Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას სრულად აკონტროლებს

დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას სრულად აკონტროლებს

სტეფანჩუკის ჭკუის დარიგებაღა გვაკლდა და ახლა ესეც გვაქვს

329

გასული კვირის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც უკრაინის რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა ქართველი კოლეგა შალვა პაპუაშვილი უკრაინაში მიიწვია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახსნაგანმარტების მთელი დასტა წაგვიკითხა, რატომ არ აპირებდა წასვლას. ერთერთი მიზეზი ის იყო, რომ უკრაინა წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე ამუშავებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებულ პირებს და უფრო მეტიც, უკვე დაპტიმრებულ, საქართველოში უკანონოდ შემოსული უკრაინის მოქლაქის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლებასა და გადაცემას მოითხოვდა. ჰოდა, პაპუაშვილმა გარკვევით თქვა: სანამ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე მანდ თანამდებობებზე გყავთ, არსადაც არ ჩამოვალთო, და ეს ყველაფერი შემდეგ უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაადასტურა. კობახიძემ თქვა: “საქართველოს დელეგაცია უკრაინაში რომ წავიდეს, აუცილებელია რამდენიმე პირობის შესრულება, მათ შორის, ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის არა მხოლოდ თანამდებობებიდან გათავისუფლება, არამედ საქართველოსთვის გადმოცემა. ასევე აუცილებელია მასალების მოწოდება იმ განცხადებაზე, რომელიც საქართველოში რუსეთის კონტრაბანდული ტვირთების გატარებას ეხებოდა…”

გულახდილად რომ გითხრათ, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დარწმუნებული ვიყავით, რომ უკრაინა ქართულ მხარეს უხეშად უპასუხებდა, რა თქმა უნდა, არც არავის გაათავისუფლებდა და არც მასალებს მიაწვდიდა, ანუ კობახიძე-პაპუაშვილის ხმა დარჩებოდა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა,” მაგრამ…

კობახიძის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ საქმეში დასავლეთი ჩაერთო, ჰო, დასავლეთი, და ჩაერთო კულუარულად, რადგან საჯარო განცხადება არავის გაუკეთებია. ისე გამოჩნდა, რომ კობახიძეცა და პაპუაშვილიც დასავლელმა პარტნიორებმა (პარტნიორებს რატომ უწოდებენ, დღემდე ვერ ვხვდები, მაგრამ რადგანაც ასე მოიხსენიებენ, ჩვენც ავყვეთ) გვარიანად მიჯირყვნეს (ამ სიტყვის მშობელი სად დაიკარგა ნეტავ?) და ყველასთვის მოულოდნელად, “ქართული ოცნების” ლიდერებმა პოზიცია არათუ შეცვალეს, არამედ იმის განხილვას შეუდგნენ, ვინ და როგორ უნდა წასულიყო უკრაინაში და, რაც მთავარია, უნდა წასულიყო ისე, რომ უკრაინელებს არათუ მოსწონებოდათ, არამედ სიხარულით ტაშიც დაეკრათ. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობა” სათავისოდ გამოიყენებდა და ასეც მოხდა. ისინი უკრაინაში ცალკე გაემგზავრნენ და, რაც მთავარია, გიორგი მარგველაშვილიც იახლეს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, რომელმაც, პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ ნაციონალებთან ერთად საერთაშორისო ვიზიტებში მონაწილეობის გამო არანაირ დისკომფორტს არ განიცდის. ჰო, იმ ნაციონალებთან, რომლებიც თითქოს ქვეყნის მტრებად ჰყავდა გამოცხადებული, მაგრამ ბევრი ასეთი პოლიტიკოსი გამოჩნდა, თითქოს რომ არ იყო ნაციონალების მხარეს და საბოლოოდ მათ ნავში მთავარი მენიჩბე გახდა.

