Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთისთვის  მთავარია, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ არ  გაიმარჯვოს და, ამისთვის ცხედრებზე გადავლაც რომ...

დასავლეთისთვის  მთავარია, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ არ  გაიმარჯვოს და, ამისთვის ცხედრებზე გადავლაც რომ დასჭირდეს, უკან არ დაიხევს

209

შემოდგომა დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა. საზაფხულო არდადეგების გამო, შესაძლოა,  ბევრს გამორჩა წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ, მაგრამ სიტყვაზე გვენდეთ, უკვე არაერთი მილიონი ლარი დაიხარჯა გაჭირვებულ ხალხთან შეხვედრასა და იმის დაპირებაში, რომ უკეთესად ვიცხოვრებთ. ჰო, პარადოქსია, მაგრამ ასეა – მილიონები იხარჯება შეუსრულებელ დაპირებებში და, ეს ფული ხალხს პირდაპირ რომ დაურიგონ, ეგებ  უკეთესი იყოს.

ჯერ სახელისუფლო გუნდზე ვთქვათ: „ქართული ოცნება“ კი ამტკიცებს, საკონსტიტუციო უმრავლესობა გვინდაო, მაგრამ, უბრალო უმრავლესობა თუ ექნებათ, არც მაგის წინააღმდეგი იქნებიან;  თანაც ასეთ შემთხვევაში დაპირებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს თუ ვერ განახორციელებენ, ხალხს დააბრალებენ, აქაოდა, თქვენ არ მოგვეცით ნდობის ის მანდატი, რომელიც გვჭირდებოდაო. ჰოდა, ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ „ოცნება“ აუცილებლად მოიგებს და  რატომ მოიგებს აუცილებლად, ამაზე – ქვემოთ. მმართველ გუნდში გამარჯვებაზე მეტად გამარჯვების ლეგიტიმაცია აწუხებთ. მთელი დასავლეთი ერთხმად ამტკიცებს:  „ქართული ოცნების“ დამარცხების გარდა, სხვა შედეგს არ ვცნობთ და საქართველოში ჩამოვალთ ხალხის ხმების დასაცავადო. არადა, ლამის სრულიად  საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ტარდება და  გაყალბება გამორიცხულია. და თუ გაყალბდება, ისეთი უმნიშვნელო მასშტაბით, რომ არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს. ესეც არ იყოს, არჩევნების გაყალბებულად გამოსაცხადებლად დასავლეთს სერიოზული არგუმენტები სჭირდება –  უბნებზე უნდა იყოს დარღვევები, უნდა დაიწეროს საჩივრები და… ამისთვის როგორც ქართული, ისე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან.

არასამთავრობოები ტყუილად არ გვიხსენებია. გასულ კვირას „სირცხვილია“ უცხოური გავლენის რეესტრში დარეგისტრირდა და ოპოზიციამ და დანარჩენმა არასამთავრობოებმა ლამის ჯვარს აცვეს. მეტიც, „სირცხვილიას“ ლიდერებმა დაასაბუთეს, რომ კანონის კარგად გაცნობის შემდეგ  დარწმუნდნენ, რომ არანაირ აგენტობაზე საუბარი არ არის, მაგრამ ისე  დიდი იყო მათ მიმართ ბულინგი, რომ დასარეგისტრირებელი განაცხადი უკან გაიწვიეს და… არც ერთ უცხოელ დიპლომატს არ უთქვამს, „სირცხვილიას“ ეს თავის ნების საწინააღმდეგოდ გააკეთებინესო;  არავის გაუპროტესტებია, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო და… საერთოდ, ბულინგი იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ოპოზიცია ამ არჩევნებზე მიმართავს, და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა ვიდეო, რომელშიც ნათლად ჩანს, როგორ მიდის ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის „ჟურნალისტი“ არასრულწლოვანთან და ეუბნება: არ გრცხვენია, „ოცნების“ დეპუტატის გვერდით რომ დგახარ და მისი მონა ხარ? ამ დროს კადრში ისმის ადამიანების ხმები, ისინი გავეშებულ „ჟურნალისტს“ უხსნიან, რომ ეს არასრულწლოვანი დეპუტატის შვილია, მაგრამ  „ჟურნალისტი“ გამარჯვებული სახით განაგრძობს: „მით უმეტეს, არ გრცხვენია?!“  ანუ, არასრულწლოვანს ეუბნებიან, რომ უნდა შერცხვეს მამის და ამ ყველაფერს მოურიდებლად იღებენ და იწერენ. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. უკვე სხვა ოპოზიციური არხის „ჟურნალისტი“ სასურსათო მაღაზიაში ეცა ერთ-ერთ ქალბატონს და  სახალხოდ განუცხადა: ამ მონის გვერდით რომ ხარ, არ გრცხვენიაო? ქალმა მშვიდად მიუგო, ჩემი მეუღლეაო და იმ „ჟურნალისტმაც“ გაილაღა: მით უმეტეს, თუ მეუღლეა, უფრო უნდა გრცხვენოდეთო.

რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში იმას, რომ კონკრეტულ ტელევიზიებს  კონკრეტული დავალება აქვთ მიღებული, რომ აბულინგონ დეპუტატების ოჯახის წევრები, რომ არ აქვს ასაკსა და სქესს მნიშვნელობა, რომ… ოპოზიციას, არასამთავრობოებსა და ოპოზიციურ ტელევიზიებს ამ არჩევნებზე ექნებათ ყველაფრის უფლება და ამის შესახებ მათ საჯაროდ ყოველგვარი მინიშნების გარეშე უთხრეს. ამ დროს ხომ შეიძლება, რომელიმე დეპუტატი ან  მაღალჩინოსანი მწყობრიდან გამოვიდეს და „ფსიქოლოგიურ მოძალადეს“ ხელით შეეხოს. იცით, შემდეგ რა მოხდება? აქციებს გამართავენ, თავისუფალი მედიის თავისუფალი ჟურნალისტი გაილახაო და მოითხოვენ არა მხოლოდ იმ ჩინოსნის დაკავებას, არამედ ხელისუფლების წასვლასაც და ამ ყველაფერს დასავლელი დიპლომატები ოფიციალური განცხადებებით „გააპრავებენ“…

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის მთავარი „კოზირი“ კი იყო ის, რომ თურმე რეესტრისთვის ხელისუფლების მიერ გაკონტროლებული არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა არავის მიუმართავს. ოფიციალური დოკუმენტებით კი აღმოჩნდა, რომ რეესტრში 400-მდე სუბიექტმა შეიტანა განაცხადი რეგისტრაციისთვის და, თუ 400 არასამთავრობოს ან ფონდს „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, მაშინ არჩევნები აღარ ჩავატაროთ, მოგებულიაქვთ, ბატონებო!

ჰოდა, რეგისტრაციაგავლილ სუბიექტებს ცალკე ოპოზიცია აბულინგებს და ცალკე დასავლეთი, – ჩვენგან დაფინანსებას ვეღარ ეღირსებითო. იმ არასამთავრობოებს კი, რომლებიც ჯერ არ დარეგისტრირებულან და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან, დაუფარავად  აფინანსებენ და მერე რა, რომ ეს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. ისინი არც ახსნა-განმარტებებით იწუხებენ თავს და არ აინტერესებთ, რას იტყვის ხელისუფლება. მათთვის მთავარია ერთადერთი რამ – არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ არ  გაიმარჯვოს და, ამისთვის ცხედრებზე გადავლაც რომ დასჭირდეთ, უკან  არ დაიხევენ . ოჯახის სიწმინდესა და ქალთა თუ ბავშვთა უფლებებს რომ  მიაფურთხეს, უკვე ცხადია.

