Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპის გაცხენება

ევროპის გაცხენება

“მეფისტოფელმა ეს და მრავალი ამგვარი საშინელება რომ ნახა, შეძრწუნებულმა იმით, რომ ესენი ჯოჯოხეთსაც წაგვიბილწავენო, შემზარავი ხმით იკივლა: სამოთხეში, სამოთხეში ეგ არამზადები!”

1054

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მერვე გამოშვება

ლუკაიამ იმავე საღამოს თერდობის ლოცვა გამართა. გააკეთებინა პურის ცომისგან პაწია ქანდაკებანი: ცხენისა, უნაგირისა, სადავისა, მოსართავისა და მათრახისა. ეს ყოველივე ხონჩაზე დაელაგებინა. შემდეგ ღვინო გადაასხა, ხონჩა კერის აღმოსავლეთით დადგა, ძგიდეებზე თაფლის სანთლები მიამაგრა და აანთო, ჩაბალახით პირი შეიბურა, ხელები წაიკარწახა, დაოთხდა, რამდენჯერმე ჭიხვინითა და ხვიხვინით გარს შემოუარა ხონჩას, პირით იღებდა ცხენის მოდელს, კარისკენ მიდიოდა და წიხლებს უშენდა კარს და ნაბუქოდონოსორ მეფესავით ოთხზე შემდგარი ტლინკებს ისროდა…” ეს ამონარიდი კონსტანტინე გამსახურდიასმთვარის მოტაცებიდანაა”, რომელშიც მეოცე საუკუნის სამეგრელოში წარმართული ეპოქიდან შემორჩენილი რიტუალის შესრულებაა აღწერილი.

გაგიკვირდათ, ალბათ, XXI საუკუნის ამ ურთულეს ვითარებაში ჩემი ეს ლიტერატურული წიაღსვლა. ყველაფერს ახლავე აგიხსნით: “აფხაზებს თვალები უბრწყინავდათ, თამარი იცინოდა, თარაშ ემხვარ დაფიქრებული შეჰყურებდა და გონების თვალით ეძებდა, თუ სადმე აქვთ ნახსენები ასეთი რამ ჰომერს, ლუკანს, პლატონს ან რომაელ ისტორიკოსებს იმ ნაწერებში, სადაც ისინი ძველი კოლხიდის ან იბერიის ჩვეულებებს ეხებიან. კაროლინას არაერთხელ ენახა ეს საოცარი გაცხენება ლუკაიასი, მაგრამ მას ყველაზე მეტად ის უკვირდა, განსწავლული აფხაზი მეცნიერი ასეთის დიდი ყურადღებით რომ შესცქეროდა ამ ბნელი საუკუნეებიდან გადმოცდენილ გაუგონარ მისტერიას ადამიანის გაცხენებისას”, _ განაგრძობს კონსტანტინე გამსახურდია.

მე კიდევ აგერ, ოცდამეერთე საუკუნეში, კონსტანტინეს მიბაძვით, უცნაური სათაური შემოგთავაზეთ _ ევროპის გაცხენება. ეს იმიტომ ჩავიდინე, რომ თანამედროვე ევროპაც ისეთივე ოთხზე მდგარი და გაცხენებული მეჩვენება, როგორი ოთხზე მდგარი და გაცხენებულიც (გალენჩებულიც) ცხოვრების მიერ რაღაც მანქანებით ძველი ეპოქიდან ახალ ეპოქაში გადმოსროლილი ლუკაია ლაბახუა იყო. ლიტერატურული თვალსაზრისით, ასე დიდებული პერსონაჟი, ასეთივე დიდებული პროტაგონისტია ძველ კერპებს (აშშ-სა და ნატოს) მიჯაჭვული და დღემდე ერთპოლუსიან მსოფლიოზე მლოცველი ევროპისა. ამერიკაზე არაფერს ვამბობ, რადგან ეს ის ქვეყანაა, რომელიც მუდმივად სარგებლობს ევროპის ამ გაცხენებითა და გულისამრევი ოთხზე დგომით.

