Home ახალი ამბები საქართველო ეშმაკის მსახური ღმერთს ეპოტინებოდაო!

ეშმაკის მსახური ღმერთს ეპოტინებოდაო!

506

რამდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებები მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ალაპარაკდნენ. რას ნიშნავს ეს? სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუციების ურთიერთობის საკითხი უაღრესად რთულია. შესაბამისად, რთულია ეს შეკითხვაც.

ოზურგეთში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა  განაცხადა: “გასულ დღეებში ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვჭირდებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა, წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს”.

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ფართო საზოგადოებისთვის ნათელი შეიქნა, რომ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ”ქართული ოცნება” არჩევნების შემდეგ გეგმავს, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეხება.

ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა: ”1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.

იმისთვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის, მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში”.

ივანიშვილს ამ გამოსვლაში უშუალოდ სახელმწიფო რელიგია არ უხსენებია, მაგრამ, ყოველი მეორე სწორედ ამაზე ლაპარაკობს. რატომ დადგა საკითხი ასე? საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დიდხანს არ შეწყვეტილა საზოგადოებრივი აზრის დამუშავება სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობისა და სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის აუცილებლობის მიმართულებით. და, ჰა, 2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმდა კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობას, იურიდიულ სტატუსს, ურთიერთობას სახელმწიფოსთან, საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა სუბიექტებთან. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით განმტკიცებულია საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და ამავე დროს რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება. ასეთი რამ მიღებული ფორმაა და მასში სათაკილო არაფერია. ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოსა და რელიგიურ ინსტიტუციებს შორის გვხვდება როგორც ევროპულ სახელმწიფოებში, ასევე სხვაგანაც, მაგალითად, თურქეთში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც იმავე ევროპაში ყველა სახელმწოფოში უარყოფილია სახელმწიფო რელიგიის ცნება და არსებობა. მაგალითად: ინგლისში, ფინეთში, დანიაში, საბერძნეთსა და სხვაგან აღიარებული და მიღებულია ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული, მაგრამ მაინც სახელმწიფო რელიგიის ფორმები.

სახელმწიფოში რელიგიურ ინსტიტუციებთან ურთიერთობის ამა თუ იმ ფორმისთვის უპირატესობის მინიჭებას, რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი განაპირობებს. საზოგადოებრივი ცხოვრებისგან მოწყვეტით, ისე, თავისთავად, ბუნებრივია, რომ არაფერი  ხდება. ქართული სახელმწიფოს ურთიერთობა ქრისტიანობასთან ლამის ქრისტეს ასაკისაა. ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის ქადაგებებიდან მოყოლებული ქრისტიანობა ქართველთა  უმრავლესობის სულსა და გულს იპყრობს. წმინდა ნინო კაპადოკიელის შემოსვლიდან ქრისტიანული რელიგია ქართული ეროვნული ცნობიერების ისე განუყოფელ ნაწილად იქცა, რომ მეოთხე საუკუნეში, ქართლში მეფე მირიან მესამემ იგი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. იმ პერიოდიდან მოყოლებული ქართული სახელმწიფო და ქრისტიანული რელიგია (შემდგომში მისი მართლმადიდებელი მიმართულება) ერთად და განუყრელად მოდიან:

* იმ პერიოდშიც კი, როდესაც ქართული სახელმწიფო დაიშალა, ქართული მართლმადიდებლობა არსებობდა;

* იმ პერიოდშიც კი, როდესაც საქართველო რუსეთის შემადგენლობაში იყო, ქართული მართლმადიდებლობა არსებობდა;

* იმ პერიოდშიც კი, როდესაც მეფის რუსეთმა საქართველოს ავტოკეფალია გააუქმა, ქართული მართლმადიდებლობა არსებობდა;

* იმ პერიოდშიც კი, როდესაც საქართველოს მენშევიკური მთავრობის კონსტიტუციამ სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთისგან გამიჯნა, ქართული მართლმადიდებლობა არსებობდა;

* იმ პერიოდშიც კი, როდესაც კომუნისტებმა რელიგია სახელმწიფოსგან არა მხოლოდ გამიჯნეს, არამედ საერთოდ უარყვეს, ქართული მართლმადიდებლობა არსებობდა, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში კი რელიგიურ საქმეთა რწმუნებული იჯდა;

* იმ პერიოდშიც კი, როდესაც საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია სახელმწიფოს და რელიგიას ერთმანეთისგან მიჯნავს, ქართული მართლმადიდებლობა არსებობს და იმ შემთხვევაშიც, თუკი მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდება, იგი, რა თქმა უნდა, იარსებებს.

ქართულ მართლმადიდებლობას საფრთხე არც დამოუკიდებელ ინსტიტუციად აღიარების შემთხვევაში ემუქრება და არც სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემთხვევაში, საფრთხე სხვა მხრიდან მოდის.

რა მხარეა და რა საფრთხეა ეს?

