტუაციას”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here