გერმანიამ, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი (თანაც, სულ უფრო მზარდი) სამრეწველო პოტენციალი გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივი აირის ერთ-ერთი დიდი მომხმარებელიცაა, გაზსადენით პირდაპირ სახლში მირთმეულ რუსულ ბუნებრივ აირზე უარი განაცხადა, რითაც თავის ეკონომიკას კატასტროფული დარტყმა მიაყენა. გერმანიამ უარი განაცხადა ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე მხოლოდ იმის გამო, რომ აშშის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტრიგებს აჰყვა. ოთხზე დამდგარი და გაცხენებულია, აბა, რა არის სახელმწიფოს (გერმანიის) ლიდერი, რომელიც ასე აბსურდულ განცხადებას აკეთებს: “რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ რუსეთში უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდით. ეს აუცილებელი იყო. საქმე ომამდე თუკი მივიდოდა, სერთიფიკაციის პროცესს შევაჩერებდით და ხელახლა დავიწყებდით ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების ანალიზს”. ეს ხომ არასერიოზული განცხადებაა, პირველ რიგში, გერმანიის მოსახლეობის წინაშე. უზარმაზარი სახელმწიფოს პირველ პირს როგორ ვაკადრო, მაგრამ ეს ხომ ამერიკელთა წინაშე ისეთივე ოთხზე დგომა და გაცხენებაა, როგორიც დიდ ქართველ მწერალს აქვს აღწერილი მის ბრწყინვალე რომანში. როდესაც სახელმწიფო მეთაური ოთხზე დადგება და გაცხენდება, იქ სახელმწიფოს დანარჩენ მოხელეებს სხვა რა გზა რჩებათ, გარდა იმისა, რომ თვითონაც ოთხზე დადგნენ და გაცხენდნენ. აი, რა სასწაული თქვა გერმანიის ეკონიმიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა: “გერმანიას საკმარისი მარაგი გააჩნია საცავებში, ამაზე ჩვენ წინასწარ ვიზრუნეთ, განვახორციელეთ შესყიდვები და ვთხოვეთ კომპანიებს, რომ კრიზისული სიტუაცია არ შეგვექმნას”. ლუკაია ლაბახუასავით (თუ გნებავთ, გერმანიის კანცლერ შოლცივით) ოთხზე დამდგარი და გაცხენებული თუ არ ხარ, ასეთი უკიდეგანო სისულელე როგორ უნდა ამოგივიდეს პირიდან _ გაზსადენით ბუნებრივი აირის მიღება რისთვის გვჭირდება, საცავებში იმდენი მარაგი დავაგროვეთო. საცავებში დაგროვებული მარაგი თუ თქვენს ენერგეტიკულ პრობლემას წყვეტდა, ის უზარმაზარი მილი, რომელიც ათეულობით მილიარდი დაჯდა, რატომ გაგყავდათ ზღვის ფსკერზე, ან, ის მარაგი როდესაც დაიცლება, მერე რას აპირებთ? ის როგორ მოგწონთ, _ მომწოდებელი კომპანიები გავაფრთხილეთ, რომ კრიზისი არ შეგვექმნასო. იმ მომწოდებლებს ერთი სული აქვთ, კრიზისი როდის შეგექმნებათ, რათა ბუნებრივი აირი, რომელსაც რუსეთი პირდაპირ თქვენთან მოყვანილი მილით გაწვდიდათ ორას დოლარად, მათ ოთხი ან სულაც ხუთი ათას დოლარად ჩაგიტუმბონ საცავებში; ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ფიზიკურად ექნებათ საამისო მარაგი. ახლა, როდესაც ევროპაში ბუნებრივი აირის კომერციული ფასი ოთხი ათას დოლარს ასცდა, გერმანიის მთავრობაში ერთის ნაცვლად, სულ ცოტა, ორი გაცხენებული ადამიანი ბრძანდებით ენერგოკრიზისზე პასუხისმგებელი და ვნახოთ, “ჩრდილოეთის ნაკადი _ 2”-ის შეჩერების გამო რომელი უფრო იზარალებსთქვენ თუ რუსეთი. ეს აზრი მხოლოდ მე არ მომსვლია თავში. ანალოგიურად მსჯელობენ თვით ბუნდესტაგშიც. პარტიაალტერნატივა გერმანიისთვისწარმომადგენელმა ალის ვაიდელმარუსეთის დამცირების მცდელობას დასავლეთის ისტორიული ჩავარდნაუწოდა: “უდიდესი შეცდომა იყო უკრაინის წახალისება შეუსრულებელი დაპირებებით, სახელდობრ, ევროკავშირისა და ნატოს წევრობით. ამით ჩვენ უკრაინა ამ კონფრონტაციასა და უმძიმეს განსაცდელში ჩავაგდეთ. ალიანსის წევრად უკრაინის მიღება რუსეთისთვის ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთასაც იგი არასოდეს დაუშვებს. უკრაინა უნდა ყოფილიყო ნეიტრალური, მაშინ იგი შეძლებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის ფუნქციის შესრულებას, მაგრამ ჩვენ ვამცირებდით და შეურაცხვყოფდით რუსეთს, რაც დასავლური პოლიტიკის უდიდესი ისტორიული ჩავარდნა იყო”.

