ბატონებო, თქვენ იმიტომ მოგმარავთ, რომ იმ მეორე მხარეს ყველაფერი გარკვეულია. ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც სურთ, რომ იცხოვრონ _ გარყვნილების წესით. ეპოქაც მათ მხარესაა და კანონებიც, კონსტიტუციაც მათ იცავს და სახელმწიფოებრივი სისტემაც.
მე თქვენი ვერ გამიგია. თქვენ რა გინდათ, როდესაც ქუჩებში ჯვრებით, ქამრებით და კომბლებით გამოდიხართ? რა არის ის, რასაც ებრძვით და რა არის ის, რასაც იცავთ?
რაო, საზოგადოებას უზნეობის შემოტევისგან იცავთ და ზნეობის სადარაჯოზე დგახართ?
კარგი რა, ნუ გვაცინებთ!
თქვენ მკითხავთ, ასე მკვახედ რატომ გველაპარაკებიო?
ახლავე აგიხსნით:
დემოკრატია აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ნიშნავს _ ოღონდ, ყველასთვის. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ მამათმავლობა და სხვა სექსუალური უკუღმართობები მიუღებელიაო, თქვენ ამის უფლება გაქვთ, მაგრამ სხვებსაც აქვთ უფლება ამტკიცონ, რომ ეს ყველაფერი დასაშვებია. თქვენ გაქვთ უფლება, რომ დაწეროთ მოთხრობები და რომანები ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე, გადაიღოთ ფილმები, დადგათ სპექტაკლები ჰეტეროწყვილებზე და ა.შ., მაგრამ სხვებსაც აქვთ უფლება, უმღერონ გეებსა და ლესბოსელებს, ბისექსუალებსა და ტრანსგენდერებს…
ესაა დასავლური, კაპიტალისტური დემოკრატია!
და როგორც მათ არა აქვთ უფლება შევარდნენ კინოთეატრში, სადაც “რომეო და ჯულიეტა”, “ტრისტანი და იზოლდა” ან “აბესალომ და ეთერი” გადის და ჩაშალონ ფილმის დემონსტრირება, ასევე თქვენც არა გაქვთ უფლება, კინოთეატრებში ჩაშალოთ დემონსტრაცია ფილმისა, თუნდაც მას “და ჩვენ ვიცეკვეთ” ერქვას და უმრავლესობისთვის სრულიად მიუღებელ ცხოვრების წესს ქადაგებდეს.
_ ზნეობა, ადათი, ტრადიცია, ღმერთისგან ბოძებული და საუკუნეებში გამოტარებული შეხედულებები რომ დავიცვათ, ამის უფლება არა გვაქვს? _ შემეკითხებით თქვენ და თვალწინ თქვენი გაკვირვებული და გაბრაზებული სახეები მიდგას.
_ თქვენ უფლება გაქვთ, იცხოვროთ იმ ზნეობის შესაბამისად, რომელიც თქვენთვისაა მისაღები, მაგრამ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, არ გაქვთ უფლება, ზნეობის თქვენეული გაგება და ცხოვრების თქვენეული წესი სხვებს უკარნახოთ და თავს მოახვიოთ. ამის უფლებას კონსტიტუცია და კანონი არ გაძლევთ.
აი, ესაა ბურჟუაზიული გაგება დემოკრატიისა!
ის პოლიციელები, რომლებიც თქვენგან საზოგადოების იმ გარყვნილ ნაწილს იცავენ, შინაგანად თქვენ მხარეს არიან და თქვენ გითანაგრძნობენ, რადგან თქვენსავით სწადიათ ამ უბედურებისგან საკუთარი ოჯახებისა და შვილების დაცვა, მაგრამ კონსტიტუცია და კანონი აიძულებთ, რომ “სიტყვისა და გამოხატვის” სადარაჯოზე იდგნენ.
დასავლურ დემოკრატიას ასეთი კანონები აქვს და, როდესაც თქვენ ამ კანონების ამა თუ იმ კონკრეტულ გამოვლენას ებრძვით, უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში თქვენ ებრძვით _ დემოკრატიას!
ხედავთ, რა ცუდად შემოტრიალდა საქმე?!
ჯერ სადა ხართ, თქვენი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა:
საპროტესტო აქციაზე გამოსვლა მარქსიზმის, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ცხოვრების წესის კრიტიკით დიწყეთ, მაგრამ დაგავიწყდათ, რომ, რასაც თქვენ ითხოვთ (უზნეობის ტირაჟირების აკრძალვა), სწორედ საბჭოური მოვლენა გახლავთ. სწორედ თქვენგან დაწუნებულ სოციალისტურ სისტემას გააჩნდა საზოგადოებისა და მისი თითოეული წევრის ზნეობრივ სიჯანსაღეზე ზრუნვის სურვილიც და ბერკეტებიც.
