რამდენიმე დღეა, ქვეყნის მთავარი გამზირი გასული საუკუნის 90-იან წლებში დააბრუნეს. ჰო, სწორედ დააბრუნეს და ისე, როგორც ეს ადამიანები ექცევიან საკუთარ ქვეყანას, დამპყრობელიც კი არ მოექცეოდა. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ნადგურდება ინფრასტრუქტურა, რომ რუსთაველზე მდებარე ობიექტებიდან გამოზიდეს ყველაფერი, რისი გამოტანაც შეიძლებოდა, და ცეცხლს მისცეს, არაფერს ვამბობთ პოლიციელებისთვის პიროტექნიკის გამოყენებით გახსნილ ცეცხლზე, სამართალდამცველთა დამწვარ სხეულებზე (დამწვრობა რამდენიმე შემთხვევაში უმძიმესია). ეს ადამიანები ცდილობენ, მწვავე სამოქალაქო დაპირისპირება გააჩაღონ; ცდილობენ, ყველაფერი ისე წავიდეს, რომ საქმე გასროლამდე მივიდეს. როგორ არ გავიხსენოთ ის, თუ როგორ დაიწყო სამოქალაქო ომი თბილისში 90-იანებში. კინოს სახლის მხრიდან ვიღაცამ გაისროლა და იმ ერთ გასროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ სწორედ ის ერთი გასროლა იყო საბედისწერო – იარაღი ყველამ მოიმარჯვა და ქართველებმა, მტრის გასახარად, ერთმანეთი ვხოცეთ და რუსთაველი ისეთ დღეში ჩავაგდეთ, ბერლინი რომ არ იყო მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში.
სამწუხაროდ, სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში ბევრი იწერება იმაზე, როგორ უნდა შეიარაღდნენ აქციის მონაწილეები, როგორ უნდა მიიტანონ აქციებზე პიროტექნიკა, ნაჯახები, ბენზინი, ნაჭრები, ლუდის ცარიელი ბოთლები და… ელექტროხერხიც კი, რათა ბებერი ჭადრები და ნაძვები მოჭრან, გზაზე წააქციონ და ბარიკადები შექმნან. მეხუთე კოლონა მოქმედების აქტიურ ფაზაშია გადასული, ახალგაზრდა თაობას აქეზებენ, ეუბნეებიან, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი საქართველოს გამარჯვებისთვის კეთდება. სინამდვილეში კი, ეს მეხუთე კოლონა დასავლეთს პირდაპირ მიანიშნებს, თქვენ რომ გემონებოდეთ ამისთვის მომავალ თაობასაც არ ვინდობთო. აღარავინ ფიქრობს იმაზე, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურაც მოიშლება და ტურისტებისთვის მომხიბვლელი და სასურველი აღარ იქნება აქ ჩამოსვლა. მით უმეტეს, ამ ზამთარს, საახალწლოდ, საქართველოში სასტუმროებზე რეკორდული ჯავშნებია და ტურისტების დიდ რაოდენობას ველოდებით… ან ველოდით და აღარავინ გარისკავს, ახალ წელს ცხელ წერტილში შეხვდეს.