ეს კონკრეტული მაგალითიც კი ნათლად მეტყველებს, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში ევროპა ერთიანი არ არის, თუმცა ეს არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ევროპა ავად არ არის. გერმანიმ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელისახელოსთავი ფაშიზმის მხარდაჭერით და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ განაცხადა.

“უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, არა დაღვრილის, დასაღვრელის ალბათ მაცნეა!” მურმან ლებანიძის ეს პოეტური შორსმჭვრეტელობა, პირველ რიგში, საქართველოს ეხება, მაგრამ დღეს, მესამე მსოფლიო ომის ზღურბლთან მისული კაცობრიობის წინაშე იგი გაცილებით ფართო მასშტაბებს აყენებს და შემაშფოთებლად გლობალურ ხასიათს იძენს. დასავლეთის ამ ყეყეჩ ლიდერებს რომ ვუყურებ და ვუსმენ, შიში ამიტანს ხოლმე და საკუთარ თავს ვეკითხები, დასაღვრელი სისხლი, თანაც ძალიან დიდი სისხლი ხომ არ აწუხებს მათ გაცხელებულ თავებსმეთქი. ბორის ჯონსონის, ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცის, ანჯეი დუდას, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ლიდერების ქცევას რომ ვაკვირდები, მიხეილ კვესელავას ერთი საოცარი ნათქვამი მახსენდება მისი დიდებული ტრილოგიიდან “ასერგასის დღე”: “მეფისტოფელმა ეს და მრავალი ამგვარი საშინელება რომ ნახა, შეძრწუნებულმა იმით, რომ ესენი ჯოჯოხეთსაც წაგვიბილწავენო, შემზარავი ხმით იკივლა: სამოთხეში, სამოთხეში ეგ არამზადები!”

ფაშიზმის საშინელების აღწერა შეუძლებელია. ლიტერატურისა და კინემატოგრაფის ხერხებით ყველაზე შემაძრწუნებელი ასახვაც კი ვერ მიდის რეალურ სურათამდე, ისეთი მძიმეა, ისეთი არაადამიანურია ფაშიზმი მისი ნამდვილი სახითა და ბუნებით. “ასერგასის დღეში” მიხეილ კვესელავას მონათხრობის კიდევ ერთი ეპიზოდი: “პირველი შემთხვევა როდი იყო, უიარაღოდ დარჩენილი, მძიმედ დაჭრილი სამადლო ტყვიას რომ ითხოვდა. ეს უნდოდა ყველას, ვისაც ძალა ან საშუალება არ ჰქონდა, თვითონ მოეკლა თავი. მე ბევრჯერ გამიგონია, _ ძმაო, მესროლეო, _ რომ გემუდარებოდა გატანჯული მებრძოლი. ამაზე საშინელი არაფერი სმენია ჩემს ყურებს”…