ისევ ვიზიტს დავუბრუნდეთ. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები მანამდე მოზომილები იყვნენ და ხმამაღლა ამბობდნენ, _ ჩვენ მხოლოდ საქართველოს ინტერესებით ვხელმძღვანელობთო, უკრაინაში უკვე სხვანაირად აჭიკჭიკდნენ და გარდა იმისა, რომ მოწოდებები გააკეთეს ომის შეწყვეტაზე, რუსეთის ბოსტანში კენჭები კი არა, მოზრდილი ქვები ისროლეს; იმ რუსეთის, რომელზეც ჩვენი ეკონომიკაა ჩამოკიდებული და რომლის გამოც მანამდე თავშეკავებულნი იყვნენ. კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც შესაძლოა, ყურადღება ბევრმა არ მიაქცია _ ქალაქში სიარულის დროს, ქართული დელეგაციის უკლებლივ ყველა წევრს და მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესაც, უსაფრთხოების მიზნით ჯავშანჟილეტი ეკეთა. სამაგიეროდ, ჯავშანჟილეტის გარეშე იყო პაპუაშვილის უკრაინელი კოლეგა. რა გამოდის? პაპუაშვილს საფრთხე ემუქრებოდა უკრაინაში და უკრაინის რადას თავმჯდომარეს არა? ხომ არ იყო ეს იმის მოლოდინი, რომ შეიძლებოდა რაიმე პროვოკაცია მომხდარიყო?! ჰო, პროვოკაცია, გასროლა ქართული დელეგაციის რომელიმე წევრის მისამართით, რომელიც ავტომატურად გამოიწვევდა კონფლიქტში საქართველოს ჩართვას და ყბადაღებული მეორე ფრონტის გახსნას. აკი უკრაინელები პირდაპირ გვეუბნებიან, მეორე ფრონტი გახსენითო და ვინც იტყვის, რომ უკრაინა ამ პროვოკაციას არ იკადრებდა, შევახსენებთ _ სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე პროვოკაციაც არიან და მეტიც.

“საქართველო რუსეთს არანაირად არ დაეხმარება. ეს დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საკუთარი თვალით იხილა ბუჩა და ირპინი. აქ რუსული ჯარის ნამდვილი სახე ისე ჩანს, თითქოს მას სარკეში უყურებდე”, _ ეს სტეფანჩუკმა მაშინ განაცხადა, როცა ქართულ დელეგაციასთან ერთად ბუჩას და ირპინის დათვალიერება დაასრულა.

დავიწყოთ იმით, რომ საქართველო რუსეთს ისედაც არ ეხმარებოდა, რადგან ამის შესაძლებლობა და რესურსი, უბრალოდ, არ გვაქვს. ეს კარგად მოეხსენება სტეფანჩუკსაც, მაგრამ ამ განცხადებით მან ხაზი გაუსვა, გზავნილი გააკეთა, რომ საქართველო კონკრეტულ მხარეს დადგა და უკვე საკუთარს კი არა, უკრაინის ინტერესებს იცავს. სტეფანჩუკმა ისიც თქვა, ქართველ კოლეგებს მოვუწოდეთ, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდნენო. ეს დამატებით იმას ნიშნავს, რომ სანქციებზე შეერთების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა ზუსტად ერთ კვირაში ფიზიკურად აღარ იარსებებს და ეს იცის ევროპამაც, ამერიკამაც, უკრაინამაც დასაქართველომაც. ამის მიუხედავად, ქართულ დელეგაციას იმდენად ხისტი განცხადებების გაკეთება მოუწია, რომ ნაციონალებმაც კი ტაში დაუკრეს, აქაოდა, ადგილზე რომ ნახეს, რაც ხდება, გონს მოეგნენ და სწორი მიმართულებით დაიწყეს აზროვნებაო. რეალურად კი, ეს არის ის, რასაც ითხოვდა ევროპა და ამერიკა და რაზეც საქართველო ჯიუტად, მაგრამ მართებულად იკავებდა თავს.

