Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკის მილიტარისტულ სამზადისში საქართველო ერთ-ერთ მონაწილედ განიხილება

ამერიკის მილიტარისტულ სამზადისში საქართველო ერთ-ერთ მონაწილედ განიხილება

1149
ტანკი

საქართველოში ხომ ასეა _ წლიდან წლამდე არჩევნებით ვცხოვრობთ. აბა, დათვალეთ: 2012 წელს საპარლამენტო გვქონდა, 2013-ში _ საპრეზიდენტო, შემდეგ _ ადგილობრივი თვითმმართველობის, 2015 წელს ამოგვასუნთქეს, 2016-ში _ ისევ საპარლამენტო, შარშანდელი წელი ისევ თვითმმართველობის იყო, წელს კი კვლავ პრეზიდენტის არჩევა მოგვიწევს. ერთი შეხედვით, ეს კარგია, რადგან სწორედ წინასაარჩევნოდ იღვიძებს ხელისუფლება და ხან გზებს აკეთებს, ხან რაღაცას აშენებს, მაგრამ, როცა არჩევნები ჩაივლის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებულ თანხებს ორმაგად იბრუნებენ ხელისუფალნი.

საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება, მაგრამ კანდიდატების ნაწილი უკვე ცნობილია. თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტობას ისევ მოისურვებს გიორგი მარგველაშვილი, საპრეზიდენტო ამბიცია უკვე დაადასტურა შალვა ნათელაშვილმა, “ნაციონალური მოძრაობა” გრიგოლ ვაშაძეს დაასახელებს, “ევრო-ნაცები” გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძეს შორის გააკეთებენ არჩევანს… მაგრამ მთავარი ინტრიგა იქნება ის, ვის დაასახელებს მმართველი გუნდი. ჰოდა, კულუარებში უკვე ითქვა, რომ პრეზიდენტობა შეიძლება ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მოისურვოს. ქართული რეალობიდან გამომდინარე, თუ ივანიშვილი პრეზიდენტობას მოისურვებს, დიდი ალბათობით, გახდება კიდეც, რადგან 1-2 ხის გადარგვას ცოტა ხნით გადადებს, ამისთვის საჭირო ფულს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩადებს და…

მოდი, ის ვთქვათ: რატომ შეიძლება მოუნდეს ივანიშვილს პრეზიდენტობა, აქვს თუ არა ამის მორალური უფლება და რას უნდა ველოდოთ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში?

პირველით დავიწყოთ. მედიისთვის თავის დროზე მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა: მატერიალისტი ვარ, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მწამს და ამიტომ ვცდილობ, აქ ვიცხოვრო მაქსიმალურად დიდხანს და არსებულით დავტკბეო. არსებულით ტკბობის ნიჭი ამ კაცს აშკარად აქვს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარი სურვილების ახდენით ისტორიას ვერ შემორჩები, დიდია ალბათობა იმისა, რომ ისტორიაში შემორჩენის მიზნით, ივანიშვილმა პრეზიდენტობის სურვილი მართლაც გამოთქვას. ჯერ ერთი, ახალი კანონმდებლობით, ბოლო პრეზიდენტს ავირჩევთ (და ამ შემთხვევაში, ცნობილი ფრაზა “ბოლო ჩვენი მტრებისთვის იყოსო” აშკარად უადგილოა). იმავე ახალი კანონმდებლობით, ბოლო პრეზიდენტი ყველაზე ხანგრძლივი ვადით იქნება ქვეყნის სათავეში, ანუ 2024 წლამდე, რადგან შემდეგ არჩეულმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი და, აქამდე დაწესებული ხუთი წლის ნაცვლად, ახალი პრეზიდენტი ექვს წელიწადს “იმეფებს”. შესაბამისად, ისტორიაში ჩაიწერება, რომ საქართველოს ბოლო პრეზიდენტი იყო ბიძინა ივანიშვილი. როგორია?! აშკარად ნოყიერი სატყუარაა იმისთვის, რომ კაცმა პრეზიდენტობაზე იფიქროს.