ფაშიზმზე თხრობამ შემთხვევით როდი გამიტაცა. მოდის ეს ოხერი, მოვიდა უკვე, შემოაბიჯა საქართველოშიც. სიძულვილმა მოიცვა ყველა და ყველაფერი. შეიხედეთ ამ დასაწვავ სოციალურ ქსელებში და ნახავთ, რომ ნებისმიერი აზრისთვის, ნებისმიერი პოზიციისთვის ადამიანები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, ლაფში სვრიან, დედისა და მამის სულებს უტრიალებენ და ამაში გასაოცარ სიამოვნებას პოულობენ. რაც მთავარია, ამას “სამშობლოს სიყვარულითა” და “სამშობლოს სახელით” აკეთებენ. ტელეეკრანებს შეხედეთ და იხილავთ სიძულვილით დამახინჯებულ სახეებს “ჟურნალისტებისა” და “პოლიტიკოსებისა”, რომლებსაც ვითომ “პატრიოტიზმი” ამოძრავებთ. ჩვენ ვიცნობთ მათ და ვიცით, რომ მათი მამოძრავებელი მოტივი სამშობლოს სიყვარული არასოდეს ყოფილა. ჩვენ ვიცნობთ მათ, ვინც დღეს უკრაინის დროშებს დააფრიალებეს თბილისის ქუჩებში, ისინი პირდაპირი შთამომავალნი არიან მათი, ვინც ოცდაათი, ოცი, თხუთმეტი წლის წინათ ქართული დროშებს ფრიალით მოუღო ბოლო საქართველოს ერთიანობას, ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, კულტურას, განათლებას, მომავალი თაობების აღზრდას, სიმშვიდეს, სიყვარულს, ადამიანურ ბედნიერებას… მათ უკან ის ძალები დგანან, რომლებიც ერებს, ხალხებს, სახელმწიფოებს თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით სასაკლაოსკენ ერეკებიან და ამით თავიანთი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მიზნების მიღწევას ცდილობენ. შესაძლებელია, რომ დღევანდელ უკრაინაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც დაფიქრდება, რას ეწირება ევროპის უდიდესი და ულამაზესი სახელმწიფო, რომელსაც განვითარების ყველა პერსპექტივა ჰქონდა?! რას ეწირება კიევი, რომელიც ევროპის არამხოლოდ ულამაზესი, არამედ ფაშიზმთან ბრძოლაში გმირი ქალაქიცაა?! დღესაც კი, როდესაც საქმე ომამდე და უბედურებამდე მივიდა, როდესაც ხალხი იხოცება, ქალაქები ინგრევა და ყველაფერი, რაც ადამიანების თავდადებული და გმირული შრომითაა შექმნილი, ნადგურდება, საკმარისია ერთი სიტყვის წარმოთქმა, რომ ომი შეწყდეს. ეს სიტყვა ნატოში შესვლის სურვილზე ხელის აღება და უარის თქმაა, მაგრამ უკრაინელი ფაშისტები მზად არიან, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მთლიან მოშლასა და დანგრევას მოაწერონ ხელი, ოღონდ ნატოს პერსპექტივა არ დაკარგონ. ნატომ, ამ უბინძურესმა სამხედრო ბლოკმა, სიკვდილის ამ მოარულმა, მცურავმა და მფრინავმა მანქანამ უკრაინის მოსახლეობის სერიოზულ ნაწილში (ისევე, როგორც საქართველოში) რელიგიის სახე მიიღო. მეტიც, უკრაინაში ბევრმა მოაწერა ხელი ისტორიული მართლმადიდებელი ეკლესიის ნგრევას, მაგრამ იგივე ნაწილი საზოგადოებისა ცოცხალი თავით არ დათმობს ნატოს, რაკი თავხედური და ფორსირებული პროპაგანდით გაუფეტიშეს იგი. პარალელურად კი რუსეთისა და რუსების სიძულვილი გაუღვივეს, ძმა ძმას სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდეს, ხელში იარაღი ააღებინეს და ერთმანეთს ახოცვინებენ. ამის დამნახავი და მთქმელი რომ აღმოჩნდეს ვინმე, ის აგრესიული, გაბოროტებული და გამხეცებული ნაწილი საზოგადოებისა მას მოღალატედ შერაცხვითა და ჩაქოლვით უპასუხებს. უფრო ნათელი და მეტყველი მაგალითი რა გინდათ, რუსეთთან მომლაპარაკებელი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი _ დენის კირეევი, რომელზეც ეჭვი მიიტანეს სახელმწიფოს ღალატში, უკრაინის უშიშროების სამსახურის წევრებმა ყოველგვარი ძიებისა და სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. ასეთია ფაშიზმის ბუნება და ცხოვრების წესი. ფაშიზმი უკრაინაში ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა. ცხადია, მისთვის ნოყიერი ნიადაგი არსებობდა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ იგი გარედან იქნა ჩანერგილი, დაფინანსებული და წაქეზებული. რატომ, რა მიზნით? მხოლოდ იმიტომ და იმ მიზნით, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ფორპოსტად და დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბებულიყო.