ასეთ დროს, წესითა და რიგით, ხელისუფლების უმაღლესი პირები ვითარების განმუხტვას უნდა ცდილობდნენ. ამის მცდელობა ნამდვილად აქვს მმართველ გუნდს, მაგრამ თავის სტიქიაშია ქვეყნის „მთავარსარდალი“, პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი. ჰო, პრეზიდენტად წოდებული, რადგან ის ყველანაირად ცდილობს, ცეცხლზე ნავთი დაასხას და ქვეყნის ინტერესებს საკუთარი კეთილდღეობა ანაცვალოს. ზურაბიშვილმა განაცხადა, ახალ პოლიტიკურ ცენტრს ვაყალიბებ და ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გადამწყვეტ ბრძოლაში შევდივარო. მისი გაგებით, გადამწყვეტი ბრძოლა არის ის, რომ თურმე 14 დეკემბერს, როცა ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, ხოლო 29 დეკემბერს ინაუგურაცია გაიმართება, არ სცნობს ახალარჩეულ პრეზიდენტს, არ დატოვებს რეზიდენციას და პრეზიდენტად დარჩება. ჰო, ზურაბიშვილი არ აპირებს პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებას და იმასაც ამბობს, აქედან ძალით ვერავინ გამიყვანსო. პარალელურად, მისი ორივე შვილი ევროპაში დაასაქმეს, სწორედ შვილების სამსახურის სანაცვლოდ მადამ სალომე ვა-ბანკზე მიდის და დაპირისპირების კიდევ ერთ კერას აჩენს. მან არ იკმარა ის, რომ ბიუჯეტის ფულით ქვეყნისთვის საზიანო ვიზიტები განახორციელა, შვილების სამსახურის საქმეები „გააიმასქნა“ და ახლა პრეზიდენტის სავარძელი არ ეთმობა: პრეზიდენტი მანამ უნდა ვიყო, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება, სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს და სანამ ისევ პრეზიდენტად არ ამირჩევენო. ოპოზიციაც აგულიანებს: მიდი, შენი იმედი გვაქვსო… გადაჭრით შეიძლება გითხრათ, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაშიც კი ზურაბიშვილს პრეზიდენტობის შანსი არ აქვს, რადგან ოპოზიცია მას აუცილებლად „გადააგდებს“, ზუსტად ისე, როგორც ქართველი ერის გადაგდება და დასავლეთის მონად ყოფნა სურს.
ეს აქციები აუცილებლად დასრულდება და აუცილებლად დამშვიდდება ვითარება. ამის შემდეგ ხელისუფლება ვალდებულია, დეტალურად გამოიძიოს სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა და ქვეყნის საზიანოდ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებასა თუ ვიზიტზე პასუხი აგებინოს. ჰო, ყველაფერს თავისი სახელი ახლა უნდა დაერქვას, თორემ წლების შემდეგ ისტორია აუცილებლად გამოაცხადებს ზურაბიშვილს ქვეყნის მოღალატედ და ერთ-ერთ ყველაზე დიდ მავნებლად. „ქალი შადიმანი“ – ეს იქნება ზურაბიშვილის ისტორიული მეტსახელი და ამას ვერსად გაექცევა, თუმცა ეს მერე იქნება, წლების შემდეგ და ამიტომ ვამბობთ, რომ გამოძიება ახლავე უნდა დაიწყოს და მოღალატემ პასუხი მალე აგოს. სალომეს მარტივად შეეძლო ვითარების დამშვიდება, შეეძლო ეთქვა, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, რომ ეუთო-ოდირის ხელმძღვანელის განცხადება და დასკვნა სწორი იყო, მაგრამ… სამსახურისა და პრივილეგიების დაკარგვის შიშს ქვეყნის მშვიდობა და ინტერესი ანაცვალა.
ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ ამ ყველაფერს შეიძლება მსხვერპლი მოჰყვეს, იმასაც კარგად ხედავს, როგორ იქცევიან ოპოზიციის ლიდერები. ისინი აქციის შუაგულში არასდროს არიან, მუდმივად დემონსტრანტების უკან დგანან, ამას კი ორი მიზეზი აქვს – პირველი ის, რომ, თუ ვითარება ძალიან დაიძაბება, სხვებზე ადრე და მარტივად გაიქცევიან, მეორე – თუ ვითარება ოპოზიციისთვის სასიკეთოდ შეიცვლება, ადგილზე დროზე მივილენ, რათა ცხვრის ფარას სათავეში მოექცნენ. ჰო, ცხვრის ფარას, რადგან სხვას ვერაფერს ვუწოდებთ იმ ადამიაანებს, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანა გაანადგურონ, მონად აქციონ და იმავე დახურულ ჯგუფებში ამტკიცონ: ერთი მსხვერპლი წყალს ჩვენს წისქვილზე დაასხამსო. ჰო, ყველას უნდა ეს ერთი მსხვერპლი (ჯგუფებში წერენ: კარგი იქნება, გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგო თუ იქნებაო) და შინაგანად ყველა დარწმუნებულია, რომ ის ერთი თვითონ არ იქნება, მას არ გაიმეტებენ. არადა, დასავლეთიც და ოპოზიციაც გაიმეტებენ ყველას, ოღონდ ხელისუფლება შეცვალოს და საქართველო დაიმონოს, პრეზიდენტს კი უკვე გამეტებულიც ჰყავს და გამოტირებულიც ეს ახალგაზრდები. მას არ ადარდებს არც ტრადიციები, არც რწმენა და არც მომავალი, მას მხოლოდ საკუთარი თავისა და შვილების კეთილდღეობა უნდა და არ სურს, სიბერე პლედმოსხმულმა სიმშვიდეში გაატაროს, „პაეზდკები“ უნდა, ტელევიზორში გამოჩენა უნდა…
რეალურად, ზურაბიშვილი აღმოჩნდა ყველაზე ძლიერი აგენტი, რომელიც დასავლეთმა შექმნა. ეს გასაკვირი არცაა, საფრანგეთში დაბადებულ და გაზრდილ ქალს ფსიქოლოგიაც მარტივად გადაუტრიალეს, მარტივად „დაკერეს“, საქართველოშიც მარტივად შემოაცურეს და ახლა.. რა ახლა? ქალი ფრანგი მეფის სიტყვებს იმეორებს: „ჩემ შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“-ო; და ეს პროცესი ახალგაზრდების ხელით აშკარად დაწყებული აქვს.