თქვენ რუსეთის გაგონებაც არ გსურთ, მაგრამ იმეორებთ იმას, რასაც რუსეთი ცდილობს _ წინ აღუდგეს გარყვნილების პროპაგანდას.
შეხედეთ, რა გამოდის: ერთ შემთხვევაში თქვენ დასავლური დემოკრატია მოგწონთ, მაგრამ მის მიერ დაკანონებულ უზნეობას ებრძვით; მეორე შემთხვევაში რუსეთს ებრძვით, მაგრამ იქ მოქმედი კონკრეტული წესი მოგწონთ და მის აქ გადმოტანას ცდილობთ.
თქვენ პოლიტიკურ-იდეოლოგიური ეკლექტიკის დაფუძნებას ლამობთ, მაგრამ ამ ეკლექტიკისგან საქართველოსავით პატარა და სუსტ სახელმწიფოში კი არა, თვით უზარმაზარ და უძლიერეს რუსეთშიც არაფერი გამოვა.
იცით, რატომ?
თქვენ არ გინდათ აღიარება იმისა (ეს პრობლემა რუსეთშიც დგას), რომ მხოლოდ კომუნისტურმა სისტემამ შეიძლება რეალურად იზრუნოს საზოგადოების მორალურ სისუფთავესა და სიჯანსაღეზე; მხოლოდ კომუნისტურ საზოგადოებას შეუძლია, დააწესოს ცენზურა, ანუ აკრძალოს სიტყვა და თავისუფლება, რომელიც საზიანოა საზოგადოებისთვის. ეს რთული საკითხია და ამაზე მსჯელობას აქ არ გავაგრძელებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ კაპიტალისტურ სისტემას საზოგადოებრივი ზნეობისთვის ზრუნვა არ შეუძლია, მას საზოგადოების მხოლოდ დეგრადაციისთვის ზრუნვა შეუძლია.
ამიტომ, მორალურად ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ბრძოლა თქვენ თუ გულით გწადიათ, მაშინ იმ სისტემას (კაპიტალიზმს) უნდა დაუპირისპირდეთ, რომელიც უზნეობას შობს და შემდეგ აკანონებს მას. ამისთვის კი ერთადერთი გზა არსებობს _ ხელში წითელი დროშები დაიკავოთ და სოციალისტური ლოზუნგებითა და პროგრამით გამოხვიდეთ.
ასეთ შემთხვევაში, თქვენ ისეთი უმწეოები (სასაცილოებიც კი) არ გამოჩნდებით, როგორებიც ჩანხართ, პირიქით, იმ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად წარმოჩინდებით, რომელსაც, მართალია, დიდი ბრძოლების გადატანის შემდეგ, მაგრამ მომავალი გააჩნია. მხოლოდ სოციალიზმის გამარჯვების შემდეგ გახდება შესაძლებელი იმგვარი კანონების მიღება, სამართლიანობას რომ დაამკვიდრებს და საზოგადოების მიზანმიმართულ გარყვნას აკრძალავს. მხოლოდ ასე შეიძლება საზოგადოებრივი ზნეობისთვის რეალური ბრძოლაც და ზრუნვაც.
ასეთ შემთხვევაში მე დიდი სიამოვნებით დავდგებოდი თქვენთან ერთად და ჩვენ ყოველდღიურად გავძლიერდებოდით, მაგრამ თქვენ ჯერ დასავლეთის, დემოკრატიისა და კაპიტალიზმის “საყმაწვილო სენი” გაქვთ მოსახდელი. სანამ ამ სენს არ მოიხდით, სანამ ავადმყოფობის ნაცვლად ავადმყოფობის ცალკეულ სიმპტომებთან გამართავთ დონ-კიხოტურ ლაშქრობას, თქვენდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდაც, მუდმივად დამარცხებული დარჩებით.
მეტსაც მოგახსენებთ:
თქვენ, მაგ თქვენი ეკლექტიკური და უმწეო პოზიციით, საქართველოსთვის თავსმოხვეულ უზნეობასთან მებრძოლ რაინდებად კი არა, თქვენდა უნებურად, მის ცოცხალ, მოარულ რეკლამად ჩამოყალიბდებით…
პატივისცემით,
ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია! შემოგევლეთ! გენაცვალეთ! ნაღდი ადამიანი, პატრიოტი ბრძანდებით!