რუსეთის პრეზიდენტმა ლამის დაუჩოქა დასავლეთს, უსაფრთხოების გარანტიები მოგვეცითო, ეხვეწა. ხელი მოგვიწერეთ დოკუმენტზე, რომ ჩვენზე თავდასხმას არ გეგმავთ და არც ჩვენი საზღვრებისკენ არ გაფართოვდებითო. არაო, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. არც დოკუმენტზე მოგიწერთ ხელს და აღმოსავლეთითაც გავფართოვდებითო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ განაცხადა; ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ ბირთვული შეიარაღება, ეს არ არის უსაფუძვლო ლაყბობა. უკრაინისთვის გაცილებით ადვილია ბირთვული იარაღის შექმნა ვიდრე იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც (არ დავასახელებ) ამ მიმართულებით მუშაობენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი გარედან ტექნოლოგიური მხარდაჭერა ექნებათ. უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოჩენა მთლიანად შეცვლის მდგომარეობას მსოფლიოში და ევროპაში. ჩვენთან, რუსეთში, ვითარება კარდინალურად შეიცვლება. ჩვენ არ შეგვიძლია ამ რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით რეაქცია არ გვქონდეს”.

სახელმწიფო კორპორაცია “როსკოსმოსის” ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა კი ისაუბრა კოსმოსის მილიტარიზაციაზე. კერძოდ, ამერიკელების მიერ ბირთვული შეიარაღების კოსმოსში გატანის პერსპექტივაზე. მან აღნიშნა, რომ “ბირთვული შეიარაღების გატანა კოსმოსში შესაძლებელია ძალიან ლამაზი იდეის გამოყენებით მოხდეს, მაგალითად, მარსის ტერაფორმირების ან კომეტა-ასტეროიდული საფრთხის განეიტრალების საბაბით. ეს დანაშაული იქნება. ამის გამო მე გავაპროტესტე ილონ მასკის მოსაზრებები, როდესაც მან გაახმოვანა იდეა მარსის ტერაფორმირებისა ბირთვული შეიარაღების ხარჯზე”.

საიდანაც თვითონ მოინდომებენ და, საიდანაც არავინ ელოდებათ, ზუსტად იქიდან მოძვრებიან და წარღვნით ემუქრებიან დედამიწას ეს სისხლისმსმელი და სისხლით გაუმაძღარი გარეწრები, დასავლეთის ეს მარადიული ფაშისტები. ევროპამ თითქმის ყველა ღირებულება გადააფასა, თითქმის ყველაფერი ადამიანური თავდაყირა დააყენა, მაგრამ ფაშიზმს, როგორც ევროპულღირებულებას”, ვერაფრით შეელია, რადგან ფაშიზმი ევროპელების შექმნილი პოლიტიკური მიმდინარეობა კი არა, მათი ბუნება და ხასიათი, მათი სულის მუდმივი მდგომარეობა აღმოჩნდა. ამიტომაა, რომ ამ მიმართულებით მათი შემჩერებელი არაფერია, გარდა ფიზიკური ძალისა, გარდა სამხედრო მანქანისა და თავგანწირული წინააღმდეგობისა.

უკრაინელი ნეოფაშისტები გაჰყვირიან, _ სასწრაფოდ მიგვიღეთ ევროკავშირსა და ნატოშიო, მაგრამ ევროკავშირშიც და ნატოშიც ყრუ კედელს წააწყდნენ. შემდეგ იმას ითხოვენ, უკრაინის ცა ჩაკეტეთო, მაგრამ აშშ-მა და ნატომ ამ საკითხშიც სრული უძლურება გამოავლინეს. უძლურებას გამოავლენდნენ, აბა, რას იზამდნენ, როდესაც პუტინის ამგვარ პოზიციას შეეჯახნენ: ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის ცა არასაფრენ ზონად უნდა გამოცხადდეს. თვითონ უკრაინის ტერიტორიიდან ამის გაკეთება შეუძლებელია. ეს შესაძლებელია მხოლოდ რომელიმე მეზობელი სახელმწიფოდან, მაგრამ ამ მიმართულებით ნებისმიერი მოძრაობა ჩვენ მიერ შეფასდება როგორც კონფლიქტში შემოსვლა იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომლიდანაც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს საფრთხე შეექმნებათ. ჩვენ მათ იმავე წამს ჩავთვლით კონფლიქტის მონაწილედ და ჩვენთვის სულერთი იქნება, თუ რომელი ორგანიზაციის წევრები (ЧЛЕНЫ) არიან ისინი”.