თაობა, რომელიც ახლა ქუჩაშია, ალასანიების, ბენდუქიძეების უნივერსიტეტებში გამოიზარდა და, როცა მოზარდს 5 წლის განმავლობაში უმეორებ ერთსა და იმავეს, მარტივად ხდება ტვინის გამორეცხვა, დაზომბირება და… აგერ, შემოდგომის ბოლო დღეს, გოგომ დედა მოკლა, მერე გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლითაც ეს ქმედება ახსნა, რომ კიბერჯგუფი შექმნა მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, რომელიც მას აბულინგებდა, ფსიქოლოგიურად ამუშავებდა და შედეგსაც მიაღწიესო. ჰო, მან დედა მოკლა, შემდეგ – თავი მოიკლა და ეს არის ერთ-ერთი სახე იმ თაობისა, რომელიც დასავლეთის მიერ მართულ და დაფინანსებულ სასწავლებლებში გამოიზარდა. ეს არის იმ ტრენინგების შედეგი, რომელიც წელს ჩაატარეს ამერიკელებმა და ევროპელებმა, ეს არის მაკკეინის ინსტიტუტის ლიდერთა შთაგონების შედეგი და ასე გაგრძელება სურთ, მთლიანად სურთ დაპყრობა-დამონება.
ისე როგორ იქნებოდა, მიხრწნილი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას კუდი არ მოექნია და დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწრეს და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება გამოაცხადეს. ეს გააკეთეს ყველაზე ცხელ ღამეს, აქციების პიკზე, რათა ბომბის ეფექტი ჰქონოდა და ვითარება ბოლომდე აჭრილიყო. როგორ გგონიათ, ბაიდენმა საერთოდ იცის, რა ხდება საქართველოში? საქართველოში კი არა, ის თუ იცის, პრეზიდენტი რომ არის ჯერ კიდევ და საერთოდ, ამერიკაში რა ხდება, იცის? არა, ბატონებო, ეს მისმა გარემოცვამ, იმ ლიბერალურმა ფრთამ გააკეთა, რომელიც ტრამპის მოკვლას ცდილობდა, რათა ის პრეზიდენტი არ გამხდარიყო, და ახლა კუდს იქნევს, ცეცხლს ახვედრებს ახალ პრეზიდენტს, რათა მან, ლიბერალებთან ბრძოლის ნაცვლად, ამ ცეცხლის ჩაქრობაზე იზრუნოს და იფიქროს.
საქართველო ნამდვილი დამოუკიდებლობის ზღვარზე დგას. ჰო, ან მართლა მოვიპოვებთ დამოუკიდებლობას და გავხდებით სახელმწიფო, ან დასავლეთი ისევ მოგვიქცევს კლანჭებში და თავის დაღწევას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ვეღარ შევძლებთ, ამიტომ არის, ვა-ბანკზე რომ წავიდნენ ევროპაც და ამერიკაც, ამიტომ არის, ყველა აგენტმა ნიღაბი რომ ჩამოიხსნა და აღარაფრის ერიდება. დღეს საქართველოს ბედი წყდება!
ლევან გაბაშვილი