ეს ის გლობალური საფრთხეა, რომელიც გარედან (მსოფლიოს დაპყრობის მსურველი ძალებიდან, გლობალური ომის პარტიიდან და ა.შ.) მოდის. გასული საუკუნის 90-იან წლებში აშშ-ის იმდროინდელი მთავარი იდეოლოგის, ზბიგნევ ბჟეზინსკის, მიერ ნათქვამი ერთი წინადადება დღემდე გვაფხიზლებს და გვაფრთხილებს: ”საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი მთავარი სამიზნე მართლმადიდებლობაა!” დასავლეთის დღევანდელი იდეოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ეს სიტყვები ბჟეზინსკის არ უთქვამს, მაგრამ ამგვარ მტკიცებათა პასუხის გასაცემად ამერიკელი იდეოლოგის ნაშრომთა ქექვა და მიგნება სულაც არ არის საჭირო. გადახედეთ დასავლეთის დამოკიდებულებას ჯერ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, შემდეგ მართლმადიდებლურ ღირებულებებთან და მიხვდებით, რომ მართლმადიდებლობასთან ბრძოლის აუცილებლობა ბჟეზინსკის მიერ რომელიღაც ნაშრომში წამოყრანტალებული იდეოლოგიური შაბლონი კი არ არის, ამერიკული სპაცსამსახურების მიერ თავიდან ბოლომდე ფუნდამენტურად დამუშავებული გეგმა და პროგრამაა.

დააკვირდით, როგორი ფორსირებული შეტევა განახორციელეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლზე;

დააკვირდით, რა სახის იერიშები მიაქვთ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე;

დააკვირდით, რა მასშტაბის ბოღმა და სიძულვილი ინთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით;

იმასაც დააკვირდით,  ვისი ხელით კეთდება ეს ყველაფერი, ამერიკიდან დაფინანსებული პოლიტიკური მეძავების – არასამთავრობოების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ხელით;

დააკვირდით და მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი, როგორც უკვე ვთქვი, ცალკეულ თუნდაც გავლენიან პიროვნებათა სურვილის გამოვლენა კი არა, დასავლური გეგმა და პროგრამაა.

ახლა საკითხს სხვა მხრიდანაც შევხედოთ. დასავლური ძალები მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას კი არა, უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლურ (ქრისტიანულ) ღირებულებებს (ოჯახს, სამშობლოს, ადამიანური ურთიერთობების ტრადიციულ ფორმებს, სულიერებას, კულტურას, მორალს) წარმოუდგენელი სისასტიკითა და დაუნდობლობით ებრძვიან. მათთვის მართლმადიდებლობასთან ბრძოლა თვითმიზანი არ არის, ისინი მართლმადიდებლობას, როგორც ზნეობისა და ტრადიციული ღირებულებების დამცველ უძლიერეს ინსტიტუტს, ებრძვიან. მათი მიზანი იდეებისა და ზნეობისგან დაცლილი ადამიანი და საზოგადოებაა, რადგან ერთიც და მეორეც სხვადასხვა სახის სოციალურ და ფსიქოლოგიურ მანიპულაციებს ექვემდებარება და ნახირივით ადვილი სამართავი ხდება.

ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში ყოფნისას ამ თემაზე საუბარს ასეთი შესავალი წარუმძღვარა: ”როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და, მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც მამულსა და ენასთან ერთად ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა”.

მართლმადიდებელ რელიგიასა და ქართულ სახელმწიფოზე ერთდროულად რომ მიაქვთ სასტიკი იერიში, ამას მტკიცება სჭირდება? ეს ხომ ყველასთვის ნათელია? ეს ხომ ყრუსაც ესმის და ამას ხომ ბრმაც ხედავს?!  ამ ვითარებაში, როდესაც, ერთი მხრივ, ქართველი ერისთვის სუბსტანციური მნიშვნელობის მქონე დედაეკლესია გლობალური ძალების მთავარ სამიზნედ იქცა, ხოლო, მეორე მხრივ, ქართველი ხალხი იმავე ძალებისგან ჯოჯოხეთურ წნეხს განიცდის და სახელმწიფო გადატრიალების მოლოდინშია, სახელმწიფოსგან ეკლესიის გამიჯვნის ყურით მოთრეული ღირებულების დაცვა კი არა, სახელმწიფოსა და ეკლესიის, ერისა და ბერის დაცვა და გადარჩენაა მთავარი. სახელმწიფო და ეკლესია ერთად გაცილებით დიდი ძალაა, ვიდრე ცალ-ცალკე.

საქართველოში არსებობს ერთი ჯადოსნური სიტყვა. მას უფლება ჰქვია. იგი ჯადოსნური ელფერით მას შემდეგ შეიმოსა, რაც დიალექტიკურ საპირისპიროს (მოვალეობა) მოწყვიტეს და ასე, ცალმხრივი დატვირთვით მოისროლეს პოლიტიკურად აღგზნებულ მასებში. მოვალეობის გარეშე წარმოდგენილმა უფლებამ თავ-გზა აურია ხალხს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელსაც ამგვარმა უფლებებმა ხელის მოთბობისა და პრივილეგიის მოპოვების საშუალება მისცა: „საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი“, – აცხადებს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონი.