 აირია ევროპაც და მსოფლიოც. თვითონ ის სახელმწიფოებიც კი, რომლებიც უკრაინული ფაშიზმის წამქეზებლებად გვევლინებოდნენ, უკან იხევენ, თავს იკატუნებენ და წყლიდან მშრალად ამოსვლას ცდილობენ. საქართველოშიც კი, სადაც ხელისუფლება ოცდაათი წელიწადი ამერიკული დირექტივებით იმართება, ცდილობს, განზე გაიწიოს და ზოგიერთ იმ დავალებას, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის აშკარად დამანგრეველია, წაუყრუოს. მაგალითად, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ უარი თქვას დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებთან მიერთებაზე. ზნეობრივ პოზიციაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს პრაგმატული თვალსაზრისითაც აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ქართული სანქციები რუსულ ეკონომიკას ვერაფერს დააკლებს, მაგრამ რუსული სანქციები ქართულ ეკონომიკას მთლიანად გაანადგურებს. საქართველოს მიერ ახლა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება იმ სიგიჟის გამეორება იქნებოდა, 1990 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემის მოშლის მიზნით სამტრედიაში სარკინიგზო მაგისტრალი რომ გადაკეტა. საქართველოს მთავრობის ამ სწორი გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ ფაშისტური ოპოზიცია კი არა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოვარდა. “გულწრფელად რომ ვთქვა, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი”, _ განაცხადა მან ბრიუსელში ყოფნისას, რითაც დაადასტურა არამხოლოდ საქართველოს მთავრობასთან მისი ოპოზიციური დამოკიდებულება, არამედ უკრაინული ფაშიზმისადმი ღია მხარდაჭერა და ამ ყოვლად დასაგმობ ევროპულ სულისკვეთებასთან მისი თანაზიარობა. ოდნავ მოგვიანებით ქალბატონი პრეზიდენტი ღიად შეუერთდა უკრაინულ-ფაშისტური სულისკვეთებით გაჟღენთილ ოპოზიციას, რომელიც პრეზიდენტყოფილ სააკაშვილის დროშის ქვეშაა დარაზმული და ახალგამოჩეკილ ფიურერს, ვინმე ზელენსკის სოლიდარობას უცხადებს: მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით. მინდა, რომ აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა”. ასე იქცა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერი უმცირესობის პრეზიდენტად, ანუ ასე მოგვევლინა იგი საუკუნეების წინათ მივიწყებული ძველი კერპთაყვანისმცემლური რიტუალის შემსრულებლად, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე ლუკაია ლაბახუასავით ოთხზე დადგა და ცხენისებური ჭიხვინითა და ფრუტუნით იწყო ტლინკების ყრა, დასავლეთისადმი მისი მონური ერთგულების დასადასტურებლად.

უკრაინაში კი დასავლური ფაშიზმის კიდევ ერთხელ აღმოსაფხვრელად და უკრაინელი ხალხის გასათავისუფლებლად დაგეგმილი სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. “ყველაფერი გეგმის და გრაფიკის შესაბამისად მიდის. ყველაფერი ისე მიდის, როგორც გენერალურმა შტაბმა დაგეგმა”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

P. S. საქართველოს ხელისუფლებას (პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება) ფაშისტურ სულისკვეთებაში ვერ დაადანაშაულებ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში ფაშიზმი მძლავრობს, რუსოფობია ღვივდება და საშიშ ფორმებსა და მასშტაბს იძენს. რუსეთი კი მის ირგვლივ ფაშისტური ტენდენციების დასაძლევად ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს იწყებს და, დასავლეთის გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, უკან დახევას არ აპირებს. ეს ვითარება ეპოქალურ შეკითხვებს აჩენს:

სად და როგორ გადაიკვეთება საქართველოში ასე შემაშფოთებლად მზარდი ფაშისტური განწყობილებები და რუსული ანტიფაშისტური სამხედრო ოპერაციები?

ხომ არ დადგა დრო, რომ იქამდე, სანამ რუსეთი ჩაერევა (ისე, როგორც ეს უკრაინაში მოხდა), ხელისუფლებამ ალაგმოს ქართული ფაშიზმი?

ვაითუ, მერე გვიანი იყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here