სამწუხაროდ, ხელისუფლება კარდინალური ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებს, რადგან, საერთაშორისო ორგანიზაციებში რომ იჩივლოს ეს იგივეა, მელიაზე გაბრაზებულმა სამართალი ტურასთან ეძებოს. ცუდი ის არის, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობოების თავხედური გააქტიურება ამომრჩეველზე ცუდად მოქმედებს. არა ერთი და ორი ამომრჩეველი დაიჯერებს, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და ქვეყანაში ხელისუფლება იცვლება.

მმართველი გუნდი საჯაროდ აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში მოიტანს ომს, მოიტანს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და  იმას, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ექნებათ ბავშვის შვილად აყვანის უფლება. აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია და არასამთავრობოები არ უარყოფენ, ასე არ მოხდებაო და მხოლოდ იმას ამტკიცებენ, ომი არ იქნება, „ქართული ოცნება“ ცრუობსო. ვინ იცის, დანარჩენი ომზე უარესი გამოდგეს და უომრად დაგვიმონოს დასავლეთმა. ჰო, დაგვიმონოს, რადგან აქეთ მივდიოდით არც ისე პატარა  ნაბიჯებით, მაგრამ შეჩერება მოვახერხეთ და ახლა იმ ეტაპზე ვართ, ხელიდან რომ უნდა დავუსხლტდეთ. ეს კარგად იციან დასავლეთში და სწორედ ამიტომ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ამბობენ, რომ ეს არჩევნები „ოცნებამ“ უნდა წააგოს და წააგოს ყველაფრის ფასად.  ვინ უყურებს ხალხის ნებას, როცა სასწორზე ლიბერალების ნება დევს, რომელიც  ურყევად უნდა შესრულდეს. სწორედ ამიტომ იმეორებს  ბიძინა ივანიშვილი,  ქუდზე კაცი გამოდითო;  პირდაპირ მინიშნებებს აკეთებს, რომ ახლა, „ოცნებამ“ კი არა, საქართველომ უნდა გაიმარჯვოს. მთავარი არ არის, რა იქნება 26 ოქტომბერს, მთავარია ის, რა მოხდება  27-ში, როცა არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარების შემდეგ შედეგების უმრავლესობა ცნობილი იქნება. სწორედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური ფლანგი უკვე შეთანხმებულია, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიტინგი დააანონსოს და განაცხადოს, რომ ხმის მიცემის შემდეგ ადამიანები შინ კი არ წავიდნენ, არამედ რუსთაველზე შეიკრიბონ და ხმები დაიცვან. აი, სწორედ აქ გადაწყდება ქვეყნის ბედი, რადგან ოპოზიციისა და დასავლეთისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემდეგ გაკეთდება მოწოდება და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ პარლამენტის შენობასა და მთავრობის სახლზე შტურმი განხორციელდეს. მომიტინგეთა დაზღვევის მიზნით რუსთაველზე იქნება არაერთი ევროპელი ელჩი,  იქ აუცილებლად იქნება ამერიკის ელჩი და ეს არ არის შეთქმულების თეორია, ეს არის ის სცენარი, რომელსაც ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობოებსა და მათ პარტნიორებთან, ანუ დასავლელ დიპლომატებთან ერთად აქტიურად განიხილავენ. კარის დახურვაც კი აღარ არის საჭირო, რომ რომელიმე მხარემ თავისი  რეალური განზრახვის შესახებ ისაუბროს. მიზანი ორივე მხარისთვის ნათელია და ვაი, რომ დასავლეთსა და ოპოზიციას ხალხის აზრი  არ აინტერესებთ და მხოლოდ ოპოზიციის გამარჯვება სურთ. შემდეგ  მნიშნველობა აღარ ექნება, რომელი ოპოზიციური ფრთა მეტ მანდატს მიიღებს პარლამენტში, ხელისუფლებაში დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ და პირველი, რასაც  ნაცები გააკეთებენ, ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გამოშვება იქნება.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here