კარგად რომ გავიაზროთ, რა მოხდა, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ დასავლეთმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას სრულად აკონტროლებს. სხვას რას უნდა მივაწეროთ ის, რომ უმაღლესმა სახელისუფლო პირებმა განცხადება გააკეთეს: თუ უკრაინა ჩვენს მოთხოვნებს (კანონიერ და სამართლიან მოთხოვნებს) არ შეასრულებს, არ წავალთო, მაგრამ თავიანთი გადაფურთხებული ორ დღეში ალოკეს. ჰო, სწორედ რომ ალოკეს, რადგან პოზიცია პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო, ამ განცხადებით “ქართული ოცნების” ლიდერებმა ხელთათმანი არამარტო უკრაინას, არამედ დასავლეთსაც ესროლეს, აქაოდა, აღარ ვაპირებთ თმენას და სასაცილო მდგომარეობაში ყოფნასო, მაგრამ აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძსარ გამოვიდა, დასავლეთმა 48 საათში ყველაფერი სათავისოდ დაატრიალა და ჩვენი მთავრობის ლიდერები კიდევ ერთხელ დაამცირა. დიახ, დაამცირა, რადგან… ძალიან მარტივად, უკრაინაში ჩასულ ქართულ დელეგაციას, ერთ-ერთ ოფიციალურ პირად ზურაბ ადეიშვილი რომ დახვედროდა, რა მოხდებოდა? მე თქვენ გეტყვით და, გააპროტესტებდნენ და უკან გამობრუნდებოდნენ… იმასაც ვერ მიხვდა ჩვენი დელეგაცია, რომ მოთხოვნების უკან წაღების შემდეგ ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის მუშაობაცგააპრავადა, რაც მთავარია, უკრაინამ გაწვეული ელჩიც არ დააბრუნა, ანუ ჩვენთან კვლავ გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა დასააკაშვილის გასათავისუფლებლადაც დასავლეთმა ნიადაგი შეამზადა. რამდენიმე კვირაში ან თვეში ევროპამ და ამერიკამ საქართველოს რომ მოსთხოვონ, ეგ უკრაინის მოქალაქე გაათავისუფლეთო, ვინმეს აქვს იმის უნარი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს? და თუ აქვს, სად იყო ეს უნარიანი ადამიანი, როცა ხელების გადაგრეხით გვაიძულეს, არა მხოლოდ საკუთარი, ვიმეორებთ, სამართლიანი მოთხოვნების უკან წაღება, არამედ უკრაინაში რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებების კეთება? ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ვერც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას გააპროტესტებს ამჟამინდელი ხელისუფლება ისე, როგორც საჭიროა და…

სტეფანჩუკმა ქართულ დელეგაციას ერთი ალიყური უკრაინაშიც უთავაზა, როცა ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებსა და პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციური პარტიის წევრებს (“ნაციონალური მოძრაობის” გარდა) შეხვდა, მოიცალა და უკრაინაში არაოფიციალურად წასული “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც ინახულა. არის თუ არა ეს მმართველი გუნდის შეურაცხყოფა? რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არავინ იმჩნევს, რადგან იქ ვიზიტი უკვე შეურაცხყოფა იყო და არც ეს შეიმჩნიეს.

რა თქმა უნდა, არ ვართ წინააღმდეგი, რომ საქართველოს ურთიერთობა ჰქონდეს ამა თუ იმ ქვეყანასთან. პირიქით, ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველასთან, ყველას უნდა ვესაუბროთ, მაგრამ უნდა ვესაუბროთ, როგორც თანასწორები და არა როგორც ვიღაცის ხელქვეითები. ახლა კი სწორედ ასე გამოვიყურებით _ უკრაინას აქვს ყველაფრის უფლება, ჩვენ _ არაფრის. უკრაინაში თანამდებობებზე მუშაობენ ქართველი კრიმინალები (გასამართლებულ და სასჯელმისჯილ ადამიანს კრიმინალი ჰქვია), ჩვენი ქვეყნიდან კი ელჩიც გაიწვიეს. აი, სტეფანჩუკის ჭკუის დარიგებაღა გვაკლდა და ახლა ესეც გვაქვს, დღის წესრიგი და სამოქმედო გეგმა მოგვიხაზა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთსდა ეს ყველაფერი უკრაინის ინტერესების დასაცავად, თორემ საქართველოს ინტერესები რომ არ აინტერესებთ, არაერთხელ გამოჩნდა და მომავალშიც გამოჩნდება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here