ჯერ ერთი, ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ამას (დაქვემდებარებას) ასე უხეში ფორმით, არ ნიშნავს; საერთო მტერთან გამკლავებაში მეტ ინფორმირებულობას, მეტ ორგანიზებულობასა და მეტი კოორდინაციის შესაძლებლობას ნიშნავს. ამის დაუნახავობა შეუძლებელია, მაგრამ მთავარეპისკოპოსი, ეტყობა, იმ ჯადოსნური სიტყვის (უფლების) ტყვეობაშია და ამ სიტყვის გარდა ყველა სიტყვა (ინფორმირებულობა, ორგანიზებულობა, კოორდინაცია და ა.შ.) დაქვემდებარებად ეჩვენება. როდესაც მართლმადიდებელი სასულიერო პირი ამგვარ განცხადებებს აკეთებს, სხვას რას უნდა მოელოდე, ვთქვათ, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტ მალხაზ სონღულაშვილისგან.  „შეუძლებელია, ადამიანმა წარმოიდგინოს უფრო უხეში და უკუღმართი ფორმა რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისა, როგორიც არის ამა თუ იმ რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება“, – უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ სონღულაშვილმა, ასე, ერთი წინადადებით გადახაზა ამ კაცმა საქართველოს სამეფო დინასტიისა და ქრისტიანული ეკლესიის ურთიერთობის ათასწლოვანი ისტორია და პრაქტიკა, როცა მეფე და პატრიარქი სახელმწიფოსა და ეკლესიის სახელით, გვერდიგვერდ, მხარდამხარ იბრძოდნენ საქართველოს სულიერი და ფიზიკური გადარჩენისთვის, არსებობისთვის, აღორძინებისთვის, გამარჯვებისთვის… როგორც ჩანს, მისთვის სიტყვები:  ”საქართველო”, ”მართლმადიდებლობა”, ”გადარჩენა” ნაკლები მნიშვნელობის მქონე სიტყვებია, ვიდრე სიტყვა ”უფლება”.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი აცხადებს: ”ეს ნიშნავს ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვას, ეს ნიშნავს სახელმწიფოს პირდაპირ შეჭრას ეკლესიის თვითმმართველობაში“.

მოდი, ამ საკითხს საპირისპირო რაკურსითაც შევხედოთ. ასეთი საშინელება თუ არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობა, მთლიანად რელიგიური სიმბოლიკით რატომ დატვირთეთ სახელმწიფო სიმბოლოები? ჯვარი და ხატი დაგეტოვებინათ ეკლესიისთვის, სახელმწიფოსთვის კი არარელიგიური და არაეკლესიური სიმბოლიკა მოგეძებნათ. ნახეთ, რა აღწერილობა აქვთ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებს:

* გერბი: ”სახელმწიფო გერბი არის ჰერალდიკური ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი” (ამონარიდი სიტყვიერი აღწერილობიდან);

* დროშა: საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი. ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის ბოლნურ-კაცხური ჯვარი” (ამონარიდი სიტყვიერი აღწერილობიდან);

* ჰიმნი: ”ჩემი ხატია სამშობლო, სახატე – მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა” (ამონარიდი სიტყვიერი აღწერილობიდან).

ეს ყველაფერი (ეკლესიური სიმბოლოები სახელმწიფო ჰერალდიკაში) იქიდან იღებს სათავეს, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაში სახელმწიფო და მართლმადიდებელი ეკლესია ერთიანი და განუყოფელია. ხალხს სახელმწიფო წარმოუდგენია ეკლესიის უპირველეს დამცველად, ეკლესია კი – სახელმწიფოს ყველაზე მტკიცე და ყველაზე ძლიერ მოკავშირედ. დასავლეთის ”მეხუთე კოლონა” გაყვირის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების წინ ის ლოზუნგი ისროლა, რომელიც ხალხს მოსწონსო. კი მაგრამ, როგორ ხდება ისე, რომ ივანიშვილის ლოზუნგები ხალხისთვის ყოველთვის მოსაწონი და მისაღებია, თქვენი ლოზუნგები კი ყოველთვის გულისამრევი და მიუღებელი?! მე გასწავლოთ? დაანებეთ თავი ლგბტ საზიზღრობის პროპაგანდას, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნისკენ სწრაფვას, გაემიჯნეთ დამნაშავე ნაციონალურ პარტიას და მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილივით ილაპარაკეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობაზე, ილაპარაკეთ მშვიდობასა და სუვერენიტეტზე და ხალხმა იქნებ თქვენ მოგცეთ ხმა, მაგრამ არა, თქვენ ამას ვერ იზამთ, რადგან ასეთ შემთხვევაში დასავლეთი ფულს არ მოგცემთ, თქვენ კი მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით: ან ქართველი ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა, ან დასავლური ფული. თუმცა  რა არჩევანზეა საუბარი, თქვენ ხომ დიდი ხანია, რაც ეშმაკს მიჰყიდეთ სული. ახლა კი ეშმაკს მიყიდული სულით ღმერთს ეპოტინებით. რა გამოგივათ ამ საქმიდან? ალბათ, ბევრი არაფერი, დიდი-დიდი, ახალი ანდაზა ჩამოყალიბდეს: ეშმაკის მსახური ღმერთს ეპოტინებოდაო!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here