რაც შეეხება მორალურ უფლებას, არანაირი გამოკითხვა და კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მოსახლეობა უფრო გაღარიბდა. ეს მხოლოდ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო არ მომხდარა. ქვეყნის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი ხის გადატანა რომ იქნება, ადვილი მისახვედრია, რა დღეშიც ვართ, ესეც არ იყოს, შეხედეთ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, შეხედეთ საკუთარ თავს, ბიუჯეტს და მიხვდებით, რომ ბოლო ხუთ წელიწადში აშკარად უკან მივდივართ. ივანიშვილმა არ შეასრულა არც ერთი დაპირება, რომლებზეც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ილაპარაკა. დიახ, პირადად დაჰპირდა ამომრჩეველს გადასახადების განახევრებას, საოცარ წლებს და კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ერთი დაპირებაც არ შეასრულა და წავიდა. თანაც წავიდა ისე, რომ საზოგადოებისთვის ბოდიშიც არ მოუხდია და შეგვატოვა თავის ყმებს. სწორედ რომ ყმებს, რადგან დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არა ივანიშვილი, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცემდნენ იმდენი თავხედობის უფლებას, რომ ხეების გადასატანად, ართუ ცენტრალური მაგისტრალების პარალიზება, სხვა ხეების მოჭრა, ელექტროსადენების ჩაჭრა და ახალი გზების დაგება მომხდარიყო. რომ არა ივანიშვილი, ქვეყნის პირველი პირი, პრემიერად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი, ერთ მშვენიერ დღეს არ დადგებოდა დამფრთხალი სახით ტელეკამერების წინ, გადადგომის შესახებ განცხადებას არ გააკეთებდა და არ დარჩებოდა ერთ დიდ გაუგებრობად, როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისე ცხოვრებაში. ვინ იყო? რა უნდოდა? რატომ? რისთვის? _ აი კითხვები, რომლებიც გაჩნდა და რომლებსაც არასდროს არავინ უპასუხებს, რადგან რეალურად არავინ იცის, რისთვის მოიყვანა ან წაიყვან ივანიშვილმა ღარიბაშვილი. შესაბამისად, პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში, ივანიშვილს არ ექნება არანაირი მორალური უფლება, ამომრჩეველს შეხვდეს და ერთი დაპირება მაინც მისცეს, რადგან აქამდე გაცემული არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია.

რას უნდა ველოდოთ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში?! ცნობილი ფრანგი მწერალი გი დე მოპასანი ვერ იტანდა ეიფელის კოშკს, თუმცა კოშკში არსებულ რესტორანში ხშირად სადილობდა. როცა ჰკითხეს, ასე რატომ იქცევიო, უპასუხა, _ ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც კოშკი არ ჩანსო. ამბობენ, ივანიშვილს ძალიან უყვარს სოლოლაკში აგებული თავისი შუშის სასახლე. ამიტომ, პრეზიდენტობის შემთხვევაში, ბატონი ბიძინა გადაინაცვლებს პრეზიდენტის სასახლეში, საიდანაც იდეალურად ჩანს მისი შუშის სასახლე და საკუთარი სახლის ცქერით დატკბება. ის, რომ ივანიშვილი უფასო ფულს მოგვცემს, გადასახადებს გაანახევრებს და რომელიმე იმ დაპირებას შეასრულებს, რომელთა გამოც, 2012 წელს მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვა და ხელისუფლებაში მოვიდა, აბსურდია. არა, ბატონებო, ის მხოლოდ საკუთარი სურვილების ასასრულებლად გახდება პრეზიდენტი და საქართველოს ისტორიას შემორჩება, როგორც უკანასკნელი მოჰიკანი.

ამ ყველაფრის ფონზე, თითქოს მეათეხარისხოვანია ის საფრთხე, რომელიც რეალურად გვემუქრება. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიმართ სულ უფრო მეტ აგრესიას ავლენს. წინა ნომერშიც დავწერეთ, რომ ამერიკამ ოფიციალურად დაიწყო ვითარების შესწავლა რუსეთის იმ ხუთ მეზობელ ქვეყანაში, რომლებიც მის ვასალად ითვლება. აშშ-ს ოფიციალურად აინტერესებს, ომის შემთხვევაში, რამდენ ხანს ეყოფა საკვებისა და წყლის მარაგი უკრაინას, ბელარუსს, პოლონეთს, მოლდოვასა და ფინეთს. მართალია, ამერიკა საქართველოს პოტენციალით არ დაინტერესებულა, მაგრამ, როგორც ქართულმა, ისე ამერიკულმა მხარემ გასულ კვირას საზეიმოდ დაადასტურა, რომ 75 მილიონ დოლარად ნაყიდი “ჯაველინები” უკვე საქართველოშია.

“ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში “ჯაველინების” სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული”, _ თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

პარალელურად, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო რეზერვის ახალი სისტემა ამოქმედდება:

“საქართველოში აქტიური რეზერვის სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდება, რომელიც, ჩვენი პროგნოზით, ქვეყნის სამხედრო ძალებს დამატებით 10-12-ათასიან სამხედრო დაჯგუფებას შეჰმატებს, თუმცა მისი შენახვა ყოველწლიურად 6-10-ჯერ უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ანალოგიური პროფესიული კონტიგენტის. ახალი კონცეფციის გათვალისწინებით, სამხედრო ძალების რეზერვი სამ კატეგორიად იყოფა, რომელთა შორისაა: აქტიური რეზერვი, ეროვნული გვარდიის რეზერვი და ინდივიდუალური რეზერვი. აქტიურ რეზერვში შესვლის საშუალება მანდილოსნებსაც ექნებათ. სამხედრო სარეზერვო სამსახური აქტიურ ფაზაში გადავა. აქტიური რეზერვი გვეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვისტები მთელი წლის მანძილზე პროფესიონალურ დონეზე იქნებიან აღრიცხული და გარკვეულ ხელფასსაც მიიღებენ. ისინი მაქსიმალურად იქნებიან თანხვედრაში შეიარაღებული ძალების შესაბამის ქვედანაყოფებთან და იმ ცხოვრების წესთან, რომელსაც ჩვენი მუდმივი სამხედრო მოსამსახურეები ეწევიან. ტერიტორიული პრინციპით შემდგარი სამხედრო რეზერვი და ასევე სპეციალისტთა რეზერვი გვეყოლება”, _ განაცხადა იზორიამ.

ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამერიკის მილიტარისტულ სამზადისში საქართველო ერთერთ მონაწილედ განიხილება. იმის მიუხედავად, რომ ერთხელ უკვე წავიტეხეთ ცხვირი და 2008 წელს, სააკაშვილის ავანტურის გამო, რჩეული ქართველები შევაკალით მტერს, გამოდის, ჭკუა ვერ ვისწავლეთ და მზად ვართ, იმავე ნაღმზე მეორედ ავფეთქდეთ. ის, რომ ამერიკისთვის სულერთია, რომელი ქვეყნის ჯარისკაცი შეეწირება რუსეთთან ბრძოლას, არაერთხელ დამტკიცებულა. მეშვიდე წელია, სირიის კონფლიქტი გრძელდება და ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც იქ ადამიანები დღესაც იხოცებიან, არის ის, რომ ამერიკა სირიის კონფლიქტში მონაწილეობით რუსეთის დასუსტებას ფიქრობს, თუმცა რეგულარული არმია სირიაში არ ჰყავს და მხოლოდ ვერტმფრენებით ბომბავს პოზიციებს, ანუ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრთხილდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის ჯარისკაცებსაც უფრთხილდება. შტატები აქტიურად მოუწოდებს სხვა ქვეყნებს სამხედრო აქტიურობისკენ და დაღუპულებს შემდეგ გმირებად აცხადებს.

ჭაბუა ამირეჯიბმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოუწოდა ქართველ ხალხს: ჭკუით, ქართველებო, ჭკუით!”

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here